როგორ დაამარცხა ნუგზარ ყურაშვილმა მძიმე სენი და რა სასწაული გადახდა მას

179

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი, იგივე, ზერაგია „ცხელი ძაღლიდან“, რომელსაც თეატრის სცენაზეც არაერთი დაუვიწყარი სახე შეუქმნია და დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან უყვარს, ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. საბედნიეროდ, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა. ბატონმა ნუგზარმა ახლახან ოპერაცია გაიკეთა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

ნუგზარ ყურაშვილი: ოპერაცია თურქეთში, აჯიბადემის საქვეყნოდ ცნობილ კლინიკაში გავიკეთე. ძალიან მაგარი კლინიკაა, აქ უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან სამკურნალოდ, მათ შორის ევროპიდან. ვერ გადმოგცემთ, რამდენად კარგი მომსახურება აქვთ და როგორი პროფესიონალები ჰყავთ. ძალიან ცნობილი ქირურგი ჰყავთ – ალი რიზა. მთელს ევროპაში განთქმული კაცია. მასთან მოხვედრა არ არის ადვილი. ორჯერ გადავადებინე ოპერაცია, რომ მას გაეკეთებინა. ასევე, ძალიან მაგარი ონკოლოგი ჰყავთ – ოზლემი. აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზე კეთდება. თუ ისეთი დიაგნოზი გაქვს, რომლის შველაც შესაძლებელია, აუცილებლად გიშველიან. თურქების რეკლამა გამომდის, მაგრამ რა ვქნა, ასეა. ვოცნებობ, ოდესმე ჩვენმა ქვეყანამაც მიაღწიოს იმავე პროფესიონალიზმს, რომ ქართველებს სხვა ქვეყნებში სირბილი აღარ გვჭირდებოდეს.

საბედნიეროდ, საქართველოშიც კარგი პროფესიონალები გვყავს. მე პირველი ოპერაცია თბილისში გავიკეთე, პროფესორ პერტიასთან. მან თავიდანვე გამაფრთხილა, რომ შარდის ბუშტი ამოსაღები იქნებოდა, მერე კი ქიმიოები დამჭირდებოდა. მისი მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემმა ვაჟიშვილმა გადაწყვიტა, თურქეთში წამოვსულიყავით, ჩემს ექიმს ეს რომ ვუთხარი, ძალიან კარგია თუ ამას შეძლებთო, მითხრა.

ჰაჯიბადემის კლინიკას თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს და ისინი ძალიან დამეხმარნენ. ამის გამო მადლიერი ვარ, თუმცა, ფინანსურად ძალიან რთულია, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული აქ მკურნალობა. მთავრობა და უამრავი ადამიანი რომ არ დამხმარებოდა, მე ამას ვერ გავწვდებოდი. ძალიან რთული ოპერაციაა, 45 ათასი დოლარი ჯდება. წარმოგიდგენიათ, ეს თანხა როგორი გადასახდელია მსახიობისთვის ან ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის საქართველოში?! პირადად კახი კალაძე და თეა წულუკიანი დამიდგნენ გვერდით. მერე ხალხი? სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ჩემი „ცხელი ძაღლით“ ასე თუ ვუყვარდი ხალხს. უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდით და მაშინ მივხვდი ამას. არ ველოდი ასეთ სიყვარულს, არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი ასე მაფასებდა. არ მინდა, მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, მაგრამ ალბათ, ტყუილად არ მიცხოვრია. ამაზე ბევრს ვფიქრობ და ზოგჯერ გული ძალიან მიჩუყდება. ვიღაც 20 ლარს მირიცხავდა, ვიღაც – 5 ლარს, რაც შეეძლოთ, ნაცნობები თუ უცნობები. ფულში არ არის საქმე, ძნელია, ცხოვრების ისე გავლა, რომ ასე უყვარდე ადამიანებს. ცოტა მახსენდება, ვინც შეიძლება, ასე უყვარდეთ, თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ, ამას არც ველოდი, მაგრამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ტელევიზიაში თუ სოციალურ ქსელებში, რომ ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა. ცხოვრებაში შეცდომები როგორ არ დამიშვია, მაგრამ ალბათ, ცუდი ადამიანი არ ვარ და ამიტომ? შეიძლება, ჩემმა მშობლებმა ან შვილებმა გააკეთეს ბევრი სიკეთე და ამიტომ, არ ვიცი, რა ვთქვა, უფლის მადლობელი ვარ.

