სად ცხოვრობდა რეალურად პატარა ნიკოლოზი

566

მარიამ ცხვედიანი პატარა ნიკოლოზის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი პროფესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა კონფიდენციალურობის დაცვა, მაგრამ ვინაიდან ტელე-მედია საშუალებებით საჯარო გახდა მთელი რიგი საკითხები პატარა ნიკოლოზთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ უკვე მოჰყვა ყოვლად უსაფუძვლო შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებლად ცილისმწამებლური და დამაკნინებელი ბრალდებები ჩემი, ნინო იობაშვილისა და ზოგადად სოციალური სამსახურის მიმართ, მინდა დავწერო საქმეში არსებული რეალური გარემოებების შესახებ (რაც ასევე ასახულია დოკუმენტურად).
აღნიშნულ ოჯახთან 2019 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სოციალური სამსახურის მხრიდან, თავდაპირველად ცხელი ხაზით გვეცნობა, რომ ხანში შესული მამაკაცი მცირეწლოვანთან ერთად, ღამის საათებში ნაგვის ბუნკერებში ეძებდა საკვებს, სხვადასხვა ნივთებს და აგროვებდა. ოჯახის შესწავლის შემდეგ ნიკოლოზის საცხოვრებელი შეფასდა, როგორც ბავშვის განვითარებისთვის, ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ვინაიდან ნახევარსარდაფის ტიპის მცირე ფართში განთავსებული იყო ნაგვის ურნებიდან ამოღებული ნივთები, არ იყო დაცული ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, არ არსებობდა სველი წერტილი და საპირფარეშოს როლს ასრულებდა ბავშვის ე.წ „საწოლთან“ არსებული ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც იდგა ჭუჭყიანი წყალი და ამოდიოდა ძალზედ უსიამოვნო სუნი. ასევე საცხოვრებელში არ იყო ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საკვები და ნივთები. საცხოვრებელში იგრძნობოდა უჟანგბადობა, სპეციფიკური სუნის გამო გაუსაძლისი იყო სუნთქვა. (აქვე აღსანიშნავია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დედის და დეიდის მიერ ჩვენთან საუბარში არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ ნიკოლოზს დაბადებიდან ჰქონდა სასუნთქი სისტემის პრობლემები !!!).
შემთხვევის შესწავლიდან გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესები იყო შელახული, მისი საჭიროებები უგულებელყოფილი (ბავშვი არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას, მისი ქცევიდან და ასაკთან შეუსაბამო განვითარებისთვის მას ესაჭიეროებოდა ნევროლოგის კონსულტაცია, ასევე არ იყო დარეგისტრირებული საბავშვო ბაღში და დღეღამის უმეტეს ნაწილს ატარებდა დეიდის ყოფილ მეგობარ მამაკაცთან – ალექსი გელაშვილთან)… მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ჩვენი მხრიდან შეეთავაზათ გარკვეული სახის სერვისები (თავშესაფარი, ფსიქოლოგის მომსახურება, თანადგომის ქსელის მოძიება და მათი ჩართულობა ოჯახთან, სოციალური სტატუსის აღდგენა /რაც საშუალებას მისცემდა ოჯახს, რომ ფინანსური ანაზღაურების გარდა დამატებითი ბენეფიტებითებითაც ესარგებლათ/), მათ უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე. ამასთან მათ არაერთხელ მიეცათ რეკომენდაცია და გაფრთხილება, რომ თუ არ შეიცვლებოდა გარკვეული პირობები ბავშვის საკეთილდღეოდ, მოგვიწევდა არასრულწლოვნის სახელმწიფო ზრუნვაში გაყვანა – მისი უსაფრთხოების მიზნით. თუმცა მათი მხრიდან უნდობლობის გამოცხადების და რეკომენდაცია/გაფრთხილებების უგულებელყოფის გამო, სოციალურმა სამსახურმა მიიღო უკიდურესი ფორმის გამოყენების გადაწყვეტილება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე ის, რომ გაშუქებულ სიუჟეტში ნაჩვენები ბინა ეკუთვნის მათ ერთ-ერთ დამსაქმებელს. მორიგი ვიზიტის დროს განხორციელდა აღნიშნულ ადგილას ჩვენი მიყვანა დედის მიერ, თუმცა ეს ბინაც განკუთვნილია ჯართის განსათავსებლად შემდგომში რეალიზაციის მიზნით, ბინაში არ იყო ცხელი წყალი, გაზი, აივანს ჰქონდა დაბალი მოაჯირი, ხოლო კარები არ იკეტებოდა, დეიდამ თავად გაგვანდო საუბრის დროს, ბოლო წამს მიუსწრო ნიკოლოზს როცა იგი მოაჯირზე იყო ასული და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა. ვინაიდან აღწერილ ბინაში შესაძლებელი იყო ბავშვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ჩემს მიერ ოჯახს მიეცა რეკომენდაცია აღნიშნულ ბინაში შეექმნათ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი გარემო, რაც ასევე უგულებელყოფილ იქნა.
