“იქნებ, კიდევ ერთი სიმღერა მომიძღვნას…”- რას გეგმავენ გია დავითიანი და ეკა არჩვაძე ქორწინების სამი წლისთავზე
ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ქორწინებიდან სამი წელი გავიდა. ყურებამდე შეყვარებულმა მომღერალმა, საყვარელი ქალის გულის მოსაგებად, რა არ მოიმოქმედა. მცირეოდენ წინააღმდეგობებს არ შეეპუა და ლამაზ ექიმზე სამი წლის წინ, 12 თებერვალს იქორწინა.
ხომ იცით, “მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი”?! გიას შემყურე ეს ფრაზა გახსენდებათ. ასაკიც მოაკლდა, ენერგიით აივსო, აგარაკის ეზოში ვარდები გააშენა, მუზას უმასპინძლა… დაწერა ლექსი, მერე მელოდიაც მოვიდა. სხვანაირად აჭიკჭიკდნენ ჩიტები ბროწეულას ბაღშიც…
“ნამდვილი ამბავი”, ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც გია დავითიანმა მეუღლეს მიუძღვნა.
“ლექსში, რომელიც სიყვარულის მოსვლისთანავე მომიძღვნა, ეწერა კატერინა, თან რამდენჯერმე, მაგრამ შემდეგ უკვე, როდესაც სიმღერის სახე მიიღო, კატერინა ამოვაღებინე. უხერხული იქნებოდა…” – “პრაიმტაიმთან” ამბობს ეკა არჩვაძე.
როგორც გვიმხელს, დღემდე დიდი ემოცია იპყრობს, როდესაც გიას მიძღვნილ სიმღერას უსმენს.
ეკა არჩვაძე: ყოველ ჯერზე ისე ვუსმენ, როგორც ახლად, მომწონს. ჩემთვის ძვირფასია და როგორც ქალს, სიამაყის გრძნობა მაქვს.
ველოდები, იქნებ, კიდევ ერთი სიმღერა მომიძღვნას. ვიცი, რომ იქნება. ჰოდა, ველოდები.
არ ვდუნდებით და რუტინისგან ამით ვიცავთ ჩვენს სიყვარულს, ეს შველის. ერთმანეთს ვანებივრებთ ჩვენი გრძნობებით, კომპლიმენტებით. სიურპრიზი ნივთი მთავარი არ არის. სიტყვას დიდი ძალა აქვს.
ასაკში უკვე კარგად იცი ცხოვრების ყოველი წუთის გემო, ფასი, გრძნობას პატივს სცემ. მე განსაკუთრებით მსიამოვნებს გიას ყურადღება. სულ მოლოდინში ვარ და მაბედნიერებს ჩემი მისამართით გამოსროლილი ყოველი თბილი სიტყვა. ცხოვრების სტიმულს მაძლევს. ეს კი ყველა ასაკშია საჭირო.
12 თებერვალი, წელს, მხოლოდ მე და გიამ აღვნიშნეთ. გრაფიკი ჰქონდა გადატვირთული და სტუმრები ვერ მოვიპატიჟეთ. ჰოდა, მხოლოდ ჩვენ ორმა აღვნიშნეთ. არ გამოგვიტოვებია.
როდემდე გადავდოთ ჯვრისწერაო, მეკითხება. აგარაკზე, ბროწეულაში, პატარ-პატარა სივრცეებს აკეთებს ჩვენს ეზოში. მუსიკალური საღამოებისთვის, სამეგობროს შეკრებებისთვის, სტუმრებისთვის. მოკლედ, წინასწარ ნუ დამაცდენინებთ; გეტყვით იმას, რომ ჯვრისწერის დღეს, ალბათ, ჩვენს ეზოში მოვაწყობთ ლამაზ საღამოს. ამდენად, ახლა სულ ბროწეულას გარშემო ვტრიალებთ. ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. ვნახოთ.