როგორ აქცია ირმა ზვერიაშვილმა ეტლით ცხოვრება უფრო საინტერესოდ და რა სტერეოტიპები დაამსხვრია მან

159

ირმა ზვერიაშვილის ცხოვრება ფილმს ჰგავს. მან რთულ, წინააღმდეგობებით სავსე გზაზე სტერეოტიპების რღვევითა და დაუღალავი ბრძოლით მიაღწია სასურველ შედეგს და ბევრი ადამიანისთვის გახდა სტიმულის მიმცემი.

ირმა ზვერიაშვილი: ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, რომელიც ეტლის გარეშე გადაადგილდებოდა. დამჯერი და მოწესრიგებული ადამიანი, რომელმაც ოთხი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა: უცხო ენები, ბუღალტერია, პროგრამული უზრუნველყოფა, საქმის წარმოება.

მოყვარულის დონეზე საავტომობილო რალებში ვიღებდი მონაწილეობას. ერთხელაც, შესახვევში მანქანის არასწორი შემოსვლის გამო, ჩემი მანქანა ჰაერში ავარდა… ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მანქანა შუაზე გაჭრეს და ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან გადმომიყვანეს. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, სრულად ეტლში არ ვიჯექი, ყავარჯნითაც შემეძლო სიარული. ამის შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ოჯახი შევქმენით.

– ავარიის მომენტი გახსოვთ თუ გადმოცემით იცით?

– მახსოვს, წვიმიანი ამინდი იყო… მანქანა ჰაერში დატრიალდა… პირველად რომ გავიღვიძე, დავინახე, მანქანას კარს აჭრიდნენ. მერე გავიღვიძე, როცა უკვე ფილტვებიდან ნაყლაპი ბოლი ამოჰქონდათ. ამის შემდეგ უკვე პალატაში გამოვფხილზდი და მას შემდეგ, ნელ-ნელა ვიხსენებდი, რა მოხდა.

– ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური თვალსაზრისით, ახალ რეალობასთან შეგუების მომენტი როგორ გახსენდებათ?

– რაღაც მომენტში მითხრეს, რომ ეტლი დამჭირდებოდა, რადგან დიდ მანძილზე ყავარჯნით სიარულს ვერ შევძლებდი. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მაშინ ყავარჯნებით დავდიოდი. რუსთავიდან თბილისში ჩამოვდიოდი, ვსწავლობდი, მეოთხე უმაღლესს ვამთავრებდი. როგორც შშმ პირმა, რომელიც ყავარჯნით გადაადგილდება, პარამშვილდოსნობაზე დავიწყე სიარული. ლექციებს ვესწრებოდი, შშმ პირებს ვეცნობოდი. როდესაც პარაოლიმპიურ სახეობაში ჩავერთე, მითხრეს, რომ „ფორმა 100“ მჭირდებოდა ერევანში სპორტულ შეჯიბრებაზე გასასვლელად. ამისთვის ეტლით მივედი ექიმთან. ექიმმა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დამისვა დიაგნოზი, რომ მქონდა კუნთების განვითარებადი დისტროფია, რომელიც სამ წელიწადში გულამდე მიაღწევდა და აუცილებელი იყო გარკვეული მედიკამენტების მიღება. ამ მედიკამენტების მიღება დავიწყე და სამ-ოთხ დღეში ვიგრძენი, რომ კუნთებში აღარ მქონდა ის ძალა, რომელიც სიარულში მეხმარებოდა. მისი მიღება შევწყვიტე და სხვა ექიმთან წავედი. აღმოჩნდა, რომ წინა ექიმს, შემთხვევით კუნთების მოსადუნებელი დაუნიშნავს. ამ წამლების დამსახურებით, მიუხედავად იმისა, რომ მალე შევწყვიტე მათი მიღება, სრულად ეტლში ჩაჯდომა მომიწია.

სიმართლე გითხრათ, ჩემი ამბავი ჩემმა მშობლემა უფრო განიცადეს, ვიდრე მე. ეტლში ორი მცირეწლოვანი ბავშვით აღმოვჩნდი, მაშინ უკვე მარტოხელა დედა ვიყავი, 26-27 წლის.

– ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა და ერთად ძალიან ბევრი სირთულე გაჩნდა?

