“ყველა ჩემი სიძნელით, ტრაგედიებით და ბედნიერებით მაინც ფანტასტიკური ცხოვრება განვვლე”

252

ნანა ჯორჯაძე – ,,ოსკარზე” ნომინირებული კინორეჟისორი, სცენარისტი, ერთ-ერთი წამყვანი კინემატოგრაფისტია ქართულ კინოში, ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების ჟიურის წევრი, კანის ფესტივალის ,,ოქროს კამერის” მფლობელი… წელს, სულ ცოტა ხნის წინ დასრულებულ თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მას საპატიო ,,ოქროს პრომეთე” გადაეცა კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

დიდი და თავმდაბალი რეჟისორი არასოდეს საუბრობს თავის წარმატებებზე, მომავალის გეგმებზე. ცნო-ბილია, რომ ის მსახიობებს არ აკითხებს მთლიან სცენარს. მისი ბოლო ნამუშევარია ,,პეპლების იულებითი მიგრაცია”, სწორედ ის იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ,,ოსკარზე”. ,,თუ ყოველდღე რამე არ გავაკეთე, ასე მგონია, მორჩა ცხოვრება. კარგად თუ ცუდად, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ. გეგმა ბევრი მაქვს, მაგრამ მათზე არასოდეს ვსაუბრობ. ახლა ბევრს ვწერ და ვხატავ”, – უთხრა ,,სარკეს” რეჟისორმა.

ნანა ჯორჯაძე თავის სათქმელს შემოქმედებაზე, პირადზე, მოგონებებს ოჯახზე ჩვენს მკითხველებს უზიარებს:

ომგამოვლილი თაობა და ახალი ფილმის პრეისტორია

– ფილმი ,,პეპლების იძულებითი მიგრაცია” ეძღვნება ჩემს თაობას, რომელსაც მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის ბოლოდან უამრავი უბედურება, განსაცდელი გადახდა თავს. ჩვენ, სამეგობროს, ერთი ადგილი გვქონდა, სადაც ვიკრიბებოდით. ამ ნახევრადსარდაფში ისეთი გარემო იყო, სადაც დღე და ღამე ცხოვრება ჩქეფდა. კარი მართლა არ იკეტებოდა.

მე თვითონ 15 წელი ასეთ სახლში ვცხოვრობდი, რომლის კარის საკეტი ჩემი ხელით ნაჯახით ამოვამტვრიე. თვეობით არ ვიყავით სახლში, მაგრამ არავის გავუქურდივართ. თუ ვინმე ჩამოდიოდა და სახლში არ დავ-ხვდებოდით, იძინებდნენ, ცხოვრობდნენ და მერე მიდიოდნენ. ამ ოროთახიან ბინაში თბილისში, ატენის ქუჩაზე, ხანდახან 25 კაცამდე იკრიბებოდა. ასეთი ცხოვრება და ურთიერთობა იყო. მომინდა, იმ პერიოდზე მომეყოლა ჩემს ახალ ფილმში.

ნანა ჯორჯაძე: ,,ყველა ჩემი სიძნელით, ტრაგედიებით და ბედნიერებით მაინც ფანტასტიკური ცხოვრება განვვლე"აუტსაიდერების კლუბი ანუ მიგრირებული პეპლები

– ამ ქვეყანაში სულ არეულობაა, ვერ დამშვიდდა, ვერ დაწყნარდა ქვეყნის ვნებები, ვერ მიაღწია იმ კონდიციას, როცა შეიძლება უკვე მარტო შენება დაიწყოს და არა – ნგრევა. ეს შიდა არეულობა, რუსეთთან ომი ყველამ გამოვიარეთ. ჩვენი სამეგობროს შემოქმედებითი ცხოვრება გრძელდებოდა ასეთ გარემოში, მე მას აუტსაიდერების კლუბი დავარქვი. მინდოდა, ამ ფილმისთვის ეს სახელი დამერქმია, მაგრამ ვიფიქრე, ძალიან დეპრესიული იქნებოდა და მერე პეპლების ერთ ეტიმოლოგიურ ფენომენზე გავაკეთე არჩევანი.

პეპლები ჩიტები არ არიან, რომ თბილ ქვეყნებში გადაფრინდნენ, მაგრამ არის ერთი სახეობა პეპლებისა, რომლებიც ადგილს იცვლიან და სხვა ქვეყნებისკენ მიემართებიან. თუ ქარმა დაუბერა, იღუპებიან, თუ გადარჩნენ, უკან ბრუნდებიან. ისევე როგორც ეს ულამაზესი, ფერადოვანი პეპლები, ქართველებიც განსაკუთრებული თვისებების მატარებელ ერად მიმაჩნია და გარკვეული პარალელი გავავლე ამ პეპლებსა და ჩვენს თანამემამულეებს შორის. ეს პეპლები ჩვენი ერია, ეს ჩვენ ვართ, თითქოს აქ არავის სჭირდებიან და სხვა ქვეყნებში მიდიან, მაგრამ მაინც უკან უნდა დაბრუნდნენ.

