ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში სტატუსს გვიზიარებს.
როგორც ზაზა წერს, მძიმე ფიზიკური თუ გონებრივი თავდაუზოგავი შრომის, წრფელი სურვილის და დიდი მონდომების ფასად საკუთარი შინაგანი თავისუფლება მოიპოვა.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაძლია ბევრი სტრესი, ნევროზი, ფსიქოზი, შიში თუ დეპრესია.
„ერთი შემაჯამებელი გადმოხედვაც ამ ჩემი ნახევარი საუკუნის გამოცდილებიდან!!!
დავიწყებ იმით, რომ უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი და ყველაფრით, ვარ სიყვარულით, ახალი სიცოცხლის იდეებით სავსე. მიხარია, რომ ჩემეული შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული ხელწერა უკვე დავდე, კვლავ ვაგრძელებ განვითარებას და მომეცა შანსი ამ უნიკალური გამოცდილების ბაზაზე შევქმნა ჩემი, ზაზა კორინთელის სრულიად ახალი პიროვნების ფორმა.
ვამაყობ, რომ მძიმე ფიზიკური თუ გონებრივი თავდაუზოგავი შრომის, წრფელი სურვილის და დიდი მონდომების ფასად მოვიპოვე საკუთარი შინაგანი თავისუფლება. დავძლიე ძალიან ბევრი სტრესი, ნევროზი, ფსიქოზი, შიში თუ დეპრესია. გავფილტრე და გადავამუშავე უამრავი, ჩემივე შექმნილი თუ საზოგადოებისგან შემოტენილი და თავს მოხვეული ფსევდო-ფასეულობა. კარგად ვასხვავებ ნამდვილ და ვაიპატრიოტიზმს ერთმანეთისგან. კიდევ უფრო მეტად ვაფასებ წრფელ და უანგარო ურთიერთობებს ადამიანებში. მყარად ვდგავარ ქართულ ფესვებზე და მეამაყება ჩემი წარმომავლობა. ამასთანავე, მშვენივრად მესმის როგორი მინდა ვიყო თანამედროვე დედამიწის თავისუფალი ადამიანი. სამუდამოდ ვთქვი უარი წარსულში დაბრუნებაზე, გამაჩნია აწმყო და ვაშენებ მომავალს სრულიად ახალი, განსხვავებული იდეებით, რასაც უკვე ვერავის და ვერაფრის გამო ვეღარ დავთმობ ვეღარასოდეს…
ასე, რომ გაუფრთხილდით და პატივი ეცით საკუთარ და ერთმანეთის შინაგან თავისუფლებას, რადგან სწორედ ის არის სიცოცხლის სიყვარულის ძალა და მუდმივად მოძრაობის მოტივაცია. წარმატებებს გისურვებთ პირად, სულიერ თუ პროფესიონალური განვითარების გზაზე ყველას, ვისაც ეს წრფელი გულით გსურთ.
გზა, განვითარების გარდა, უვალია!
გზა განვითარების გარდაუვალია!
მიყვარხართ…
თქვენი ზაზა კორინთელი
P.S. თავისუფალ ქვეყანას თავისუფალი ადამიანები აშენებენ“ – წერს ზაზა კორინთელი.