რაში ეხმარება თაკო ვადაჭკორიას სამყაროსთან განსაკუთრებული კონტაქტი და რა დათმობებზე არ მიდის ის სიყვარულისთვის
იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა განსაზღვრავს უფრო მეტად თაკო ვადაჭკორიას წარმატებას და რამდენად ეხმარება მას ინტუიცია სასურველი მიზნის მიღწევაში.
თაკო ვადაჭკორია: ახალ წელს მუშაობით შევხვდი. ეს კარგია, საყვარელი საქმის კეთებას არაფერი სჯობს, თუმცა, ჯერ ვერ აღვიქვი, რომ ახალი წელი მოვიდა. წინა წელი ფანტასტიკურად გავაცილე და ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ უფრო მეტი კარგი ამბავი გველოდება.
– რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევ თავს?
– უკეთესიც შეიძლებოდა (იცინის). მარტივად არასდროს არაფერი გამომდის. ძალიან ბევრი შრომა და ენერგია მჭირდება, რომ სასურველ მიზანს მივაღწიო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს უიღბლოდ ვთვლი, არა, რაღაცებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. იღბლიანი ვარ, თუნდაც, იმაში, რომ ფულს საყვარელი საქმით გამოვიმუშავებ. იმაში, რომ ჯანმრთელი და კარგი შვილი მყავს, კარგი ოჯახი მაქვს. კარიერაში კი, თითქოს, მოიკოჭლებს ჩემი იღბალი. ეს არ არის ის, რაც მე მინდა და რაც, ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად მექნება. მინდა, უფრო მეტი ვაკეთო, მეტად გამოვიყენო ჩემი პოტენციალი. საერთოდ, ადამიანს ყოველთვის იმაზე მეტი უნდა, რაც აქვს. ეს ცუდი არ არის, ამ დამოკიდებულებას წინ მიჰყავხარ. კარიერულად რასაც მივაღწიე, ეს, ძირითადად, ჩემი შრომის დამსახურებაა და ნაკლებად – იღბლის. თუმცა, ზოგადად ვიტყვი, რომ მადლობელი ვარ სამყაროსი იმისთვის, რასაც მაძლევს. მიჩვეული ვარ, რომ სასურველის მისაღწევად შრომა მიწევს და მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, რადგან საკუთარი შრომით მიღებული გაცილებით გემრიელია.
– რამდენად იღბლიანი ხარ პირად ცხოვრებაში?
– მიმაჩნია, რომ არ ვარ იღბლიანი. მუსიკის მხრივ და სხვა თემებში ყველაფერი ბევრად კარგად გამომდის, ვიდრე პირადში. როცა ჩემს პირად ცხოვრებაში რაღაც ხდება, მერე ეს ყველაფერში ხელს მიშლის. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია. მე იმას ვაბრალებ, რომ ალბათ, ისეთი ადამიანი, რომელიც საქმეს და პირადს ისე დამაბალანსებინებდა, რომ არცერთ მხარეს არაფერი არ გაფუჭდებოდა, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. თუ იქნება, ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ პირადი და კარიერა ერთად და დაბალანსებულად მქონოდა. ვთვლი, რომ კარიერისტი ვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის კარიერისკენ ვიხრები ხოლმე.
– სიყვარულს სწირავ?
– უნდა იყოს ისეთი, რომ გაწირვად არ გიღირდეს და ალბათ, არ იყო.
– პირიქით მომხდარა, ანუ სიყვარულისთვის გითქვამს უარი ბევრ რამეზე?
– არა და ვაღიარებ, რომ ურთიერთობებისთვის არასდროს მიბრძოლია. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ასეა. კარიერისთვის უფრო ვიბრძოლებ, ვიდრე სიყვარულისთვის. საქმე ისაა, რომ ძალიან დიდი ხანია, ვარდისფერი სათვალე მოვიხსენი. დიდი ხანია, აღარ მჯერა თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცების. ცხოვრებას პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვუყურებ. ეს გამოცდილებიდან მომდინარეობს. ყველაფერს დროებითად ვუყურებ. თუ ხანგრძლივი და სამუდამო იქნება, ძალიან კარგი, მაგრამ როცა ბევრს არ ელოდები, მერე უფრო კარგია, თუ მოსალოდნელზე მეტს მიიღებ. მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე და მისგან მიღებული ემოციები, რომ მის დანაკლისს მხოლოდ პირადი ვერ შემივსებს. ამიტომ, საქმის ადგილს პირადი ვერასდროს დაიკავებს. სამაგიეროდ, საქმე მაძლევს იმხელა ემოციებს, რომ უსიყვარულობასაც მინაზღაურებს.
