რატომ იცოდა ნია წივწივაძემ ათი წლის ასაკიდან საკუთარი გოგონას სახელი და როგორ უმკლავდება ის ტყუპების დედობას
„მის საქართველო“ ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია ტყუპების მშობლები გახდნენ. ანო და ალექსანდრე ქვეყანას 4 ოქტომბერს მოევლინენ.
ნია წივწივაძე: ეს არ ყოფილა დაუგეგმავი ორსულობა და ვემზადებოდი დედობისთვის. უბრალოდ, მეორე შვილი იყო დაუგეგმავი (იცინის). არ მეგონა, თუ შეიძლებოდა, ტყუპი ყოფილიყო. ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო, როდესაც ერთ-ერთ ექოზე გავიგე, რომ ტყუპს ველოდებოდი. ამან თავიდან ცოტა შემაშინა. ვიცოდი, რომ ტყუპის დედობა რთულია, დაწყებული ორსულობიდან გაგრძელებული ორი პატარას ერთად აღზრდით. თუმცა, შევეცადე კარგად მოვმზადებულიყავი. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა პირველად შემომიყვანეს პალატაში. ჯერ რამხელა ემოციაა, როცა დედა ხდები და ბავშვი შემოჰყავთ, მერე, როცა ერთი კი არა, ორი შემოჰყავთ ერთად. იმდენად განსაკუთრებული გრძნობაა, რომ ვერც გადმოვცემ.
– რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ ტყუპები იყვნენ?
– როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, არ ვიცოდი, რომ ორნი იყვნენ. ნიკუშას ვეუბნებოდი, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მეორე, დაახლოებით, ორ-სამ წელში დავგეგმოთ, რომ ბავშვებს შორის დიდი სხვაობა არ იყოს და ერთად გაიზარდონ-მეთქი. ექოზე გასინჯვის დროს მითხრეს, რომ ორი გულისცემა არისო. კიდევ კარგი, რომ ვიწექი (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ საოცრად გამიხარდა, იმხელა შოკი იყო, არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა. რა მექნა. მერე და მერე გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა. რომ გავიგე, ერთი გოგო იყო და მეორე ბიჭი, ესეც ძალიან გამიხარდა. სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ ორივეს დედობას ერთდროულად გამოსცდი, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– როცა პირველად ხდები დედა, ბევრი რამის სწავლა გიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გაორმაგებულია, რა ხდება?
– სახლში რომ გამომწერეს, პირველი ღამე იმდენად რთული იყო, რომ ალბათ, არასდროს დამავიწყდება. ვეღარ ვიგებდი, დღე იყო თუ ღამე, რომელი ტიროდა, რომელი იყო მშვიდად. ორივეს ჭამა უნდოდა, მერე ორივეს ერთად ეძინებოდა. ერთი ბავშვის მოვლაც ხომ ძალიან რთულია და ორი ერთად რომ საჭიროებს ზრუნვას, მარტივი მართლა არ არის. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რომ როგორმე ეს მდგომარეობა დამერეგულირებინა. მართლაც, რამდენიმე კვირა დამჭირდა და ყველაფერს გავართვი თავი. მალე უკვე ზუსტად ვხვდებოდი, რომელს როდის რა სჭირდებოდა და ყველაფერი დალაგდა. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან. როგორც ამბობენ ხოლმე, თვალი არ ეცეთ (იცინის).
– გარეგნულად განსხვავებული ტყუპები არიან?
– კი, ასეა. ბიჭი არის ძალიან დიდი და მჭამელი, გოგო, სიფრიფანა და პატარა (იცინის). საბედნიეროდ, ორივე მშვიდია, ხშირად არ ტირიან და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. თუმცა, როცა გააზრებულ ასაკში ხდები დედა, ამ ყველაფრისთვის მზად ხარ. ცოტა ადრე რომ მყოლოდა ორი შვილი ერთად, ალბათ ფსიქოლოგიურად უფრო რთული იქნებოდა. ახლა რომ ტირიან, პანიკაში არ ვვარდები, საერთოდ არ ვარ პანიკიორი, მშვიდად ვუდგები, ვიცი, რომ მალე დამშვიდდება. თუ რამე სჭირდება, გავუკეთებთ და ტირილსაც შეწყვეტს. როცა დედა მშვიდადაა, მგონია, რომ ეს ბავშვებზეც დადებითად მოქმედებს.
