გიორგი გილიგაშვილის “უცნობი მხარე”
– ვინ არის გიორგი გილიგაშვილი?
გიორგი გილიგაშვილი: ასე ვამბობ ხოლმე: „მე ქრისტეს ჯარისკაცი ვარ, ჩემს სამარეში არ ცივა, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ, მარადიული ქარი ვარ, ჩემი სამშობლოს ფარი ვარ“. ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, რომელიც განდევნილია ედემიდან და კვლავ დაბრუნება სურს უფლის წიაღში.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ოცნება უცნაური სიტყვაა. ვფიქრობ, ადამიანმა ოცნებაში დრო არ უნდა დაკარგოს. ბავშვობაში – შეიძლება, სანამ შენი მიზნების განხორციელებას შეუდგები, მიზნების, რომლებიც მხოლოდ მარადისობისკენ არის მიდრეკილი. სხვა შემთხვევაში, ზრდასრული ადამიანი თუ ოცნებობს და არ იღვწის, არ იწვის სანთელივით თავისი მარადიული ცხოვრებისკენ, ღმერთისკენ მიმავალ გზაზე, ფუჭია ის ოცნება და დროის კარგვა. ალბათ, კვლავ დამკვიდრდება დაკარგული საღმრთო წიაღისა და სასუფევლის, სადაც სიყვარული მეფობს, ზეციურ მეუფებასთან შეერთება. ყველაფერი ოცნებებს მიღმა და ოცნებებშიც, ზეცასთან მიდის, ზეცის გზის გარდა, სხვა გზა არ არის, ასე ვფიქრობ.
– ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ადამიანი თავის თავში მოიაზრებს, დიახაც რომ, ემოციურობასაც და დიახაც რომ, გულჩვილობასაც, დიახაც რომ, სევდასაც, დიახაც რომ, დარდიანობასაც, დიახაც რომ, სიფაქიზესაც. კი, ალბათ, ვისაც ადამიანობის სურვილი აქვს, მე ვფიქრობ, ეს ყოველივე უნდა ახლავდეს. სულის საკურნებლად რბილი გული საჭიროა. თუ სხვისი ჭირი ღობის ჩხირი გახდება, თუ არ ხარ ემოციური და თუ არ გეხება შენი მეზობლის, მეგობრის თუ უცხოს სიხარული თუ ტკივილი, ეს ნიშნავს, რომ შენ ადამიანობასთან წილი არ გაქვს ნაყარი, ცოტა დაშორდი მას. ალბათ, მალე მოისმენს ჩემი ერი ჩემს ახალ სიმღერას, რომელსაც ჰქვია „გავღმერთიანდეთ“. ყველანი უნდა გავღმერთიანდეთ. სხვა არ არსებობს, ყველანი ჩვენ ვართ.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ვცდილობ, ჩემი თვალები ხშირად იყოს წყლიანი. მართლა ვცდილობ. რაღაც პერიოდი, როდესაც აქტიურ სპორტში ვიყავი ჩართული და ეს ძალისმიერი სპორტები იყო: კრივი და ბრძოლა წესების გარეშე, მაშინ მე არანაირი ტკივილი არ უნდა მეგრძნო. საკუთარ თავს ასე ვაჯერებდი. აღმოჩნდა, რომ ისე გაცხოველდა ჩემში ბუნება, საერთოდ დავკარგე ადამიანის შინაგანი გრძნობები. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. როცა შენს ბუნებას ცხოველური ემოციით ზრდი და კვებავ, მერე ძალიან რთულია, ზიარების დროს სულიწმიდის მადლი შემოვიდეს შენში და შეეხოს შენს სულსა და გულს, გაალღოს და დააბრუნოს ბავშვურ მდგომარეობაში. ასე სახალხოდ ამის თქმა რთულია და შეიძლება, ცოდვაც არის, მაგრამ ვცდილობ, ცრემლი მქონდეს თვალზე მოდინებული ყოველი აღსარების წინ თუ მერე. შეიძლება, ცხარე ცრემლი არა, მაგრამ ის, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. ვცდილობ, გავიაზრო ჩემი სიშორე უფალთან, ეს კარგად მახსოვდეს და მტკიოდეს სათანადოდ. არ მოვეკიდო იაფად იმ ტკივილს, რაც ადამიანისა და უფლის სიშორისგან არის წარმოშობილი ადამიანში. გამორჩეული მიზეზი არ არსებობს, გარდა იმ მდგომარეობის გააზრებისა, რომ ის მამაა შენი, შენ შვილი ხარ და მამა-შვილს შორის ასეთი სიშორეა. მე მახსოვს ამ ცხოველური ვარჯიშის შემდეგ „ჯარისკაცის მამა“ ვნახე და ძალიან ამეტირა. ეს იყო გარდამტეხი. იქაც მამაშვილურ სიყვარულზე და სიშორეზეა საუბარი. გასაგებია, რომ სხვა მიზეზია, მაგრამ საინტერესო დამთხვევაა. დიდი ხანი იყო, არ წარმოშობილიყო ჩემს თვალზე ცრემლი და მაშინ, როცა ეს მოხდა, როცა თვალზე ცრემლი მომადგა, მივხვდი, რომ რაღაც ადამიანური შემოვიდა ჩემში. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩემს თავზე, დავანებე თავი ორთაბრძოლას, ამან სულ სხვა ინფორმაცია მომიტანა საკუთარ თავზე, ზეცაზე თუ ქვეცაზე ჩემში. ამ ცრემლმა გაანედლა სული ჩემში და კვლავ შემოვიდა ის მადლი, რაც გულწრფელ სინანულს ახლავს. მონანულ სულზე ლამაზი სანახავი არაფერი არ არის, ასეა ნათქვამი და მე მჯერა საღვთო სიმართლის.
