“არაფერს ვნანობ, ჩემი ყველა შეცდომა მიყვარს”

107

გურამ შეროზიას „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის გურამ შეროზია?

გურამ შეროზია: მებრძოლი ადამიანი, რომელიც ვერასდროს ჩერდება. რომელსაც მუდმივად სჭირდება სიახლე, გამოწვევა, მიღწევა. თუ ყველაფერი იდეალურად მიდის, ვიწყენ. მუდმივად ძიებისა და მოპოვების რეჟიმში ვარ.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრება ძალიან ახლოს არის იმ ცხოვრებასთან, რომელიც ახლა მაქვს. მინდა, რომ მხოლოდ იმ საქმეებს ვაკეთებდე, რომელიც მაბედნიერებს და მამოტივირებს და ასეთია დღეს ჩემი რეალობა: ვკითხულობ ლექციებს, ვმუშაობ სხვადასხვა კომპანიების მარკეტინგზე, მაქვს სარეკლამო დაკვეთები, რომელიც ისევ და ისევ მარკეტინგისა და პიარის ნაწილია, მაქვს ჩემი ტურისტული სააგენტო და აკადემია. ნულია ჩემი სამუშაო დატვირთვის ისეთი ნაწილი, რომელსაც იძულებით, ფულის გამო ან სხვა მიზეზით ვაკეთებ.

გარდა ამისა, სრულიად თავისუფალი ვარ საზოგადოებრივი აზრისგან და ჩემი ინტერესების მსხვერპლშეწირვა არ მიწევს. შეიძლება, ამ მხრივ ბოლომდე არ მივსულვარ, მაგრამ პროცესში ვარ.

ძალიან მინდა, მქონდეს ბევრი პასიური შემოსავალი, ანუ არ მიწევდეს ძალიან ბევრი შრომა და ჩემი დროის ნახევარი ხმარდებოდეს მოპოვებული თანხის გამოყენებას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ბედნიერებისთვის.

– ოდესმე გიკეთებია საქმე, რომელიც გძულდა?

– ძალიან კარგად მაქვს ჩამოყალიბებული საკუთარი თავის მართვის ფსიქოლოგია. არცერთი სამსახური არ მძულდა. იყო სამსახურები, სადაც დილის ცხრიდან საღამოს 7 საათამდე ვიყავი და ვთვლიდი, რომ ძალიან დიდ დროს ვკარგავდი ოთხ კედელს შუა, მაგრამ ამასაც თავის მოტივაცია ჰქონდა, მაგალითად, ფული, მაგალითად, განვითარება და გამოცდილება. რა თქმა უნდა, როცა ფლაერებს ვარიგებდი ან 16 წლის ასაკში მუშად ვმუშაობდი, ეს სიამოვნებას არ მანიჭებდა, მაგრამ ბედნიერების მიზეზებს ყველაფერში ვპოულობდი.

– გულჩვილი ადამიანი ხარ?

– კიც და არაც. როცა საქმე პრობლემას ეხება, მაგალითად, თუ რამე ფუჭდება ან რაღაც ცუდი ხდება, ასეთ დროს არც გულჩვილი ვარ და არც ემოციური, ვფიქრობ, რომ ნერვიულობით უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლი. პირიქით, ასეთ საკითხებს ცივი გონებით უნდა მიუდგე, რომ დანაკარგები მინიმუმამდე შეამცირო. თუმცა ადამიანების მიმართ ძალიან ემპათიური ვარ, მეცოდებიან. ყველაზე მეტად „ჰეითერები“ მეცოდებიან. როცა ადამიანს აგრესიის ფრქვევის სურვილი აქვს და მისი დილა ვიღაცის ლანძღვითა და სხვაზე ბოღმის ამონთხევით იწყება, ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. ნაცვლად გაბრაზებისა, ასეთები მეცოდებიან. ფილმებზე ვტირი, მიყვარდება ადამიანები, ადგილები და კი, გულჩვილი ვარ, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ ამან დამაზარალოს.

– რას გააკეთებდი, ლატარიაში რომ მილიონები მოიგო?

– პირველ რიგში, ბიზნესში დავაბანდებდი და გავამრავლებდი. ჩემი ტვინი, პირველ რიგში, კომერციულად მუშაობს. კიდევ უფრო გავზრდიდი ქველმოქმედების მასშტაბებს. დავეხმარებოდი ადამიანებს, მაგრამ არა ფულით. ავაშენებდი ძალიან კომფორტულ ბავშვთა სახლს ან მოხუცთა თავშესაფარს, სადაც სიბერეში მე თვითონ გადავიდოდი საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მოვახმარდი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ჩავატარებდი ორიგინალურ ღონისძიებებს. მაგალითად, ჩემს ოც მეგობარს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები მოახდინა, ლაქშერულ მოგზაურობაში დავპატიჟებდი.

– გინდა, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო?

– რატომაც არა, მაგრამ ამას იმხელა რესურსი სჭირდება, რომ მეზარება და კმაყოფილი ვარ იმით, რაც ამწუთას მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ამ კუთხით ბევრს ვფიქრობ და „ვჩალიჩობ“.

– შენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნია, რასაც ნანობ?