კინოს ბედი

– თავიდან მე სერიალის სცენარი დავწერე, სადაც ძალიან ბევრი პერსონაჟი იყო. მე არ მიყვარს სერიალები, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებით ვუყურებ, ამიტომ გადავწყვიტე, ფილმად გადამეკეთებინა. ეს იყო პერიოდი, როცა ნანა ჯანელიძე კინოცენტრის დირექტორი იყო. სწორედ მაშინ გამოცხადდა სცენარების განვითარების კონკურსი. ჩემს მეგობარს, დრამატურგ თამარ ბართაიას, შევთავაზე, სცენარზე ერთად გვემუშავა. ჩვენმა სინოფსისმა გაიმარჯვა არჩეულ სცენარებს შორის, მერე სცენარის დახვეწაში ამერიკელი ქართველი დრამატურგი, გიორგი სიხარულიძე, დაგვეხმარა.

უკვე გაგა ჩხეიძე იყო კინოცენტრის დირექტორი, როცა პირველად ჩემს ფილმოგრაფიაში საქართველომ ნაწილობრივ დამაფინანსა. ადრე გადაღების თანხებს ევროპასა და ამერიკაში მოვიპოვებდი, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

გადაღებების დაწყებას დაემთხვა პანდემია. კარგ პოეტს ქაღალდი და ფანქარი სჭირდება, რომ ლექსი დაწეროს, კინოში თუ ფინანსები არ არის, ფილმს ვერ გადაიღებ. კულტურა არასოდეს არის მომგებიანი, ეს არ არის სასტუმრო და სუპერმარკეტი, რომელსაც ფული მოაქვს, ხელოვნებაში თანხები უნდა ჩაიდოს.

მე მომისმენია მთავრობის წევრებისგან საყვედური, რა საჭიროა, ყოველ წელს ფილმები გადაიღოთო. ყველამ იცის, რომ საქართველო კულტურის ქვეყანაა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, ოქროს საბადოები. დღეს ძალიან დიდი მიგრაციაა საქართველოდან. თითქოს კარგია, რომ მიდიან სასწავლებლად, სამუშაოდ, მაგრამ ვეღარ ბრუნდებიან სამშობლოში, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ. ეს კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორც ვთქვი, ურთულეს პირობებში მოგვიწია გადაღებების დაწყება – პანდემია, გაქანებული კომენდანტის საათი… მცირერიცხოვანი ბიუჯეტიც მალე ამოგვეწურა. ორი კო-პროდიუსერი ჩამომცილდა შუა გზიდან. ერთს ,,პარალიჩმა” (დამბლა) დაარტყა, მეორის სამშობლოში ომი დაიწყო და ციდან ჩამოფრინდნენ ანგელოზები, ჯერ გიორგი მიქელაძის სახით, მერე სერგო სარქისოვისა და რუსუდან მაყაშვილის, რომლებმაც ფილმი დამამთავრებინეს. როცა გაიგეს, რომ გაჩერებული ვიყავი, თვითონ შემომთავაზეს დახმარება.

წინაპრების გზაზე

– ჩემი ოჯახის ბიოგრაფია ალბათ ბევრი ქართული ოჯახის იდენტურია: 25-წლიანი გადასახლებები, დახვრეტები, კოჯრის გზა, სიცოცხლის გაწირვა. ეს ყველაფერი ჩემმა ოჯახმა და წინაპრებმა გადაიტანეს. ისინი მაგიურ რეალიზმში ცხოვრობდნენ და მეც ასე გამზარდეს. მატერიალური არავითარი სიმდიდრე არ არსებობდა, ეს ჩვენში არ იყო მნიშვნელოვანი, ფასეულობა იყო კეთილშობილება, სინდისი, თავმოყვარეობა, განათლება, მოგზაურობა და წიგნი.

,,რასაცა გასცემ, შენია”-ს პრინციპით გავიზარდე და, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სისხლი მაქვს არეული, მე ქართველი ვარ და ეს არის ჩემი არჩევანი. ასე მზრდიდნენ ჩემი პოლონელ-გერმანელი დედა და ქართველ-ფრანგი მამა. ყველანაირი კულტურა უნდა შემეთვისებინა და ჩემს ქართველობაში გამეტარებინა.

უმძიმესი ცხოვრებისეული სირთულეები მაქვს გამოვლილი. ხანდახან მეგონა, რომ ფსკერზე ვიყავი, მერე ფეხს დავარტყამდი ძირს და ისევ ამოვქანდებოდი მაღლა. იმედგაცრუება უფრო გაჩვენებს სწორ გზას, ვიდრე შენი ბედნიერება. ყველა ჩემი სიძნელით, ტრაგედიებით და ბედნიერებით მაინც ფანტასტიკური ცხოვრება განვვლე. ყოველი გათენებული დღე ჩემთვის დღესასწაულია.

