როგორია ელენე დეისაძისა და ანა ფანჩულიძის გაშვილების ისტორია და სად აღმოაჩინეს დებმა ერთმანეთი

193

ელენე დეისაძე სეუ-ში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, ანა ფანჩულიძე – თსუში ინგლისურ ფილოლოგიაზე. გოგონებმა ერთმანეთი 18 წლის ასაკში საოცარი ფიზიკური მსგავსების წყალობით აღმოაჩინეს და მალე გაიგეს, რომ სხვადასხვა ოჯახზე გაშვილებული ტყუპი დები არიან.

ელენე დეისაძე: სოციალური ქსელის – „ტიკ-ტოკის“ აქტიური მომხმარებელი ვარ. ჩემს ვიდეოებს ამ პლატფორმაზე ხშირად ვაქვეყნებ. ერთხელაც, ერთ-ერთ ვიდეოზე მხვდება ჩემთვის უცნობი ბავშვის კომენტარი: – „დღეს კლინიკაში რა გინდოდა?“ არადა, იმ დღეს სახლიდან საერთოდ არ გავსულვარ. გამიკვირდა და ვუპასუხე, რომ იმ დღეს კლინიკაში მე არ ვყოფილვარ. ამის შემდეგ კომენტარებში ანას გვერდი მომინიშნეს. მის „ფეისბუკ“ პროფილზე გადავედი, დავათვალიერე და მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე. მას შემდეგ დაიწყო ჩვენ შორის ვირტუალური მეგობრობა.

– მისი ფოტოები რომ დაათვალიერეთ, ალბათ, თქვენ შორის მსგავსება მაშინვე თვალში მოგხვდათ.

– დიახ, ანას ფოტოები რომ დავათვალიერე, შოკში ჩავვარდი. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ჩვენ შორის საოცარი მსგავსება იყო, თუმცა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა, ჩვენ დები ვყოფილიყავით, არ გამჩენია, რადგან ამის საფუძველი არ მქონდა. არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი არ ვყოფილიყავი. ამიტომ ანასთან მსგავსება შემთხვევითობა მეგონა.

დავმეგობრდით, ხშირი კომუნიკაცია გვქონდა, კარგად გავიცანით ერთმანეთი და ამ თემაზე ვხუმრობდით. მარტო ჩვენ არა, ჩვენი ოჯახის წევრებმაც გაიცნეს ერთმანეთი დისტანციურად, თუმცა არავის არაფერი უთქვამს მანამ, სანამ ჩვენ თვითონ არ დავსვით კითხვა. რაღაც მომენტში გარკვეული ეჭვები გამიჩნდა და ამ ზაფხულს, აგვისტოს ბოლოს, საუბრისას დედას პირდაპირ ვკითხე – ნაშვილები ვარ-მეთქი? მაშინ გავიგე, რომ ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი.

– რა ეჭვები გქონდათ?

– პირველ რიგში, დედაჩემის ფეხმძიმობის ფოტო არ მქონდა ნანახი. ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ადამიანს ფოტო არ გადაეღო. ჩვენ 2005 წელს ვართ დაბადებული და მაშინ ისეთი დროც არ იყო, რომ ფოტო ვერ გადაეღოთ. ალბათ, შინაგანადაც მქონდა რაღაც ეჭვი ამასთან დაკავშირებით, თუმცა, რატომ, ამას დღემდე ვერ ვხსნი.

– ანა, თქვენთან რა ხდებოდა?

ანა ფანჩულიძე: ბავშვი, რომელმაც ელენეს ვიდეოს კომენტარებში მომნიშნა, ჩემი ბიძაშვილია. მას დავუნახივარ კლინიკაში და ელენეში შევეშალე. მერე ჩამიგდო ელენეს „ტიკ-ტოკის“ ლინკი და მომწერა, ვაიმე, როგორ გგავსო. იმის მიუხედავად, რომ ჩემმა ნათესავებმა იცოდნენ, რომ მე აყვანილი ვიყავი, არაფერი უთქვამთ. ელოდნენ, როდის მეტყოდნენ ამას ჩემი მშობლები. სანამ მე გავიცნობდი ელენეს, ჩემი მშობლებისთვის მანამდე უჩვენებიათ მისი ფოტოები, უთქვამთ, ძალიან ჰგავს ანასო. რადგან მე არაფერი ვიცოდი, არ უთქვამთ. თან, მაშინ შედარებით პატარაც ვიყავი, 14 წლის. თურმე, დედა სულ ამბობდა ნათესავებთან, როდესაც ამის დრო მოვა, სიმართლეს აუცილებლად ვეტყვიო.

