”მარინა ბერიძემ მომწერა, რომ თურმე ძალიან ძლიერი ვყოფილვარ”

706

ქართველმა მომღერალმა, თათია კობალაძემ, რთული გზა გაიარა, მაგრამ არ დანებდა და სწორედ მისმა შეუპოვრობამ განაპირობა წარმატებაც. სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს ვიდეო, სადაც თათია “ჯეოსტარში” მონაწილეობის მისაღებად კასტინგზე შედის. “შვილი გყავს 11 თვის, ოჯახი გაქვს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, სიმღერა გინდა, მაგრამ მონაცემი არა გაქვს ამისთვის”, – ეუბნება ატირებულ თათიას მუსიკათმცოდნე, მუსიკალური შოუს ჟიურის წევრი, მარინა ბერიძე…

თათია, რომელმაც არაერთი ქვეყნის მუსიკალურ კონკურსებში უკვე გამოიჩინა თავი, ამბობს, რომ მარინა ბერიძემ შეცდომა აღიარა. მომღერალი “სარკესთან” ყვება:

-რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. როგორც მიყვებიან, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, ღიღინი და სიმღერა დავიწყე. 3 წლის ვიყავი, პირველად სცენაზე რომ დავდექი. 6 წლის ასაკში ბათუმის სახელმწიფო თეატრში კაპელასთან და ორკესტრთან ერთად ვმღეროდი, იყო ბევრი სხვა კონცერტი და ა.შ.

– ჩვენს სცენაზე ბევრ ისეთ მონაწილეს უშვებენ, რომლებიც მერე მთელი ქვეყნის დასაცინი ხდებიან, თუმცა მანამდე აჯერებენ, რომ ნიჭიერები არიან…

– 5 ქვეყნის “იქს ფაქტორი” და “ვოისი” მაქვს მოვლილი და არსად მინახავს, დარბაზში მეტაშე იჯდეს, ის კარნახობდეს, ვის გამოსვლაზე უნდა ადგეს ხალხი და ვისზე უნდა დაიბოღმოს. ადამიანების ასეთი ბულინგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია.

– „სარკის“ მკითხველებისთვის კონკრეტულად ჩამოგვითვალეთ, რა წარმატებებს მიაღწიეთ უცხოეთის ქვეყნებში.

– თურქმენეთის “ვოისში” შოუ მოვიგე, ყაზახეთში ფინალისტი ვიყავი, თურქეთში – ნახევარფინალისტი. უკრაინის “იქს ფაქტორშიც” ფინალში მოვხვდი, საქართველოს “იქს ფაქტორში” კი მხოლოდ მონაწილე გახლდით.

– მოდით, დაწვრილებით მოგვიყევით “მეტაშის ინსტიტუტზე” საქართველოში.        

– ვინც საქართველოში რაიმე შოუში მონაწილეობს და მაყურებლად მიდის, ამას ყველა ხედავს – შავ მაისურებში ჩაცმული გოგონები და ბიჭები რამდენიმე ადგილას დგანან და როცა ანიშნებენ ხალხს, რომ უნდა ადგნენ და ტაში დაუკრან, ისინიც დგებიან. თუ ანიშნებენ, რომ არ ადგნენ, არც არავინ დგება. ამ ყველაფრის რეპეტიცია გადაღების დაწყებამდე ხდება. ვიმეორებ, მსგავსი არსად მინახავს!

– “ჯეოსტარში” მარინა ბერიძის მიერ თქვენ მიმართ გაკეთებული კომენტარი ვირუსულად იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში იმის საჩვენებლად, ამ სიტყვების შემდეგ რამდენს მიაღწიეთ.

– დიახ, “ჯეოსტარში” მითხრეს, რომ მონაცემები არ მქონდა. მარინა ბერიძის მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა და აღარ მინდა, რამე ვთქვა, მით უმეტეს, რომ ქალბატონი მარინა შემეხმიანა და მითხრა, ნამდვილი მუსიკოსი მაშინ ხარ, როდესაც ასე ნათქვამ სიტყვას გაუძლებ, საკუთარ სიძლიერეს დაამტკიცებ და შენ ეს გამოგივიდაო.

