“რადგან დიდი სამეგობრო გვყავს, ჩვენი ბედნიერების დღეს საქართველოშიც აღვნიშნავთ და ამერიკაშიც“

ყველასთვის საყვარელი და რეიტინგული მომღერალი მარიამ ელიაშვილი მალე საცხოვრებლად ამერიკაში გადავა. მარიამი რამდენიმე თვის წინ, ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენზე გიორგი მჭედლიშვილზე დაინიშნა.

სად გაიცნეს ერთმანეთი და რა გეგმები აქვს მომღერალს მომავალში ამის შესახებ მარიამი „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა.

– მარიამ რა სიახლეები გაქვს შემოქმედებაში?

– ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე, ჩემს მსმენელებს სასიამოვნო სიახლეებს ვპირდები.  იმედი მაქვს ამ სიმღერებსაც ისევე შეიყვარებენ, როგორც სხვა დანარჩენი შეიყვარეს. როგორც იცით, ვცდილობ ბევრ სხვადასხვა ენაზე და ბევრი ჟანრის სიმღერა შევთავაზო მსმენელს, თუმცა როგორც აქამდე, ჩემი ძირითადი მიმართულება მაინც ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები იქნება.

ამ შემთხვევაში სიახლე ისიცაა, რომ ჩემი რეპერტუარის არჩევაში და მუშაობის პროცესში გიორგი სულ გვერდით მიდგას, მაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდე და ბევრი ახალი სიმღერით გავახარო ჩემი მსმენელი.

– როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

– გიორგი გავიცანი საერთო სამეგობროში. სხვათა შორის, ხელოვნებამ და ჩემმა პროფესიამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს გაცნობაში, რადგან სწორედ ხელოვანი ადამიანების წრეში შევხვდით ერთმანეთს.

– აქამდე თქვენს პირად ცხოვრებაზე არანაირი ჭორი არ გავრცელებულა, გიორგი თქვენი პირველი სიყვარულია?

– დიახ, გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია, მანამდე, პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდებოდა, რადგან პატარა ასაკიდან გამოვედი სცენაზე, ჩემთვის პრიორიტეტი განათლება და ხელოვნება იყო. პირად ცხოვრებას ნაკლებ დროს ვუთმობდი.

– რით მოგხიბლათ გიორგიმ?

– გიორგის გაცნობისთანავე, მასში უამრავი დადებითი თვისება აღმოვაჩინე, ყველა მათგანს რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვლი, თუმცა აღვნიშნავ , რომ მისმა პიროვნებამ ძალიან მომხიბლა. სწორედ ის თვისებები აღმოვაჩინე მასში, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანი ჯერ კიდევ კარიერულ განვითარებაზე ვიყავი ორიენტირებული,  ლამაზად შემომეპარა ეს გრძნობა და გიორგის ჩემს ცხოვრებაში არსებობით უბედნიერესი ადამიანი ვარ.

– რას საქმიანობს თქვენი მეუღლე?

გიორგი ამერიკაში მოღვაწეობს, ბიზნესმენია.

– დედის გარეშე ამერიკაში ცხოვრებას როგორ შეეჩვევი, რადგან მჭიდრო დედაშვილობა გაქვთ?

– რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი შესაძლოა იყოს სირთულე, მაგრამ სამომავლოდ დავალაგებთ ისე, რომ დიდი ხნით არ მოგვიწიოს ერთმანეთის გარეშე ყოფნა. ჩვენი მშობლები ჩვენი გადაწყვეტილებით ბედნიერები არიან, პატივს სცემენ ჩვენს სამომავლო გეგმებს და გვერდით გვიდგანან.

– როგორც ვიცით, ქორწილი ჯერ არ გქონიათ. უკვე გადაწყვიტეთ თარიღი? საქორწილო კაბაც ხომ არ შეგირჩევიათ?

– დიახ, ჯერ მხოლოდ ნიშნობა გვქონდა, ქორწილს აწი ვაპირებთ, ორივესთვის მისაღებ თარიღს ავარჩევთ, გვინდა ამინდმა და სეზონმა ხელი შეგვიწყოს , რომ მაქსიმალურად დასამახსოვრებელი დღე გამოგვივიდეს. აუცილებლად ჩართული ვიქნები როგორც ორგანიზებაში, ასევე მუსიკალურ ნაწილში. რაც შეეხება საქორწილო კაბას, ჯერ არ ამირჩევია, თუმცა დაახლოებით წარმოდგენა მაქვს, როგორსაც შევიკერავ. რადგან დიდი სამეგობრო გვყავს აქაც და ამერიკაშიც, ვეცდებით, ორივე ქვეყანაში აღვნიშნოთ ჩვენი ბედნიერების დღე.

ასევე იხილეთ