რა ტრაგედიები გადაიტანა ნათია ზარანდიამ და როგორ გაუმკლავდა ის დიდ ტკივილს

120

მომღერალ ნათია ზარანდიას მამა გარდაეცვალა. მძიმე დიაგნოზის შესახებ მისმა ოჯახმა მოულოდნელად შეიტყო და ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად და მძიმედ განვითარდა.

ნათია ზარანდია: მამის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული ყოფილა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთები მომაჭრეს. მამა ჩემთვის ძალიან დიდი იმედი იყო. მის გვერდით არაფრის მეშინოდა. ბოლომდე გაცნობიერებული არც მაქვს, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მისი დიაგნოზი – ტვინის სიმსივნის ყველაზე აგრესიული ფორმა და რომ ეს დაავადება არ იკურნებოდა, დასასრული ცუდი იქნებოდა, გაგვაფრთხილეს კიდეც, დიდი იმედი ნუღარ გექნებათო, მაინც მოულოდნელი იყო მისი ჩვენგან ასე მალე წასვლა. თუმცა, სულით მებრძოლი ადამიანი ვარ, არ ვეცემი და ვცდილობ, დეპრესიაში არ ჩავვარდე. ძალიან მალე დავუბრუნდი ჩემს საქმეს.

– სოციალურ ქსელში გიწერდნენ, კლეოპატრას ჰგავხარ, რამდენჯერაც დაეცი, იმდენჯერ უფრო ძლიერი წამოდექიო. უკვე ახალი სიმღერის პრემიერაც გქონდა.

– არ ვიცი, როგორ, მაგრამ ძალები მოვიკრიბე. მე თვითონაც ვამბობდი, თურმე, როგორი ძლიერი ვყოფილვარ-მეთქი. თავს დაცემის უფლებას არ ვაძლევ. მამას ეს არ გაუხარდებოდა.

მე ვიცი, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მამა პირველი არ არის. დამიგროვდნენ ზეცაში საყვარელი ადამიანები. დავკარგე დეიდაშვილი, ახალგაზრდა, 27 წლის ბიჭი, მას მიჰყვა ჩემი გამზრდელი ბებია, შემდეგ ადამიანი, რომელიც მიყვარდა. ვიცი ეს ტკივილი რას ნიშნავს. ღმერთს სულ იმას ვთხოვდი, საყვარელი ადამიანი აღარ წაერთმია, მაგრამ ასე მოხდა და ვეღარაფერს შევცვლით.

– მამის ასეთი დიაგნოზი ძალიან მოულოდნელი იყო?

– უცებ აღმოვჩნდით ასეთი დაავადების წინაშე. მამას არასდროს არაფერი სტკიებია. 70 წლის კაცი 50 წლის ადამიანივით გამოიყურებოდა. ასეთი დიაგნოზი დაუჯერებელი იყო. დროც არ გვქონდა საფიქრელად, ყველაფერს წუთები წყვეტდა. გადავწყვიტეთ, თურქეთში გაგვეკეთებინა ოპერაცია, რაც კოლოსარულ თანხებთან იყო დაკავშირებული და მარტო ვერაფრით გავწვდებოდი…

– და უამრავი ადამიანი გააერთიანე შენ გარშემო.

–ეს მართლა სასწაული იყო. ადამიანები დღემდე მწერენ, ჩვენს ამბავს კითხულობენ, ძალიან გვგულშემატკივრობდნენ. ბევრი უკვე ჩემი ოჯახის წევრი გახდა ამ ტკივილის დროს. მას შემდეგ, რაც „ფეისბუქზე“ პოსტი დავწერე, სამ დღეში შეგროვდა 20 ათასი დოლარი. მერეც მეხმარებოდნენ. მამა რუსეთის მოქალაქე იყო და ყველაფერში სამმაგს ვიხდიდით. უამრავი ადამიანი მეხმარებოდა. დამიჯერებთ? აქამდეც მირეკავენ და მეკითხებიან, ნათია, რამე ხომ არ გჭირდებაო?! საოცარი თანადგომა ვიგრძენი. უზომოდ მადლიერი ვარ და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ეს არასდროს დამავიწყდება.

– როდესაც საქართველოში დაბრუნდით, თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ იყო, მაგრამ მერე უცებ ძალიან რთულ მდგომარეობას აღწერდი. მზად იყავი, ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის?

