“ჩემი პირველი მეუღლე ხან ციხეში იყო, ხან საზღვარგარეთ, ჩათვალეთ ცოლქმრული პერიოდი ჯანსაღად პირველად გამოვიარე“
„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე, სალომე უშხვანი პროექტის დასრულების მიუხედავად, პოპულარობას არ კარგავს. სოციალურ ქსელში მისი ყველა აქტივობა დიდ ყურადღებას და ინტერესს იწვევს, შესაბამისად, ტაბლოდებშიც ხშირად შეხვდებით. ამჯერად, მან „პრაიმტაიმის“ შეკითხვებს უპასუხა.
– სალომე, ახლახან დაბრუნდით შრი-ლანკიდან. გაგვიზიარე საოცარი მოგზაურობის შთაბეჭდილებები…
– ძალიან მიყვარს აზიის ქვეყნები, ვფიქრობ, აზიას სხვანაირი სული აქვს. ჩემთვის დადებითად მოქმედებს ის გარემო, მომწონს ბუდისტური ტაძრები, რელიგია, კულტურა ძალიან მხიბლავს. ჩემთვის ასეთ ქვეყნებში მოგზაურობა დიდი განტვირთვა და რელაქსია. დამეთანხმებით, რომ ტროპიკები ულამაზესია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბეა, მოსახლეობა ძალიან თბილადაა განწყობილი. ქუჩაში რომ გამოვდიოდით, ისე გვესალმებოდნენ… მიუხედავად მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ხალისი შემორჩენილი აქვთ. ალბათ, ბუნება არ აძლევთ საშუალებას, ან გაბოროტდნენ, ან მოწყენილები იყვნენ.
– ამბობენ, მოგზაურობა წყვილს მეტად აახლოებსო, თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– რა თქმა უნდა, ასეა. ყოველი მოგზაურობის დროს მგონია, რომ ახლად შეუღლებული წყვილი ვართ. თავისებური ემოციები და შეგრძნებები მაქვს.
– სანამ ნიკო ქართველს დაუკავშირებდი ბედს, ერთხელ უკვე იყავი ქორწინებაში. გვიამბე, რა შეიცვალა, რა განსხვავებაა ამ ორ ურთიერთობას შორის;
– ჩათვალეთ, რომ მე ის პერიოდი არ გამომივლია. მე და ჩემს მეუღლეს ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება. ხან ციხეში იყო, ხან საზღვარგარეთ მკურნალობდა, აქედან გამომდინარე, ცოლქმრული პერიოდი პირველად გამოვიარე ასე ჯანსაღად და ქორწინებაში მყოფი, მართლა პირველად ვგრძნობ თავს ასე ბედნიერად.
ახლა ჩემს ყოფილ მეუღლესთან მეც და ნიკოსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვფიქრობ, ჩვენ ბევრად კარგი მეგობრები ვართ, ვიდრე ვიყავით ცოლ-ქმარი. რადიკალურად სხვადასხვა ხასიათი გვქონდა, არ იყო თანხვედრაში…
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ ძალიან ეჭვიანი ხარ და ნიკოს ხშირად ამოწმებ. საზოგადოების ინტერპრეტაციით, ეს ჯანსაღი ურთიერთობა არ არის, რადგან მეორე ნახევარს არ ენდობი. ალბათ, თავადაც გაეცნობოდი გამოხმაურებებს. რას გვეტყვი ამაზე?
– არ გამკვირვებია ეგ რეაქცია. შრი-ლანკაში გადაღებული ვიდეო ავტვირთეთ, ვიხუმრეთ და უნახავიდან დაწყებული, რა არ მიწოდეს… ეს იყო იუმორი და საზოგადოების განწყობის ამაღლება გვინდოდა, მეტი არაფერი, მაგრამ, არაუშავს…
მე, ზოგადად, ვარ ძალიან ეჭვიანი, ნიკო არანაირ საბაბს არ მაძლევს. როგორ გითხრათ, თითქოს ტოქსიკური ურთიერთობები მხიბლავს. ნიკოსთან ეს არ გამომდის.
