“განაჩენი გამოვიდა ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა – ბიჭი არ გაცოცხლდა“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ტრაგიკულად მოკლულ გიორგი შაქარაშვილს იხსენებს და აღნიშნავს, რომ დღეს ფეხბურთელის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა.

„დღეს 4 წელი გავიდა, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან. დღევანდელ დღეს ეს ბიჭი ალბათ განსაკუთრებული ემოციით დაელოდებოდა. ან ვინ იცის, იქნებ თავადაც ყოფილიყო იმ ნაკრების წევრი, რომელიც დღეს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ბევრი წლის მერე, თუკი ვინმე მკითხავს, რა იყო ის თემა, რომელმაც შენზე, როგორც ჟურნალისტზე, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინაო, დაუფიქრებლად ვიტყვი, რომ ეს იყო გიორგი შაქარაშვილის საქმე.

ზუსტად ოთხი წლის წინ, მისი გაუჩინარება ჩემს მორიგეობას დაემთხვა. ნიუსი რომ დავწერე, კაი ხანი ვიშფოთე, ვახ, სად წავიდოდა ეს ბავშვი, ასე როგორ დაიკარგებოდა, მშობლებს მაინც არ შეეხმიანებოდა, დიდია უკვე, ასე არ ანერვიულებდა-მეთქი.

ასე გაგრძელდა მომდევნო სამი დღე. ვწერდი სტატიებს, რომ მიმდინარეობდა ბიჭის სამძებრო სამუშაოები.

მეოთხე დღეს, 22 ივნისს, მისი გვამი რომ იპოვეს არაგვში, ჩვენს დიზაინერს სტატიისთვის სპეციალური ქავერის დამზადება ვთხოვე, მივხვდი, რომ ამ საქმეზე ბევრი წერა მომიწევდა.

19 წლის ფეხბურთელის საქმე, ჩემ საქმედ, თარხანას საქმედ იქცა.

დავწანწალებდი ადვოკატიდან ადვოკატთან და ხან კონსპირაციულად, ხან ყველას დასანახად, მომქონდა და მომქონდა ტომები სახლში, მერე ვიჯექი საათობით და ვკითხულობდი დაუსრულებლად – ვინიშნავდი, ვხაზავდი, ვეძებდი დეტალებს, ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა ან პირიქით.

საქმის მასალებში ამოკითხული, ფეხბურთელის წელის ჩანთაში ნაპოვნ იასამნისფერ სავარცხელზე შერჩენილი დედის თმის ღერის ამბავი, გულის წვის მიზეზად მექცა რამდენიმე დღე – რატომ ვერ იქცა დედის თმის ღერი დაგრეხილ თოკად, რომ არაგვში გადავარდნილი ბიჭი ჩასჭიდებოდა.

მისხალ-მისხალ ავითვისე ფეხბურთელის მკვლელობის ადგილი. ციცაბო ბილიკი, არაგვის პირი, ხიდის ძირი…

წარმოვიდგენდი, როგორ ეშინოდა მარტოს და როგორ ძალიან უნდოდა, თავისიანი ჰყოლოდა გვერდში.

ყველაზე რთული მაინც პათანატომების, ექსპერტების დაწერილი დასკვნების კითხვა იყო, როცა წერდნენ, რომ სექციაზე ესვენა 1,78 სიმაღლის, 57 კილოგრამი სხეული. და მერე აღწერდნენ მის ჯანმრთელ ორგანოებს.

და ამ დროს ვაცნობიერებდი, რომ ეს საღსალამათი ბიჭი, რომელსაც ძალიან დიდხანს უნდა ეცოცხლა, მკვდარი იყო.

მერე შიშები დამეწყო.

ღამით დაძინება მიჭირდა, სიბნელეს გავურბოდი.

მერე საათობით ვიდექი მცხეთის რაიონული სასამართლოს წინ, ხან პაპანაქება სიცხეში, ხან ყინვაში…

განაჩენი გამოვიდა, ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა – ბიჭი არ გაცოცხლდა,“ – წერს ნინო თარხნიშვილი.

ასევე იხილეთ