დალი ჩიტალაძის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის დალი ჩიტალაძე?
დალი ჩიტალაძე: ადამიანი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ვოცნებობ, რომ დარჩენილი ცხოვრება ბევრი ვიმოგზაურო და დედამიწის, რაც შეიძლება, ბევრი სილამაზე ვნახო და ასევე, ვოცნებობ, რომ ბევრი სიკეთის გაკეთება შევძლო.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– ემიგრაციაში ყოფნისას, თავიდან, სანამ „ვერსაჩესთან“ დავიწყებდი მუშაობას, რესტორანში ვმუშაობდი. იქაც და მერეც, ვცდილობ, ცხოვრებაში არსებული მოცემულობები საჩემოდ გამოვიყენო, ისე მოვირგო, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. რესტორანშიც არ დამიმალავს, რომ კარგად ვუკრავდი, ვმღეროდი და მოვირგე იქაური გარემო. არ მქონდა განცდა, რომ იმას ვაკეთებდი, რისი კეთებაც არ მინდოდა. საერთოდ, მე არასდროს ვყრი ფარ-ხმალს, ვიცი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.
– რა გამოცადეთ ბოლო დროს ცხოვრებაში პირველად?
– განსაკუთრებული ემოციები განვიცადე, როცა თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოვხტი. დაუვიწყარი შეგრძნება იყო. კიდევ მინდოდა გამეორება, მაგრამ ჩემმა ქმარმა მითხრა, ხომ არ გადაირიეო (იცინის). საერთოდ არაფრის მეშინია. შიშის გრძნობა იმ მომენტშიც არ მქონია, მაგრამ რომც მქონოდა, უკან არ დავიხევდი. თუ რამის შიში გამიჩნდება, მაშინვე ვცდილობ, ზუსტად ის გავაკეთო, რაც ამ შიშს იწვევს და ასე გადავლახო ეს გრძნობა.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან. ყველაფერზე მეტირება. სიხარულისგანაც ვტირი და მწუხარებისგან, ხომ, რა თქმა უნდა.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– უამრავ გაჭირვებულს გავუმართავდი ხელს. ნახევარს ქველმოქმედებისთვის გამოვიყენებდი. ძალიან მიყვარს გაცემა. ჩემი ქმარიც ასეთია. იმაზე არ ვფიქრობთ, უკან დაგვიბრუნდება თუ არა. სიკეთე უნდა გააკეთო და გაიარო. ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს – სიკეთეს გასცემ, სიკეთე დაგიბრუნდება, ბოროტებას გასცემ, ბოროტება დაგიბრუნდება. მე ამის მჯერა.
– ხელგაშლილი ხართ?
– ჩემი მეგობარი ანეკდოტივით ჰყვება ხოლმე: დალი აუცილებლად სამოთხეში მოხვდება, იმიტომ რომ ეშმაკის მოგონილი ფულის დაუძინებელი მტერია. ფული არასდროს გაქვს, იმიტომ რომ შემოსავალს მაშინვე ბოლომდე ხარჯავო (იცინის). ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე თქვა ეს და ნინო ნადირაძე გამოეპასუხა, მეც ასეთი ვარო. ჩემმა მეგობარმა უთხრა: არა, შენ კაჭკაჭი ხარ, ერთი ბრილიანტის ბეჭედი ყოველთვის გიგდია ჩანთაში, აბა, გვაჩვენე თუ ასე არ არისო და ნინოც დაეთანხმა (იცინის). მე არასდროს მყოფნის შემოსავალი. მეორე თვის ხელფასსაც კი წინასწარ ვხარჯავ (იცინის). ამიტომ, არც მილიონის დახარჯვა გამიჭირდებოდა (იცინის).
– მსოფლიო მასშტაბის ცნობადობაზე გიოცნებიათ?
– საერთოდ, ცნობადობა არ დამიგეგმავს, ეს ჩემთან თავისთავად მოვიდა. ეპატაჟური და ხელოვნურად შექმნილი ცნობადობა არასდროს მიზიდავდა. წლები, გამოცდილება, შენი პიროვნება, საქმიანობა, ცოდნა თუ ინტელექტი თავისით გაყენებს ამ გზაზე. რა თქმა უნდა, მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია. რომელ ქვეყანასა თუ ქალაქშიც მიცხოვრია და მიმუშავია, იქ ყოველთვის ყველაზე ცნობადი ვიყავი. ეტყობა, არის რაღაც ისეთი ჩემში, რაც ცნობადს მხდის და ამას ემატება საკუთარი საქმისადმი ჩემი განსაკუთრებული სიყვარული, თორემ ეს არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე არ მიოცნებია, თუმცა, თავს დედამიწის მოქალაქედ ნამდვილად ვთვლი. ამიტომაც მინდა, ყველაფრის მონახულება. საშუალება თუ მომეცემა, ანტარქტიდაზეც სიამოვნებით ვიმოგზაურებ და კოსმოსშიც (იცინის). თუმცა, რაც მთავარია, ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადახდათ…
