როგორ გარდაქმნა სოფი ნურაშვილმა ტკივილი ძალად და რა შემთხვევაში შეუძლია მას სხვისი ფსიქოლოგიურად განადგურება
სოფი ნურაშვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, ახლახან რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია გაიკეთა, რომ დასახული მიზანი საბოლოო წერტილამდე მიეყვანა. კონკრეტულად რაზეა საუბარი, ამაზე თავად მოგვიყვება.
სოფი ნურაშვილი: მენტალურად მზად ვიყავი ამ ნაბიჯისთვის. ამ ოპერაციებისთვის ქირურგს სამი წელი ვარჩევდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სასურველი შედეგის მისაღებად ამერიკაში წასასვლელადაც კი მზად ვიყავი. მე 80 კილოგრამი დავიკელი და ეს ჩემს ორგანიზმზე აისახა. როდესაც 16 წელი კანი გაწელილია და მერე ამდენს იკლებ, გინდა თუ არა, კანი ეშვება და მინდოდა, ეს გამომესწორებინა. საქართველოში ძალიან ბევრმა ქირურგმა გამიკეთა სარეკლამო შემოთავაზება, მაგრამ ვერავის ვენდე, რადგან ბევრი მათი უკმაყოფილო პაციენტიც დამიკავშირდა. მე მაქვს ჩემი საკონსულტაციო სააგენტო GlobMedTraust და თურქეთში, ერთ-ერთ პლასტიკურ ქირურგთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. პირველ რიგში, მისი პროფესიონალიზმი მე უნდა დამეტესტა საკუთარ თავზე, რომ მერე სხვისთვის მერჩია და ამიტომ, ოპერაციის გასაკეთებლად სტამბოლში ჩავედი.
ბევრი მალავს ამ ტიპის ოპერაციებს. მე კი მირჩევნია, ღიად ვისაუბრო, რადგან შეიძლება, ბევრს დასჭირდეს რჩევა, თუნდაც ქირურგთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, სტამბოლში ეს ოპერაციები უფრო იაფიც დამიჯდა. ოპერაციის შემდეგ, გამომწერებს ლაივზე რომ ვაჩვენე ჩემი ნაკერები, უამრავი ადამიანი მეკითხებოდა, ვისთან გაიკეთეო, რადგან ორი კვირის თავზე უკვე ძალიან კარგი შედეგი მქონდა. აბდომინოპლასტიკა და მკერდის ლიფტინგი გავიკეთე, ორივე მჭირდებოდა, როგორც ვიზუალის, ისე ჯანმრთელობის მხრივ.
ვინც საქართველოში გაიკეთა ეს ოპერაციები, ყველა მეუბნებოდა, რომ სამი თვე ვერ გასწორდნენ წელში, რადგან ძალიან რთული და მტკივნეული სარეაბილიტაციო პერიოდი ჰქონდათ. ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მითი ყოფილა, უფრო სწორად, არასწორი ოპერაციის ბრალია. მე ტკივილი საერთოდ არ მიგრძნია. ჩემმა ქირურგმა გამიკეთა წამალი, რომელიც აბუჟებს და ჭრილობები, დაახლოებით, ექვსი თვე მექნება გაბუჟებული. სამწუხაროდ, ეს მეთოდი საქართველოში არ გამოიყენება. მესამე დღეს დრენაჟები ამომიღეს. მეოთხე დღეს კი წელში გავსწორდი და შოპინგზე წავედი (იცინის). ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
– ეს წლების განმავლობაში იყო შენი საოცნებო მიზანი. ორი ეტაპი გაიარე, ჯერ წონაში კლება, ახლა ეს ოპერაციები. როცა ასეთ შედეგს აღწევ, როგორი შეგრძნებაა?
– ამ შედეგს საბოლოო სახე, დაახლოებით, ექვს თვეში მიეცემა, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი პრობლემა მოვიცილე თავიდან.
– ადრე თქვი, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შენთვის თვითშეფასების დაქვეითება ვერ მოახერხეს. სამწუხაროდ, ხშირია ზედმეტი წონის გამო ბულინგი. როგორ მოახერხე, რომ ამას შენზე არ ემოქმედა?
