“ბაბუამ თავისი სახელი დატოვა, მე ჩემი უნდა დავტოვო”

190

ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ვიზუალის მქონე მომღერალი ლიზი დარასელია შოუში – „გვაჩვენე შენი ხმა“, გამოჩნდა და მაყურებლის მონუსხვა მაშინვე შეძლო. ლიზის ბიოგრაფია განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილია.

ლიზი დარასელია: ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2-ზე“, შოუში – „გვაჩვენე შენი ხმა“ მივიღე მონაწილეობა. როგორც იცით, ამ პროექტის მონაწილე გახლდათ პაატა გულიაშვილი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ჩემით და გადაცემა რომ დასრულდა, მაშინვე დამირეკეს და მითხრეს, პაატასაც და მთელ „რუსთავი 2-ს“ ძალიან მოეწონე და თუ გაქვს სურვილი, რომ პაატა გულიაშვილის გადაცემაში მოხვიდე ბენდთან ერთადო. დავფიქრდი, რადგან როცა ბენდს ეხება საქმე, ბუნებრივია, რომ ყველას აზრი მაინტერესებს. მათ დაველაპარაკე და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი ბენდისთვისაც კარგი იქნებოდა და ამ შოუსთვისაც. ასე აღმოვჩნდით ახლა უკვე პაატას და ნიკას შოუში.

– მიუხედავად იმისა, რომ შოუში – „გვაჩვენე შენი ხმა“, შენი გამოჩენა ძალიან ხანგრძლივი არ ყოფილა, მაყურებელს არაჩვეულებრივად დაამახსოვრე თავი და მათგან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც დაიმსახურე. თვითონ როგორ გრძნობ ამას?

– კი, გეთანხმები. პირველად რომ გამოვედი, მაყურებლისგან საოცარი პოზიტივი ვიგრძენი. ყველა კარგ კომენტარებს მიწერდა. ბოლოს, თიკა ფაცაციამ რომ თქვა, ვიტალი დარასელიას შვილიშვილიაო, ამანაც დიდი გავლენა მოახდინა. ბაბუაჩემმა ისეთი სახელი დატოვა, რომ ამას ვერაფერი შეცვლის. თუმცა, მთელი ცხოვრება ჩემი მიზანია, მე მე ვიყო. საერთოდ, ბავშვობიდან ასეთი ვარ – მიზანს რომ დავისახავ, მას აუცილებლად მივაღწევ. დედაჩემის დამსახურებაა ის, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ, თუმცა, ჩემით მივაღწიე იმას, რომ დღეს მაქვს ბენდი, აქტიურად ვარ ჩართული ივენთებზე, ვმონაწილეობ კორპორაციულ საღამოებში და ასე შემდეგ. არასდროს არავის დახმარება არ გამომიყენებია.

– ბავშვობიდანვე გინდოდა, რომ მხოლოდ ვიტალი დარასელიას შვილიშვილი კი არა, ლიზი ყოფილიყავი საკუთარი მიღწევებით?

– რა თქმა უნდა. ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბაბუის შვილიშვილი ხარო – ამით ყოველთვის ვამაყობდი და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. თუმცა, ბაბუამ თავის სახელი დატოვა, მე ჩემი უნდა დავტოვო. მე მყავს ძმა, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს ბაბუაჩვენის კარიერას. მასაც ვიტალი ჰქვია, მამასაც ვიტალი ჰქვია ცნობილი ისტორიის გამო, ბაბუას მიერ გატანილ გოლთან დაკავშირებით. ჩემი ძმაც, ალბათ, ვიტალის დაარქმევს თავის შვილს. ბაბუამ ისეთი სახელი დატოვა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციად იქცა. მეც არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვა. თუმცა, ჩემი ძმა აგრძელებს ბაბუაჩემის გზას და ყველას გვაქვს მისი იმედი. დარწმუნებული ვარ, საქართველო მისით ძალიან იამაყებს.

– რას ნიშნავს შენთვის ასეთი ბაბუის შვილიშვილობა?

– პირველ რიგში, საკუთარ თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. ისეთი ოჯახიდან მოვდივარ, რომ საკუთარ თავს პატარა შეცდომასაც არ ვაპატიებ. ყველა ნაბიჯი გათვლილი მაქვს, რადგან ჩემ უკან ჩემი ოჯახი დგას. ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი ოჯახი და საკუთარი თავია, ყველა და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ მოდის.

– რომ იგებენ, ვინ ხარ, როგორი რეაქციები აქვთ ხოლმე?

– სხვათა შორის, არასდროს მითქვამს ასეთი რამ: გამარჯობა, მე ვარ ლიზი დარასელია, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი. მაქსიმუმ, ჩემმა სამეგობრომ თქვას ვინმესთან – იცით, ეს ვინ არის?! რომ იგებენ, ყველა სიყვარულს გამოხატავს და საოცარ ისტორიებს მიყვებიან.

– თქვენს ოჯახში რა ისტორიებს ჰყვებიან ბაბუაზე?

