დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმა გურიაში პატარა სამოთხე მოიწყო. სოფლის სილამაზე, მიწასთან სიახლოვე, 300-წლიანი ისტორიის მქონე სახლი და გარემო, რომლითაც ერთი ნახვით მოინუსხა, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
აკა ნანიტაშვილი: ყველაფერი ძალიან მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხდა. დაგეგმილი არ იყო, არც მიძებნია, თუმცა ყოველთვის მომწონდა ძველებური, ლამაზი ხის სახლები. ერთ მშვენიერ დღეს „ფეისბუკზე“ შემხვდა განცხადება, რომ ამ ტიპის სახლი იყიდებოდა. გადავწყვიტე, წავსულიყავი და მენახა. იმიტომ კი არა, რომ ყიდვა მქონდა გადაწყვეტილი, მეგონა, რომ არ მომეწონებოდა და მხოლოდ იმიტომ მივდიოდი, რომ მერე გული არ დამწყვეტოდა. ჩავედი და ისეთი სანახაობა დამხვდა, იმწუთას გადავწყვიტე, სახლი შემეძინა (იცინის).
გურიასთან არანაირი შეხება არ მქონდა. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც ტურისტმა, მანქანით მოვიარე მთელი გურია. ძალიან მომეწონა ეს მხარე და მერე ასე, სრულიად შემთხვევით, 300 წლის სახლი შევიძინე. ისეთი სილამაზეა და იმხელა ისტორია აქვს, მგონია, რომ მუზეუმში ვცხოვრობ. სამსახურისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, იქ ვერ ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ხშირად ჩავდივარ. მართლა უნიკალური სახლია. წაბლის მასალისგანაა ულურსმნოდ აწყობილი, ადრე ეს არც ისე იშვიათი იყო, მაგრამ თავისი ჩუქურთმებითა და სხვა დეტალებით ნამდვილად განსხვავებულია. შიგნით ხუთი ბუხარია, მართლა ზღაპრული სახლია. როგორც ვიცი, მასში აზნაურები ცხოვრობდნენ.
– ძალიან აქტიური ცხოვრება გაქვთ, რომელიც მთლიანად ქალაქთან არის დაკავშირებული. ეს სურვილი საიდან გაჩნდა?
– ქვეცნობიერში ყოველთვის მქონდა სურვილი, განსხვავებული სახლი მქონოდა, ძველი სტილის. სულ ვფიქრობდი, რომ ოდესმე ვიყიდდი და იქ დიდ დროს გავატარებდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამას ვუყურებდი, როგორც ოცნებას და მართლა არ მეგონა, თუ ერთ დღეს მის განხორციელებას შევძლებდი. ეს ყველასთვის მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო.
– გარშემო ყველა გააკვირვეთ?
– ჩემ გარშემო ახლაც ყველა გაკვირვებულია (იცინის). თუმცა, ვინც იქ ჩამყავს და იქაურობას ნახულობენ, მაშინვე ხვდებიან, ეს რატომ გავაკეთე. თითქმის ყველა შაბათ-კვირას მივდივარ. როცა შემიძლია, ვრჩები კიდეც. ვერ წარმოედგინათ, რომ გურიაში ნახევრად გადავცხოვრდებოდი. საკუთარი დედაც კი ვერ ხვდებოდა, ეს რატომ გადავწყვიტე. მეუბნებოდნენ, ეს, უბრალოდ, აჩემებაა და მალე მოგბეზრდებაო. თუმცა, დღეს ყველას ესმის ჩემი (იცინის).
ინტერიერის დიზაინზე მუშაობა ძალიან მხიბლავს. ამ სფეროში განათლება არ მიმიღია, მაგრამ ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია – სახლებს ვაკეთებ და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. მოვინდომე, ეს სახლიც ჩემებური ხედვით გამეკეთებინა. ძველ სახლებს, ძირითადად, ისევ ძველებური ნივთებით აწყობენ ხოლმე, მე პირიქით გადავწყვიტე. სახლი ძველია, მაგრამ შიდა ინტერიერი ძალიან თანამედროვედ გავაკეთე. მეპატრონეებმა რამდენიმე ძველი ნივთი დატოვეს, მაგრამ მათ გვერდით ყველაფერი თანამედროვეა. თან, ძალიან სასიამოვნო იყო ამაზე მუშაობა. თავად სახლისთვის ხელი არ მიხლია. ერთადერთი, აბაზანა არ ჰქონდა და ეს მივაშენე. იყო შემოთავაზება, გავაპრიალოთ, გავასუფთაოთო, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ზუსტად ისეთი მომწონდა, როგორიცაა. ძალიან ძველი სახლია და იყო ალბათობა, რომ შეიძლებოდა, დაზიანებული ყოფილიყო, ამიტომ შევამოწმებინე, მაგრამ აბსოლუტურად საღია. ეგ კი არა, ხე ისეთი მყარია, ჭიკარტს ვერ ვაჭედებთ (იცინის). ელექტრობა გამოვცვალეთ, მეტი არაფერი.
– თქვენთან ჩამოსული სტუმრები უკან როგორი ემოციებით ბრუნდებიან?