ნანა ჯორჯაძე: ,,ყველა ჩემი სიძნელით, ტრაგედიებით და ბედნიერებით მაინც ფანტასტიკური ცხოვრება განვვლე"დიდი ოჯახი და დიდი სიყვარული

– მე ბედმა გამიღიმა, რომ მიხო კვირიკაძე მყავს ოპერატორი. იმიტომ კი არ ვაქებ, რომ ჩემი შვილია, ჩვენ, უკვე რამდენიმე წელია, ერთად ვმუშაობთ. მან მოასწრო აგნეშკა ჰოლანდთან და ვიმ ვენდერსთან ორ ფილმზე მუშაობა. მიხო არის მამამისის, ირაკლი კვირიკაძის, ,,კოპიო” (ირაკლი კვირიკაძე – ცნობილი სცენარისტი და კინორეჟისორი – რედ.შენ.).

მე და ირაკლიმ ერთობლივი და ძალიან საინტერესო ცხოვრება განვვლეთ. ბევრმა და ირაკლიმაც არ იცოდა, რო,მ მიუხედავად იმისა, ბევრს მუშაობდა და თავს კარგად გრძნობდა, გული სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა. ბედმა გაგვიღიმა, რომ ამერიკაში პრემიერის წინა ღამეს ჯაზკლუბში წავედით. ირაკლიმ შემოგვჩივლა, ცოტა მხარი მქაჩავს და მეძინებაო. დასაძინებლად რომ წავსულიყავით, ალბათ ვეღარ გაიღვიძებდა. ჩვენმა მასპინძელმა აიძულა, საავადმყოფოში წასულიყო (დაზღვევა ჰოლივუდისგან ჰქონდა) და იმავე ღამეს გაუკეთეს ოპერაცია. ახლაც ელექტროსტიმულატორი აქვს ჩადგმული და ასე მუშაობს მეორე წიგნზე.

მე და ირაკლის ერთობლივად არაერთ ფილმზე გვაქვს ნამუშევარი. მე ვუყვებოდი იდეას, ამბავს ის ხელით წერდა, მერე მე ვბეჭდავდი და მისი სცენარის პირველი მკითხველი ვიყავი. ეს იყო ერთობლივი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება და ურთიერთობა.

40 წელი გაგრძელდა ჩვენი ცოლქმრობა კი არა, შეყვარებულობა. ყველაფერს დასაწყისი აქვს და ბოლო. მის მომავალ მეუღლეზე მე პირველმა ვუთხარი, რა ბედნიერებაა, შეყვარებული რომ ხარ-მეთქი. არ შეიძლება, გულწრფელ სიყვარულს პატივი არ სცე. ეს ისეთი გრძნობაა, ნებისმიერ ასაკში რომ შეიძლება დაგეუფლოს. მეგობრები ვართ და დღემდე ისევ პირველს მე მაკითხებს ყველაფერს.

ჩემი უფროსი ვაჟი, ბუბა, მსახიობია. ჩემს ფილმში პიანისტის როლს ასრულებს. მის შვილს კინო ნაკლებად აინტერესებს და მათემატიკითაა გატაცებული. უმცროსს, მიხოს, სამი შვილი ჰყავს და მეორე ცოლი. არაჩვეულებრივი რძლები მყავს, ერთი ოჯახი ვართ და ერთი სამყარო გვაქვს. ბუბას გოგონამ წარმატებით დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, სადაც ობამა (აშშ-ის პრეზიდენტი – რედ. შენ.) სწავლობდა. ახლაც პარალელურად მეღვინეობას და კულინარიას სწავლობს. ისიც გადავიღე ჩემი ბოლო ფილმის ეპიზოდში.

რეჟისორის მანიფესტი

– მე არ ვიცი, ვის მივმართო, ვის ვთხოვო შველა. ჩვენ არ გვყავს ზურგში მდგომი, რომ დაგვეხმაროს, ჩვენ მარტოები ვართ. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, არ გავერთიანდებით, დავკარგავთ ამ ჩვენს საოცარ ქვეყანას და გავხდებით ვიღაცა დეგრადირებული ერის გუბერნია. თუ გინდა, რომ შენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ, ასე ორ გროშად არ უნდა გაყიდო ეს ქვეყანა. მსოფლიოში იმდენი ცივილიზაცია გაქრა, ჩვენ კი დღესაც ვარსებობთ. ალბათ ჩვენი მისია ამ გალაქტიკაში ჯერ არ შეგვისრულებია.

ჩვენ ისტორიულად ევროპული ქვეყანა ვართ, თუმცა მეზობლად რუსეთი გვყავს, რომელიც ასევე ადრე ევროპისკენ იყურებოდა, მაგრამ მერე წავიდა ხელიდან. ეს აგრესიული ერია, ვერაფერს იზამ, ჩვენი მეზობელია, ვერსად გაექცევი. მათი გუბერნია აღარასოდეს უნდა გავხდეთ, რისი საშიშროებაც ახლა არსებობს.

მე ბოლო ვიყავი, ვინც ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, მარიკა ლორთქიფანიძეს, ინტერვიუ ჩამოვართვი. როცა ვკითხე, რამ გადაგვარჩინა-მეთქი, მიპასუხა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისტორიულად საქართველოს სხვადასხვაგვარი მეფეები ჰყავდა, ყველა მაღალი ჭკუისა და განათლებისა არ იყო, მაგრამ მოღალატე მეფე არასოდეს ჰყოლიაო.