„სერიოზულად დავფიქრდი, რომ კარებს ფეხს ვკრავდი, შევვარდებოდი და ავიღებდი საჭმელს…მაშინ რთული პერიოდი იყო”

272

რეჟისორი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ყოფილი დირექტორი, გია ჭანტურია გადაცემის „როგორ გადავრჩი” სტუმარია, რომლის ეთერშიც 90-იან წლებში მომხდარ ისტორიას იხსენებს:

„ძალიან რთულია საკუთარი თავის სწორ კალაპოტში შენარჩუნება. 90-იანი წლებია, მამა გავხდი და მაშინ ხშირ შემთხვევაში ხელოვნური კვება იყო. საკვები რთულად იშოვებოდა, იყვნენ გადამყიდველები, რომლებიც ბევრს ყიდულობდნენ და მერე ძვირად ყიდდნენ. მაშინ რთული პერიოდი იყო და ყველა მაღაზიას გისოსები ჰქონდა, მივედი ერთ ადგილზე, ვაკაკუნე, არავინ იყო შიგნით.

მოვბრუნდი უკან, შევიჭყიტე და ვხედავ რომ თაროზე დევს, ვიფიქრე, მოდი ახლა ფეხს ვკრავ ამ კარს, შევვარდები, ავიღებ და წავალ. მთავარი იყო სახლში საჭმელი მიმეტანა. არასოდეს მსგავსი საქციელი არ ჩამიდენია, მაგრამ რადგან ამ პრობლემის წინაშე დავდექი, ვიფიქრე მოდი ამას ვიზამ. ამ დროს ვიღაც ქალბატონმა მკითხა: დაკეტილიაო? დიახ, მეთქი.

მოვუყევი ჩემი ისტორია და მითხრა, ნომერი მაქვს მეპატრონის და დავურეკავო. 20 წუთში მოვიდა კაცი, გააღო, მკითხა: ვისთვის გინდა, შვილისთვის მეთქი. გამოიტანა ყუთი და შიგნით ელაგა რამდენიმე შეკვრა. ერთი მინდა მეთქი და ფულს ვაძლევდი, მითხრა არ მინდაო, წაიღეო. მაჩუქა. მახსოვს ჩემი თავი, როგორ გავრბოდი ყუთით ხელში, წვიმაში, ძალიან გახარებული და მადლიერი. ამ ადამიანებმა გადამარჩინეს, რომ არ ჩამედინა ძალიან ცუდი საქციელი“, – ისაუბრა გია ჭანტურიამ.