15 წელი ქორწინებაში და 14 ქორწილი – როგორია ლიკა ბერიძისა და თემურ წიკლაურის რომანტიკული ცხოვრება

329

ქორწინების 15 წელი და 14 ქორწილი – ეს ლიკა ბერიძისა და თემურ წიკლაურის ცხოვრების ზღაპრული ნაწილია.

მიუხედავად ბევრი ყოფითი პრობლემისა, მიუხედავად ყოველდღიური პასუხისმგებლობებისა და სამი შვილის მშობლობისა, საკუთარი თავისა და სიყვარულისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ და ქორწილსაც ყოველ წელიწადს იხდიან.

ლიკა ბერიძე: მე და ჩემი მეუღლე თანამშრომლები ვიყავით და ჩვენი ურთიერთობა სამსახურებრივ რომანში გადაიზარდა. ერთ-ერთ საღამოს ტელეფონით მინიშნება მომცა და მეორე დღეს სიყვარული ამიხსნა. ჩვენს ურთიერთობაში ბანალური ეზოში გულის დანთებაც იყო, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულის ჩვენეული აღქმაა. როდესაც ადამიანი გამუდმებით გამოხატავს სიყვარულს ქცევებით თუ მზერით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველ დილით მინდვრის ყვავილები მხვდებოდა მაგიდაზე – ეს ძალიან სასიამოვნო და ძვირფასი იყო ჩემთვის, მთლიანად მავსებდა.

– ქორწინება როგორ გადაწყვიტეთ?

– დაქორწინება რვათვიანი შეყვარებულობის შემდეგ გადავწყვიტეთ. ფაქტობრივად, დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით და ჩვენი რვათვიანი უწყვეტი კავშირი რამდენიმე წელს უდრიდა. მივხვდით, რომ უკვე შეგვეძლო ოჯახის შექმნა. ოჯახის წევრები დაგვიდგნენ გვერდში და პირველი ქორწილი მათ გადაგვიხადეს.

– პირველი ქორწილი როგორ დაგეგმეთ?

– სიმართლე გითხრათ, პირველმა ქორწილმა უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. ძირითადად, მშობლების დაგეგმილი იყო, მათ დაპატიჟეს სტუმრები, მათ იზრუნეს რესტორანზე და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე. ყველაფერმა ძალიან კარგად და ლამაზად ჩაიარა, მაგრამ ჩვენ არ ვყოფილვართ სამზადისში დიდი დოზით ჩართულები. დედაჩემი ძალიან რომანტიკული ადამიანია. ჩემს მშობლებს ძალიან ლამაზი ურთიერთობა აქვთ და ჩვენს ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ღირსშესანიშნავი თარიღები. ვხედავდი, რომ სხვა ოჯახებში ნაკლებად აღნიშნავდნენ ასეთ რამეებს. მე მომწონდა, ის რაც ჩვენს ოჯახში ხდებოდა და მერე, როცა უკვე საკუთარი ოჯახი მქონდა, მომინდა, მეც განსაკუთრებულად აღმენიშნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე. მეორე ქორწილი მე და ჩემმა მეუღლემ ქორწინებიდან ორი წლისთავზე გადავიხადეთ. მხოლოდ ერთი წელი გამოვტოვეთ, იმიტომ, რომ შვიდი თვის ორსული ვიყავი, თან მაშინ არც გამჩენია ეს იდეა. მეორე წლიდან მოყოლებული უკვე 14 წელია, ყოველ წელიწადს ვიხდით ქორწილს.

– ამ იდეაზე მეუღლე როგორ დაითანხმეთ ან გარშემო მყოფებმა როგორ აღიქვეს თქვენი სურვილი?