– მე ამ დიაგნოზის შესახებ ყველაფერს ვკითხულობდი. რაც ამ ვერაგ დაავადებას ახასიათებდა, ზუსტად ისე ვითარდებოდა მოვლენები. ეს ჩემთვის შოკი და მოულოდნელი არ ყოფილა. ეს დაავადება ამიტომაც არის ასეთი საშინელი, რომ სწრაფად პროგრესირებს. წარმოიდგინეთ, ოპერაციის შემდეგ, მამას ორ კვირაში ტომოგრაფია გავუკეთეთ და უკვე პატარა წარმონაქმნი იყო წამოსული. თუმცა, რადიოლოგმა გვითხრა, რომ თერაპიას ექვემდებარებოდა. რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია დაგვინიშნეს, 30 მედიკამენტური თერაპია. 21-ზე მამა ძალიან ცუდად გახდა. საშინელება იყო. კლინიკიდან კლინიკაში დაგვყავდა. არ გვჯეროდა, რომ ეს დასასრული იყო. კიდევ თურქეთში წაყვანაზე ვფიქრობდი. ბოლოს კომაში ჩავარდა და ოთხ საათში გარდაიცვალა. კომაში რომ ჩავარდა, სასწრაფომ ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე შეერთება შემოგვთავაზა. მე თანახმა ვიყავი, მაგრამ მერე ყველამ გადამაფიქრებინა, ამით უფრო დატანჯავო. მამის ტანჯვა ძალიან არ მინდოდა. ბოლო დღეებში ისედაც ძალიან დაიტანჯა. უკვე მიცვალებულის სახე ჰქონდა. ის მამა აღარ იყო. ამ დაავადებამ შეჭამა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე თვალებში შემომხედა და მკითხა „მე მორჩა?“. უკვე თვითონაც გრძნობდა. ალბათ, ყველა ადამიანი გრძნობს სიკვდილის მოახლოებას და მის თვალებშიც იგრძნობოდა, რომ სიცოცხლე ჩაქრა. მე ძლიერი ინტუიცია მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ სასწაულების მჯერა, რეალობას თვალს ვუსწორებდი. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო.

– ამ ყველაფრის ფონზე, მაინც ახერხებდი, ყველგან გამოჩენილიყავი, აქტიური, ლამაზი და ლაღი ყოფილიყავი, რომ შენი ტკივილი სხვაზე არ გადაგეტანა…

– მე არ მიყვარს ჩემი პრობლემების სხვისთვის თავს მოხვევა. მე მომღერალი ვარ, საჯარო პირი. როდესაც სცენაზე გამოვდივარ ან გადაცემაში ვარ სტუმრად, ყველაფერს უკან ვტოვებ. როდესაც საღამოს მარტო ვრჩები, მხოლოდ მე ვიცი, რას განვიცდი, მაგრამ გარეთ სხვა ნათია გადის. ჩემს საქმეს და პირადს ერთმანეთში არ ვურევ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა. სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა და მე მამა დავკარგე. ამას ვეღარაფერი შეცვლის. იმედი მაქვს, ოდესმე მოიგონებენ ამ დაავადების წამალს და სხვები იმავე ტკივილს აღარ გამოცდიან. სხვათა შორის, ბევრი წამალი დამრჩა, მამამ ვერ მოასწრო მიღება და გადავწყვიტე, იმ ადამიანებს გადავცე, ვისაც მისი შეძენის საშუალება არ აქვს. იქნებ, ვიღაცის სიცოცხლე ერთი დღით მაინც გავახანგრძლივოთ. სამწუხაროდ, ეს წამლები და საერთოდ, ადამიანის სიცოცხლე ძალიან ძვირი ჯდება. იტყვიან ხოლმე, ფულს არ აქვს მნიშვნელობაო, მაგრამ ჯანმრთელობა და სიცოცხლის გახანგრძლივება თუ გინდა, სინამდვილეში, ძალიან დიდი ფინანსებია საჭირო. ამიტომ არაფერი ინატროთ ამ ცხოვრებაში, გარდა კარგი ჯანმრთელობისა.

კიდევ ერთხელ, მადლობა ადამიანებს იმ თანადგომისთვის, რომელიც ამ პერიოდში გამოიჩინეს ჩემ მიმართ. საოცრებები ხდებოდა ჩემს თავს. ხომ ძალიან მძიმე და ტკივილიანი პერიოდია, მაგრამ რომ ამბობენ, კარგშიც არის რაღაც ცუდი და ცუდშიც – კარგიო, მართალი ყოფილა. კარიერაში კარგი სიახლეები მოხდა. ალბათ, ამან და გულისხმიერმა ადამიანებმა გადამატანინეს ეს ტკივილი და ამის დამსახურებაა, რომ მე დღესაც მიყვარს სიცოცხლე და დღეს კიდევ უფრო მეტ ძალას ვგრძნობ. ჩემთვის გლოვა 40 დღეში არ სრულდება. ჩემი სიმღერა რომ გამოვაქვეყნე, რამდენიმემ დამიწერა, რა გამღერებს, აღარანაირი ეთიკა აღარ არსებობსო? მწარედ გამეცინა, ჩემთვის გლოვა შავების ჩაცმას და სხვის დასანახად ტირილს არ ნიშნავს, იქნებ მე უფრო მტკივა, ვიდრე მას, ვისაც შავები აცვია. მე ისეთი პროფესია მაქვს, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემს თავს რაღაცების უფლებას ვერ მივცემ. მე არ მინდა, დასრულდეს ის, რაც ამდენი შრომით მოვიპოვე.