– მოგწონთ, ახლა რომ უსმენთ მაშინდელ ნამღერს? რამდენად სამართლიანად მოგექცათ მარინა ბერიძე?

– მუსიკალურად ზუსტად ნამღერი იყო, თუმცა შეშინებული და დაძაბული ვდგავარ და ამას ვაღიარებ. შეშინებული და დაძაბული ვიყავი, რადგან პირველი კონკურსი იყო ჩემთვის. თეატრში და სხვაგან ვმღეროდი, მაგრამ მსგავსი პირველი იყო.

იცით, მაშინ რა მოხდა? სიმღერა შემიცვალეს. უცებ მითხრეს, ორი მონაწილის შემდეგ შემოხვალ და “ფსოუს წყალს” იმღერებო. რა თქმა უნდა, დავისტრესე. 17 წლის ვიყავი, 11 თვის შვილი მყავდა, რომელიც დილის 9 საათიდან თან მახლდა. ბავშვი ხან ტიროდა, ხან ჭამა უნდოდა, ხან სეირნობა… რადგან მითხრეს, ამ სიმღერას იმღერებო, ვიფიქრე, რომ გადამიყვანდნენ მომდევნო ტურში. არადა თურმე იმიტომ მითხრეს, რომ მერე ეს ეთერში გაეშვათ.

მაინც ძალიან კარგად ნამღერია და ვისაც აქვს ელემენტარული განათლება, მიხვდება, რომ ა კაპელად შეასრულო სიმღერა, რომელშიც არც ერთი დეტონაცია და ბგერა არ გაქვს არასწორი, უბრალოდ, ემოციურად არასწორად დგახარ, რადგან შეშინებული იყურები და ისინი ისეთი სახეებით შემოგცქერიან, გეგონება, მათი ვალი გაქვს…

– თქვენ ძლიერი გამოდექით. ვინ იცის, რამდენს ჩაუკლეს ეს ნიჭი!

– დიახ, კონკურსები არის იმისთვის, რომ ადამიანების შესაძლებლობები აღმოაჩინონ. შეიძლება ნიჭი გქონდეს, მაგრამ მას განვითარება სჭირდება, რისი შანსიც ჩემმა ქვეყანამ არ მომცა, სამაგიეროდ, მომცა უკრაინამ, თურქეთმა და ა.შ.

აქ თუ ვიღაცას არ აქვს დარეკილი “ზემოდან” და ჩვეულებრივი კონკურსანტი ხარ, რაც გინდა, იმასაც კი არ გამღერებენ. რაღაც სხვა სიმღერას გაძლევენ იმისთვის, რომ ვიდეო გამოუვიდეთ ისეთი, სადაც დაგცინებენ. სხვაგან, ყველგან, სადაც გავედი, მკითხეს, რას ვიმღერებდი და მართლაც ის მამღერეს. მარინა ბერიძემ კი მითხრა, შვილი ხომ გყავს, წადი, შვილი გაზარდეო. ერთი კი არა, ორი შვილიც გავზარდე, მაგრამ… შეცდომა ყველას მოსდის და რადგან აღიარა…

გამომიგზავნეს მარინა ბერიძის კომენტარი, სადაც დაუწერია, ნიჭი ვერ დაიბლოკება და თათია კობალაძემ ეს დაამტკიცა, რაც შეეხება ეკა კვალიაშვილს, 20 წელია, ფეხზე ვერ დადგაო. არ ვიცი, მათ შორის რა სახის კონფლიქტი მოხდა, მაგრამ კვალიაშვილზე წერდა…

მარინა ბერიძემ მითხრა, მე ბევრი წლის ვარ, ბევრი კარგი საქმეც მიკეთებიაო. ნამდვილად ასეა და მიხარია, რომ მიხვდა, რაღაცები ისე არ უნდა გაეკეთებინა, როგორც გააკეთა.

– დაგირეკათ?

– არა, მომწერა, უფრო სწორად, მე მივწერე 8 მარტს, გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ და მაინტერესებს, რატომ მომექეცით ასე, ხომ კარგად იცოდით, სიმღერა რომ შემიცვალეთ-მეთქი. მან კი მომწერა, რომ თურმე მე ძალიან ძლიერი ვყოფილვარ.