– არაფერს ვნანობ, ყველა შეცდომა მიყვარს, იმიტომ, რომ რაღაც მასწავლა. ადამიანს თუ ტვინი აქვს, ყველაფერს სასიკეთოდ გამოიყენებს. უფრო ადამიანებთან მიმართებაში დავუშვი შეცდომები. ძალიან მიმნდობი ვარ და ყველა ისეთი მგონია, როგორიც თვითონ ვარ. მე არავის ცუდს არ ვუკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დავზარალდე, მაინც სიმართლის მხარეს ვიდგები. მგონია, რომ ყველა ასეთია. ამის უაზროდ და სულელურად მჯერა. შესაბამისად, ხშირად გავბრიყვებულვარ და ჩემი ნდობა ბოროტად გამოუყენებიათ. თუმცა, უკვე ჭკუა ვისწავლე და ადამიანებს ახლა ცოტა ნაკლებად ვენდობი.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადახდენია.

– არ მახსოვს. ჩემს მეხსიერებას ძალიან კარგი თვისება აქვს – რაც კი ცუდი ხდება, მაშინვე ყველაფერს ბლოკავს და ივიწყებს. ახლა ჩემი განვლილი ცხოვრება რომ გავიხსენო, მეგონება, რომ ყველაფერი იდეალურად იყო და მხოლოდ კარგი ამბები ხდებოდა, იმიტომ რომ ცუდი ყველაფერი ავტომატურად დაიბლოკა. ძალით თუ არ ჩავუკირკიტებ, ცუდი არაფერი გამახსენდება.

– ოდესმე რამე მოგიპარავს?

– კი, მე ზოგადად „ჩელენჯერი“ ვარ, მინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოვცადო, მათ შორის მოპარვაც. მაგალითად, მაგნიტები მომიპარავს საზღვარგარეთ პატარა მაღაზიიდან, მოპარვის განცდა რომ გამომეცადა. ერთხელ ქუდი შემომეპარა შემთხვევით. თავზე მეფარა და რადგან გამშვებ პუნქტზე მაღალი ვარ, უპრობლემოდ გამოვედი მაღაზიიდან. ნახევარი საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ქუდი მოვიპარე, მაგრამ ამაზე არ მიდარდია, მშვიდად გავაგრძელე გზა (იცინის).

– პაემანაზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?

– კი, ინდოეთში. ტინდერზე ვნახე გოგო კონკრეტული ფოტოებით და პაემანზე მის ნაცვლად საერთოდ სხვა ადამიანი მოვიდა. ვეკითხები, შენ ვინ ხარ-მეთქი. მიხსნის, მე ის ვარ, მაგრამ აქ ცუდი სახელი აქვთ გოგოებს, რომელიც ასე ხვდებიან ბიჭებს, ამიტომ ჩემს ფოტოებს ვმალავ და სხვისი გამოგიგზავნე, თუ მოგწონვარ, მოგწონვარ, აქ ვარო. ძალიან გავბრაზდი. მე დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე (იცინის). პაემანი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. ფაქტობრივად, „მაბოლებდა“. როგორია, ვიღაც ატეხილი კაცი ვგონივარ, რომელიც ნებისმიერ გოგოზე თანახმაა. ვიზუალურად მართლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე იმ ფოტოებზე აღბეჭდილი გოგო, მაგრამ მე იმასთან მქონდა პაემანი, ამიტომაც გავბრაზდი და უკან მივაბრძანე.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– ვინმე თუ ისეთ რამეს დააშავებს, რომ ურთიერთობაში წითელ ხაზებს გადაკვეთს, მერე სულ რომ ერთი წელი მდიოს და დანაშაულის გამოსყიდვას შეეცადოს, აზრი აღარაფერს აქვს. ადამიანის ნდობა თუ დავკარგე, ძალიან შეუვალი ვხდები, სულ რომ ათწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებდეს და ვგიჟდებოდეთ ერთმანეთზე, მაინც არ ვაპატიებ. თუ ძალიან ჩაიჭრა, ადამიანს მეორე შანსს აღარ ვაძლევ.

– რომ გაიგო, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, სიმართლეს ეტყოდი?

– ვეტყოდი აუცილებლად, იმიტომ, რომ ღალატს არავინ იმსახურებს და ყველა ბოზანდარა მაშინვე უნდა გამოაშკარავდეს (იცინის). ბუნებრივია, ორივე სქესს ვგულისხმობ. ჩემს მეგობარს რომ გაეგო ასეთი რამ ჩემზე და დაემალა, მასთან საერთოდ გავწყვეტდი ურთიერთობას. მეგობარი იმისთვისაა, რომ თვალი ამიხილოს.

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– ტანზანიაში მოგზაურობისას. აღმოჩნდა, რომ მალარიის ქვეყანაა და კი ვიღებდი მედიკამენტს, რომელიც მისგან დამიცავდა, მაგრამ ბოლო დღეს რომ სიცხე მომცა, ჩავთვალე, რომ ვსო, ყველაფერი მორჩა, მალარია მაქვს (იცინის). ჩემი ძირითადი შიში და პანიკები ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. სიცხეს რომ მაძლევს უკვე ანდერძს ვწერ. მგონი, კაცები, ძირითადად, ასე ვართ.

– რით ამაყობ ყველაზე მეტად?

– ჩემი შედეგებით, იმით, რომ როგორი არარეალური მიზანიც არ უნდა დავისახო, რეალურს და მიღწევადს ვხდი.