“თბილისურად ომობდა,”კრასავჩიკი” იყო, ხომ მაგარი მხრები მაქვსო მოსწონდა საკუთარი გარეგნობა… სნაიპერი ქალიც გააშეშა…”
ირაკლი, ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟი, მამის დაბადების დღის წინა დღეს მოკლეს. კლასიკოსის ბერად აღკვეცის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც ეს ტრაგედია იყო.
მეგობრის, ლევან აბაშიძის სიკვდილის შესახებ რომ შეიტყო, ომში წასვლაზე ბევრი არც უფიქრია.
“ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო“- ამ სიტყვებით გამოემშვიდობა დედას და აფხაზეთის ომში წავიდა.
29 წლის იყო, სნაიპერი ქალის ტყვიას ემსხვერპლა. როგორც ითქვა, ირაკლის გარეგნობით მოხიბლული სნაიპერი ცოტა ხანს ვერ წყვეტდა, გაემეტებინა თუ არა ეს სიმპათიური ახალგაზრდა კაცი.
29 აპრილს ირაკლი 61 წლის გახდებოდა…
“ირაკლი ამირეჯიბი გლდანელმა ბიჭმა, ზაზამ გამაცნო, ოჩამჩირეში. სვამდნენ. ფრანგი ჟურნალისტი და ირინა გოგოსაშვილი იყვნენ მათთან ერთად. ირაკლი წყალბურთელი იყო, “კრასავჩიკი” და ასე იცოდა, ხომ მაგარი მხრები მაქვს, ბიჭოო?! მოსწონდა საკუთარი გარეგნობა” – “პრაიმტაიმთან” თანამებრძოლს იხსენებს ირაკლი ლომიძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი.
სადესანტო-სადივერსიო ბატალიონში დაზვერვის მეთაურის მოადგილედ 1992 წლის 1 ოქტომბერს ჩაირიცხა. სამხედრო სამსახური ლიტვაში ჰქონდა გავლილი. იქ ისწავლა სამხედრო საქმის მრისხანება თავისი სიბრძნითა და სიმამაცით…
საგურამოში, ხანმოკლე საწვრთნელი შეკრების შემდეგ სოხუმში გაფრინდა, საიდანაც ოჩამჩირეში გადაიგზავნა. იქ იყო მისი დისლოკაციის ადგილი.
ირაკლი თითქმის ყოველდღე გადიოდა მტრის ზურგში, აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს, იბრძოდა. მონაწილეობდა სოფელ ბესლახუბას გათავისუფლებაში, მონაწილეობდა მერკულას დაცვაში, სოფელ შრომის გათავისუფლებაში, ოხურეის დაცვაში, რევას აღებაში, ლაბრას დაცვაში, ოჩამჩირის დივერსიული ჯგუფის განიარაღება-დაკავებაში. 26 ოქტომბერს მტრის სადივერსიო ჯგუფთან შეტაკებისას დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია.
ირაკლი ლომიძე: ტყვიების ზუზუნის დროს, ფეხზე დადიოდა, არ წვებოდა. თბილისურად ომობდა. ვინც თბილისიდან ვიყავით, ასეთები ვიყავით. მე “ჟივუჩის” გარდა, “მარიაჟას” მეძახდნენ. სულ ახალი “ზმანები” და იარაღი უნდა მქონოდა, “ნავაროტკებში”. ვიყავით “ჟილკიანები”.
ერთი, აბა, ამათ დავუხარო თავიო! – ამბობდა და ომში წელგამართული დადიოდა.
რომ დაჭრეს, ჩვენ ტამიშში ვიყავით. ბრძოლები ყველა მიმართულებით მიდიოდა. ირაკლი და მისი გუნდი სოხუმისკენ მიდიოდნენ და თავდასხმა მოუწყვეს. სამი-ოთხი ქალი დაიღუპა.
ირაკლი ამირეჯიბზე სნაიპერმა ქალმა მერე მოჰყვა: სიმპათიური ბიჭი დავინახე, ნახევარი საათი გავშეშდი, არ შემეძლო მესროლა. მერე უფროსმა მე დამიმიზნა და სროლა მაიძულა. არ მინდოდა მომეკლა, ჩემმა ქალურმა ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს სიმპათიური ბიჭი, ჩემი არასდროს იქნება და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, დავჭერიო. ასე მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემამდე. ირაკლი მხარში დაიჭრა, მაგრამ ტყვია შიგნით ჩაუტრიალდა. სამი დღე ვიბრძოლეთ მის გამოსაყვანად. ტანკები დავიმატეთ და მასირებული შეტევა დავიწყეთ. ოთხი ბიჭი გარდაგვეცვალა.
მერე ირაკლის ცხედარი, თუ არ ვცდები, თამაზ ფანჩულიძემ, ნოდარ კირკიტაძემ და კობა ლაგაზიძემ დამალეს, აფხაზებს რომ არ წაერთმიათ.
“ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა” – ამბობს, სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის მეთაური, მიხო მორჩილაძე.
ირაკლის სიკვდილმა, მთელი საქართველო შეძრა.
ჭეშმარიტმა აფხაზებმა, კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად, მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…
ირაკლი ლომიძე: მათ მშობლებს, ვინც ომიდან ვერ დაბრუნდა, თვალებში ვერ ვუყურებდი. მერჩივნა მათ ადგილას მე ვყოფილიყავი. დაჭრილები მიხაილოვის საავადმყოფოში რომ ვიწექით, ბატონმა ჭაბუამ მოგვინახულა… უთქმელად დავემშვიდობე…
დათო ევგენიძე: ლევან აბაშიძე უკვე გარდაცვლილი იყო, ფილმის – “არა მეგობაროს” ჩვენებაზე, კინოს სახლში, ომიდან ჩამოსული ირაკლი მოვიდა, ფორმით. ადგილი არ იყო და ჩემს სკამზე დავისვი. მითხრა, ახლა ისევ ვბრუნდები აფხაზეთში და ლევანთან წავალო. და მართლაც ასეც მოხდა…
იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი, მიწას მიაბარეს – უფლის განგებით, თეთრი შროშანები ამოსულა…