აგვისტოში ელენე მირეკავს და მეუბნება, გავიგე, რომ აყვანილი ვარო. მაშინ ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, სოფელში ვიყავით და მშობლებთან ელენეს შესახებ ვსაუბრობდი. ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ონლაინ ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მიყვარს-მეთქი. მაშინ მშობლებმა მითხრეს, უნდა გიყვარდეს, მგონი, შენი და არისო. მანამდე ამ თემასთან დაკავშირებით ეჭვიც არ გამჩენია, რადგან ფიზიკურად ძალიან ვგავარ ჩემს გამზრდელ მამას. ამ საუბრის შემდეგ გავიგე ჩემი ისტორია.

– და როგორია ეს ისტორია?

– ჩემებს ბევრი წელი არ ჰყავდათ შვილი და გადაწყვიტეს, ბავშვი ეშვილათ. ბავშვთა სახლებში ეძებდნენ, მაგრამ როგორც ამბობენ, ამას ძალიან დიდი დრო და ფინანსები სჭირდებოდა. მაშინ, თურმე, ჩვენს ნათესავს კლინიკაში სოფლის პროდუქტები დაჰქონდა გასაყიდად და ერთ-ერთი ექიმისგან გაუგია, რომ ბავშვი ჰყავდათ გასაშვილებელი. ეს თბილისის მე-5 სამშობიაროში ხდებოდა. ჩემი მშობლები მისულან, იქ დახვედრიათ ქალი – ციური ვაწაძე, რომელიც, როგორც გავიგეთ, რვა წლის წინ გარდაიცვალა. მას უთქვამს, რომ გლდანში ჰყავდათ გასაშვილებელი ბავშვი. ჩემები წასულან გლდანში, სადაც მათთვის ჩემი თავი უჩვენებიათ და გარკვეული თანხა მოუთხოვიათ. ასევე, უთქვამთ, ტანსაცმელი რომელიც ბავშვს აცვია, უნდა დაგვიტოვოო. მეორე დღისთვის ჩემს გამზრდელ მშობლებს მოუტანიათ ტანსაცმელი და საჭირო თანხა – 3 800 დოლარი და მე წამოვუყვანივართ.

ციური ვაწაძეს გაუკეთებია ჩემი დაბადების მოწმობა, სადაც მშობლების გრაფაში ჩემი აღმზრდელი მშობლების სახელები და გვარები ჩაიწერა. დაბადების თარიღი თქვენ შეარჩიეთო, უთქვამს. ჩემმა მშობლებმა 22 აპრილი შეარჩიეს. ჩემს დას 14 თებერვალს აქვს დაბადების დღე და ჩვენი ვარაუდით, ეს თარიღია სწორი. მე, დაახლოებით, ორი თვის ვიყავი, როდესაც წამომიყვანეს, ჩემი და ექვსი თვის უშვილებიათ. ის აგვისტოში წამოუყვანიათ და ამიტომ ვფიქრობთ, რომ თებერვალში ვართ დაბადებულები, თუმცა დაზუსტებით არაფერი ვიცით. ჩემმა დამ იცის მშობლების სავარაუდო გვარებიც. ჩემმა მშობლებმა მეტი არაფერი იციან.

– ელენე, თქვენ რა გაიგეთ მშობლებისგან?

ელენე: ბიოლოგიური მშობლების სავარაუდო გვარი. როგორც მითხრეს, მამა გეწაძე იყო, დედა – შუკაკიძე. ამის გარდა არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

– მშობლებმა იცოდნენ, რომ ტყუპისცალი გყავდათ?

– მე და ანა ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, ჭორის დონეზე სცოდნოდათ რომელიმეს მშობლებს, რომ და-ძმა გვყავდა. თუმცა, ზუსტად არაფერი იცოდნენ, მით უმეტეს, არ იცოდნენ ტყუპისცალის არსებობის შესახებ. თორემ, პირიქით, იმას გვეუბნებოდნენ, ორი რომ გვენახა ერთად, მით უმეტეს ტუპები, ან ორივეს წამოვუყვანდით, ან არცერთსო. ტყუპების დაშორება არ არის მარტივი.

ანა: „დეენემის“ ტესტი გავიკეთე და ველოდებით პასუხს სავარაუდო ნათესავებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, დაახლოებით ორი წლის რომ იყავი, სულ იმას ამბობდი, რომ ძმა გყავდა, სახელად გიორგიო. რაღაც პერიოდი აჩემებული გქონდა ეს და ამბობდი, რომ ჩემი ძმა თბილისში ცხოვრობსო. მაშინ ჩვენ თბილისში არ ვცხოვრობდით, არც ნათესავი მყოლია ასეთი და არ ვიცი, რატომ ვამბობდი ასეთ რამეს.