– რას გააკეთებდით ახლა რომ ლატარიაში ათი მილიონი მოიგოთ?
– ძალიან ბევრია ჩემ გარშემო ფინანსურად შეჭირვებული ადამიანი. იმდენი, რომ დამიჯერეთ, ეგ ძალიან ცოტა არის. ბევრ დაუძლურებულს ვიცნობ, რომელთაც სამწუხაროდ, არ აქვთ საშუალება, რომ სნეულებას უმკურნალონ. ბევრს ვიცნობ, ვისაც ჭერი არ აქვთ თავზე… კიდევ არის რამდენიმე ძველი ციხე-ტაძარი, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს მოლოცვისა თუ ლაშქრობების დროს შეგხვედრია. ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობის ტაძრები ძალიან რთულ მდგომარეობაშია. საძირკველი და ორი კედელიღაა დარჩენილი. ძველ ციხე-ტაძრებს აღვადგენდი ჩვენი მომავლის გასახარად და საიმედოდ. ძველ ცოდნას უნდა გავუფრთხილდეთ, ის გადაგვიყვანს მარადისობაში, უნდა ვიცოდეთ, რაზე ვდგავართ. ერთი დიდი მუზეუმია ჩვენი თანამედროვე საქართველო და ახალი სახლების არქიტექტურა, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მომწონს, მაგრამ ის ძველი არ უნდა დავკარგოთ. რომ ვუფიქრდები, ილონ მასკს უნდა ვესტუმროთ თანხის დასამატებლად, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ (იცინის).
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც სინანული უკავშირდება?
– ასეთი იგავია: მგზავრს გზაზე მათხოვარი შემოხვდა. მათხოვარს ხელი ჰქონდა გაწვდილი და დახმარებას ითხოვდა. პური არა მაქვს, წყალი არა მაქვს, მშიერი ვკვდები და დამეხმარე, მგზავროო, შეევედრა. მგზავრმა აიღო და ორი დრაჰმანი მისცა. ღმერთმა გაგახაროსო, უთხრა მათხოვარმა და გააგრძელა, არც შვილი, არც ცოლი, არავინ მყავს, ასე მარტო ვაგდივარო. მგზავრმა აიღო და კიდევ ორი მისცა. არა სახლი და კარი, ქუჩაში ვგდივარ, მაწვიმს და მათოვოსო. მგზავრმა კიდევ ორი მისცა. მას სულ შვიდი დრაჰმანი ჰქონდა და ექვსი მისცა მათხოვარს. მათხოვარმა რომ დაინახა ერთი კიდევ დარჩა, თავისი ძონძებიდან დანა აიღო, ყელზე დაადო მგზავრს და ის ერთიც წაართვა. იცოდეთ, რომ ის მგზავრი უფალია, რომელიც ექვს დღეს გვაძლევს ჩვენთვის და გვეუბნება „მეშვიდე იგი დღე, შაბათი დაიმარხეთ ღვთისათვის“. ვინც არ მივდივართ ყოველკვირა წირვაზე და იმ ერთ დღეს ღმერთს არ ვუთმობთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ზუსტად ის მათხოვრები ვართ, რომელიც ყელზე დანის დადებით ვართმევთ იმ ერთ დღესაც კი. მისდა კი არა ჩვენდა სამწუხაროდ ვართმევთ. ღმერთი ჩვენ გარეშე მარად ღმერთია, მაგრამ ჩვენ ღმერთის გარეშე არაფერი ვართ.