“მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაზ-კლუბში, რომელიც ნიუ-იორკის სავიზიტო ბარათია, კრის ბოტის საღამოზეც ვართ დაპატიჟებული”

244

ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე ამერიკაში ქართველი ემიგრანტებისთვის საოცრად ემოციურ ღონისძიებებს მართავენ. ცნობილი წყვილი შტატებში თვეზე მეტი ხნით ჩავიდა და საქართველოში საახალწლოდ ბრუნდებიან.

ანუკი ცქვიტინიძე: ამერიკაში მცხოვრები, არაჩვეულებრივი ქალბატონი მანანა ელიაშვილი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა, ემიგრანტებთან გაგვემართა შეხვედრები. ამ მიზნით ჩამოვედით ამერიკაში. ამ შეხვედრების ფარგლებში საშუალება გვაქვს ბევრი ვიმღეროთ, ვესაუბროთ და ჩავეხუტოთ ჩვენს ემიგრანტებს. ამ შეხვედრებზე ისეთი ისტორიები გვესმის, რომელიც გულგრილად არავის დატოვებს. ადამიანები 20-25 წელი არ ყოფილან საქართველოში, შვილები არ ჰყავთ ნანახი. ისინი ნამდვილი გმირები არიან, საკუთარი ცხოვრება შვილებს, მომავალსა და ქვეყანას შესწირეს. მათთან შეხვედრებზე ცრემლიც ბევრია და სიხარულიც. ჩვენ მაქსიმალური ენერგია ჩავდეთ ამ შეხვედრებში. ერთ ღონისძიებაზე 30 სიმღერას ვმღერით, რაც საკმაოდ ბევრია. თავს არ ვზოგავთ, რომ ყველანაირად ვასიამოვნოთ ამ ადამიანებს. ბოლომდე ვიყენებთ ჩვენს რესურსს, რომ თავი მშობლიურ გარემოში ვაგრძნობინოთ.

საკმაოდ ხანგრძლივი ვოიაჟი გამოგვივიდა. ამერიკაში, საერთო ჯამში, თვესა და ერთ კვირას გავატარებთ. საქართველოში 26 დეკემბერს ვბრუნდებით.

– კონცერტები გაქვთ?

– კონცერტი-შეხვედრა, ასე ვეძახით. ორი ნიუ-იორკში გვქონდა, ერთი – ფილადელფიაში. ბარბარობა დღეს ქალაქ ბალტიმორში შევხვდით. 23 დეკემბერს კი – ნიუ-ჯერსიში ვიმღერებთ.

– საქმიან ნაწილთან ერთად, ალბათ, საინტერესო ადგილების მონახულებაც მოახერხეთ.

– რა თქმა უნდა. ნიუ-იორკი საოცრად დიდი და სანახაობრივია. დღესაც ერთ-ერთი შუშებიანი ცათამბჯენი უნდა ვნახოთ. ასევე, მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაზ-კლუბში, რომელიც ნიუ-იორკის სავიზიტო ბარათია. დღეს კრის ბოტის საღამოზეც ვართ დაპატიჟებული – ემიგრანტებმა დაგვპატიჟეს. არ იციან, როგორ გვცენ პატივი, საოცარი ადამიანები არიან. ასევე, დავესწარით ბროდვეის მიუზიკლს – „ჩიკაგოს“. ჩვენმა ახლო მეგობრებმა დაგვპატიჟეს „ენ ბი ეის“ თამაშზე ფილადელფიაში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღეთ. ვიყავით ატლანტიკ-სიტიში, რომელსაც პატარა ლას-ვეგასს ეძახიან და ნამდვილად გამორჩეული სანახაობა დაგვხვდა. მოკლედ, ეს პერიოდი ნიუ-იორკული ცხოვრებით ვცხოვრობთ. გადასარევია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას არაფერი სჯობს.

– ამერიკაში პირველად არ ხართ, ხომ?

– არა. გელას განსაკუთრებით ხშირად ჰქონდა აქ ჩამოსვლის ბედნიერება, როგორც „ბასიანის“ სოლისტს და მეც ხშირად დავყვებოდი ხოლმე, არა როგორც მონაწილე, როგორც მეუღლე. მათ აქ არაერთხელ გამართეს კონცერტი „ლინკოლნთეატრისა“ თუ „მეტროპოლიტენის“ მოწვევით. პრესაში საოცარი გამოხმაურება ჰქონდათ. „ნიუ-იორკ ტაიმშიც“ არაერთი საოცარი სტატია მიუძღვნეს მათი შესრულების მაღალ დონეს. გელა ძალიან მაღალი ხარისხით არის წარდგენილი ამერიკელი მსმენელის წინაშე. თუმცა, მათ ყველა კონცერტს, ძირითადად, უცხოელი მსმენელი ესწრებოდა. ამჯერად, ჩემი და გელას ეს ვიზიტი უშუალოდ ქართველი ემიგრანტებისთვის იმართება.

