როგორი მამაა ბუდუ ზივზივაძე მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა

177

გამარჯვება, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მთელ ქვეყანას უდიდესი ზეიმის მიზეზი მისცა, ალბათ, დაუვიწყარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ბევრი ადამიანის შრომის შდეგია, თუმცა, ამ დღეს განსაკუთრებული გმირები ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი ბუდუ ზივზივაძეა. ბუდუს ცხოვრების შესახებ მისი მამა – ბატონი კახა გვესაუბრა.

კახა ზივზივაძე: პირველ რიგში, ეს გუნდის გამარჯვებაა, თითოეული ფეხბურთელის. მათ სამწვრთნელო შტაბთან, ექიმებთან, საერთოდ – მთელ ფედერაციასთან და საქართველოსთან ერთად შეძლეს ამ გამარჯვების მიღწევა. მთელმა ქვეყანამ ისეთი მუხტი მისცა ბიჭებს, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო – ერი გამარჯვებას ელოდა. ეს უდიდესი სიხარულია და მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერი ვართ იმის გამო, რომ ჩვენმა შვილმა ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, როგორც ერთ-ერთმა მებრძოლმა.

– საბერძნეთთან თამაშის ყურება თქვენმა ოჯახმა ბოლომდე შეძლო?

– მე ვუყურე. მეუღლე პენალტების დროს მოედნიდან გავიდა და ლოცულობდა. ძალიან ინერვიულა. მერე ამბობდა, ხალხი რომ გამორბოდა გახარებული, მაშინ მივხვდი, რომ მოვიგეთო. ღვთის წყალობით და ბევრი შრომით გავიმარჯვეთ. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სანიოლს, ზურა ხიზანიშვილს, მწვრთნელებს, ფედერაციას, ყველას, ვინც ამ შედეგისთვის ძალიან ბევრი იშრომა და მადლობა ჩვენს მთავრობას იმისთვის, რომ უზარმაზარი ჯილდო გადასცეს ბიჭებს, რასაც ღირსების ორდენი ჰქვია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს შვილს ასეთი ჯილდო ერგებოდა და უღრმესი მადლობა ქვეყნის მეთაურს. უდიდესი მადლობა მთელ საქართველოს, საოცარ გულშემატკივარს, ადამიანებს, რომლებიც მოედანზე თუ ეკრანებთან ისხდნენ და საკუთარ ძალას აგრძნობინებდნენ ფეხბურთელებს. წარმოვიდგინე, რომ ამ ბიჭებს 4 მილიონი ადამიანის დადებითი აურა გადაეცა და მათაც დაუფასეს გულშემატკივრებს ეს განწყობა.

– ვისი დამსახურებაა ბუდუს ასეთი წარმატებები?

– ეს ყველაფერი ბუდუს დედის, ჩემი მეუღლის დამსახურებაა, ქალბატონი რუსუდან გეგეშიძის. თავის დროზე მან თქვა, შვილებს უნდა მივხედოო და მთელი ცხოვრება მათ მიუძღვნა. მათთვის დადო თავი, ყველაფერს აკეთებდა შვილების წარმატებისთვის. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე ეს ადამიანი შემხვდა და მას შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები მოვდივართ.

– როგორია თქვენი ოჯახის ისტორია და როგორ ცდილობდით ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში შვილებისთვის წარმატებული მომავლის შექმნას?

– ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ერთი წლის შემდეგ გამიწვიეს ჯარში და იქიდან 1987 წელს დავბრუნდი. მომავალი მეუღლე იმ ჯგუფში გავიცანი, რომელშიც დაბრუნების შემდეგ მოვხვდი. ერთად ვსწავლობდით. ოთხი წელი ვიყავით შეყვარებულები და 1991 წელს შევუღლდით. ერთ წელიწადში გოგონა გაგვიჩნდა, 1994 წელს კი ბუდუ დაიბადა. ძალიან რთული წლები იყო და ჭირდა თავის გატანა, მაგრამ კარგი სამეგობრო მყავდა და მათი დახმარებით შევძელით. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ერთ-ერთი მეგობრის სიმამრმა – რამაზ პაიჭაძემ (ბორის პაიჭაძის შვილი) თავისთან, სამშენებლო კომპანიაში დამაწყებინა მუშაობა. 18 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ჯარში ვმსახურობდი, როცა მამა გარდამეცვალა და რომ ჩამოვედი, ერთ-ერთი მეგობრის მამამ, ქუთაისის კოლორიტმა გიორგი (ჟორა) ბერეკაშვილმა მამობრივი მზრუნველობით ამომიყენა გვერდით. ასე გავიტანეთ 90-იანი წლები. მე ვმუშაობდი, ბუდუს კი ვარჯიშებზე ჩემი მეუღლე დაჰყვებოდა. მაშინ სად იყო გათბობა ან რამე პირობა. ზოგჯერ ჩემს მეუღლეს თავის ხელით მიჰქონდა შეშა, რომ ნარბენ და გაოფლიანებულ ბავშვებს სითბოში გამოეცვალათ ტანსაცმელი.

