ხატია სიჭინავამ, თიკო ჩხეიძესა და ქრისტინე საკანდელიძესთან ერთად, ცოტა ხნის წინ ბავშვთა განვითარების ცენტრი დააფუძნა. ხატიასთვის ამ ცენტრის შექმნას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რაც მის უმცროს შვილს, მიქაელს უკავშირდება.
ხატია სიჭინავა: მე თვითონ შევეჯახე ამ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავი, მერე ყველაფერში გავერკვიე და მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. ამ პრობლემის აღიარება ბევრს უჭირს, საკმაოდ სენსიტიური თემაა და ამიტომ მათი კარგად მესმის. თუმცა, ეს ინფორმაცია ბევრი ბავშვისა და მშობლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ცენტრი, სადაც ბავშვებს საჭირო თერაპიების გავლის საშუალება ექნებოდათ. კვირაში ექვსი დღე თერაპია მალე დადებს ძალიან კარგ შედეგს და რა თქმა უნდა, ჯობს, ბავშვი ხშირად ატარო თერაპიაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ძვირი ჯდება, გასაგები მიზეზების გამო ამას ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს, ამიტომ ჩვენ შევქმენით ფონდი „ტატა რევიშვილი“. ფონდს ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის, თიკო ჩხეიძის შვილის სახელი დავარქვით, რომ ტატამ ამ ბავშვებში გააგრძელოს სიცოცხლე. ეს ფონდი უზრუნველყოფს თერაპიების ღირებულების თანადაფინანსებას და მაგალითად, შეჭირვებულ ოჯახები 50 ლარის ნაცვლად 25 ლარს იხდიან, რაც ბევრისთვის დიდი შეღავათია და აქედან გამომდინარე, ზრდიან თერაპიების რაოდენობას. კვირაში, საშუალოდ, სამი მაინც გამოსდით. სახელმწიფოც ყველანაირად გვიდგას გვერდით, არ გვიხლართავენ გზებს და არ გვირთულებენ პროცესებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მშობლებს ბიუროკრატიული საკითხები ავარიდოთ. ეს მდგომარეობა ისედაც ძალიან სტრესულია. როცა მშობელი ხედავს, რომ მის შვილს დახმარება სჭირდება, კიდევ ბიუროკრატიით საქმის გართულება ძალიან მძიმეა მისთვის. ამიტომ, ჩვენთან რომ მოდიან, ასეთ საკითხებსაც მაქსიმალურად ვუადვილებთ. თერაპიებითაც ვეხმარებით და ფინანსურადაც გვერდით ვუდგავართ.
ამ ცენტრის შექმნის უმთავრესი მიზანი ბავშვების დახმარება იყო. ხშირად ვაწყდებით ხოლმე სიტუაციებს, როდესაც ასეთ საქმესაც კი, ძირითადად, ბიზნესის კუთხით უყურებენ და შემოსავალზე არიან ორიენტირებული, თუმცა, ჩვენ, სამივე დამფუძნებელი, მართლა მთელი გულით ვაკეთებთ ამ საქმეს. მე არ მიყვარს ტყუილები და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს სოციალურ ქსელში ჩანს. ყველამ იცის, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვების დახმარებაა და არა ბიზნესით გამდიდრება. ჩემი მიდგომა ასეთია – არ შეიძლება, ბავშვზე აკეთო ფული. მით უმეტეს, როდესაც თვითონ გაქვს შეხება ამ საკითხთან და იცი, რამდენად სენსიტიურია ის, ასმაგად უფრო მობილიზებული ხარ ნებისმიერი ბავშვისთვის გზის გასახსნელად.
ეს ყველაფერი მშობლებისთვის იმდენად სტრესულია, რომ ამ პროცესში ფსიქოლოგიური დახმარება მათ უფრო სჭირდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ეს ძალიან კარგად ვიცოდი, რადგან ისეთი პერიოდი გავიარე, რომ საერთოდ დამენგრა ფსიქიკა, გადავწყვიტეთ, მშობლებისთვის გაგვეკეთებინა კვირაში ერთი დღე – მშობლების ღია კარის დღე და თუ ვინმეს რამე რჩევა სჭირდება, კითხვა აქვს ან, უბრალოდ, თავისი ამბის მოყოლა უნდა, ჩვენ ვხვდებით მათ და ერთმანეთს ვუცვლით აზრებს, გამოცდილებებს, ვაძლევთ რჩევებს და ეს გვეხმარება სწორი მიმართულებით სიარულში.
– დაიბადა მიქაელი და თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. როცა ბავშვი ძალიან პატარაა, რთულია, პრობლემის არსებობის შესახებ მიხვდე. როდის გაგიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც რიგზე არ იყო?