რაც შეეხება საარსებო შემწეობის შეწყვეტას – სოციალურად დაუცველის სტატუსი ოჯახს შეწყვეტილი ჰქონდა (ქუთაისის სოციალური სამსახურის მიერ !) იმ მიზეზით, რომ დეკლარაცია შევსებული იყო ქუთაისში და საარსებო შემწეობის თანხებს იღებდნენ ქუთაისში, მაშინ როცა დედა ბავშვთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ხოლო მსგავსი შემთხვევები რეგულირდება 2010 წლის 20 მაისის „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 141/6 ბრძანებით.
ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის დროს განხორციელებული ყველა პროცედურა იყო კანონის შესაბამისი ! ბავშვის გადაყვანის შემდეგ დედას ჰქონდა მუდმივი კომუნიკაცია როგორც თავის შვილთან, ისე მიმღებ მშობელთან და ფლობდა ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ. ასევე, სოციალურ მუშაკსა და ოჯახს შორის იყო ყოველკვირეული შეხვედრები და კონტაქტი, რათა დარეგისტრირებულიყო მნახველ პირად, დედასთან მუშაობაში ჩართულ იქნა ფსიქოლოგი, რომლის მიზანი იყო მშობლის უნარ-ჩვევების გაძლიერება (რისი ნაკლებობაც აშკარად იყო გამოკვეთილი).
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსების შემდეგ მიმღები მშობელი სატელეფონო კონტაქტის დროს მუდმივად აფიქსირებდა, რომ ნიკოლოზი არ აჟღავნებდა მიჯაჭვულობას დედის მიმართ, იყო მოუწესრიგებელი (მაგ: დიდი დრო დასჭირდა მიმღებ მშობელს, რომ ბავშვისათვის მოეცილებინა თავიდან „მკბენარი“, ამის გამო მას თმების შეჭრაც კი დასჭირდა), ასევე მიმღებ მშობელს ძალიან გაუჭირდა ბავშვისთვის შესაბამისი საკვების მიწოდება, რადგან ნიკოლოზის კვების რაციონი იყო ერთფეროვანი. (მაგრამ რატომღაც მიმღები მშობლის მიერ სიუჟეტში დაფიქსირებული ინფორმაცია განსხვავდებოდა, რეალურად მის მიერ ხშირი სატელეფონო კავშირისას მოწოდებული ინფორმაციისაგან !)
მინდა განვაცხადო, რომ მიღებული გადაწყვეტილება თავისთავად ემოციურად არის მძიმე და სტრესული, თუმცა ზემოთაღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე სოციალური მუშაკისათვის უპირატესია ბავშვის სიცოცხლისა და განვითარების უსაფრთხოება, რის გამოც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს.
ვფიქრობ, რომ დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაინტერესებული პირების მხრიდან, არის პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და არაფერი აქვს საერთო ბავშვთა კეთილდღეობასთან, და მარტივად მისახვედრია, რომ აღნიშნული „პიარ-კამპანია“ ემსახურება ისევ და ისევ გარკვეული პირების ინტერესებს.
პ.ს ადგილი სადაც რეალურად ცხოვრობდა პატარა ნიკოლოზი …