– რაში გამხდარა სიყვარული ხელის შემშლელი?
– იმდენად კარიერისტი ვარ, შემიძლია, გადავდო პაემანი, წავიდე და კორპორაციულზე ვიმღერო. შეიძლება, ჩემს საყვარელ ადამიანს უნდოდეს ჩემთან ერთად ყოფნა, მაგრამ მე კონცერტის ჩასატარებლად მერჩივნოს წასვლა. მე რაც არ უნდა უზრუნველყოფილი ვიყო მამაკაცისგან, ჩემს სამსახურზე უარს არასდროს ვიტყვი. მაქვს რთული გრაფიკი, საღამოობით, ძირითადად, არ მცალია, ხშირად მიწევს ქალაქიდან გასვლა. მყავს შვილი, რომელიც ჩემთვის პირველ ადგილზეა და მის დროს სხვას ვერაფრით დავუთმობ. აქედან გამომდინარე, როგორც ნებისმიერ თავისუფალ ქალს, არ მაქვს თავზე საყრელი დრო. ამ მხრივ, ცოტა რთული ასატანი ვარ და ცოტა მეტი გაგება მჭირდება, შეიძლება, ითქვას, ისეთივე გაგება, როგორც ქალი უგებს კაცს, როდესაც მას ძალიან დატვირთული სამსახური აქვს და თავისუფალი დროის დეფიციტს განიცდის. ჩემს შემთხვევაში პირიქითაა და ამიტომაა რთული ასატანი. შეიძლება, იყოს ეჭვიანობის სცენები და ასე შემდეგ. ძალიან ძლიერი, ჩამოყალიბებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი მჭირდება და რა ვიცი, თუ კიდევ არსებობენ ეგეთები, გამაგებინონ (იცინის).
– კარგი ინტუიცია გაქვს?
– ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს, მისტიკამდე დასული. ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო ის, რასაც გული მიგრძნობს. რაღაცას რომ გავიფიქრებ ხოლმე, ზუსტად ისე ხდება და ჩემი ინტუიცია ძალიან მეხმარება ცხოვრებაში. წვრილმანებზეც კი ასე ხდება. უცებ შეიძლება, ვინმეზე გავიფიქრო და ორ წუთში ზუსტად მან დამირეკოს ან რაღაც ადგილზე ფიქრი დავიწყო და ცოტა ხანში იქ აღმოვჩნდე. სანამ ბოლო სამსახურს გამოვიცვლიდი, სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ დაწესებულებაში და სცენას რომ გავხედე, წარმოვიდგინე, რომ მე იქ ვიქნებოდი. ამ დროს საერთოდ არ იყო ამაზე საუბარი. ერთ თვეში უკვე გადაწყვეტილება მქონდა მისაღები – გადავსულიყავი თუ არა იქ სამუშაოდ. ზოგჯერ არც მინდა, რომ ასეთი წინათგრძნობა მქონდეს, წინასწარ ვიცოდე, რა იქნება, განსაკუთრებით, როცა საქმე ცუდ ამბებს ეხება, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ძლიერი ინტუიცია მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ არ მაქვს, ჩემი ოჯახის წევრების შესახებაც ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. ეს გენეტიკურიცაა, თან, ოჯახში ყველანი კირჩხიბები ვართ და კირჩხიბს ძალიან კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია.
– სიზმრებიც გიხდება ხოლმე?
– ნამდვილად სიზმარა ვარ. სამყაროსთან განსაკუთრებულ კონტაქტზე ვარ და ასეთი რამეები რომ მჭირს, საერთოდ არ მიკვირს. ადამიანების ენერგეტიკულად შეგრძნებაც შემიძლია. კარგად ვხვდები, ვინ რას ფიქრობს ღიმილის მიღმა. ზოგჯერ ისეთი ცუდი რამ მესიზმრება, მირჩევნია, საერთოდ არ დამესიზმროს. ეს ბავშვობიდან მაწუხებდა, მაგრამ რას ვიზამ, ასეა. ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის მიხდება. თუ სიზმარი დამესიზმრა და დამამახსოვრდა, ესე იგი, კარგს არ უნდა ველოდო (იცინის). მოკლედ, მომღერლობა თუ აღარ გამომივიდა, შეიძლება, ნათელმხილველობა გახდეს ჩემი ახალი პროფესია (იცინის).