ულამაზესი და უნიჭიერესი ცისია მეტრეველის ხილვა ეკრანზე თუ თეატრის სცენაზე დიდი ბედნიერებაა. ბოლო პერიოდში ეკრანზე შედარებით ნაკლებლად ჩანს, თუმცა თეატრში საოცრად აქტიურია. მიზეზებზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ის თავად მოგვიყვება.
ცისია მეტრეველი: ამერიკაში ლელა ნინუას და თამარ მოსიძის მიწვევით ვიმყოფებოდით და ჩვენს უსაყვარლეს ემიგრანტებს შევხვდით მე და ჩვენი თეატრის ბიჭები – ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მაზმანიშვილი და გიორგი ყველაშვილი. გარკვეულ ფაბულაში მოვაქციეთ ჰიტები ჩვენი სპექტაკლებიდან „გაყრა“ და შეყრა“, რომლებიც უკვე წლებია, მაყურებელს ძალიან უყვარს და ერთი 16, მეორე კი 6 წელია, სრული ანშლაგით მიდის და ორი კონცერტით წარვდექით მათ წინაშე. ყველაფერმა ისე კარგად ჩაიარა, სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო. ძალიან დიდი სიყვარულით მიგვიღეს. მათგან ისეთი გულწრფელობა იგრძნობოდა, რომ აგვავსეს სიყვარულით. ჩვენი მხრიდან, შევეცადეთ ჩვენი წილი სითბო გაგვეცა და მოვფერებოდით.
გარდა ამისა, მქონდა კონცეპტუალური ფოტოსესია ცნობილ ფოტოგრაფთან, ედრიან ბუკმასტერთან. ამერიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის იური შუბლაძის კოლექციით.
ცოტა ხნის წინ, სხვა არტ-ხელოვანებთან ერთად, თაიმსკვერზე, დიდ ბილბორდზე გამოფინეს იურას ნამუშევრები, ანუ, ჩვენი ფოტოსესიის კადრები. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო. ფეშენფოტოები აქამდეც გადამიღია, რომელიც უცხოური მოდის ჟურნალებშიც მოხვედრილა, მაგრამ ასეთი კონცეპტუალური ფოტოსესია აქამდე არ მქონია.
– იქიდან თეატრში ახალი სეზონის გახსნით დაბრუნდით და წლევანდელი თეატრალური სეზონიც ძალიან აქტიურია.
– ამერიკიდან რომ ჩამოვედი, სეზონი გაიხსნა და არა მხოლოდ „გაყრა“ და „შეყრა“, სხვა ძალიან კარგი სპექტაკლებიც მიდის. ცოტა ხნის წინ დოის „მეფე ლირის“ პრემიერა ჰქონდა, ასევე გამოვარჩევ „მე გადავცურავ ზღვას“. ზამთრის სეზონზე ბევრი სპექტაკლია და კიდევ ველოდებით პრემიერას. აპრილის ბოლომდე ყოველი კვირა სპექტაკლებითაა დახუნძლული და მერე რა იქნება, ჯერჯერობით არ ვიცი. დამღლელია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოც. თეატრის დანიშნულება დიდია და ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ყველა თეატრში ანშლაგია. მაყურებელი ძალიან გააქტიურდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ყველა ასაკის მაყურებელი ძალიან ძვირფასია და დიდი ბედნიერებაა თეატრისადმი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ამას რომ ვხედავ, გული მითბება. იყო პერიოდი, როცა ამ მხრივ, ძალიან რთულად იყო საქმე და მგონი, გადავლახეთ. ეს მსახიობებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. მოდუნების საშუალებას აღარ გვაძლევს და სურვილს გვიჩენს, ჩვენი საქმე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ვაკეთოთ.
– უკვე დიდი შვილები გყავთ?
– უფროსი შვილი, ცოტნე, 28 წლისაა, უმცროსი თორნიკე 25-ის. უკვე დიდი ბიჭები არიან და მომწონს, და-ძმასავით რომ აღგვიქვამენ.
– როგორ უვლით თავს, სულ ასე როგორ გამოიყურებით?
– ხშირად უთქვამთ, განწყობას აქვს მნიშვნელობაო და მეც ასე ვფიქრობ, შენი შინაგანი მდგომარეობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. მხოლოდ ის კი არა, რომ პოზიტივი უნდა გასცე და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი და კეთილის მსურველი იყო, უფრო მეტია საჭირო, თითქოს, ბავშვთან ბავშვი, დიდთან დიდი უნდა იყო და რაც მთავარია, ეს შიგნიდან უნდა მოდიოდეს. არ უნდა თამაშობდე. გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს. ხშირად მეკითხებიან, ასეთი გამხდარი როგორ ხარო. მე, მაგალითად, როცა ენერგია მეხარჯება, ვხდები, მაგრამ ეს სიგამხდრე სულაც არ მომწონს. ამიტომ სულ ვცდილობ, ცოტა მოვიმატო. მაგალითად, „გაყრას“ რომ ვთამაშობ, მინიმუმ, ორ კილოგრამს ვიკლებ. მერე სულ ვცდილობ, ეს დანაკლისი ავინაზღაურო, მომატებას კი მეტი დრო სჭირდება. არადა, ჩემზე საშინლად არ მომწონს სიგამხდრე. 3-4 კილოგრამს რომ მოვიმატებ, ძალიან მიხარია ხოლმე. რეალურად, სპექტაკლებზე მუშაობისას ძალიან დიდი ფიზიკური ენერგია გჭირდება და ალბათ, ეს მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში.