– პირველი, რასაც მეუბნებიან ხოლმე ისაა, ასეთი სახლში საერთოდ როგორ უშვებ ხალხსო. სიმართლე გითხრათ, გაქირავებაზე თავიდან არც მე ვფიქრობდი, მაგრამ იქ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მაგალითად, სახლს ადრე კრამიტის სახურავი ჰქონია, მაგრამ ძველ მეპატრონეს უჟანგავი თუნუქით შეუცვლია. მინდა, პირვანდელი სახე დავუბრუნო, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გადავწყვიტე გაქირავება. თუმცა, სტუმრებისგან ისეთი ემოციები მივიღე, რომ ამ პროცესისაგანაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ერთ-ერთი უკვე სახლს ეძებს ჩემ გვერდზე. ძალიან მიხარია, ჩემდა უნებურად ამ ადგილის პოპულარიზაცია გამომივიდა.
– აქედან როგორ უძღვებით ამ საქმეს?
– არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. როგორც დავაკვირდი, გურიაში განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ჩემ გვერდით კიდევ რაღაც საოცარი ადამიანები სახლობენ. ჩვენი ურთიერთობა კიდევ ცალკე ამბავია. დროსტარება, ქეიფი და ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. თბილისში არცერთ ჩემს მეზობელს არ ვიცნობ. მთელი ცხოვრება ასეა, სამსახურის შემდეგ სახლში რომ მოვდივარ, არავისთან ურთიერთობა აღარ მინდა, მაგრამ იქ ყველაფერი პირიქითაა. მეზობლები მეხმარებიან ყველა საქმეში.
– მიწაც გაქვთ?
– კი, მიწაც გვაქვს და წელს სიმინდი მოვიყვანეთ. არაჩვეულებრივი მოსავალი გვქონდა. ამაშიც მეზობლები მეხმარებიან.
სახლში გათბობა გავიყვანე, რომ ზამთარშიც კომფორტი გვქონოდა და ჩემი დასვენების საუკეთესო დღეები იქაურობასთან არის დაკავშირებული.
– „ტოსკანის მზის ქვეშ“ – მგონია, რომ ეს არაჩვეულებრივი ფილმი გაცოცხლდა თქვენს ცხოვრებაში…
– ამ ფილმს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ვუყურე. ადრე მქონდა ნანახი და დეტალები არ მახსოვდა. ახლა რომ ვუყურებდი, ზუსტად, ყველა დეტალი ნაცნობი იყო ჩემთვის (იცინის). პირველი დარჩენა, პირველად შუქის ანთება და ასე შემდეგ. საერთოდ მშიშარა ვარ და ვერ წარმომედგინა, თუ იქ ღამე მარტო დავრჩებოდი. არადა, ამ სახლში უკვე ათი დღეც გავატარე სულ მარტომ. შიშებიც გადამალახვინა (იცინის). მეგობრებთან ერთადაც ხშირად მივდივარ და ოჯახის წევრებთანაც, მაგრამ ზოგჯერ, პირიქით, ზუსტად მარტო მირჩევნია იქ ყოფნა. დილით რომ იღვიძებ და ფანჯრიდან პალმები გილამაზებენ ხედს, ეს ჩემთვის საოცარი შთაგონების წყარო და საუკეთესო დასვენებაა.
– მთლიანად გადასვლას ხომ არ გეგმავთ?
– ამ ეტაპზე არ გამომივა. სამი შვილი მყავს, საკმაოდ აქტიური სამსახური მაქვს. როდესაც ჩემი შვილები სასწავლებლად წავლენ და მეც მეტი დრო მექნება, მერე, ალბათ, წავალ. ახლა ჩემს თავისუფალ დროს მთლიანად იქ ვატარებ. გეგმებიც მაქვს. მინდა, ეზოში სათბურის ტიპის შენობა დავდგა და იქ ვხატო, კერამიკაზე ვიმუშაო და ასე შემდეგ.
თავიდან ყველა მეუბნებოდა, რა გინდა იქ, ნესტის სუნია, თაგვები, მწერები და ასე შემდეგო. კი, ყველანაირი პრობლემა იყო, მაგრამ ზოგს შევეგუეთ, ზოგი მოვიგერიეთ (იცინის). ყველაფერს არაჩვეულებრივად ავუღე ალღო. ჩემი ეს არის და არა კორპუსი. მიწასთან სიახლოვე ყოველთვის მსიამოვნებდა. იქ სულ სხვა სამყაროა და ვინც მას ნახულობს, მსგავს კომენტარებს მაშინვე აღფრთოვანება ანაცვლებს (იცინის). დედით უკრაინელი ვარ, მამით – იმერელი, გურიაში შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ ახლა ჩემთვის წარმოუდგენელია იქაურობის გარეშე.
– ახლა თქვენს ცხოვრებაზე მოვყვეთ, ვინ ხართ, რას საქმიანობთ?
– მე ტანსაცმლის დიზაინერი ვარ. ამ სფეროში სწავლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ. 15 წელია, საკუთარი ბრენდი მაქვს. დავდივარ გამოფენებზე ძალიან ბევრ ქვეყანაში, გამაქვს ჩემი ნაწარმი. ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვთანამშრომლობ, მიაქვთ ჩემი სამოსი და ძალიან აქტიური სამუშაო რეჟიმი მაქვს. პრაქტიკულად, შესვენების გარეშე ვმუშაობ, რადგან ჩვენი სფერო ასეთია. გარდა ამისა, როგორც ვთქვი, სამი შვილი მყავს. ერთი უკვე დიდია, ორი სკოლის მოსწავლეა.