– ასე იყო და მშობლები უფრო განიცდიდნენ ამ მდგომარეობას, ვიდრე მე. როდესაც ეტლში ჩავჯექი, სახლში ორი დღე ძლივს გავჩერდი. მაშინვე ვთქვი, რომ გარეთ უნდა გავსულიყავი. დედამ გაიკვირვა, ეტლით როგორ უნდა გახვიდეო?! ჩვეულებრივად, სხვანაირად არ შემიძლია-მეთქი, ვუპასუხე და ისე გამოვიდა, რომ როდესაც გარეთ ეტლით გავედი, უმცროსი შვილი-ბიჭი, კალთაში მეჯდა და უფროსი, გოგონა ჩემს ეტლს აწვებოდა.

– როგორც ვხვდები, საკუთარ თავს შეზღუდვები არ დაუწესეთ.

– საერთოდ არა. ჩემთვის სახლში ყოფნა უფრო რთული იყო. გარეთ რომ გავედი და დაინახეს, რომ პარკში ასე ვასეირნებდი ბავშვს, ხალხი ვერ მოდიოდა. ვერაფერს მეკითხებოდნენ, მაგრამ მათი მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მაინც იგრძნობოდა. ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის ავტომობილი ეყიდათ და ხელით მართვაზე გადაგვეყვანა. გავარკვიე, რომ ეს საქართველოშიც შესაძლებელი იყო. გიორგი ძნელაძე გახლავთ კოალიცია „აქტიური ცხოვრების“ წარმომადგენელი, ეს ადამიანი ყოველ წელიწადს ეტლით მოსარგებლეთა ბანაკებს აკეთებს და მეც შემომთავაზა, ამ ბანაკს შევერთებოდი. სანამ მანქანა გადაკეთდებოდა, ორი კვირა იქ გავატარე. უამრავი ტრენინგი გავიარე, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩავერთე. „აქტიური ცხოვრება – ჩემი სტიქიის“ ფარგლებში ხატია გავაშელი გავიცანი, რომელმაც უამრავი იდეა შემომთავაზა: პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა და ასე შემდეგ. შესაბამის სიახლეებს დედაჩემი ტელევიზიით იგებდა. რომ ეგონა სამსახურში ვიყავი, ტელევიზორში მხედავდა, როგორ მივფრინავდი პარაპლანით ან მდინარეზე ვეშვებოდი.

იმ პერიოდში ერთ-ერთ გამოძახების ტაქსიში ვმუშაობდი. ეს პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც მასობრივად დაასაქმა შშმ პირები.

ამის შემდეგ პარაცეკვაშიც ჩავერთე. შევიტყვე თბილისის ინკლუზიური საცეკვაო დასისა და ქეთი ზაზანაშვილის შესახებ. მეგობარმა მითხრა, რომ ქეთი მოცეკვავე ეტლით მოსარგებლეს ეძებდა. იმ პერიოდში ცეკვა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ დავინტერესდი, ვიფიქრე, გავერთობი მაინც-მეთქი. რამდენიმე თვეში ქეთიმ პირდაპირ ქარცეცხლში შემაგდო, სპორტულ შეჯიბრებაზე გამიყვანა, სადაც პირველი ადგილი ავიღე. ბაქოში მიგვიწვიეს, სადაც ჩვენ გავხსენით ღონისძიება. ტიტულიც ჩამოვიტანეთ, მერე და მერე დასიც გაიზარდა. ამასობაში, მე თვითონ გავხდი ტრენერი, რომელიც სხვა შშმ პირებს ამზადებდა. პატარებთან მქონდა ურთიერთობა და ბედნიერი ვარ, რომ თუ მანამდე ოთახიდან გამოსვლა არ უნდოდათ, გარეთაც გამოვიდნენ, ცეკვაც დაიწყეს, ბევრი აქტივობითაც დაკავდნენ და მათი დამოუკიდებლობის ხილვა ჩემთვისაც სამაგალითო იყო. ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტია ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი, ეტლის გარეშე, ძალიან უღიმღამო იყო. ეტლით გაცილებით ბედნიერი ვარ.