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ჩემი მეგობარი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. გილიგ, შენ უნდა იყო მეკვლეო, მითხრა. კეთილი ძმაო-მეთქი, ვუპასუხე. მის ბავშვებს საჩუქრები ვუყიდე, ხურჯინში არა, მაგრამ ჩანთებში ჩავდე. ჩოხა-ახალუხით შევიმოსე, ჩემი წვერმოსილება მოგეხსენებათ, პაპასავით გამოვიყურები და ასე გავემართე მეგობართან. მივიდვარ მოცემულ მისამართზე, ახალი აშენებული შენობაა, შევდივარ, კარს მიღებენ, ბავშვები ჟრიამულით მხვდებიან, საჩუქრებს ვაძლევ, დასხდნენ, გახსნეს, მოეწონათ, მხიარულობენ. ძმაკაცს ვკითხულობ და შიგნით შევდივარ, სადაც უფროსები სხედან საახალწლო ვახშამზე. ვუყურებ და ნაცნობს ვერავის ვხედავ, მაგრამ მხიარულად მხვდებიან, თოვლის ბაბუ მოსულაო. მშვიდობა ვუსურვე, მივულოცე ახალი წელი და კვლავ ჩემს ძმაკაცს ვკითხულობ, როცა უკან სანტა კლაუსი მომადგა (იცინის). აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახს მართლა გამოძახებული ჰყოლია სანტაკლაუსი, მე კი სადარბაზო ამერია. ისინი თოვლის ბაბუს ელოდნენ და მეც მივედი. როგორ გინდა საჩუქრების გარეშე მეგობრის შვილებთან მისვლა, ბავშვებსაც ხომ ვერ გამოართმევ იმ საჩუქრებს, რომლითაც ორი წუთის წინ გაახარე?! სანტაკლაუსიც კეთილი გულის აღმოჩნდა, თავის ხურჯინს მთავაზობდა, მაგრამ თავად შევძელი, რომ რაღაც შემეძინა, სადარბაზოსაც მივაგენი და მოკლედ, არც ჩემი მეგობრის შვილები დარჩნენ უსაჩუქროდ (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– მშვენიერების ღიმილები და მზერა.
– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ პაემანზე?
– სიმართლე გითხრათ, კლასიკური პაემანი რასაც ჰქვია, შუაში ვარდითა და სანთლით, ასეთზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. თუმცა, ახლახან გადაღება გვქონდა. ჩემი ძმაკაცის, ნიკოლოზ ხომასურიძის ახალ ფილმს ვიღებთ. „გააზიარე სიყვარული“ – ასე ჰქვია. იქ ჩემს გმირს პაემანი აქვს შეყვარებულთან. მტკვარზე ულამაზეს ბორანზეა მოწყობილი სცენა, ულამაზესი გარემოა. ნიკოლოზს ვთხოვე, მოდი, სცენარი არ მინდა, ბუნებრივად წავიყვან დიალოგს-მეთქი. არ ვიცი, რამდენი დუბლი დაგვჭირდა, ვერაფერიც ვერ გავაკეთე. ტყუილად მომაქვს თავი მაგარ ბიჭად (იცინის). იმის ბრალია, რომ თავზე კამერებით მადგიხართ-მეთქი, თავს ვიმართლებდი, მაგრამ იმდენად ვერ წარვმართე პაემანი პაემნურად, რომ სერიოზული ფიასკო განვიცადე. ულამაზესი გარემო იყო, მაგრამ იმდენად ვერ გამოვდექი საპაემნე ვაჟად, რომ შემიძლია, ვთქვა, ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც არ უნდა მოიქცეს ბიჭი პაემანზე და ვერც ვხვდებოდი, რატომ. ნიკოლოზ, ისევ ჯობს, სცენარი მომაწოდო, ძმაო-მეთქი, ვუთხარი ბოლოს, რადგან იმპროვიზაციით ვერაფერი მოვახერხე (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი ვიყავ ბალღობაში. ერთხელ ანარეკლში მოვკარი თვალი საკუთარ თავს, როდესაც სასტიკად ვეპყრობოდი სხვას. იმდენად შემზარა იმ არსების დანახვამ, რომ მას შემდეგ აღარ გამჩენია სურვილი, ვყოფილიყავი მაგ სახის და შინაგანი მდგომარეობის მატარებელი. ღმერთის სახელით, ნელ-ნელა სიმშვიდე დავამკვიდრე ჩემში. ყოველთვის შეიძლება, დაუბრუნდე ამ მდგომარეობას, ასე, რომ სულ ფხიზლად უნდა იყო, რომ ცხოველურმა ბუნებამ არ შემოაღწიოს შენში.