“ბრეჟნევი შებარბაცდა, მე ხელი შევაშველე, მან კი წამჩურჩულა: “ისევ ულვაშა?!” – რას ყვება ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე

146

,,ვამაყობ, რომ ვიყავი თბილისის ,,დინამოს” კაპიტანი იმ ლეგენდარული მატჩის დროს და ჩვენი გუნდის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში”, – ამბობს ,,სარკესთან” 1981 წლის 13 მაისის მატჩის ერთ-ერთი გმირი ალექსანდრე ჩივაძე.

ბატონი ალექსანდრე იგონებს:

-გერმანიაში გამგზავრებამდე შეგვხვდა ბატონი ედუარდ შევარდნაძე და შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, გურამ გვეტაძე. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ბატონი შოთა გორგოძე. ედუარდმა შოთას უთხრა, იცოდე, ბიჭები თუ წააგებენ, ჯობია, არ დაბრუნდე თბილისში, გერმანიაში დარჩიო. დათო ყიფიანმა – თუ მოვიგეთო? ბატონმა ედუარდმა გაიღიმა და აღარაფერი უთქვამს.

დელეგაციაში დაახლოებით 60 ქართველი იყო, თუმცა სტადიონზე ძალიან ბევრი შეიკრიბა. იქ იყვნენ ძველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები, ასევე გასტროლებზე იმყოფებოდა ქართული ცეკვების ანსამბლი, რომელიც მთელი შემადგენლობით მოვიდა. ყველანი ერთ ტრიბუნაზე შეიკრიბნენ და იქიდან გვამხნევებდნენ. გამარჯვება კი ქართული დოლ-გარმონით აღნიშნეს, რომლებიც ანსამბლის მუსიკოსებს წამოეღოთ.

– ალბათ ოჯახის წევრებიც დაგხვდნენ აეროპორტში.

– თქვენ წარმოიდგინეთ – არა, სახლში მივაღწიე, ჩვენებს ვუსაყვედურე, ყველას დახვდნენ, თქვენ სად იყავით-მეთქი. დედამ მითხრა, ჩვენც წამოვედით, შვილო, მაგრამ გზაში ისეთი ამბავი იყო, მილიცია და ავტოინსპექცია მანქანებს აღარ ატარებდა. მამაშენი, ხომ იცი, როგორი მორიდებულია, არ შეეწინააღმდეგა, მე კი ვუთხარი, ჩივაძის დედა ვარ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს – ამ ჩივაძეს რამდენი დედა ჰყავსო. ასე რომ, დავბრუნდით სახლშიო.

– თქვენ არა მარტო თბილისის ,,დინამოს” კაპიტანი, არამედ საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანიც იყავით. როგორ მოხდა თქვენი არჩევა?

-კაპიტნის კანდიდატურას ყოველთვის მწვრთნელები არჩევდნენ. ერთ შემთხვევას მოგიყვებით. მოსკოვში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მატჩზე გვითხრეს, რომ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი, ბრეჟნევი, დაესწრებოდა. ჩვენც ძალიან მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ. ჩემთან მოვიდა ბრეჟნევის თანაშემწე, ჩამეხუტა და მითხრა, შენი გულშემატკივარი ვარო.

შევატყვე, რომ ნასვამი იყო. მერე გაეცინა და ასეთი რამ მომიყვა: მატჩამდე 3 საათით ადრე მოვედით, ამიტომ ბრეჟნევმა მოინდომა, ცოტაოდენი სასმელი დაელია, უარს ვინ გაუბედავდა და ყველამ კონიაკი მივირთვით. გამარჯვების ჰიმნი რომ დაუკრეს, ყველანი ფეხზე წამოვდექით, ბრეჟნევი შებარბაცდა, მე უკნიდან დავუდექი, ხელი შევაშველე, მან კი წამჩურჩულა: “ვინ არის ახლა გუნდის კაპიტანი?”. “ალექსანდრე ჩივაძე”, – ვუპასუხე. გაიცინა და ხმამაღლა თქვა: ,,ოპიაც უსატი?” (“ისევ ულვაშა?”).