– პარამკლავჭიდი და მსოფლიო მნიშვნელობის წარმატებები…

– ეს იყო სამი წლის წინ. ურეკში სპორტული აქტივობებით ვიყავით დაკავებული. მკლავჭიდშიც ტარდებოდა შეჯიბრება. ჩემი ახლანდელი ტრენერი, არსენა შოშიაშვილი ჩამოვიდა ამ ღონისძიების ჩასატარებლად. ქალებს შორის შეჯიბრებაში ჩავერთე.

არსენამ ჩემი ხელი შეამოწმა და მითხრა, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი, რომ ჩემნაირი ძალის მქონე ადამიანები სჭირდებოდა. მითხრა, რომ მასთან მივსულიყავთ დარბაზში, ჩემპიონატისთვის მოვემზადოთო. უარის სათქმელად მიზეზების ძებნა დავიწყე, მაგრამ ყველა გზა მომიჭრა. დარბაზში მივედი და ვარჯიში დავიწყე. ორი თვის ნავარჯიშევი მსოფლიო ჩემპიონატზე წამიყვანა. ვფიქრობდი, რომ ვერანაირ შედეგს ვერ დავდებდი, მართლა ძალით გამიყვანა, მაგრამ უკან მესამეადგილოსანი დავბრუნდი. ამან იმხელა სტიმული მომცა, რომ ექვს თვეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი ავიღე, შემდეგ მსოფლიოზე – მეორე და ახლა ევროპაზე – მესამე. სულ იმას ვამბობ, რომ დიდი მფარველი ანგელოზი მყავს, ღმერთი მუდამ ჩემ გვერდითაა. ძალიან იღბლიანი ვარ. ღმერთს ყოველ დილით მადლობას ვეუბნები და მჯერა, რომ არასდროს მომივლენს ისეთ განსაცდელს, რომელსაც ვერ დავძლევ.

– დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე რომ აღმოჩნდით, თვითონ წამოიწყეთ საკუთარი საქმე, სადაც სხვებიც დაასაქმეთ.

– ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გავგზავნე ჩემი სივი და ყველას მოეწონა ჩემი განათლება. თუმცა, ან ადაპტირებული გარემო არ ჰქონდათ ან შშმ პირი არ უნდოდათ. როგორც ვთქვი, მხოლოდ ტაქსების კომპანიაში ამიყვანეს ოპერატორად და გარკვეული პერიოდი იქ ვმუშაობდი. ამის შემდეგ მე თვითონ გავხსენი ტურისტული ორგანიზაცია და ბუღალტრული მომსახურება უცხოელებისთვის, რადგან ქართველებს ჩემი ახლოს მიკარება არ უნდოდათ. ამ შემთხვევაში, მე, როგორც შშმ პირი ვლაპარაკობ, რადგან ეს ყველას პრობლემაა. შემდეგ საკუთარი ტაქსები გავაკეთე რუსთავში, მაგრამ დედისერთა ვარ და რადგან გვერდით მდგომი მამაკაცი არ მყავს, ამ ტიპის საქმის მართვა ჩემთვის რთული გამოდგა. ამიტომ დავხურე და ისევ სამსახურის მოძიება დავიწყე. ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ დამასაქმა, სახლიდან გაუსვლელად მეილების ორგანიზება დამევალა. ამას ნებისმიერი წერტილიდან ვაკეთებდი და პარალულურად ბუღალტრულ საქმიანობას ვაგრძელებდი. შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე მუშაობა ოპერატორად. ისევ სახლიდან ვმუშაობდი. ამ დროს დამირეკეს „რუსთავი 2-იდან“, რომელსაც ჩემი სივი შრომისა და დასაქმების სააგენტომ მიაწოდა. შშმ პირის დასაქმება უნდოდათ და შემომთავაზეს მათ დიდ ოჯახში გავერთიანებულიყავი. სიამოვნებით დავთანხმდი და დღემდე ამ ოჯახის წევრი ვარ. უსაფრთხოების მონიტორინგის სპეციალისტი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ასეთ გარემოში აღმოვჩნდი. საბოლოო ჯამში კი ერთს ვიტყვი – თუ საკუთარ თავში გარეთ გასვლის ძალა არ იპოვე, ოთხი კედელი შეგჭამს, ამიტომ აუცილებლად უნდა გადადგა ნაბიჯი წინ, თუ გინდა, რამე უკეთესობისკენ შეცვალო.