– დაკვირვებული დედისთვის არც ისე რთულია ეჭვის გაჩენა. საერთოდ, თერაპიები ექვსი თვიდან იწყება, მაგრამ რომ ვთქვა, რომ მე ექვსი თვის ასაკში ჩემს შვილს რამე შევამჩნიე-მეთქი, ტყუილი იქნება. წლინახევრის ასაკში შევამჩნიე, რომ როცა ვეძახდი არ მიყურებდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამი შვილი მყავს გაზრდილი, ეს მომენტი მეუცხოვა. პირადად ჩემთვის ეს იყო სიგნალი და ნევროპათოლოგს მივმართე. მან მითხრა, რომ ბავშვს არაფერი არ სჭირდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. შედეგად, ერთი წელი დავკარგე. ვიფიქრე, რომ მართლა მე მომეჩვენა რაღაც, მაგრამ ორწელიწად-ნახევრის ასაკში უკვე მეტყველება რომ არ დაიწყო, ამ საკითხზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ამ თემის გარშემო საერთოდ არ ვიცოდი არაფერი, მაგრამ გავარკვიე, რომ არსებობდა თერაპიები, არსებობდნენ თერაპევტები და შეიძლებოდა ბავშვის დროულად დახმარება. უბრალოდ, რაც უფრო პატარა ასაკში დაეხმარები ბავშვს, მით უფრო კარგი შედეგი გექნება და მით უფრო მალე. თუ თვალს დახუჭავ და გაწელავ ამ პროცესს, მას უფრო გაართულებ. თუმცა, მე ძალიან კარგად მესმის ასეთი მშობლებისაც. ძალიან ძნელია, საკუთარ თავთანაც კი, იმის აღიარება, რომ შენ შვილს დახმარება სჭირდება. ფაქტობრივად, შენი ცხოვრება თავდაყირა დგება. მთელი შენი მობილიზება, რესურსები, ძალა, ყველაფერი ბავშვს სჭირდება. საკუთარი თავისთვის დროის გამონახვაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ძალიან ძნელია, მაგრამ ყველა მშობელს ვურჩევდი, დროულად გადაელახათ ეს ზღვარი. ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ მისი გადალახვა და სიმართლისთვის თვალის გასწორება. არ დააგვიანოთ. როგორც კი პირველ სიმპტომებს შეამჩნევთ, იმოქმედეთ! თუ ბავშვი არ გიყურებთ, საკუთარ სახელზე არ რეაგირებს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. თვითონ ყველაზე უკეთ შეამჩნევენ ამას, კიდევ ბევრი სიგნალია, თუმცა, მე მეტი არ მქონდა. რაც არ უნდა იყოს, დედის ინტუიცია ყველაფერს ძალიან სწორად აღიქვამს.
– როგორი იყო დიაგნოზი და საერთოდ, რამდენად რთულია დიაგნოზის დადგენა?
– აუტიზმის დიაგნოზს სამ წლამდე არ სვამენ. დიაგნოზამდე ჩვენ არ მივსულვართ, იმიტომ, რომ დროულად დავიწყეთ თერაპიები. კონკრეტულად ჩემს შვილს ქცევისა და მეტყველების შეფერხება ჰქონდა. დღეს, რატომღაც, ძალიან ტრენდულია, რომ ნებისმიერ, იქნება ეს ქცევის, მეტყველების თუ სხვა ტიპის შეფერხება თუ დარღვევა, ანუ ის, რაც აუტიზმამდე არ მიდის, მაინც ყველაფერს აუტიზმს აწერენ. მშობლებს ზუსტად ამ სიტყვის გაგონების ეშინიათ, ამ სიტყვაზე პანიკა აქვთ. დამიჯერეთ, ის რომ თქვენი შვილი სახელზე არ რეაგირებს ან მეტყველების დაწყება დააგვიანა, ან ქცევაში აქვს რაღაც არეული, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს. ბავშვს შეიძლება, აქვს განვითარების შეფერხება, თავის ასაკს ვერ ეწევა, გაჯეტდამოკიდებულია, ქცევის დარღვევა, მეტყველების შეფერხება და ძალიან ბევრი რამ არის იქამდე, სანამ აუტიზმის დიაგნოზამდე მიხვალ.
თუ ქცევის დარღვევას, მეტყველების შეფერხებასა და სხვა პატარა სიგნალებს დროულად არ მიაქცევენ ყურადღებას, მერე უკვე შეიძლება, ეს ყველაფერი შეძენილ აუტიზმში გადავიდეს. არ არის აუცილებელი, ბავშვი აუტისტად დაიბადოს. შეიძლება, მერე ამ დარღვევების დროულად მოუგვარებლობამ გამოიწვიოს შეძენილი აუტიზმის ჩამოყალიბება. თუ ბავშვს მსგავსი პრობლემები აქვს, 6 და 7 წლამდე არ უნდა ელოდო, როდის გამოსწორდება ის თავისთავად. არც იმით უნდა დაიმშვიდო თავი, რომ ბავშვის მამამაც 5 წლისამ დაიწყო ლაპარაკი. ეს არ არის სწორი.
– როცა პრობლემის შესახებ გაიგე, თვითონ როგორ შეხვდი ფსიქოლოგიურად?
