“სიგიჟემდე გინდა შვილი გყავდეს, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობ იმიტომ, რომ გაქვს პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის წინაშე”
აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა WDSF WORLD CHAMPIONSHIP SHOWDANCE LATIN-ზე პირველი ადგილი მოიპოვეს და ლათინურ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. შეჯიბრება გერმანიაში, დრეზდენში, 11 ნოემბერს გაიმართა.
გვანცა: ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც ლეგენდარულ გამარჯვებულებს, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს ვუყურებდი და ვხედავდი მათ ემოციებს, მათი გამარჯვება მთელი გულით მიხაროდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ მე საქართველოს პირველს გავხდიდი. ჩემს ოცნებაში, ჩემს შინაგან განცდებში დარწმუნებული ვიყავი და ამისთვის ბევრს ვშრომობდი. ამდენი შრომა, ტანჯვა და წამება, ამას თამამად ვიტყვი, დაგვიფასდა. მთელი ტურნირის განმავლობაში ყველაფერი საოცრად აეწყო, ბოლოს კი პირველი ადგილი მივიღეთ. საოცარია იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიოში პირველი ხარ. ის განცდები, რომლებიც ბავშვობიდან წარმომედგინა, რომ ამ დროს მექნებოდა, ზუსტი აღმოჩნდა. პირველი ადგილი რომ დაიწერა, საოცარი ხმა ამოვუშვი და მუშტები შევკარი. მსოფლიოს ჩემპიონობა ყველაზე დიდია, უზენაესი განცდაა კარიერაში.
აკა: ეს ყველაფერი ძალიან მაგარი რეჟისორის მიერ გადაღებულ კარგ ფილმს ჰგავდა, ჩვენ კი ამ ფილმის მთავარი გმირები ვიყავით. ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა და თითქოს ყველანაირად გვეწყობოდა ხელი, რომ საუკეთესოები ვყოფილიყავით. გამარჯვების შემდეგ ემოციებისგან მუხლებზე დავეცი. ხელები თვალებზე ავიფარე და რამდენიმე წამი გვანცასაც ვეღარ ვხედავდი. მახსოვს ოვაციები, ხალხის აპლოდისმენტები. ძალიან გვიჭერდნენ მხარს. ჩემპიონატი გერმანიაში იყო და რა თქმა უნდა, მაყურებლები ძირითადად გერმანელები იყვნენ. ისე გაუხარდათ და ისე გვილოცავდნენ გამარჯვებას, თითქოს გერმანელები ვიყავით, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია.
– მედიისგანაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეთ…
– ასეა და ახლახან ვუყურებდით, როგორ გააშუქა სხვადასხვა ტელევიზიამ ჩვენი გამარჯვება. ნამდვილად დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– რამდენად ელოდით ამ გამარჯვებას?
– სამზადისში, რა თქმა უნდა, გამარჯვების მოლოდინი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თუმცა, ჩვენ აბსოლუტურად რეალისტურად ვუყურებდით მოვლენებს, ვიცოდით, რომ გერმანიაში ტარდებოდა ჩემპიონატი და მასში ორი არაჩვეულებრივი გერმანელი წყვილი იყო წარმოდგენილი. პარკეტზე საკუთარ სახლში ცეკვავდნენ და ეს კარგად გვქონდა გაცნობიერებული. თუმცა, როცა ნახევარფინალში ვიცეკვეთ, ვიგრძენით, რომ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა. გვანცას ვუთხარი, ძალიან ახლოს ვართ მიზანთან და ფინალში კიდევ უფრო კარგად უნდა ვიცეკვოთ-მეთქი. თვითონ მოცეკვავეებსაც ეტყობოდათ, რომ ამჩნევდნენ ჩვენს ლიდერობას.
გვანცა: ჩვენ ფინალამდე ვერ ვიგებთ შედეგებს. ახლა რომ გადავხედეთ შედეგებს, თურმე, საერთოდ არ გვქონია სანერვიულო, ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ. ჩვენი ქულა 39 მთელზე მეტი იყო, თითქმის 40-ამდე. მეორე ადგილზე გასულს, რომელზეც ვფიქრობდით, რომ გადაგვისწრებდა, 35 მთელზე ცოტა მეტი ჰქონდა. არა თუ მეასედებში ძალიან დიდი სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ ამას ფინალამდე ვერ იგებ და ჩვენ მანამდე მხოლოდ გამომეტყველებითა და ემოციებით ვსაზღვრავდით შეფასებებს. ამხელა სხვაობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მსოფლიოს ჩემპიონობა, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით რომ შეხედო, მსოფლიოს ჩემპიონობა, თან ამხელა სხვაობით, ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვებაა.
აკა: ტურნირზე ათი არბიტრი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ქართველი მსაჯი არ ყოფილა.
გვანცა: სპორტში პოლიტიკური გავლენები დიდია. მე დავწერე კიდეც სოციალურ ქსელში – „ღმერთო ჩემო, საქართველოს ჰიმნი, რამდენ რამეზე ვთქვი უარი ამისთვის“. როდესაც კარგი წყვილი გამოდიხარ, ძალიან ბევრ შეთავაზებას იღებ სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრს სურს მათი სახელით გახვიდე. ეს რომ ჩვენ სხვა ქვეყნის სახელით გაგვეკეთებინა, ამ შედეგს გაცილებით ადრე მივაღწევდით. მაგრამ მინდოდა, პირველ ადგილზე საქართველოს ჰიმნის ფონზე ვმდგარიყავი და არა სხვა ქვეყნის სახელით. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, მე თუ არა აბა, ვინ?! ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ასეთია რეალობა. მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა. მინდოდა, ამ სფეროში ჩვენ საქართველო მსოფლიოს ჩემპიონი გაგვეხადა. ყველაფერზე ვთქვით უარი და წლები ვიცდიდით. მივაღწიეთ იმას, რომ პოლიტიკის გარეშე, მსაჯის გარეშე, სუფთა, ნამდვილი სპორტული გზით და სულისკვეთებით საქართველო პირველ ადგილზე დადგა.