– თვითმფრინავში „დამაპატიმრეს“ (იცინის). თურმე, საფრთხე შევქმენი. რა მექნა, ძალიან მინდოდა ტუალეტში. მეუბნებოდნენ, არ შეიძლება, თვითმფრინავი უნდა დაჯდესო, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, ვერაფრით შევიკავებდი თავს და შევედი. ატყდა ბრახუნი, ერთი ამბავი. მეძახიან გამოდიო, მე ვპასუხობ, მაცადეთ, ცუდად ვარ-მეთქი. თურმე, თვითმფრინავი წრეზე წავიდა, ვერ დაჯდა, რადგან მე ტუალეტში ვიყავი. გერმანელი პილოტი იყო და ხომ იცით, გერმანელები როგორი პედანტები არიან (იცინის). რომ გამოვედი, მოვიდა რუსული მილიცია და მეუბნება: უნდა დაგაპატიმროთო, გერმანელები ითხოვდნენ ამას (იცინის). კიდევ კარგი, მაშინ ქრთამი ჭრიდა და გადავურჩი პატიმრობას (იცინის). რა მექნა, ცუდად ვიყავი და მე იქით ვედავებოდი, ისეთი საშინელება მაჭამეს, მოვიწამლე-მეთქი (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– როგორ არა, გამოვიდა, რომ მოვიპარე. ამერიკაში ქალის თეთრეულის მაღაზიაში – „ვიქტორია სეკრეტში“ შევედი. ფასდაკლება იყო. რამდენიმე ლიფი მომეწონა, ავიღე და რაც ხელში აღარ მეტეოდა, მხარზე გადავიკიდე. რაც ხელში მეჭირა, ის ჩვეულებრივად შევიძინე და არც სალაროსთან და არც გამოსასვლელში, არავის უთქვამს, ქალბატონო, მხარზე ლიფები გკიდიაო (იცინის). გამოვედი და ბროდვეიზე მოვაბიჯებ ძალიან ბედნიერი ჩემი შენაძენით, მხარზე კი ორი-სამი ცალი ლიფი მაქვს გადაკიდებული, მაგრამ მე ხომ არ ვიცი ამის შესახებ. ქუჩაში ხალხი მიყურებს და მე მგონია, რომ კარგად გამოვიყურები. ჩემი მეგობარი ვნახე და მეკითხება, დალი რა გჭირსო?! კარგად გამოვიყურები, ხომ? ყველა მე მიყურებს-მეთქი, გავეპასუხე და მხარზე დამახედა (იცინის). მიკვირს, მართლა როგორ არავინ არ გამაჩერა გამოსვლისას. ალბათ, იმიტომ რომ ფასდაკლების გამო ხალხმრავლობა და ცოტა ქაოსი იყო.
– სახალისო შემთხვევა პაემანზე…
– ჩემი მეუღლე, სანამ ცოლად გავყვებოდი, მანამდე რვა წლით ადრე ქუჩაში შემხვდა. გაგიჟდა, გადაირია. მაშინ პეროვსკაიაზე ნამცხვრების ერთადერთი მაღაზია იყო, „ნანას ნამცხვრები“ ერქვა. მივიდა, თუ რამე ნამცხვარი იყო, ყველა იყიდა და მანქანაში ჩამიწყო. გაივსო მანქანა. მეხვეწა ტელეფონის ნომერი მომეციო, მაგრამ უარი ვუთხარი (იცინის). თუმცა მერე მაინც მომძებნა და რვა წლის შემდეგ მისი მეუღლე გავხდი.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ერთადერთხელ. ჩემი ძმისშვილი იყო შეყვარებული. ძალიან არ მომწონდა ის ბიჭი. ზუსტად ვიცოდი, რომ მერე დაშორდებოდნენ და არაფრით არ მინდოდა, ეს ტკივილი ეგრძნო. ერთი ამბავი შევქმენი, სახლში ჩავკეტე და პაემანზე არ გავუშვი. თან, ჩუმად ჩემს თავზე მეცინებოდა, არასდროს ვყოფილვარ ასეთი სასტიკი. თუმცა ყოველთვის ხელს ვერ შევუშლიდი. მაინც შედგა მათი ურთიერთობა, მაგრამ როგორც ვფიქრობდი, დაშორდნენ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვება საკუთარი სურვილების განხორციელებაა. ყოველდღიურობაში პატარა მიღწევებით საკუთარ თავზე იმარჯვებ. მე ვცხოვრობ აქ და ახლა. ამას კარგი შედეგი მოაქვს. არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. ჩემთვის ყოველი დღის დამთავრება გამარჯვებაა, მიღწევაა და ყოველი დღის გამო მადლიერი ვარ. მარცხია, როცა ჩანაფიქრს არ განვახორციელებ, თუმცა, ამას სხვას არასდროს ვაბრალებ, ესე იგი, მე არ მოვინდომე საკმარისად. მე მართლა თითოეული დღით ვცხოვრობ და არ ვნანობ წარსულს, არც მომავალს ვგეგმავ. არავინ იცის რა იქნება ხვალ. ჩემმა დამ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ დღეს ამქვეყნად აღარ არის. ამ ტრაგედიამ მასწავლა, რომ დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო. მთავარია, თითოეული დღე იყოს ნაყოფიერი და სიკეთით სავსე – ეს უკვე მიღწევაა.
– რის გამო გაქებენ და გაკრიტიკებენ მეგობრები?
– მაქებენ, როცა გემრიელ სადილს ვაკეთებ, მაკრიტიკებენ ჩემი ხასიათის გამო, რომელზეც წეღან ვისაუბრე – მეუბნებიან ხოლმე, ნუ იცი ზედმეტი სიკეთის კეთებაო (იცინის).
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ვამაყობ, რომ მიყვარს და ვუყვარვარ. ვამაყობ, რომ შემიძლია, ბევრი სიყვარული გავცე.