– ძალიან ბევრი ისტორიაა. სამწუხაროდ, მამაჩემი ძალიან პატარა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. ბაბუა ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. მამა იხსენებს ხოლმე, რომ ყველგან დაჰყვებოდა და დადებითის მეტი მასზე არაფერი მომისმენიაო. მეც 21 წლის ვარ და ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია, რომელიც ბაბუაზე ცუდს იტყოდა. აბსოლუტურად ყველა კარგს ამბობს.

– ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა…

– დიახ. ყველა ამბობს, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა. მაშინ მამაც პატარა იყო და მამიდაც. მთელი ოჯახისთვის უმძიმესი ტრაგედია ყოფილა, რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. თუმცა, ეს მარტო ჩვენი ოჯახისთვის არ ყოფილა ტრაგედია. თან, ბაბუა ძალიან ცუდად გარდაიცვალა, ასე არ უნდა მომხდარიყო. 13 რიცხვი ძალიან ჰყვარებია და სამწუხაროდ, ზუსტად 13-ში გარდაიცვალა.

– სიმღერის ნიჭით ვის ჰგავხარ?

– როგორც ვიცი, ბებია მღეროდა, თვითონაც მეუბნება ხოლმე, რომ კარგი ხმა ჰქონდა და ალბათ, მას ვგავარ, მაგრამ მომღერალი ოჯახში არავინ გვყოლია. დედამ მითხრა, რომ პატარას „ბასტი-ბუბუს“ დისკი მიყიდეს თავის მიკროფონით და დინამიკებით. მგონი, 4-5 წლის ვიყავი, „თუ, თუ, თუს“ სიმღერისას დედას უთქვამს, მგონი, ამ ბავშვს ხმა აქვსო. ამ სიმღერამ გადაწყვიტა ლიზა დარასელიას სიმღერა (იცინის).

თუმცა, აღვნიშნავ, რომ თვითნასწავლი ვარ. ჩემი აზრით, განვითარება ჯერ კიდევ მჭირდება. ეს მომღერლისთვის მუდმივად საჭიროა. ბოლოს ლალიკო ბერაძესთან დავდიოდი და მან ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩემში. სულ მეუბნებოდა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევო. ეს მხოლოდ დასაწყისია, მთელ საქართველოს ვპირდები, რომ წინ ბევრი წარმატება იქნება, მინდა, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მნიშვნელოვან მიზნებს მივაღწიო. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ.

– კონკურსებში მონაწილეობის სურვილი არ გქონია?

– კი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ. ამასთან ერთად ბენდი მაქვს და დრო საერთოდ აღარ მრჩება. ახლა ტელევიზიაც დაგვემატა და მხოლოდ ერთი დღე მაქვს დასვენებისა და გამოძინებისთვის (იცინის). სწავლა, მუშაობა, ბენდი – ყველაფერი ერთად ჩემს ასაკში ცოტა რთულია, მაგრამ ბებია მეუბნება ხოლმე, ახლა უნდა იშრომო, რომ მერე დაისვენოო და მეც ვეთანხმები (იცინის).

– პროფესიად ფსიქოლოგია როგორ აირჩიე?

– თავიდან სამედიცინოზე ჩაბარებას ვფიქრობდი. ჩემი დაც სამედიცინოზე სწავლობს და ალბათ, ამიტომ. მეათე კლასში ვიყავი, როცა ჩვენს კლასში ერთი გოგო გადმოვიდა. ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა, ძალიან ჩაკეტილი იყო. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მომწონდა, მინდოდა, მათთან მესაუბრა, მათი გახსნა მომეხერხებინა. ერთხელ ეს გოგო ტიროდა, მივედი და საუბარი დავუწყე. გოგო, რომელიც საერთოდ ხმას არ იღებდა, ჩემთან ურთიერთობაში საოცრად კომუნიკაბელური გახდა. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, მაგრამ მაშინ კარგად მივხვდი, რომ ჩემში იყო ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. თუმცა, ფსიქოლოგიამ საკუთარი თავის გამოც დამაინტერესა. საერთოდ, მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. მიმაჩნია, რომ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის კონტროლი ძალიან საჭირო თვისებებია, თუმცა, რთულად მისაღწევი. სიმშვიდის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ფსიქოლოგია ძალიან გეხმარება. მოკლედ, ამ მიზეზით და იმ გოგოს დიდი დამსახურებით ჩავაბარე ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე.

– ბენდი როგორ შექმენი?

– იტალიაში ვისვენებდი. ვიდეო დავდე და ჩემი ახლანდელი ბენდის ერთ-ერთი წევრი გამომეხმაურა. მითხრა, ძალიან მოგვეწონა შენი სიმღერა და თუ სურვილი გექნება, ჩვენი სოლისტი გახდიო. შევხვდით, გავისაუბრეთ და მათი ბენდის ნაწილი გავხდი. მერე რაღაც ცვლილებები მოხდა და ახლა ვართ მე და ბიჭები. ძალიან კარგია, რომ ამ შემადგენლობით დავრჩით. ჩვენს ბენდს ReActive ჰქვია. ძალიან აქტიურები ვართ.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხარ?

– შეყვარებული არ მყავს და ჯერჯერობით არც მეყოლება. კარიერაზე ვარ კონცენტრირებული და სხვა რამისთვის დრო არ მაქვს. თაყვანისმცემლებს რა დალევს, მაგრამ ჩემი პასუხი იციან.