აკა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის ამ შედეგისთვის. ტურნირის შემდეგ გვითხრეს, მეორე დღეს უფრო გააცნობიერებთ, რამხელა პასუხისმგებლობას ატარებთო და მართალი აღმოჩნდა. უკვე გვაქვს ძალიან კარგი შემოთავაზებები, მსოფლიოს წამყვან მწვრთელებსა და პედაგოგებთან ერთად ვიმუშავებთ.
გვანცა: მასტერკლასებს ჩავატარებთ, ლექციებს წავიკითხავთ. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. წარმოიდგინეთ, ამდენი ქვეყანა იბრძვის ლიდერობისთვის, თან ასეთი ძლიერი ქვეყნები და საქართველო ხდება ლიდერი. ამხელა აუდიტორია ფეხზე წამომდგარი უსმენს საქართველოს ჰიმნს. ეს უზენაესი მომენტია. როცა უგებ ამერიკას, გერმანიას, ჩეხეთს, ბულგარეთს, დიდ ბრიტანეთს. ეს მხოლოდ ფინალში, მანამდე ხომ კიდევ უამრავი ქვეყანა მონაწილეობს. როგორც ქვეყანას, გიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ როგორც წყვილს ამაში ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული.
აკა: ერთია გამარჯვება და მეორე განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც ჩვენ მიმართ ვგრძნობდი. ამდენი წელია, ჩვენს ცეკვას ყოველთვის ფეხზე ამდგრები ხვდებიან და ტაშს არ იშურებენ. გაოცებულები არიან, ამიტომაც გვაქვს უამრავი მიწვევა.
– რის ფასად ეს ყველაფერი?
გვანცა: მე და აკა იმიტომაც მივეწებეთ ასე ერთმანეთს, რომ ორივე ძალიან მშრომისმოყვარე ადამიანი ვართ, ამბობენ, რომ ნიჭიერებიც. ნიჭი და შრომა თუ ერთად არის, უდიდეს შედეგს გაძლევს. დადგმისთვის ხალხს რომ ტანჯვა სჭირდება, ჩვენს გონებაში ფოიერვერკივით მოდის იდეები. ნიჭს რაც შეეხება, ამ მხრივ, განსაკუთრებით აკა გამოირჩევა, ის ნამდვილი კოსმოსია, უსაზღვრო, მაგრამ ამასთან ერთად არის უდიდესი შრომა. ჩვენ ოც წელზე მეტი, ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვცეკვავთ. ბავშვობიდან ერთად ვართ და ვიცით, რა შრომა ჩავდეთ ამაში. როცა სპორტსმენი ხარ, ყოველდღე, დღეში ორჯერ უნდა გაიარო პროგრამა. უნდა ივარჯიშო, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ძლიერებისთვის. ხანდახან ისე გვტკიოდა კუნთები, ტირილამდე მივდიოდით და ყველაფერზე უარს ვამბობდით, მათ შორის, პირად ცხოვრებაზე. რა მაქვს დასამალი, სიგიჟემდე გინდა, შენი შვილი გყავდეს, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობ იმიტომ, რომ გაქვს პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის წინაშე, შენი ქვეყანა გიდგას უკან და იცი, რომ ეს უნდა გააკეთო. ჩვენ მართლა არაფერი გვაქვს, მათ შორის არც გართობა და მხოლოდ ჩვენი მიზნისკენ მივდივართ.
აკა: ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, აბა, როგორ ერთობით, როგორ ისვენებთ ერთადო. ოცი წელია, ასეთი გრაფიკით ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა არის დასვენება და გართობა.
გვანცა: რთული გზა გავიარეთ. მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავით მსოფლიოში ცნობილი წყვილი, ანუ, სანამ სპონსორები გამოგვიჩნდებოდნენ, მივდიოდით ტურნირებზე და სასტუმროს ფულიც არ გვქონდა, ამიტომ აეროპორტში გვეძინა. არასდროს დამავიწყდება, ესპანეთში ვიყავით ტურნირზე, საჭმლის ფული არ გვქონდა და მშივრები ვიყავით. ისე შემრცხვა ქართულად თქმის, გერმანულად ვთხოვე ვიღაცას, რომ კრუასანი მოეწოდებინა. ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ. როცა შემოთავაზებები წამოვიდა და თანხები გაგვიჩნდა, არ გვიფიქრია საოცარი მანქანის და „შანელის“ ჩანთის ყიდვაზე, მთელ თანხას განათლებაში ვდებდით. ახლა რომ ვუფიქრდები, ესეც ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ჩემი თავი უბრალოდ მსოფლიოს ჩემპიონი კი არა, გმირი მგონია. მგონია, რომ ოდესღაც მოხდება სასწაული, რომელიმე რეჟისორი დაგვინახავს, შეხედავს ჩვენს გზას და ჩვენს ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს. ისეთი გზა გვაქვს გავლილი, მჯერა, რომ ეს მოხდება.