რაში გამოიყენა ნიკოლოზ ხაჩიძემ ცხრათვიანი უმუშევრობა და რას არ დათანხმდება ის არასდროს ფულისა და პოპულარობის გამო
ჟურნალისტი ნიკოლოზ ხაჩიძე პაუზის შემდეგ ტელეეკრანს გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებით“ დაუბრუნდა. ახალ არხზე, მაყურებლისთვის საყვარელი ფორმატით და საინტერესო ცვლილებებით მისი ნახვა ყოველ კვირაშია შესაძლებელი.
ნიკოლოზ ხაჩიძე: 16 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. წელს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ არაფერს ვაკეთებდი. ეს დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და მთელი ეს დრო წიგნების კითხვას დავუთმე. ხომ იცით, წლების განმავლობაში რომ ყიდულობ წიგნებს და დებ, მაგრამ წასაკითხად ვერ იცლი. გადავწყვიტე, რომ ამის დროც მოვიდა.
დასვენების პირველი პერიოდი სასიამოვნო აღმოჩნდა. შემდეგ უკვე სტრესული გახდა. დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა. არ დავმალავ, მქონდა შემოთავაზებები ტელევიზიებიდან და პიარიდან. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, პიარში წავსულიყავი სამუშაოდ და ამ ვარიანტს ახლაც განვიხილავ. ტელევიზიებს რაც შეეხება, არ იყო ცუდი წინადადებები, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, ვერცერთგან ვერ დავინახე ჩემი თავი. დიდი შესვენების შემდეგ, ჩემს თავს ვკითხე, საერთოდ, მინდოდა თუ არა ისევ ტელევიზიაში მუშაობა და მივხვდი, რომ მომენატრა ეს გარემო. ამიტომ გადავწყვიტე, აღმედგინა გადაცემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა ცოტათი განსხვავებული სახით.
აღარ მინდოდა სტუდია, რადგან მგონია, რომ ერთი და იგივე ატმოსფერო თვალისთვის ცოტა მოსაბეზრებელია. მირჩევნია, ინტერვიუები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩავწეროთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ლოკაცია სტუმარს მოვარგო. იყოს ეს მისი საცხოვრებელი სახლი, გარემო ან მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადგილი, სადაც გულახდილად საუბრის სურვილი გაუჩნდება.
გადაცემის სტუმრად ვარჩევ ადამიანს, რომლის ცხოვრებაც მე თავადაც მაინტერესებს, რომ მერე ამით სხვაც დავაინტერესო. არ ვუყურებ არის თუ არა ამ მომენტში ესა თუ ის ადამიანი აქტუალური. მე ვიცი, რომ ეს დიდი შეცდომაა, პროდიუსერი ვიყავი და წლების განმავლობაში აქტუალობის მიხედვით ვარჩევდი სტუმრებს, მაგრამ გადავწყვიტე, ახლა ეს ხაზი შემერჩია. ჯერჯერობით ეთერში გასულ გადაცემებს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და კმაყოფილი ვარ ასეთი სტარტით.
– რადგან პირველად გქონდა ასეთი პაუზა, ალბათ, რთული იყო.
– მე ვფიქრობდი, რომ კარგად ვიყავი. თუმცა ჩემი მეგობრები ახლა ამბობენ, მაშინ აღარ გეუბნებოდით, მაგრამ უკვე გატყობდით, რომ ზედმეტად ჩაჯექი სახლში და გართობაც კი აღარ გინდოდაო. ალბათ, მართლა შემცვალა დიდი ხნით უმუშევრად ყოფნამ, თუმცა, მე ჩემს თავს ამას ვერ ვატყობდი. ახლა საქმეს რომ დავუბრუნდი, მეუბნებიან, ძალიან შეიცვალე, ისევ ისეთი დაგვიბრუნდი, როგორიც აქამდე იყავიო. კი, ბოლო პერიოდში უკვე მოსაბეზრებელი იყო და ვხვდებოდი, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
მარტივი სახელით საინტერესო ადამიანების მიერ მარტივად გადმოცემული ამბები – საბოლოოდ ეს არჩევანი გავაკეთე, რამაც მოწონება დაიმსახურა და ეს ძალიან მიხარია. ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაყურებლისთვის იქმნება, მაგრამ შენც თუ არ იღებ სიამოვნებას იმით, რასაც აკეთებ, მხოლოდ შემოსავლისთვის და მით უმეტეს, მხოლოდ პოპულარობისთვის არ უნდა იმუშაო. მე წლების განმავლობაში ხშირად ვარიდებდი თავს ეკრანს, როცა ვხვდებოდი, რომ ესა თუ ის პროექტი ჩემი არ იყო. შეიძლება, ეს ჩემი შეცდომაა, ასე მეუბნება ჩემი შინაგანი ხმის ერთი ნაწილი, მაგრამ მეორე და უფრო დიდი ნაწილი მეუბნება, რომ ეს სწორი იყო. საბედნიეროდ, საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ, ძალიან მომწონს.