– ბუდუ ბაბუის სახელს ატარებს…

– ასეა. მამა 52 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ვიფიქრე, რომ მის არსებობას დავიწყებას არ მივცემდი, თუ მის სახელს ჩემს შვილს დავარქმევდი. მეუღლეც არ ყოფილა წინააღმდეგი და ასე დავარქვით შვილს ბუდუ. საბედნიეროდ, კარგი მამა მყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველამ რომ დახმარების ხელი გამომიწოდა, ეს სწორედ მამაჩემის დამსახურება იყო. მას ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ.

– ფეხბურთი – ეს ისტორია როგორ დაიწყო?

– ბუდუ ოთხი წლის იყო, როდესაც ჭადრაკზე მივიყვანეთ. სხვათა შორის, ძალიან კარგი მიღწევები ჰქონდა, თუმცა, პარალელურად, ეზოში სულ ფეხბურთს თამაშობდა. ჩემს შვილი არა, უფრო ბიჭები, რომლებიც ფეხბურთზე დადიოდნენ, სულ მეუბნებოდნენ, კახა ბიძია, რატომ არ შეგყავთ ბუდუ ფეხბურთზეო?! ისინი ჩემზე უკეთ ხედავდნენ მის თამაშს, რადგან მე ამ დროს სამსახურში ვიყავი ხოლმე. ერთხელაც, მისი თამაშის სანახავად მივედი და მომეწონა, როგორც მოძრაობდა. გადავწყვიტეთ, ფეხბურთზე მიგვეყვანა. ბუდუს პირველი მწვრთნელი და მასწავლებელი, არამხოლოდ ფეხბურთის, ადამიანობისაც, მამუკა ხუნდაძე იყო. 7 წლის იყო, მასთან რომ მივიყვანეთ. კარგად დაიწყო. მალევე, ერთ-ერთი თამაშის დროს, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ბომბარდირიც გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც.

ბუდუ 14 წლის იყო, როცა 35-ე სკოლის წარმომადგენელმა, გოჩა ავსაჯანიშვილმა შეამჩნია. ჩამოვედით თბილისში, ითამაშეს და ხუთ წუთში სამი გოლი გაიტანა. ეს თამაში წავაგეთ, მაგრამ მას ტრენერები ესწრებოდნენ, ბავშვებს არჩევდნენ და ძალიან ბევრი სპორტული სკოლის წარმომადგენელმა გამოთქვა დაინტერესება ბუდუს მიმართ. მაშინ აჩი არველაძე იყო 35-ე სკოლის დირექტორი, გოჩა ავსაჯანიშვილიც იქ მუშაობდა და არჩევანი მასზე შევაჩერეთ.

35-ე სკოლაში არაჩვეულებრივ ტრენერს, თემურ ლორთქიფანიძეს ჩააბარეს, მან ბუდუ გარდაქმნა, მნიშვნელოვანი მიზნები დაუსახა. ძალიან გაუმართლა, რომ ეს ადამიანი შეხვდა. ეუბნებოდა, არ ინერვიულო იმაზე, რომელ გუნდში მოხვდები, მთავარია, ნაკრების კარი გაგიღონ, ამისთვის ბევრი უნდა იშრომოო.

17 წლის ასაკში „დინამო თბილისში“ მიგვიწვიეს. ბომბარდირი გახდა. 18 წლის ასაკში კონტაქტი გაუფორმეს. ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ ფაქტობრივად სამი წელი სკამზე გაატარა, დაიკარგა ეს დრო, რაც ძალიან სამწუხარო იყო. შემდეგ არაერთი კლუბი გამოვიარეთ. იყო წარმატებებიც და სირთულეებიც.

გია ცეცაძე, კახა ჩხეტიანი, გოგა გახოკიძე და ლაშა ოდიკაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ბუდუს განვითარებაში.

„კალსრუემდე“ და დღევანდელ დღემდე საკმაოდ რთული გზით მოვიდა. ჩავარდნებიც იყო. ბატონი გია ცეცაძე და თემურ ლორთქიფანიძე რომ არა, შეიძლებოდა, ამ შედეგამდე ვერც მოვსულიყავით. ჩვენც სულ გვერდით ვედექით და თვითონაც მებრძოლი სული აქვს. მისი სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში უწერია – „გწამდეს, რომ მიაღწევ“, ამის დადასტურებაა.

– ისევე, როგორც კადრი, რომელშიც წაქცეული, თავით ცდილობს თამაშს.

– ეს კადრი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. რომ ვნახე, ძველი ქართველების, დაჭრილი ბიჭების ბრძოლა წარმომიდგა თვალწინ. დაჭრილები რომ მაინც ხმალს იქნევდნენ. მათ ხმალი ეჭირათ ხელში, ამათ ბურთი, ფაქტობრივად, გათანამედროვებული გლადიატორები არიან.

