“პატარა ხელები რომ ჩასჭიდე ნათლობის მოწმობას, ღმერთმა იცის მას შემდეგ არც კი ჩაგვიხედავს რა ეწერა შიგნით“
ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც იზა ომაძე წერს, ერთი თვის წინ სრულიად შემთხვევით გაარკვია, რომ ნიკო იმ დღეს არის მონათლული, რა დღესაც, 20 წლის შემდეგ მოკლეს.
„ამ ფოტოებს გვერდი ვერ ავუარე. ვერც იმ ჩაბღაუჭებულ ნათლობის მოწმობას, პატარა ხელები რომ ჩაჭიდე, ღმერთმა იცის, რომ მას შემდეგ არც კი ჩაგვიხედავს, რა ეწერა შიგნით, არადა საგზური ყოფილა თურმე, 20 წლის შემდეგ ზუსტად იმავე დღეს. 2001 წლის 15 სექტემბერს ნათელგიღებიეს, ქრისტეშეგიმოსიეს შვილო და 20 წლის შემდეგ იუდამ რა ინება 15 სექტემბერს მხოლოდ შენ და ღმერთმა იცით…(ღმერთი არ ურევია ნიკო შენი ამ ქვეყნიდან გაყვანაში, არაა) .
ჩვენ კი ქრისტე შეგვიმოსიეს და ნათელგვიღებიეს მაგრამ რა ეშველება, იუდას, 30 ვერცხლად გაყიდულ ადამიანებს, რა ეშველება იმ გონებას შენი მკვლელობა რომ აზრად მოუვიდა? ისინი ხომ სამუდამო ბნელეთში არიან.
„არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.“ განათდება, გაცხადდება აბა, რა იქნება ერთხელ და სამუდამოდ.
ნათლისღების ბრწყინვალე დღეს გილოცავთ შვილო, შენ რომ ნათელში ხარ, ეჭვადაც არ მაქვს, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ამ ბნელში.
P.S. ზუსტად ერთი თვის წინ ჩავიხედე ნათლობის მოწმობაში, იყოს აქ ჩემს გვერდზე. 2001 წლის 15 სექტემბერი“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.