არავინ თქვას, ეს მე არ დამემართებაო. ეს არავინ იცის, ყველას სათავისო უჭირს. სამწუხაროდ, ჩემი მეგობრებიც ცუდ დღეში არიან, მკურნალობენ და ღმერთმა სიკეთე მისცეთ. ჩემი გია ბურჯანაძე, ტრისტან სარალიძე – საქართველოსთვის ძალიან საყვარელი ხალხი. ბედნიერი ვარ, თუ მეც ასეთი ადამიანების წრეში მოვხვდი.

– ახლა როგორ გრძნობთ თავს?

– ოპერაცია გუშინწინ გავიკეთე. ახლა სულ სისტემებში ვარ ჩასმული, დღეში რვაჯერ შემოდიან ექიმები… ჯერ ჭამის მადა არ მაქვს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა. ალბათ, ღმერთმა შემიცოდა და ისე არ მოხდა, როგორც მე მეგონა. არადა, საამისო პირი უჩანდა. ავთვისებიანი სიმსივნე იყო, მაგრამ მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ იყო გადასული და ამან მიშველა. სიმსივნე მთლიანად ამოიღეს, ამიტომაც გახდა საჭირო შარდის ბუშტის ამოღებაც. საბედნიეროდ, გარეთ გამოტანა არ დამჭირდა. ხელოვნური შარდის ბუშტი გამიკეთეს ჩემივე ნაწლავისგან. სანამ ორგანიზმს შეეზრდება დისკომფორტია, მაგრამ მითხრეს, მალე ესეც მოგვარდებაო.

– როგორ გაიგეთ, რომ ამ პრობლემის წინაშე იდექით?

– ყველაფერს დროულად უნდა ყურადღების მიქცევა. როდესაც შარდში სისხლი დავინახე, გადავწყვიტე ექიმთან მივსულიყავი. რომ მითხრეს, სიმსივნე გაქვთო, ტირილს ხომ არ დავიწყებდი, ცოტა კი შევშინდი, მაგრამ ჩვეულებრივად მივიღე. ამას რომ გეუბნებიან, უკაცრავად და თითქოს, შტერდები. მე ახლა უფრო ვაცნობიერებ, რა მჭირდა. მკურნალობის პროცესში უფრო ხვდები რასთან გიწევს ბრძოლა.

როგორც გითხარით, საბედნიეროდ, საქართველოშიც კარგი ექიმები გვყავს. ქიმიოთერაპიები თბილისში გავიკეთე. თურქეთში ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. იქ სქემა დამიწერეს, რომელიც თბილისში წამოვიღე და მარდალეიშვილის კლინიკაში, არაჩვეულებრივი პროფესიონალი ნია შარიქაძე მიკეთებდა. ეს ძალიან რთული პროცესია. ისე ცუდად ხარ ქიმიოთერაპიის დროს, სიარულიც არ შეგიძლია, უმეტესად ლოგინში ვიწექი. ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ძალიან მურტალი რამეა. მე, მაგალითად, სპექტაკლი ვერ ვითამაშე. გია ბურჯანაძეზე მითხრეს, გაიკეთა და ითამაშაო. მე ვერ შევძელი. ყოველ კვირას ვიკეთებდი, ასეთი სქემა მქონდა და ამიტომ, ვერ ვასწრებდი გონზე მოსვლას და მოღონიერებას. ძალიან ცუდად ვიყავი. რვაჯერ გადავისხი და კინაღამ მოვკვდი. ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო.

– ძალიან რთული პერიოდები გამოიარეთ, რა დაგეხმარათ, რომ მხნედ ყოფილიყავით?