– სიახლე ეხება არხსაც. წლების განმავლობაში „რუსთავი 2-თან“ ასოცირდებოდი. ბოლოს ორი გადაცემა მიგყავდა ამ არხზე და როცა იქიდან წამოხვედი, ბევრი კითხვა გაჩნდა. იყო ეს დაკავშირებული კონფლიქტთან? რა გახდა წამოსვლის მიზეზი?
– „პროფილის“ დროს რვა წელი ვმუშაობდი „რუსთავი 2-ზე“. ეს გადაცემა რომ შეწყდა, რამდენიმე თვე მეც აღარ ვიყავი ამ არხზე, მაგრამ შემდეგ ისევ დავბრუნდი და ზუსტად ერთი წელი ვიმუშავე. ეს ერთი წელი ძალიან კომფორტული იყო. „სხვა კითხვების“ ძალიან კარგი გადაცემები შევქმენი და ამით ვამაყობ. ბოლოს, არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეს გადაცემა აღარ ყოფილიყო, მაგრამ „ღამის პრაიმ ტაიმში“ ჩვეულებრივად უნდა გამეგრძელებინა წამყვანად მუშაობა. მივხვდი, რომ იმ ეტაპისთვის აღარ მინდოდა მხოლოდ „ღამის პრაიმტაიმში“ ყოფნა და ვარჩიე, გარკვეული პერიოდით დამესვენა, ანუ, წამოვსულიყავი. როდესაც ორი გადაცემის წამყვანი ხარ და ერთი სრულდება, პირობებიც იცვლება და ახალი პირობები ჩემთვის არ იყო მისაღები. ბოლო პერიოდში ყველა ნაწყენი მიდის ამა თუ იმ არხიდან და მერე იწყება მტყუან-მართლის გარჩევა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს არხის ხელმძღვანელებთან. არანაირი გაუგებრობა და კონფლიქტი არ მქონია მათთან და საერთოდ, არ მახსენდება სამსახური, საიდანაც კონფლიქტით წამოვსულვარ. არ ვარ კონფლიქტური, პირველ რიგში, მადლიერების გრძნობა მაქვს მოცემული შანსისთვის. თუ რამე არ მომწონს, არჩევანის უფლება მაქვს – ან შევეგუები ან წამოვალ. წყენა როგორ არ ყოფილა, მაგრამ პირველ პლანზე არასდროს წამომიწევია.
რაც შეეხება ახალ ტელევიზიას, ეს სულ ახალი არხია „TVC”, რომელიც ყოფილმა „რუსთავი 2-ელებმა“ გააკეთეს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. ამიტომ მათ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვისთან ერთადაც მიწევს მუშაობა, ხუმრობენ, ეს რა შემართებით მოხვედიო, დღეში რამდენიმე გადაცემის ჩაწერა შემიძლია და მეუბნებიან, ცოტა დაისვენე და ჩვენც დაგვასვენეო (იცინის).
– იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელი განაპირობებს წარმატებას შენი გამოცდილებიდან გამომდინარე?
