რა გზა გაიარა “მის ფიტნეს მსოფლიოს“ გამარჯვებამდე ეკატერინა მეიშვილმა და რატომ შურდა მას საკუთარი ბედის
ფიტნესინსტრუქტორი ეკატერინა მეიშვილი უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. მან წარმატებული კარიერა დიდი შრომისა და ნებისყოფის ხარჯზე ააწყო, არაჩვეულებრივი ოჯახიც შექმნა, თუმცა, მისი საყვარელი მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, რაც საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. ეკატერინა, ამ ბოლო დროს ხშირად ჩამოდის საქართველოში და ამბობს, რომ მშობლიური გარემო და მონატრებული ურთიერთობები მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს.
ეკატერინა მეიშვილი: ამერიკაში 24 წლის ასაკში წავედი. უკვე ოცი წელია, რაც იქ ვცხოვრობ და ყველაზე მეტად მეგობრული ურთიერთობები, ჩვენი ეროვნული კერძი – ცხელი ხინკალი და გარემო მენატრება. არ დამავიწყდება, ამერიკაში რომ ჩავედი, ძალიან გამიჭირდა, არ ვიცოდი ენა, არავის ვიცნობდი, არ მქონდა საბუთები. განსაკუთრებით რთული იყო პირველი ხუთი წელი. საქართველოში სპორტსმენი ვიყავი, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ხუთგზის ეროვნული ჩემპიონი, ბევრი საერთაშორისო ტურნირის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ცნობადი და ამაყი ვიყავი, მწვრთნელად ვმუშაობდი, იქ ჩასულს კი ცხოვრების ნულიდან დაწყება მომიწია. წარმატებული კარიერის მერე დამლაგებლად ვმუშაობდი და მიჭირდა ამასთან შეგუება. ჩემი 5 წლის შვილი, ნინი, საქართველოში მყავდა დატოვებული და მისი მონატრებაც მკლავდა, თუმცა, ვიცოდი, ერთ დღეს მყარად დავდგებოდი ფეხზე და ეს მაძლიერებდა. ღმერთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერი გამომივიდა და ამერიკაშიც ისეთივე წარმატებული გავხდი, როგორიც სამშობლოში ვიყავი. ერთი სიტყვით, ამერიკაში ექვსი წლის შემდეგ მყარად დავდექი ფეხზე, საბუთებიც მივიღე, ბავშვიც წავიყვანე და რაც კი მინდოდა, ყველაფერს მივაღწიე.
– ამაში იღბალი დაგეხმარა, კოლოსალური შრომა თუ მიზანდასახულობა?
– როცა მართლა გულით გინდა, შრომობ და მიზანიც გაქვს დასახული, ვერანაირი წინაღობა და ბარიერი ვერ გაგტეხს. მერე იღბალიც წამომეწია. ვფიქრობ, როცა შრომობ, მაშინ მოდის იღბალი, თორემ მარტო მის იმედად არაფერი გამოვა. ვისწავლე ენა, გავიცანი ხალხი, კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონალური ტრენერების ფიტნესის ინსტიტუტიც დავამთავრე და საკმაოდ ცნობილ კლუბში დავიწყე მუშაობა. იქიდან დაიწყო ჩემი როგორც კარიერული, ისე პირადული აღმავლობა. სწორედ იმ კლუბში გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ გარდამეცვალა. იმდენად მოულოდნელი იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, დღემდე არ მჯერა, ასე მგონია, სიზმარში ვარ. ძალიან ბედნიერი ქალი ვიყავი, რაც ვინატრე – სახლი, სამსახური, ქმარი, შვილები, ყველაფერი მქონდა, ვხუმრობდი, ჩემი თავის მშურს-მეთქი… და ჩემი ქმრის სიკვდილმა დეპრესიაში ჩამაგდო, სახლში მისული გარდაცვლილი დამხვდა.
– ვიცი, მეუღლის გარდაცვალების მერე საკმაოდ მძიმე პერიოდი გქონდა. როგორ დააღწიე თავი დეპრესიას და ვინ დაგეხმარა ამაში?
– ორი წლის განმავლობაში ამქვეყნად აღარ ვიყავი. არც კი მინდა გახსენება, ისევ ვარჯიშმა და მეგობრებმა მიშველეს. დედაც ჩამოვიდა და გვერდში დამიდგა. ალბათ, სიცოცხლის ჟინმა და სპორტსმენობამ გადამარჩინა. კიდევ ვამბობ, მეუღლის გარეშე ცხოვრების გაგრძელება რთული იყო, მაგრამ შევძელი. მისგან შვიდი წლის ტყუპები დამრჩა და მათაც ვჭირდები. სხვა გზა არაა, ძლიერი უნდა ვიყო. სხვათა შორის, არგენტინული ტანგოს ცეკვა დავიწყე, მასზე გადავერთე და ამანაც ძალიან მიშველა ტრაგედიიდან გამოსვლაში.