– მარტო ზრდი თუ გეხმარებიან?
– მყავს დამხმარე ქალბატონი და დედაც მეხმარება. ორ ბავშვთან მარტო ფიზიკურად ძალიან რთულია, მით უმეტეს, ჩვილობაში. ჩემი მეუღლეც ძალიან მეხმარება და ჩემზე არანაკლებ ზრუნავს მათზე. მასაც თავისუფლად შეუძლია, ბავშვები აბანაოს, მეხმარება ჩემი მეუღლის დედაც. მოკლედ, ყველანი ჩართულები ვართ, ერთი ადამიანისთვის ორი ბავშვის გაზრდა მართლა ძალიან რთულია.
– სახელები – ანო და ალექსანდრე, როგორ შეარჩიეთ?
– ათი წლის ვიყავი, როცა დედამ მითხრა, შენთვის ანო უნდა დამერქმიაო. ეს ჩემი დიდი ბებიის სახელია, რომელსაც კარგად ვიცნობდი. 16 წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. საოცარი ქალი იყო, ბებიებისა და ზოგადად, ქალის ეტალონი. მისი სახელი უნდა მრქმეოდა, მაგრამ მამაჩემის სურვილით დამარქვეს ნია, რადგან მაშინ განსხვავებული სახელი იყო. ეს რომ გავიგე, ვთქვი, თუ ოდესმე გოგო მეყოლება, მე მას ანოს დავარქმევ-მეთქი. ამიტომ 10 წლიდან ვიცოდი ჩემი გოგონას სახელი. რაც შეეხება ბიჭის სახელს, მე და ჩემი მეუღლე მართლა 9 თვე ვფიქრობდით და ვერაფერი მოვიფიქრეთ. ყველგან ვეძებდით, მაგრამ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება. მშობიარობის დროს მეუღლე ჩემ გვერდით იყო, საკეისრო გავიკეთე და თავთან მედგა. ექიმი გვეუბნება, ახლა პირველი ბავშვი გაჩნდება, ბიჭიო. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და ვკითხეთ, რა დავარქვათ?! წამებია დარჩენილი, ბავშვი იბადება და სახელი ხომ სჭირდება?! იმ წამებში ორივემ ერთად ვთქვით, მოდი, იყოს ალექსანდრეო. ასე გადაწყდა მისი სახელი და დღეს ბავშვს რომ ვუყურებ, მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა სახელი ერქვას.
– მეუღლემ როგორ „გადაიტანა“ მშობიარობაზე დასწრება?
– შეყვარებულობის დროსაც გვისაუბრია ამაზე. მეც მითქვამს, რომ მინდოდა მშობიარობას დასწრებოდა და თვითონაც თანახმა იყო. თავადაც უნდოდა იქ ყოფილიყო. ამის დრო რომ მოახლოვდა, რა თქმა უნდა, ძალიან ღელავდა, თუმცა, საკეისროზე დასწრება შედარებით უფრო მარტივია. დღემდე გარშემო ყველას იმას ეუბნება, რომ აუცილებლად უნდა დაესწრონ საკუთარი შვილის დაბადებას. სულ ამბობს, რომ ასეთი მაგარი შეგრძნება ცხოვრებაში არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ რომ უყურებ, ახალი სიცოცხლე როგორ ევლინება სამყაროს, ისეთი საოცარი გრძნობაა, შანსი რომ მქონდეს, ასჯერ დავესწრებოდიო (იცინის).
– ახლა თუ ფიქრობთ მესამე შვილზე?
– ახლა ამ თემას ვერავინ მიხსენებს (იცინის). ჯერ არ მენატრება პატარა ბავშვი, მაქვს ფუფუნება, ორი მყავდეს, მაგრამ მერე დრო რომ გავა, ვნახოთ. თუმცა სამი შვილის დედობას, ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც შესაბამისი მზაობა სჭირდება. თუ რამდენიმე წელიწადში შესაბამისი მდგომარეობა გვექნება, შეიძლება, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკსაც ვერ შემაპარებენ (იცინის). კი ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს სირთულეები დროსთან ერთად გავიწყდება და ისევ გინდება პატარა გყავდეს ოჯახში, მაგრამ მერე გამეფიქრება ხოლმე, ისევ რომ ტყუპი იყოს?! (იცინის). მეც და ნიკუშასაც ეს გენეტიკაში გვაქვს და ამიტომ, დასაფიქრებელი ნამდვილად არის (იცინის).