– ამ პროფესიაში მუშაობა ოც წელზე მეტი წლის წინ დავიწყე და აქამდე პრაქტიკულად პაუზა არ მქონია. თან პარალელურ რეჟიმში ყოველთვის ორი-სამი სამსახური მქონდა. გარდა იმისა, რომ მინდოდა, გამოცდილება დამეგროვებინა, ვცდილობდი, ფინანსურადაც უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი. ამ გზაზე იღბალი ძალიან საჭიროა. შანსი, რომელიც ცხოვრებაში გვეძლევა, აღარ მეორდება. მე მეორე შანსის არსებობის არ მჯერა. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადო, მოცემული შანსები მაქსიმალურად გამოიყენო. მე მგონია, რომ ცხოვრებამ რისი შანსიც მომცა, ყველა გამოვიყენე. თუმცა, სამწუხაროდ, ალბათ, ბევრი შანსი არ მომცემია.
მეორე მხარეს დგას შრომისმოყვარეობა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტობისას ორ სამსახურში რომ ვმუშაობდი, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, მოდი, ყველა საქმეს გვერდზე გადავდებ და დღეს გასართობად წავალ-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად ღამეები მითენებია მუშაობაში და ძალიან ვწუხდი. თუმცა, გართობაც იყო, არ ვწუწუნებ. ასეთ დროს ჩემს თავს ვახსენებდი, რომ ამას უკეთესი მომავლისთვის ვაკეთებდი და არასდროს მითაკილია დაბალი რანგიდან დაწყება ზემოთ ასასვლელად. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სასურველ მიზანს მივაღწევდი. ამაში ზუსტად შრომისმოყვარეობა მეხმარებოდა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი ვარ, მაგრამ შემიძლია, შრომისმოყვარეობის წყალობით, სასურველ მიზანს მივაღწიო.
– არის რამე ისეთი, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევ?
– მაგალითად, სახლის საქმეებიდან არაფერი გამომდის. ამდენი წელია, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ დღემდე ვერაფერი ვისწავლე. ამაში ნამდვილად უნიჭო მგონია ჩემი თავი. უიღბლობა ნაკლებადაა, მაგრამ რაღაცებს სინანულით ვიხსენებ. ასეთია ქართული სნობური მომენტი, როცა ვიღაცის შვილობა წყვეტს შენს წარმატებას. შენი მშობლები რაღაცას უნდა წარმოადგენდნენ ელიტარულ საზოგადოებაში, რომ შენ სამსახურში მიგიღონ. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, ქასთინგებზე რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, კარგი ხარ, არაჩვეულებრივი ხარო, მაგრამ პროცესს მიღმა ვრჩებოდი, რადგან ყველგან „ვიღაცის შვილებს“ იღებდნენ. დღეს, ამ მხრივ, თითქოს, შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ პროტეჟეობით ადამიანის წინ წამოწევა მაინც აქტუალურია.
– ყველაზე იღბლიანად რაში მიგაჩნია თავი?
– აბსოლუტურად ყველაფერში. კარიერასთან მიმართებით ძალიან იღბლიანი ვარ. მედლის მეორე მხარეც არსებობს, ანუ, გარდა იმისა, რაც აღვნიშნე, ყოველთვის მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მაძლევდნენ შანსს, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. გამოუცდელი ბავშვი მივდიოდი და თავს არ ვზოგავდი, რომ მათი ნდობა გამემართლებინა. ამის გამო თავს მართლა ძალიან იღბლიანად ვგრძნობ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში ძალიან იღბლიანი ვარ. არაფერზე ვწუწუნებ, მაგრამ დაუოჯახებელი ვარ და ეს არ ითვლება წარმატებულ პირად ცხოვრებად. თუმცა, ვისთვის – როგორ. მე ცუდად არ ვგრძნობ თავს. ალბათ, ჩემი ბრალია, რომ რაღაც ურთიერთობები ვერ შევინარჩუნე. ან, უბრალოდ, ჯერ ვერ შევხვდი იმ ადამიანს, ვისთანაც ვიგრძნობ, რომ ბოლო გაჩერებაა, სხვისკენ გახედვის სურვილი არ გამიჩნდება და ამ ურთიერთობაში ჩემს თავს მაქსიმალურად გამოვავლენ. არავის ვეძებ, მაგრამ ალბათ, ასეთ ადამიანთან შეხვედრაც იღბალია. უნდა მიხვდე, რომ ეს ის არის, ვისთანაც ყველაზე ბედნიერი ხარ და როცა კარიერულ წარმატებასთან ერთად ესეც გაქვს, ეს მგონია ჰარმონიული ცხოვრება.