რამდენჯერაც მქონია მცდელობა, რომ ნიკო რაღაცაში გამომეჭირა, ამბობს ხოლმე, ახლა ჩხუბი უნდაო. (იცინის) განზრახ ვსვამ კითხვებს, რომ ისეთი პასუხი მივიღო, რაც კიდევ სხვა პასუხებს მოითხოვს. ხუმრობს ხოლმე, ახლა ვერაფერი იპოვა საჩხუბარი და გაღიზიანებულიაო. ნიკოს წამოკიდება არ გამომდის, რადიკალურად სხვა პიროვნებაა. პირველ ქორწინებაში იმდენად ვიყავი კონფლიქტებს მიჩვეული, შიგადაშიგ მოთხოვნილება მაქვს (იცინის).
– რაზე კამათობთ ყველაზე ხშირად?
– „ფლეისთეიშენზე“, სულ. შეუძლია, დილიდან საღამომდე იჯდეს. „სალო, ეს მომიტანე, სალო, ის მომიტანე“. თან რომ ვეკითხები, რამდენ ხანში ადგები-მეთქი, ცოტა ხანშიო. ამ დროს, დილის 11:00 საათზე დამჯდარი ნიკო, 18:00 საათზე დგება.
– თქვენი ხელის მოწერის დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ოდნავ მოზრდილი მუცელი გიჩანს, გაჩნდა ბევრი კითხვა, ხარ თუ არა ფეხმძიმედ… აპირებთ შენ და ნიკო საერთო შვილის ყოლას?
– ფოტოებს ისე არ ვამუშავებ, რომ არაბუნებრივი ვიყო. ტანს საერთოდ არ ვეხები. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არ ვვარჯიშობ, თუმცა, ამის დიდი სურვილი მაქვს. მეც მაქვს მუცელი – ეს ვიღაცისთვის ნაკლი და ჩემთვის ჩვეულებრივი რამაა.
საერთო შვილის ყოლას ვაპირებთ, თუმცა, ამ ეტაპზე – არა. იმდენად გვავსებს ჩვენი სამი შვილი, არ მგონია, რომ საერთო შვილის დეფიციტი გვქონდეს. საერთო შვილი – ამაზე ჩაციკლულები არ ვართ.
– ქორწილს გეგმავთ?
– ჯვრისწერას ვაპირებთ. უფრო ახლო პერიოდში ვგეგმავდით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადაგვედო. კონკრეტული თვე და რიცხვი ჯერ არჩეული არ გვაქვს…
– მიუხედავად შენი უარისა, ალბათ, ახლა ყველას აინტერესებს, მიიღებ თუ არა „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში მონაწილეობას…
– რაც უკვე განვაცხადე, ისევ იმავეს ვიტყვი – მე იმხელა ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა იქ ყოფნის შემდეგ – მქონდა შფოთვითი აშლილობები, ფსიქოლოგთან, ნევროპათოლოგთან დავდივარ, იმდენად ვიზარალე ფსიქოლოგიურად, ემოციურადაც… მართალია, ბენეფიტიც ბევრი იყო, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ფსიქოლოგია ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი, აქედან გამომდინარე, მიზერული თანხის გამო შესვლაც არ მიღირს. ძალიან უნდა მიღირდეს, ეს რამდენად უნდა მიღირდეს – შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ. ამ მოცემულობით და პირობებით არ გამოვა.
– სალო, რას ეტყოდი ადამიანებს, რომლებიც არც ისე დადებითად არიან შენს მიმართ განწყობილი?
– მესმის, რომ ადამიანებს ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს, მაგრამ სოციალურ ქსელში, სახლში მომხდარი ნეგატიური ამბების სხვებზე გადატანა, ჩემი აზრით, ყველაზე დაბალი დონის საქციელია. მე ვუსურვებ მათ, ჰქონდეთ და იპოვონ ზუსტად ისეთი სიყვარული, როგორიც მე და ნიკომ ვიპოვეთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ უფრო გაკეთილშობილდებიან, ყოველ შემთხვევაში, სხვების დასაბულინგებლად მაინც არ ეცლებათ.