– ვფიქრობდი, როგორ მიმეტანა ეს აზრი ჩემს მეუღლემდე. ჯერ ჩემი მეჯვარეები დავითანხმე რესტორანში აღნიშვნაზე და მერე თემურს ვუთხარი, ისინი მოდიან და მინდა, საპატარძლო კაბა ჩავიცვა და ისე აღვნიშნოთ-მეთქი. უარი არ უთქვამს, ჩვეულებრივად მიიღო. იმდენად მოგვეწონა ეს ყველაფერი, შემდეგ წელიწადს ორივეს ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა 24 იანვარი, რომ კიდევ ერთი ქორწილი გადაგვეხადა. ემოციები, რომელიც ქორწილს მოაქვს, რამდენიმე თვე მოგვყვება ხოლმე, ძალიან გვავსებს. შემოდგომიდან ვიწყებთ ფიქრს, სად გავაკეთებთ შემდეგ ქორწილს, სტუმრების სიას ვაზუსტებთ და დეტალებს ვათანხმებთ. ის, ვინც ჩვენს ქორწილში პირველად ხვდება, მეორე დღეს მირეკავს და მეუბნება, იცოდე, მომავალ წელს არ გამოგვტოვოო. მართლა იმდენად მაგარი გამოდის, რომ ყველას ძალიან მოსწონს. ყველა სადღეგრძელოში განსაკუთრებული აზრი დევს, ყველა ნაბიჯი გათვლილი გვაქვს და ჩვენს ქორწილში მოსაწყენ და უაზრო სიტუაციას ვერ ნახავ. მე დიდი ოჯახიდან ვარ, ოთხი დედმამიშვილი ვართ და ჩემი ქორწილის ტრადიციული თამადა ჩემი ძმაა. ასე რომ, ქორწილს ჩვენი დედმამიშვილური სიყვარული და სითბო გასდევს.

– ეს, ალბათ, თეთრი კაბის განსაკუთრებულმა სიყვარულმაც განსაზღვრა.

– ასეა, საპატარძლო კაბა ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. ახლაც ქიმწმენდაში მქონდა მიტანილი კაბა, რომელიც წლევანდელ ქორწილზე მეცვა. მე ჩემი კაბა არ მაქვს. პირველი ქორწილისთვის კაბა ვიქირავე. ამჯერად თანამშრომელმა მათხოვა. ჩემი ნაცნობები უკვე თვითონ მთავაზობენ თავიანთ კაბებს – ხან თანამშრომელი, ხან და, ხან ბავშვის ნათლია და ყოველ წელიწადს სხვადასხვა კაბა მაცვია. ისე მიყვარს საპატარძლო კაბა, რომ არა და არ მბეზრდება. ახლაც ქიმწმენდიდან რომ გამოვიტანე, ძალიან მინდოდა, კიდევ ჩამეცვა (იცინის).

ვიღაცამ შეიძლება თქვას, როგორ არ ბეზრდება ყოველ წელიწადს ერთი და იგივეო, მაგრამ ასე არ არის, ჩვენს ქორწილს ყოველ წელს ახალ-ახალი ნიუანსები ემატება. მინდა, ყველა ემოცია მივიღო, რაც შეიძლება, ამ დღეს უკავშირდებოდეს. მაგალითად, წელს სიძემდე ჩემმა ძმამ მიმიყვანა ხელკავით. ეს რიტუალი ძალიან მომწონდა. წინა წლებში დარბაზიდან ამოვდიოდით ერთად მე და თემური და მეგობრები ტაშით მოგვაცილებდნენ.

ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ტორტის გაჭრის თუ თაიგულის გადაგდების ცერემონიალი. რაც ძალიან მომწონს, ამას ყოველ წელიწადს ვიმეორებთ და არ მბეზრდება, თან როგორც გითხარით, სიახლეებსაც ყოველ წელიწადს ვამატებთ.

წლიდან წლამდე სტუმრებიც იცვლებიან. ყოველთვის ერთსა და იმავე ადამიანებს არ ვეპატიჟებით. ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ჩემთვის ამ დღეს ძალიან ბევრი წახნაგი აქვს. რომელიმე ერთ ქორწილს ვერ გამოვარჩევ, ყველა თავისებურად გამორჩეულია, ყველასთან განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს. დიდ ინტერესს ვგრძნობ ჩვენი ქორწილების მიმართ, მაგრამ ბევრს ვერ ვპატიჟებთ ერთად, რადგან არ მიყვარს ძალიან დიდი ქორწილები. 50-60 კაცი სრულიად საკმარისი მგონია, თამადა ხომ სრულფასოვნად უნდა გაუძღვეს სუფრას და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს?! ამიტომ ამაზე დიდს არ ვაკეთებთ.

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ურთიერთობას გადახალისება სჭირდება და ჩვენი ქორწილები ამაში გვეხმარება. ამის დამსახურებით ჩვენი ურთიერთობის მუდმივი განახლება ხდება და ერთმანეთის მობეზრების საშუალება არ გვეძლევა. ყველა ქორწილზე ახალ-ახალ აღმოჩენას ვაკეთებ ჩვენს ურთიერთობასა თუ საკუთარ თავში.

– თუმცა, ქორწილის ორგანიზება მარტივი არ არის.