– მე მჯერა, რომ რაც მოსასვლელია, ის მოვა. არ შემეშინდა-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ ვაიმე, დედა-მეთქი, არ მითქვამს. ფსიქოლოგიურად ცოტა ძლიერად უნდა მიუდგე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება. კარგ ექიმსაც ღმერთი გიგზავნის, შემთხვევით არაფერია. ვამბობდი, თუ რამე ცუდი უნდა მოვიდეს, მოვა-მეთქი. ნახევრად მოსულიც იყო და ვაკაკუნებდი იმ კარზე, რომელიც ყველამ ვიცით, მაგრამ არაო, უკან გამომაბრუნეს (იცინის).

– შვილმა ბერებთან შეგახვედრათ, არა?

– ჩემმა ბიჭმა მეგობარი ბერები მომიყვანა. არ მსიამოვნებს ამას რომ ვამბობ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებდი. სიმსივნეს როგორ მოარჩენენ-მეთქი, ვამბობდი. მუცელზე დამადებდა ხელს ბერი და ლოცვებს კითხულობდა. მეც ვლოცულობდი. მერე გამოკვლევები რომ გავიკეთე, ბიჭოს, თითქოს ყველაფერი გამოსწორებული იყო. ავთვისებიანი სიმსივნე ისევ იყო, რომელიც ოპერაციის გარეშე არ გაქრებოდა, მაგრამ მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. რაღაც რომ უნდა დავიჯეროთ, რაღაცის ხომ უნდა ვირწმუნოთ. რწმენა უპირველესია. ადამიანი ყოველთვის გრძნობს ღმერთის ძალას. ასეთი შედეგი მხოლოდ მედიცინის პროგრესის დამსახურება არ არის.

– რეაბილიტაციის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებთ ცხოვრებას, ხომ?

– ასეა. გუშინწინ გავიკეთე ოპერაცია და უკვე გამატარეს ფეხზე. რამდენიმე დღე გამაჩერებენ და მალე გამწერენ. 800 დოლარი ღირს ერთი ღამე, დიდხანს არ გაჩერებენ. შემდეგ ორი-სამი კვირა სასტუმროში ვიქნები, რომ ჯერ მაინც მათი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყო და მერე საქართველოში დავბრუნდები.

– სცენას როდის დაუბრუნდებით?

– სცენაზე სიზმარშიც ვდგავარ (იცინის). პროფესორმა მითხრა, შეგიძლიათ, ორ თვეში დაუბრუნდეთო. მკვეთრი მოძრაობების გაკეთება მალე არ შეიძლება, მაგრამ მე არ მიწევს ასეთის გაკეთება და იმედი მაქვს, რომ უფრო ადრეც შევძლებ.

– ოჯახმა როგორ გამოიარა ეს რთული პერიოდი?

– ხუმრობით გეტყვით და მიხვდებით. ისეთი რთული სიტუაცია იყო, შვილები, ცოლი, შვილიშვილები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. ვიშაყირე, გიტირეთ დედა, გახეთქინებთ თავებს ერთმანეთზე-მეთქი?! (იცინის). რომ ვიკითხავდით, რა გავაკეთო-მეთქი, მეუბნებოდნენ, შენ დაჯექი, ყველაფერს ვაკეთებთო. მართლაც ყველაფერი მათ გააკეთეს. ჩემმა ვაჟმა მეოთხედ ჩამომიყვანა თურქეთში, სულ გვერდით მყავს.

არ იყო ეს მარტივი ოპერაცია, დიდი რისკი იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა ყველა გახარებულია. ვის არ უხარია, ახლობლის კარგად ყოფნა?! ცუდი მამა და ქმარი არ ვყოფილვარ… ასე მგონია. ისინიც გახარებულები არიან და მეც. ამდენთვიანი განცდების შემდეგ, სიმშვიდე დაგვეუფლა. ჩემი ბიჭი დედამთილივით მადგას თავზე, ჭამე და ჭამეო. არადა, ვერ ვჭამ, არ შემიძლია, მაგრამ ეს ვის აინტერესებს, უნდა ჭამოო (იცინის).

მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე მოხდა და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე დამიდგა გვერდით!