– დატვირთული კარიერის პარალელურად, როგორ იცლით ოჯახისთვის და რას ამბობენ, რამდენად კარგი დედა და მეუღლე ხართ?
– საკუთარ თავზე საუბარი ცოტა მიჭირს. ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვცდილობ. ფაქტობრივად, 20 წლიდან ვმუშაობ. თავისუფალი მსახიობი ვიყავი და ვახერხებდი, რომ მაშინვე შვილებთან გამოვქცეულიყავი. ვცდილობდი, მათ დედის ყურადღება არ მოჰკლებოდათ. ერთია ცდა და მეორეა, ისინი თუ ფიქრობენ, რომ დედის ყურადღება არ მოჰკლებიათ. თუმცა, იმას ნამდვილად ვერ იტყვიან, რომ არ ვცდილობდი. საბედნიეროდ, მშობლებიც მეხმარებოდნენ. დამტოვებელი რომ გყავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე ძიძები არ იყო და არც მე მყოლია, მშობლებს და ბებია-ბაბუას ვუტოვებდი და როგორღაც ვახერხებდი. ახლა რომ ვუფიქრდები, რაც მეტად დაკავებული ხარ, მით უფრო მეტ რამეს ასწრებ. მე ასე ვფიქრობ. დაღლის მიუხედავად, უფრო მობილიზებული ხარ. ყოველთვის ვცდილობ, ბალანსი დავიცვა და იმედი მაქვს, რომ გამომდის. თუმცა, ძალიან რთულია.
– თქვენი პროფესიის ადამიანებისგან არაერთხელ მსმენია, რომ მეორე ნახევრის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. თქვენი მეუღლე რამდენად გიწყობდათ და გიწყობთ ხელს ამ საქმეში?
– ჩემი მეუღლე, ბონდო ოჩიგავა, ჩვენს პროფესიაში არ არის, ორგანოს თანამშრომელია. რომ გავიცანი მაშინ „სპეცნაზში“ იყო, „ომეგაში“. შევარდნაძის პირადი მცველი იყო, შემდეგ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. როცა სამშობლოს სჭირდება, მუდმივად მზადყოფნაშია, ყველა ომი გამოიარა, ყველაფერში მიიღო მონაწილეობა. ორი სხვადასხვა პოლუსია, მაგრამ როგორც მე ვუწყობდი ხელს, ანალოგიურად ისიც. თანხვედრა იყო. ძალიან კარგი ბალანსი გვქონდა და გვაქვს. რა არის სიყვარული – ურთიერთგაგება, ურთიერთანხმობა და ურთიერთთანაგრძნობა. ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა. ორივემ შევუწყვეთ ერთმანეთს ხელი. როცა სახლში სიმშვიდეა, მაშინ შენს საქმესაც კარგად აკეთებ, რა პროფესიისაც არ უნდა იყო. ამ მხრივ, გამიმართლა. იყო რაღაც შემოთავაზებები, რასაც არ დავთანხმდი, მაგალითად, ოთხ ფილმზე ვთქვი უარი. მე ასეთი ვარ. სიმშვიდისთვის რაღაცებზე უარი ვთქვი და ეს ჩემს შემთხვევაში სწორი აღმოჩნდა.
– 28-წლიანი ოჯახური ცხოვრებისა და სიყვარულის მიზეზებზე ვისაუბროთ, რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს?
– არ ვიცი რამდენად გამოვდგები რჩევის მიმცემად. 28-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, იყო სირთულეებიც. რომ ვთქვა ძალიან მარტივია-მეთქი, არ იქნება მართალი. პატარ-პატარა პრობლემები გხვდება, გიწევს რაღაცებთან გამკლავება. როცა პატარა ხარ, თითქოს ამ ურთიერთობაში ახლად ფეხადგმული, სიყვარულიც რომანტიზმით არის სავსე, ემოციებით ხარ მოცული, დაფრინავ… მერე ნელ-ნელა, დროსთან ერთად, თითქოს ამ ყველაფერს ეჩვევი და სწორედ მაშინ დგება მომენტი, რომ შეჩვეული ყოფა მოსაწყენში არ გადაიზარდოს. ადამიანმა როგორღაც უნდა გამონახო შენს თავში ძალა, რომ ყოფა ერთფეროვანი არ გახდეს. პატარ-პატარა გამონათებები უნდა გქონდეს. არ უნდა მოადუნოთ ყურადღება ერთმანეთის მიმართ, პატარ-პატარა სიურპრიზები არ უნდა დაიზაროთ. შეიძლება, ძალიან რთული დრო დაგემთხვეს, შეიძლება, პირადად შენ გქონდეს რთული პერიოდი და ყოველთვის არ იყოს შესაძლებლობა ან უნარი გრანდიოზული სიურპრიზებისთვის, მაგრამ პატარა წახალისება უნდა შეძლო. როცა ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთ დღეს მაინც საინტერესოდ გაატარებ მეორე ნახევართან ერთად, მე ვფიქრობ, ამ ურთიერთობას უფრო გრძელვადიანი არსებობა ექნება. სირთულეების დროს კი აუცილებელია თანადგომა, ურთიერთგაგება და დათმობა. არ შეიძლება, ყოველთვის შენ იყო მართალი. ადამიანებმა უნდა დააბალანსონ ერთმანეთი. რაღაც შენ უნდა დათმო, რაღაც – მან. მე მგონია, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობები და სიყვარული დემოკრატიული და ჰუმანური უნდა იყოს.