– მარტივი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ ჩვენ სამი შვილი გვყავს. უფროსი შვილი – 12 წლის დათუნა, აუტიზმის მქონეა, შუათანა – ლიზი, ათი წლისაა და უმცროსი, ელენე – ოთხი წლის. ელენე გულის მანკით დაიბადა და უკვე ორი ოპერაცია აქვს გულზე გაკეთებული. ძალიან რთული ცხოვრება და შესაბამისი რეჟიმი გვაქვს. თუმცა, ჩვენი სიყვარული და ურთიერთთანადგომა გვეხმარება ყოველდღიურობის შემსუბუქებასა და სასიამოვნოდ ქცევაში.

დიახ, ქორწილისთვის სამზადისს ბევრი დრო სჭირდება, მაგრამ ღამე, როდესაც ბავშვებს დავაწვენ, ძირითად საკითხებს მაშინ ვაგვარებ. ხალხსაც თვითონ ვეპატიჟები, ვინ რომელ მაგიდაზე და ვისთან ერთად უნდა დაჯდეს, ამასაც თვითონ ვანაწილებ. მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველასთვის სასიამოვნო გარემო შეიქმნას.

მე ექიმი სტომატოლოგი ვარ და ძალიან ხშირად შემიხვედრებია ჩემი პაციენტები ერთმანეთისთვის. ასევე, ჩემს ქორწილზეც დასანიშნ-გასათხოვრებს ერთ მაგიდასთან ვსვამ, რომ ერთმანეთი გაიცნონ.

– გამოსულა?

– კი, გამოვიდა. ჩემს პაციენტს შეუყვარდა ჩემი და, რომელიც მაშინ კლინიკაში ადმინისტრატორი იყო და დაქორწინდნენ.

– შვილები ქორწილში არ დაგყავთ. რატომ?

– არ დაგვყავს იმიტომ, რომ ჩემთვის საპატარძლო კაბას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონკია რომ ჩაიცვამს კაბას და სხვა სამყაროში ხვდება, მეც იმ სამყაროში ვარ სადედოფლო კაბით და იმ სამყაროში არ მინდა, ყოველდღიური ცხოვრება შემოიჭრას. იქ არ არიან ჩემი შვილები და არ არის ყოველდღიურობა. ეს დღე მხოლოდ ჩემი და თემურისაა. ამ დღეს ვარ კონკიაც და დედოფალიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დედოფალი ვიყო და არა დედა. როცა ბავშვები, მით უმეტეს პატარა ასაკის, გვერდით გყავს, აუცილებლად მოუნდებათ დედა და ბოლომდე ვერ შევიგრძნობ დედოფლობას. ეს დღე იმიტომ არსებობს, რომ თავიდან ბოლომდე დედოფალი ვიყო, ამიტომ ასე გადავწყვიტე.

– ბავშვები არ აპროტესტებენ?

– კი, ლიზის, მით უმეტეს, ძალიან უნდა წამოსვლა, მაგრამ რომ ვუხსნი, იგებს. ეს ჩემი აზრი და სურვილია და პატივი უნდა სცეს, როგორც მე ვცემ პატივს მის აზრებსა და სურვილებს. ამიტომ შეგნებულად იღებენ.

ჩვენი ქორწილების რაოდენობის მიხედვით, შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ფინანსურად ძლიერი ოჯახი გვაქვს, ასე არ არის. თავიდან ჩვენ მხოლოდ მეჯვარეებით დავიწყეთ. მერე დედმამიშვილებსა და მეგობრებსაც მოუნდათ. მერე ვთქვი, მაშინ მოდი, არ გვინდა საჩუქრები და რესტორნის თანხაში შემოგვეშველეთ-მეთქი. დღეს უკვე ფულს თავად გვჩუქნიან და ასე ვიხდით ქორწილებს, ყველაფერი მეგობრების სურვილითა და დახმარებით ხდება. ჩვენს ქორწილში ძალით არავინ მოდის. პირიქით, იმდენს ვერც ვეპატიჟებით, რამდენსაც სურვილი აქვს. ასე რომ, არავის ეგონოს, რომ ბევრი ფული გვაქვს და ყოველ წელიწადს ამიტომ ვიხდით ქორწილებს. მთავარია, ამის სურვილი გქონდეს და ბევრი ფულის გარეშეც ყველაფერი გამოვა.

– ფიქრობთ, რომ შეიძლება, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს?

– წინასწარ ბაქიაობა არ მიყვარს. სანამ ლამაზი ურთიერთობა გვექნება, სანამ ერთმანეთი გვეყვარება და ეს ყველაფერი სიამოვნებას მოგვანიჭებს, მანამდე გავაკეთებთ. ძალით და ვიღაცის დასანახად არც ახლა ვაკეთებთ და არც მომავალში გავაკეთებთ.