– როცა მშობლებს გასტროლები აქვთ, შვილები სად რჩებიან ხოლმე?

– პირველად გვაქვს ასეთი ხანგრძლივი გასტროლი მათ გარეშე. რა თქმა უნდა, დიდი დოზით ვართ ტელეფონზე დამოკიდებული და ვიდეოზარებით ვიზიარებთ ერთმანეთის დღეებს. ბავშვები ჩემს მშობლებთან არიან, ჩემი დაიკოებიც იქ არიან. რა თქმა უნდა, მათზე ზრუნვაში გელას დედაც ჩართულია. მათ ბევრი ყურადღების მიმქცევი ადამიანი ახვევიათ გარს და ჩვენ გარდა არანაირი დანაკლისი არ აქვთ. თუმცა, ჩვენთვისაც და მათთვისაც მაინც რთულია.

– მოგზაურობებში რომ უშვებენ მშობლებს, შვილები „ქრთამს“ არ ელიან?

– როდესაც ვაცნობებთ ხოლმე ჩვენი მოგზაურობის გეგმას, აპროტესტებენ – ჩვენ რატომ არ მიგყავართო და პირველი შესაძლებლობა, რითაც უნდა დავამშვიდოთ და ეს პროტესტი ჩავუქროთ, ზუსტად „ქრთამებია“ (იცინის). ამჯერადაც მთელი რიგი დავალებები გვაქვს მიღებული და მაქსიმალურად ვცდილობთ, შევასრულოთ მათი თხოვნები. თუმცა, ადეკვატური თხოვნებია, არ სცდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს და ჩვენც ვცდილობთ, გავახაროთ შვილიკოები.

– როგორია თქვენს ოჯახში საახალწლო ტრადიცია, როგორ ხვდებით ამ დღესასწაულს?

– როგორც ყველასთვის, ეს დღესასწაული ჩვენთვისაც გამორჩეულია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, როგორც ყველა შემსრულებელი, დაკავებულები ვართ ხოლმე საახალწლო ღონისძიებებში. წელს იმის გამო, რომ ამდენი ხანი ცალ-ცალკე ვხვდებოდით ამ დღეს, გადავწყვიტეთ, არ მივიღოთ ღონისძიებებში მონაწილეობა და ახალ წელს შვილიკოებთან ერთად შევხვდეთ, შემდეგ კი სამეგობრო წრეში აღვნიშნოთ. ამიტომ წელს უარი ვთქვით კორპორაციულ შეთავაზებებზე.

– ახალ წელს სურვილების ჩაფიქრების განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ?

– აუცილებლად. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ თუ ახალი წლის ღამეს, 12 საათზე, როდესაც ხელში შუშხუნები და შამპანურის ჭიქები გვიჭირავს, ჩავიფიქრებთ სურვილებს, აგვისრულდება. კარგი გამოცდილებაც გვაქვს (იცინის). საერთოდ, მე მგონია, რომ რისიც გვწამს და გვჯერა, ის აუცილებლად ახდება.

შარშან გვქონდა ბედნიერება, რომ ძველით ახალ წელს საპატრიარქოში უწმინდესთან ერთად შევხვედროდით. ძალიან შეზღუდული იყო იქ მყოფი ადამიანების სია და საბედნიეროდ, ჩვენ მასში მოვხვდით. გელა 16 წლიდან უწმინდესის მგალობელია. საპატრიარქოშიც მუშაობდა და უწმინდესისთვის გამორჩეულად საყვარელი მგალობელია, მის კალთაშია გაზრდილი. დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც გვექნება ამის შესაძლებლობა და მთელი ოჯახი უწმინდესთან ერთად შევხვდებით ძველით ახალ წელს. ეს ძალიან გამორჩეული განცდაა. პატრიარქს პირველად რომ შევხვდი, საოცარი ემოცია მქონდა, სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი და მასთან შეხვედრისას ყოველ ჯერზე იმავეს განვიცდი. უზომოდ მადლიერი ვარ გელასი, რომ მე და ჩემს შვილებს ამის ბედნიერება გვაქვს.