როგორ გახდა ელენე ლოლაძე დაუმარცხებელი და რით ამსგავსებენ მას ილია თოფურიას

204

ელენე ლოლაძე გახლავთ პირველი კიკბოქსიორი ქალი, რომელმაც MMA-ის პროფესიონალური კარიერა ნოკაუტით გახსნა და სადებიუტო ბრძოლა 27 წამში მოიგო.

ელენე ლოლაძე: ეს ბრძოლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს გახლდათ ჩემი სადებიუტი ორთაბრძოლა პროფესიონალურ MMA-ში. იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოში, თბილისში ჩატარდა, ჩემ გვერდით ბევრი გულშემატკივარი იყო. შესაბამისად, ჩემმა გამარჯვებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი მოლოცვა მივიღე და უბედნიერესი ვარ როგორც ამ შედეგით, ისე იმ მხარდაჭერით, რომელსაც ვგრძნობ.

– ეს თქვენს კარიერაში ახალი საფეხურია, როგორი იყო თქვენი მოლოდინი?

– დიახ, ახალი საფეხურია, მაგრამ აქამდე დიდი გამოცდილება დავაგროვე. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარ აქტიური, სამოყვარულო MMA-ზეც არაერთი ბრძოლა მაქვს მოგებული, ამჯერადაც შესაბამისად ვიყავი მზად და ამ შედეგს ველოდი. ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა.

– თუ წინა წლის შედეგებსაც გავითვალისწინებთ, გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. 2023 წელს სპორტის სამ სახეობაში გახდით მსოფლიოს ჩემპიონი.

– 2023 წელი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. წლის განმავლობაში 30 ბრძოლა ჩავატარე და აქედან 29-ში გავიმარჯვე. დარჩენილი ერთის შედეგიც სადავოა, გადაწყვეტილება გაიყო და ადგილობრივ მსოფლიოს ჩემპიონს მიანიჭეს უპირატესობა, თუმცა, მე ამ მარცხს არ ვეთანხმები.

დიახ, სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. სამ სხვადასხვა სახეობაში მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან ბევრის მთქმელია. ეს სახეობებია ჯიუ ჯიცუ, ტოკიმა და სამოყვარულო MMA. რა თქმა უნდა, ამან უფრო თავდაჯერებული გამხადა.

– 21 წლის ასაკისთვის ძალიან ბევრი მიღწევაა თქვენს ანგარიშზე. როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში სპორტი?

– 4 წლის ვიყავი, როდესაც ქართულ ცეკვაზე შემიყვანეს და 12 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. მცირე ხნით ფიგურულ სრიალზეც დავდიოდი. 16 წლის ვხდებოდი, როდესაც კიკბოქსინგზე შევედი. შემდეგ დავინტერესდი მუაიტაით, კრივით, ჯიუ ჯიცუთი, გრეპლინგით, და MMA-ით, რომელიც ყველაფერს ერთად მოიცავს და რადგან MMA ამ ყველაფერს მოიცავს, მათში ცალ-ცალკე ვემზადები და ვცდილობ, ყველაში მაქსიმალურად კარგი ვიყო, რადგან MMA-ში ყველა მათგანი მჭირდება.

– ხელოვნებიდან სპორტზე როგორ გადახვედით?

– ცეკვასთან ერთად მუსიკაზეც დავდიოდი და უფრო ხელოვნებისკენ ვიხრებოდი. სიმართლე გითხრათ, კიკბოქსინგზე იმის გამო არ მივსულვარ, რომ მინდოდა, სპორტსმენი გავმხდარიყავი. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე რინგზე აღმოვჩნდებოდი. ყველაფერი ჩემი მწვრთნელის ინიციატივით აეწყო. პირველად რომ გამიყვანა რინგზე და წარმატებას მივაღწიე, მოტივაცია მომეცა. ამას მოჰყვა მეორე ორთაბრძოლა, მესამე და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ჩემს თავს უფრო და უფრო დიდ მიზნებს ვუსახავდი.

– პირველ წარმატებას ვარჯიშის დაწყებიდან მალევე მიაღწიეთ?

– დიახ, ვარჯიშის დაწყებიდან რვა თვეში გავედი პირველ ტურნირზე, სადაც პირველი ადგილი მოვიპოვე და ერთი წელი რომ გავიდა, უკვე მსოფლიო თასი მქონდა მოგებული.

– თუმცა, ბავშვობაში სულ სხვა პროფესიაზე ოცნებობდით…

– დიახ, ბავშვობაში ექიმობა მინდოდა და ამის გარდა სხვა პროფესიაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ მსოფლიო თასის მოგების შემდეგ სპორტს კიდევ უფრო სერიოზულად შევხედე და საბოლოო ჯამში, მან დაიკავა ყველაზე დიდი ადგილი ჩემს ცხოვრებაში.

– დღეს, ფაქტობრივად, დაუმარცხებელი ხართ, ძალიან ცოტა წაგებაა თქვენს ანგარიშზე.

– დიახ, ასეა და რაც არის, ის წაგებებიც მსაჯების გადაწყვეტილებების შედეგია, ანუ ცოტა სადავოა.

– ამიტომაც არის, რომ თქვენს მოწინააღმდეგეებს არაერთხელ უთქვამთ უარი თქვენთან ბრძოლაზე?