– თავიდან, დაახლოებით, 12 წლის რომ ვიყავი, ამ ყველაფერს ძალიან განვიცდიდი და საზოგადოებაში ლაპარაკის კომპლექსი გამიჩნდა. ოთახში ორზე მეტი ადამიანი რომ ყოფილიყო, მე ვეღარ ვლაპარაკობდი. მერე ერთმა რჩევამ ძალიან შემიცვალა ცხოვრება, რომელიც ასე ჟღერდა. „ნუ გაითვალისწინებ იმ ადამიანის რჩევა-დარიგებას, ვისაც შენს ცხოვრებაში ადგილს არ გავცვლიდი“.
საერთოდ, ჭარბწონიან ადამიანებს ძალიან ცუდად უყურებენ, საშინელ შედარებებს გიკეთებენ. ჰგონიათ, რომ შენ არ გაქვს ნებისყოფა. არადა, ყველაზე დიდი ნებისყოფა ჩვენ გვაქვს. ძალიან ბევრი გოგო ვიცი და მეც თვეობით მიშიმშილია. 2-3 თვე მხოლოდ ვაშლსა და წყალზე გამიტარებია, შედეგად კი საავადმყოფოში აღმოვჩენილვარ. დამიკლია 30 კილოგრამი, მომიმატებია 40. ძალიან ხშირად წონის პრობლემა ინსულინრეზისტენტობიდან და საჭმელზე დამოკიდებულობიდან არის გამოწვეული და კარგი იქნება, თუ ამას ყველა გავაცნობიერებთ.
– თითქოს, ვინმეს თვითონ სიამოვნებს ზედმეტი კილოგრამები…
– ასეა, უკვე ყელში გახრჩობს. კარგი, მეც ვიცი, გავიგე, რომ უნდა დავიკლო, ეს ჩემზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ ის არ იციან, შენ რა ტანჯვა-წამებას გადიხარ. ვიღაც გენეტიკურად გამხდარია, შენზე ბევრს მიირთმევს, მერე მოდის და ჭკუას გარიგებს. ერთხელ მიიღებ მის რჩევებს, დაეთანხმები, მაგრამ გამუდმებით რომ გიმეორებს, უკვე ნერვები გეშლება და საპასუხო რეაქცია ასეთია – „ჩემი სხეული ჩემი არჩევანია“. შენ ვინ გეკითხება?! ავადმყოფთან ხომ არ მიდიან და ეუბნებიან: „უი, შენ კიბო გაქვს“. ძალიან ბევრ ჭარბწონიანს კარგად აქვს გათავისებული ყველაფერი, ისედაც ყველაფერი კარგად იციან და დამატებითი მითითებები არ სჭირდებათ, საჭირო გადაწყვეტილებამდეც თვითონ მივლენ. მეც, როდესაც თავი დამანებეს, როდესაც ხელი ჩაიქნიეს, ზუსტად მაშინ, თვითონ მივედი იმ დასკვნამდე, რომ კუჭის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ამ ოპერაციასაც მითები უკავშირდება. ყველას ჰგონია, რომ შეხვალ და გამხდარი გამოხვალ. ასე არ არის. კუჭის ოპერაცია ძალიან დიდი ბიძგია ცხოვრების წესის შესაცვლელად. ცხოვრების წესის დროებითი შეცვლა არ არსებობს, სამუდამოდ ცვლი. მერე უკვე ჯანსაღად კვებით აგრძელებ პროცესს და მე ამიტომ მაქვს 80 კილოგრამი შედეგი.
– თქვი, ორი ადამიანის თანდასწრებით საუბარი მიჭირდაო, დღეს არც საუბარი გიჭირს და ყველასთვის სათანადო ადგილის მიჩენაც შეგიძლია. ეს გარდატეხა როდის მოხდა? თავდაცვისუნარიანი როგორ გახდი და როგორ შეძელი, ყველას მიეღე ისეთი, როგორიც იყავი?
– 12 წლის, როდესაც ლაპარაკიც კი მრცხვენოდა, ჩრდილში ვიყავი, მაგრამ ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს კითხვა, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლე ვარ. როდესაც ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, ეს არის ერთი ნაბიჯი უკან და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა გადავდგათ ორი ნაბიჯი წინ. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. ემოციურ ინტელექტს. ამას გვაძლევს წიგნები, გამოცდილი და საინტერესო ადამიანების მოსმენა და ასე შემდეგ. მე ვუსმენდი ჩემნაირებს, მათ ისტორიებს ვეცნობოდი, თან, ინგლისურს ვსწავლობდი. ჩემნაირმა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიწყეს აქტიურად გამოჩენა, საქართველოში თუ მთელ მსოფლიოში და ეს მახარებდა.