– პირველი ეტაპია, ბავშვს ხელი მოჰკიდო და თერაპიაზე შესაფასებლად წაიყვანო. მეორე ეტაპია, როცა გეუბნებიან, რომ თერაპიაზე უნდა ატარო, ეს მისთვის საჭიროა, აქ იწყება სრული ქაოსი. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს, მე მაშინ, ფაქტობრივად, ჩამომენგრა ფსიქიკა, ძალიან გამიჭირდა. პირველი ეტაპები ძალიან რთულია. ამიტომაც, ძალიან კარგად მესმის სხვა მშობლების და ხშირი კონტაქტი მაქვს თითქმის ყველასთან, ვინც ჩვენთან მოდის. რომ მელაპარაკებიან, რომ ტირიან, ბოლომდე მესმის მათი, რადგან მე თვითონაც გავლილი მაქვს ეს ეტაპები და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებით შემიძლია, მათ ვუთხრა, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება და ამით ცხოვრება არ მთავრდება, რომ ბავშვს წინ ძალიან კარგი ცხოვრება ელის. კი, ამ პროცესში ფსიქიკა ძალიან დამიზიანდა და სამი თვე დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ მშობლების ღია კარის დღე. აქ მშობლები იხარჯებიან, ემოციებს უშვებენ. ეს განცდები თუ მხოლოდ შიგნით ტრიალებს, ძალიან გაგიჭირდება. ამაზე მეგობრებთან რომ ჩამოჯდები საჭორაოდ, მაშინაც ვერ ილაპარაკებ, არ არის ასეთი მარტივი, მაგრამ აქ მშობლებს აქვთ საშუალება, ემოციებიც გამოხატონ და სწორი რჩევებიც მიიღონ. იმიტომ, რომ აქ ზუსტად ის ადამიანები ვართ შეკრებილები, ვისი ნათქვამი – „ყველაფერი კარგად იქნება“, ნამდვილად დასაჯერებელია და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის.
– რა ხდებოდა ოჯახში, ამ ყველაფრის პარალელურად?
– ჩემს შემდეგ ჩემს მეუღლეს ჰქონდა მიუღებლობა, ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და საბოლოო ჯამში, თვითონაც მიხვდა, რომ ძალიან კარგი გავაკეთეთ და დღევანდელ შედეგს რომ უყურებს, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია იმის გამო, რომ ასეთი ჯიუტი ვარ (იცინის). დედასაც და მამასაც, ძალიან უჭირს ამის მიღება და გაანალიზება, სწორი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ მერე რომ ხედავენ, თურმე, ძალიან კარგი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი, ყველა ბედნიერია.
– დღეს როგორია მიქაელის მდგომარეობა?
– დღეს მდგომარეობა 360 გრადუსით შეცვლილია. ბავშვი ბედნიერია, მხიარული, ლაპარაკობს. ვერ ვიტყვი, რომ წინადადებებით ლაპარაკობს, ჩვენ ჯერ კიდევ დავდივართ თერაპიებზე, მაგრამ ძალიან კარგად გამოხატავს ემოციებს, სახელზეც რეაგირებს და შედარება არ არის. ჩვეულებრივად დაეწია თავისი ასაკის ბავშვების განვითარების დონეს. მე, პირადად, სანამ „ვეფხისტყაოსანს“ არ მომიყვება, მანამდე ვატარებ თერაპიებზე (იცინის). ჯერ სამი წლისაა.
– ამ პროცესში ყურადღების დანარჩენ შვილებზე გადანაწილებას როგორ ახერხებდი?
– რაღაც მომენტში ამერია ეგ ამბავი. ძალიან გადავერთე პატარაზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს შვილებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და მიჩვეულები არიან ჩემთან დიალოგს, თვითონვე მითხრეს, დედიკო, ჩვენ ყურადღება მოგვაკელიო. მივხვდი, რომ ზედმეტი მომდიოდა. იმ პერიოდში თავში ისეთი ქაოსი მქონდა, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. მერე მოვახერხე ყველაფერი ისე დამელაგებინა, რომ ყველას თავისი წილი სითბო და ყურადღება მიეღო. თავიდან დავდექი ფეხზე. ბავშვებისთვის ეს ინფორმაცია არ გადამიცია ნეგატიური ფორმით. ვუთხარი, რომ საჭირო იყო მეტი კონტაქტი პატარასთან. ამათ შორის ასაკობრივად დიდი სხვაობაა და პატარისთვის არცერთს არ ეცალა. ვთხოვე, რომ მაქსიმალურად ეკონტაქტათ, ელაპარაკათ და ეთამაშათ მიქაელთან, ეს არის თქვენი დავალება-მეთქი. ახლა მეტ დროს ატარებენ ძმასთან და ამ მხრივაც, ყველაფერი კარგად დალაგდა.
საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო შეკრა და გააძლიერა. აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დღეს უკვე ზუსტად ვიცით, რომ ვერანაირი პრობლემა ვერ გატეხავს იმ ერთობას, რომელიც ჩვენ გვაქვს.