– ალბათ, ასეა. ჩემი აზრით, ხედავენ დონეების სხვაობას და არ სურთ ჩემთან დაპირისპირება. წინასწარ იციან, რომ მოგებისთვის საკმარისად კარგები არ არიან და უარს ამბობენ.

– ამ გამარჯვებების ადამიანს, წესით, ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათი უნდა ჰქონდეს…

– დიახ, ვფიქრობ, ჩემი ამ სპორტში ყოფნისა და გამარჯვებების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ჩემი ხასიათია. ძალიან მებრძოლი და შეუპოვარი ვარ. წაგებას ვერ ვიტან, ყოველთვის მოგება მინდა. ეს ჩვენი სპორტისთვის ძალიან სასარგებლოა. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ რინგიდან გამარჯვებული გამოვიდე.

– როგორ ემზადებით ხოლმე ორთაბრძოლისთვის ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად?

– ნამდვილად ორივენაირად მზად უნდა იყო, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მიხვალ რინგამდე. ბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდი ორი თვით ადრე იწყება. მანამდეც სტაბილურად ვვარჯიშობ, თუმცა, მოსამზადებელ პერიოდში უფრო დიდი დატვირთვით, დღეში – ორი-სამჯერ. ასევე, ვიკვებები სწორად და ვისვენებ. ზედმიწევნით ვიცავ გრაფიკს, რომ ბრძოლამდე საუკეთესო ფორმაში მოვიდე.

– ბოლო შეჯიბრებისთვის წონის რადიკალური ცვლილება გახდა საჭირო და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ეს რამდენად რთულია?

– ძალიან რთულია, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. წონის კლება ძალიან ბევრ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში. მოქმედებს ჰორმონებზე და ხასიათზე და შესაბამისად, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იცვლება. ურთულესი პროცესია. სწორ მიდგომებს მოითხოვს და ამისთვის ჩემი მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს. ცდილობს, მაქსიმალურად პროფესიონალურად დავიკლო და აღვიდგინო წონა, ამიტომ დღემდე ყველაფერი კარგად გამოგვდის. ამჯერად, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში 8 კილოგრამი დავიკელი. ეს ძალიან ბევრია, განსაკუთრებით გოგოსთვის.

– სასურველი მიზნის მიღწევის შემდეგ როგორ ისვენებთ?

– ბოლო პერიოდი ძალიან რთული მქონდა. საერთოდ არ დამისვენია, რადგან ძალიან ბევრ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ერთი წლის განმავლობაში 17 ტურნირი და 30 ორთაბრძოლა რომ გაქვს, დასვენების დრო საერთოდ აღარ გრჩება. მუდმივად მზადების პროცესში ვიყავი. ახლა ცოტა ხანი უნდა დავისვენო. ივნისისთვის ვგეგმავ MMA-ის პროფესიონალურ ბრძოლას და მინდა, ამისთვის ძალიან კარგად მოვემზადო. ამიტომ, ცოტა ხანი დავისვენებ, ძალებს აღვიდგენ და მერე კვლავ საქმეს შევუდგები.

– რამდენად რთულია ქალისთვის MMA-ში ასპარეზობა?

– ქალისთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის. რაც არ უნდა სექსისტური იყოს ჩემი სიტყვები, აშკარაა, რომ ქალებისა და ვაჟების ფიზიოლოგია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ჩვენი ჰორმონები ყოველდღიურად „თამაშობენ“ და თვის განმავლობაში სხვადასხვანაირი ფიზიკური მდგომარეობა გაქვს. ისეც მომხდარა, რომ ამის გამო რინგზე განახევრებული ძალებით გავსულვარ. გვიწევს ამასთან გამკლავება. ჰორმონები ძალიან მოქმედებენ ხასიათზე და ესეც ბევრს განსაზღვრავს. ყველაზე დიდი სხვაობა წონის კლებას ეხება. ქალბატონებს ძალიან უჭირს არა მხოლოდ წონის კლება, წონის შენარჩუნებაც კი. ყოველი კლების შემდეგ გარანტირებულია ციკლის დარღვევა და ამ თუ სხვა მხრივ სირთულეებს ნამდვილად ვხვდებით.

– თან როგორი გამარჯვებების სერია გახსენით: თოფურია, დვალიშვილი.

– დიახ, ძალიან მაგარი იყო, საოცრად დაემთხვა. ჩემი ბრძოლის დასრულების შემდეგ ბიჭებისას ველოდი. რა თქმა უნდა, გავათენე, რადგან როგორც იცით, ჩვენი დროით, გამთენიას იყო მათი ორთაბრძოლები. ძალიან მაგრად ვგულშემატკივრობდი ჩემს მეგობრებთან ერთად და უზომოდ გამიხარდა მათი წარმატება. სხვათა შორის, ბევრი ავლებს პარალელს ჩემსა და თოფურიას შორის, ბრძოლის დროს ერთი და იგივე კომბინაცია გვაქვს გაკეთებული, ამის შესახებ ბევრი ვიდეო შემხვდა და სიმართლე გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა. ზუსტად ის არის ჩემი მიზანი, რასაც ილიამ მიაღწია – ეს UFC-ის ჩემპიონობაა და ამას აუცილებლად მივაღწევ.