მსახიობი ნანუკა კუპატაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სოსოს ახალი შეყვარებულის როლს ასრულებს. ნანუკა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობია და მის ცხოვრებაში თეატრს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.
ნანუკა კუპატაძე: ჩემს პერსონაჟზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ეს გოგო ცოტა გაურკვევლობაშია, რაც ბუნებრივია, რადგან რეალურ ცხოვრებაშიც ასე ხდება. ბუნებრივია, რომ ადამიანს საყვარელი ადამიანის სჯერა და ფიქრობს, რომ ეს ის არ არის, რასაც ეუბნებიან. დაქალმა, მეგობარმა და დედამაც კი, რაც არ უნდა გითხრას ასეთ სიტუაციაში, შენ მაინც ფიქრობ, რომ შენ ასეთი რამ არ დაგემართება. სულ რომ ხელით შეგეხონ, ცდილობ, ეს დამალო იმ იმედით, რომ საყვარელ ადამიანს შეცვლი. სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ ასე ხდება ცხოვრებაში და ალბათ, ჩემი პერსონაჟიც ამ განცდებშია. ბოლომდე არც სჯერა, რომ მის თავს ასეთი რამ ხდება. თან, სოსო მასთან დამოკიდებულებაში არ არის ისეთი, როგორიც კატოსთან იყო ურთიერთობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, თორემ თავიდან არც კატოსთან გამოუჩენია აგრესია. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცადა, არც კატოს სჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. უფრო მეტიც, ხელით რომ შეეხო და მერე ბოდიში მოუხადა, კატომ მაინც აპატია. ამიტომ ჩემი პერსონაჟისაც გასაგებია.
– რა ხდება სერიალს მიღმა, თეატრს რა ადგილი უჭირავს ნანუკას ცხოვრებაში?
– ჩემს ცხოვრებაში თეატრს დიდი ადგილი უჭირავს, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრების 50 პროცენტი მას უკავია. მეორე 50 პროცენტი კი – ოჯახს და მეგობრებს. მე პირველი კურსიდან მოვხვდი თეატრში. ეს ჩვენი პედაგოგის, გიორგი სიხარულიძის დამსახურებაა. 16 მეგობარს, ჯგუფელს ხელი მოგვკიდა და ქუთაისის თეატრში ჩამოგვიყვანა. პირველი კურსიდან დაგვაყენა სცენაზე და დიდი გამოცდილება შეგვძინა. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და არის.
– თეატრის მსახიობებს მაინცდამაინც არ უყვართ ხოლმე სერიალები…
– ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაშიც, არის ამაში სიმართლე. მე ძალიან დიდი ხანია, თეატრში ვარ, 18 წლიდან მოყოლებული დღემდე. სერიალში 34 წლის ასაკში აღმოვჩნდი. აქამდე არცერთ ქასთინგზე არ ვყოფილვარ, არანაირი მცდელობა არ მქონია. ჩემმა მეგობარმა, კახაბერ შარტავამ გადაიღო სერიალი „ბამბის აღმართი“ და იქ დამაკავა. ეს იყო ჩემი ერთადერთი სატელევიზიო პროექტი. არ ვიცი, რას დავაბრალო, მაგრამ არ მქონია ამ მხრივ აქტიურობის სურვილი. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, მეც მიმეღო ქასთინგებში მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ თეატრში მინდოდა ყოფნა. ეკრანზე გამოჩენის სურვილი არ მქონდა. ამჯერად გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ვიფიქრე, „რატომაც არა?!“ და ნაბიჯიც გადავდგი. ეს ჩემი მეგობრების ძალიან დიდი თხოვნის დამსახურებაა (იცინის).
– ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი ხართ, თუმცა, ოჯახური ცხოვრება თბილისს უკავშირდება. ასე რთული არ არის?
– არ არის რთული, ალბათ, უკვე მივეჩვიე. მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. ჩემმა მეუღლემ ძალიან შემიწყო ხელი იმაში, რომ პროფესიაზე უარი არ მეთქვა. თან, სტუდენტი ვიყავი და ყველანაირად ცდილობდა, გვერდში დამდგომოდა. ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა. თბილისში ვცხოვრობდით და ქუთაისში მიწევდა სიარული, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩემი ძალიან ბევრი ჯგუფელი და მეგობარი არ არის ქუთაისელი, თბილისელები არიან, ერთად მივდიოდით და მოვდიოდით. დღემდე ასე გრძელდება. ამის გამო პრობლემა არავის შეგვქმნია. ჩემს შემთხვევაში ეს ოჯახისა და მეუღლის დამსახურებაა.
– საყვარელი საქმის კეთებასთან ერთად, მშობლიურ ქალაქსაც რომ არ სწყდები, ალბათ, ძალიან სასიამოვნოა.