სულ რომ მეუბნებოდნენ, მახინჯი ხარ, მახინჯი ხარო, სარკის წინ ვდგებოდი, ვუყურებდი ჩემს ცხვირს და ვხედავდი, რომ ბევრზე ლამაზი მქონდა, თვალიც იმათზე ლამაზი მქონდა, ვინც მახინჯს მეძახდა, მაგრამ მხოლოდ წონაზე კეთდებოდა აქცენტი. მტკივნეულ შედარებებს ვაკეთებდი, მაგრამ ნებისმიერი ტკივილი და ამ ტკივილისგან წამოსული ენერგია ჩვენი თავების განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ბევრი წიგნია, რომელიც გვასწავლის მეტყველებას, ფსიქოლოგიას, ურთიერთობებს, მანიპულაციების ამოცნობას, საუბრის წარმართვას, ჩაცმას, ფულად ინვესტიციებს და ასე შემდეგ. ეს წიგნები 10-15 წელიწადს გიზოგავს. მთავარია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გარდაქმნა შევძლოთ. მე ეს ძალიან დამეხმარა. იმის გააზრება, რომ ჩემი რეალობა ჩემს გონებაზეა დამოკიდებული, რომ მე შემიძლია ჩემი რეაქციები ვაკონტროლო, დიდი ძალა აღმოჩნდა. ასე ვისწავლე ლაპარაკი და სხვებთან მოქცევა. დაბულინგებულს ყველაზე უკეთ შეუძლია, სხვა დააბულინგოს, რადგან ყველაზე კარგად იცის, როგორ ატკინო გული. თუმცა, როცა ვინმეს უნდა, ჩემზე იერიში მოიტანოს, ყოველთვის ვცდილობ, არგუმენტირებულად გავცე პასუხი. თუ ძალიან გამაბრაზეს, მაშინ შემიძლია, ადამიანი ფსიქოლოგიურად გავანადგურო, რაც საჯაროდ არავის უნახავს.
– ახლახან კულინარიულ პროექტში გიხილეთ და მოდი, ისიც მოვყვეთ, როგორი გოგოა სოფი ოჯახში…
– დედაჩემი ექიმი, მეან-გინეკოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა სამსახურში. მამა ინჟინერია და ხშირად საზღვარგარეთ იყო. სახლში ვრჩებოდით მე, ჩემი ძმა და ჩემი და. საჭმელს ხუთი წლიდან ვამზადებ. ერთმანეთს ვეხმარებოდით. როცა დედა დაღლილი მოდიოდა, ძალიან მსიამოვნებდა მისთვის თბილი კერძის დახვედრება. ბავშვობიდან მიყვარს კერძების მომზადება. 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ და ბუნებრივია, რომ ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის სიყვარულის ენაა საყვარელი ადამიანისთვის საჭმლის მომზადება. ამას ჩემს მოვალეობად არ მივიჩნევ, მიყვარს და ამიტომ ვაკეთებ. ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მე შემიძლია მომზადება, მაგრამ შემდეგ დარეცხვა და დალაგება ცოტა არასასიამოვნო პროცესია (იცინის). იდეალური წყვილი ასე წარმომიდგენია – ერთი ამზადებს და მეორე დალაგებაში ეხმარება.
– ალბათ, კარგი იქნება, მომავალ მეუღლესაც რომ არ ეზარებოდეს რეცხვა-დალაგების პროცესი.
– რაც შეეხება ქმარს, თუ ის არის შემომტანი და ოჯახის ფინანსების ძირითადი ნაწილი მასზეა დამოკიდებული, მაშინ მე არ მაქვს პრობლემა, საჭმელი ვამზადო (იცინის). სხვა შემთხვევაში, საქმეების გადანაწილება უნდა მოხდეს. ქალს ისედაც 24-საათიანი აუნაზღაურებელი სამუშაო აქვს სახლში, მით უმეტეს – დედას.