– თამაშს რომ თავი დავანებოთ, მოედანზე საოცარ სანახაობას ქმნის, ის ვიდეოც ბევრმა ნახა, ბიჭები ავტობუსიდან რომ ჩამოდიან, სიარული უჭირთ დაღლილობისგან და ბუდუ ცეკვით მოდის, თუნდაც, მისი ცეკვა რესპუბლიკის მოედანზე, მისი გულიანი სიტყვები გერმანიაში მასპინძლობის შესახებ, რომელსაც მერე თქვენც გამოეხმაურეთ, „ფეხზე დგომით მეტი დავეტევითო“. საერთო ჯამში, როგორი ხასიათის ბიჭია?

– გაღიმებული და გულიანი ადამიანია. არავისთვის არაფერს დაიშურებს. უყვარს მეგობარი, მეზობელი, სკოლის ამხანაგი, სიყვარულის გარდა, არაფერი შეუძლია. სიტყვები „ჩემთან დარჩითო“, ხუმრობას ჰგავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მთელი გულით თქვა. ოჯახისა და მეგობრების სანახავად გამორბის ხოლმე ქუთაისში. აქ მეორე სკოლაში სწავლობდა. სხვათა შორის, კარგი მოსწავლე იყო. ფეხბურთში პირველი პრიზი რომ აიღო და სახლში მოვედით, მეზობლები დავპატიჟე აღსანიშნავად, ბიჭი ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მისი სადღეგრძელო რომ ვთქვით, მეგონა, ეზოში იქნებოდა გაქცეული მეგობრებთან, მაგრამ მეუღლემ მითხრა, ოთახში ზის და მეცადინეობსო. მართლა გავგიჟდი, მე მის ადგილას მაშინვე ეზოში გავიქცეოდი (იცინის). მისთვის არასდროს გვითქვამს, შვილო, დაჯექი და იმეცადინეო. ძალიან კარგად სწავლობდა. თუმცა, როცა არჩევანი ფეხბურთზე გაკეთდა, წიგნისთვის ნაკლები დრო რჩებოდა. სკოლა რომ დაამთავრა, ჩემმა დამ, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია, ურჩია, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულიყო. მე წინააღმდეგი ვიყავი, ბოლო პერიოდში, ფეხბურთზე აქვს აქცენტი, სწავლისთვის ვეღარ იცლის და რა აზრი აქვს ტყუილად გასვლას-მეთქი. ერთი თვე ამეცადინა ჩემმა ქალიშვილმა და ბუდუ სტუდენტი გახდა. ეს შედეგი რომ გავიგეთ, გულწრფელად გითხრათ, მართლა შოკში ჩავვარდით.

– როგორი შვილია, როგორი მეუღლე და როგორი მამაა?

– ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, დღე არ გავა, რომ არ დაგვეკონტაქტოს. ძალიან თბილი ადამიანია, სულ ცდილობს, საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოს. გვეუბნება ხოლმე, თქვენ რომ არ გადაგეწყვიტათ, ჩემი ცხოვრება ამ მიმართულებით წასულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდაო და ამას ძალიან აფასებს. ალბათ, ნახეთ ვიდეო, გამარჯვების შესახებ რომ ამბობს, ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე გავგიჟდი.

ჩვენი რძალიც ქუთაისელია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ქალიშვილი შაი. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ, მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა. გაგიჟებული მამაა. აქ რომ ჩამოდიან, ბუდუს მალე უწევს უკან წასვლა და თუ მეუღლესა და ბავშვს ცოტა დააგვიანდათ გერმანიაში გადაფრენა, თითებზე ითვლის დღეებს. ძალიან აფასებს ცოლ-შვილს და უზომოდ ყურადღებიანია. მე და ჩემი მეუღლე რომ ვუყურებთ, სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ.

– როგორც ვიცი, მეორე შვილიც წარმატებული გყავთ. როგორი დაძმობა აქვთ?

– ჩემი გოგო მეორე დედაა ბუდუსთვის. მან თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები დაამთავრა 100-პროცენტიანი გრანტით. არაბულის მიმართულება აირჩია, ექვსი ენა იცის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც სტუდენტი იყო, ბუდუზე დედასავით ზრუნავდა, ცდილობდა, ყველანაირად შეეწყო ხელი მისი რეჟიმისთვის. დიახ, თავადაც წარმატებული გოგოა, უნივერსიტეტის დამთავრებიდან ძალიან მალე კატარის საელჩოში დაიწყო მუშაობა. ძმაც არ უკარგავს ამაგს. ძალიან დიდი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ. ბედნიერი ვართ მე და ჩემი მეუღლე ჩვენი შვილებით და მადლობა ღმერთს ამისთვის.

როცა ჩემი შვილები თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მათ ჩვენთვის უახლოესმა ოჯახმა – ზაზა ბაღდავაძემ და მარიკა ძაგნიძემ გაუწიეს მეორე მშობლობა და მინდა, მათაც უდიდესი მადლობა გადავუხადო მზრუნველობისთვის.