– ძალიან სასიამოვნოა. მე მეორე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჩემმა მშობლებმა ასე გადაწყვიტეს თავიანთი სამსახურებიდან გამომდინარე და მას შემდეგ თბილისში ვცხოვრობდით. პროფესიამ დამაბრუნა ჩემს ქალაქში და ის თავიდან შემიყვარდა. მე შეშლილი ვარ ქუთაისზე. ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ქუთაისელი ვარ. არასდროს მქონია სურვილი, თბილისის რომელიმე თეატრში მეცადა ბედი. ასე რომ, რთული კი არა, ძალიან სასიამოვნოა ასე, ორ ქალაქში ცხოვრება. ერთ ქალაქში მთლიანად პროფესიას ვეკუთვნი და მისით ვარ მოცული, მეორეში – ოჯახით. ქუთაისში მეგობრები, ანუ, ჯგუფელები, დღემდე ერთ სახლში ვცხოვრობთ და სარეპეტიციო პროცესი სახლშიც მოგვყვება. იქაც სულ სპექტაკლზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ, ვგეგმავთ და ეს დიდი სიამოვნება და ფუფუნებაა.
– მეუღლის ხელშეწყობა ახსენეთ ზემოთ… ვინ არის და როგორია თქვენი ისტორია?
– ჩვენი ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. სანამ სტუდენტი გავხდებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე 2008 წელს გავიცანი საერთო მეგობრისგან და სამი წლის შემდეგ გვქონდა ქორწილი. მეუღლეზე ბევრი საუბარი საჯაროდ არ მიყვარს (იცინის). ის გახლავთ გიორგი უშიკიშვილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც საოცრად მიდგას გვერდით. დღეს თუ მე რამეს წარმოვადგენ, პროფესიულად თუ როგორც დედა ან მეუღლე, ამაში მისი დამსახურება ძალიან დიდია.
– გიორგის ყველა კარგად იცნობს, მაგრამ როგორი მეორე ნახევარია, როგორია ოჯახურ ურთიერთობაში?
– საუკეთესოა. როცა იგებენ, რომ მე გიორგის მეუღლე ვარ, მეკითხებიან ხოლმე, უი, როგორიაო? არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველას საკმაოდ მკაცრი ჰგონია (იცინის). რეალურად ძალიან თანამედროვე და თავისუფალი შეხედულებების მქონე ადამიანია. ჩვენ, პირველ რიგში, ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ერთმანეთს არაფერში ვზღუდავთ. მისი აზრი ჩემთვის ყველა საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.
არ ვიღებ გადაწყვეტილებას ისე, თუ მას არ ვკითხე. ორივე ვგიჟდებით თავისუფლებაზე და ძალიან ვენდობით ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობაა. ნდობა უდრის სიყვარულს და თუ ადამიანს არ ენდობი, მე ვფიქრობ, რომ ის არ გიყვარს. ყოფილა შემთხვევა, ორი თვე გაგრძელებულა სარეპეტიციო პროცესი და ამ დროის განმავლობაში, ქუთაისიდან თბილისში რომ მხოლოდ ორი დღით ახერხებ ჩამოსვლას, თუ ხელშეწყობა არ გექნება, ძალიან რთულია. ანალოგიურად თვითონ, გადაღებაზე წასულა ერთი ან ორი კვირით და თუ ამაში წყვილმა ხელი არ შეუწყო ერთმანეთს, ისე არაფერი გამოვა.
ერთხელ გიორგიმ მითხრა, მე ცოლი არ მომიყვანია იმისთვის, რომ სახლში დავსვა და სამზარეულოში დავაყენო. იმიტომ მოვიყვანე ცოლი, რომ მიყვარდა, მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო რეალიზებული თავის საქმეში და თავისუფალი ადამიანიო. ამიტომ ვამბობ, რომ ასი პროცენტით გიორგის დამსახურებაა, რომ მე ასე ლაღად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ეს დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს, ის თუ ასე იქცევა, უფლებაც არ მაქვს მას სხვანაირად მოვექცე და ამის არც სურვილი მაქვს.
– როგორია თქვენი გართობა და განტვირთა? ერთ მხარეს – სამსახიობო წრე, მეორე მხარეს ქართული სუფრა, მუსიკა და ტრადიციები, რაც გიორგისთან ასოცირდება.
– გიორგისთან ასოცირდება სუფრა, სადღეგრძელოები და ასე შემდეგ (იცინის). ამ დროს გიორგი საერთოდ არ არის ასეთი. ჩვენი ნიშნობა ქუთაისში გავაკეთეთ. მამა მაშინ უკვე გარდაცვლილი მყავდა და ბიძებმა და ბიძაშვილებმა შვიდი სახეობის ღვინო მოამზადეს, ამბობდნენ: აბა სხვანაირად როგორ დავხვდებით სიძეს, მით უმეტეს, ქუთაისისნაირ სტუმართმოყვარე ქალაქშიო. გიორგი ჩამოვიდა, ერთი სადღეგრძელო თქვა და მორჩა. გაგიჟდნენ (იცინის). ყველას ჰგონია, რომ სასმელი, სადღეგრძელოები და ასე შემდეგ არის მისი ცხოვრების სტილი. არადა, საერთოდ სხვანაირია. თავს ამ გარემოშიც კომფორტულად გრძნობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მასზე არსებული შეხედულებისგან რადიკალურად განსხვავებულია.