– სიმართლე გაიგეთ და მერე რა მოხდა?

– ჩამოვედი სოფლიდან და ერთმანეთი ვნახეთ. ეს ორივესთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ორივეს ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს, სარკეში ვიხედებოდით. აბსოლუტურად ყველაფერი იდენტური გვქონდა, სახის ნაკვთები, თმა და ასე შემდეგ. მხოლოდ ცხვირები გვქონდა განსხვავებული, რადგან მე პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ელენეს კი – არა (იცინის). შესაბამისად, ვუყურებდი ელენეს და ვხედავდი ჩემს თავს პლასტიკურ ოპერაციამდე. შოკში ვიყავით, ძალიან გვიხაროდა. არ გვქონია შეგრძნება, რომ 18 წელი ცალ-ცალკე გავატარეთ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს, სულ ერთად ვიზრდებოდით. ახლა სულ ერთად ვართ. ყველგან ერთად დავდივართ. ერთმანეთის ნათესავები და მეგობრები გავიცანით. ბევრს ვეშლებით ერთმანეთში (იცინის).

– მარტივად მიიღეთ ერთმანეთი?

– პირველივე დღიდანვე ძალიან ადვილად დავმეგობრდით, მართლა ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ერთად გავიზარდეთ. თან, ხომ იცით, ტყუპების განსაკუთრებული კავშირის შესახებ. მაგალითად, ახლა ორივეს ერთად გვაქვს სიცხე, ცუდადაც ერთად ვხვდებით, ერთი და იგივე სურვილები გვაქვს, ერთნაირად ვფიქრობთ.

– „დეენემის“ ტესტი გაიკეთეთ?

– არა, იმიტომ რომ პიგმენტური ლაქა და ხალიც კი ერთნაირები გვაქვს სხეულზე. მე გავიკეთე ტესტი იმისთვის, რომ სავარაუდო ნათესავები ვიპოვოთ. თამუნა მუსერიძეს დავუკავშირდით და ჩვენი ისტორია მოვუყევით. ეს ტესტი მან გამაკეთებინა. ვნახოთ, რა იქნება. თამუნა ძალიან გვეხმარება.

– ბიოლოგიურ მშობლებს ეძებთ?

– ვეძებთ, რადგან გვინდა, ვიცოდეთ, ვინ ვართ. ელემენტარული, მომავალზე ვფიქრობთ და არ გვინდა ინცესტი მოხდეს. ძალიან პატარაა საქართველო, აქ დიდი შანსია, შენს ნათესავს შეხვდე. შეიძლება, კიდევ გვყავს დედმამიშვილები და გვინდა, ის მაინც ვიცოდეთ, რა გვარები ვართ.

– სიმართლის გაგებამ მშობლებთან ურთიერთობაზე როგორ იმოქმედა?

ელენე: მშობლები აბსოლუტურად ყველაფერში გვეხმარებიან. არასდროს მიგრძნია, რომ მე მათი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი. ვიტყვი, რომ იმაზე მეტიც კი გააკეთეს ჩემთვის, ვიდრე შეიძლება, ადამიანმა ბიოლოგიურ შვილს გაუკეთო. ყოველთვის გვერდში მიდგანან. ამ თემასთან დაკავშირებითაც, ძალიან ცდილობდნენ, ინფორმაცია ჩემთვის სწორად მოეწოდებინათ. ანაც საკუთარ ოჯახის წევრად მიიღეს. ანალოგიურად არის განწყობილი ანას ოჯახიც. ორივე ვამბობთ ხოლმე, რომ ძალიან გაგვიმართლა, თითქოს ლატარია მოვიგეთ, ორივეს ძალიან კარგი მშობლები გვყავს.

– როგორც ვხვდები, თქვენც არ აყოლილხართ ემოციებს.

ანა: მაქსიმალურად ჰუმანურად მივიღეთ ყველაფერი. ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი გამზრდელი მშობლების. მათ ყველაფერი მოგვცეს, რაც შეიძლება, შვილს მისცე. უკვე ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობთ, ჩვენს მშობლებსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

– რას ფიქრობთ ბიოლოგიურ დედაზე?

– შეიძლება, ჩვენმა ბიოლოგიურმა დედამ საერთოდ არ იცის, რომ შვილები ცოცხალი ჰყავს. ამიტომ შევეცდებით, ყველაფერს სწორად მივუდგეთ და მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.