– ეკატერინა, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. გარდა ვარჯიშისა, ტანგოს ცეკვითაც ხარ გატაცებული. და მაინც, წლების მატების მიუხედავად, როგორ ინარჩუნებ ფორმებს,?
– ძალიან აქტიური ვარ, ან ვვარჯიშობ, ან ვცეკვავ და ვცდილობ, კვებასაც მივაქციო ყურადღება. წლების მატებასთან ერთად, მით უმეტეს, 40 წლის მერე, როცა მეტაბოლიზმი ნელდება, იწყება ჰორმონული ცვლილებები, თუ ჯანსაღად კვების რეჟიმს არ დაიცავ, ვარჯიშს აზრი არ აქვს. ასე რომ, 40 წელს გადაცილებულ ქალებს ვურჩევ, მეტი იმოძრაონ, რათა კუნთები არ მოადუნონ და შეინარჩუნონ ის, რაც აქვთ. ასევე, ჯანსაღ კვებასთან და მოძრაობასთან ერთად, კარგია ემოციური ფონისა და განწყობის შექმნა, რაც დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია.
– ბევრ კონკურსზე ხარ გამოსული და თითქმის ყველა კონკურსზე, წარმატება გხვდა წილად. მაინც, რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ გამარჯვებად?
– ამერიკაში, ფიტნესკონკურსებზე დავიწყე გამოსვლა და უამრავი პრიზი მაქვს აღებული. პირველი მოგება იყო, „მისს ფიტნეს ლოს-ანჯელესი“, ამას მოჰყვა, მეორე, მესამე მოგებები… რაც შეეხება დიდ მოგებებს, 2014 წელს მოვიგე „ფიტნეს კალიფორნია“, 2015 წელს მაიამიში მოვიგე „ფიტნეს უნივერსი“, 2016 წელს ლას-ვეგასში კი – ყველაზე დიდი ტურნირი „მის ფიტნეს მსოფლიო“. ჩემს კარირაში ეს უკანასკნელი იყო ყველაზე დიდი გამარჯვება. ამის მერე გამოვჩნდი ჟურნალების ყდაზე, ბილბორდებზე, ტელევიზიებში. დღეს ამერიკაში საკმაოდ მოთხოვნადი ელიტფიტნეს ქოუჩი გახლავართ.
– სოციალურ ქსელში საოცარ ფოტოებს დებ, ესთეტიკურს და საკმაოდ თამამს. ამის გამო, ბულინგის მსხვერპლი თუ გამხდარხარ?
– ამერიკაში – არასოდეს, მაგრამ საქართველოში – კი. ეს არ მაღელვებს, რადგან ეს ჩემი სამსახურია – მე ტანი უნდა გამოვაჩინო. წლები ვიმუშავე, რომ ამ ფორმაში ვყოფილიყავი. თან, ვარ ფიტნესმოდელი და როგორ შეიძლება, ჩემი ტანი დავმალო? არანაირად არ მრცხვენია, პირიქით, მეამაყება, როგორც გამოვიყურები, რადგან ამაში საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე. როცა მაბულინგებენ, ვხვდები, როგორი წარმატებული ვარ. არ დამავიწყდება, ქალი მწერდა: ქართველი ხარ და მკერდი რომ გადმოგიგდია, არ გრცხვენიაო? (იცინის) მეორე მწერდა ირონიით: ყოჩაღ, მეტი გამოაჩინეო… (იცინის) ჩემზე ნეგატივს, ალბათ, შური აწერინებთ. მე ფიტნესმოდელი ვარ, ტანი უნდა გამოვაჩინო, თორემ შეფმზარეული რომ ვიყო, სოციალურ ქსელში საჭმლის ფოტოს დავდებდი. გეტყვით იმასაც, რომ ფიტნესმოდელიც რომ არ ვიყო, უბრალოდ, ვვარჯიშობდე და ასეთ ფორმაში ვიყო, მაინც დავდებდი ფოტოებს სოციალურ ქსელში. ახლა გამიძლონ როგორმე, კიდევ დავდებ ჩემს თამამ ფოტოებს, მერე, ასაკში რომ შევალ, აღარ დავდებ (იცინის). ადამიანები რომ მალავენ ბევრ რამეს, მე გამოაშკარავებული მაქვს ჩემი შრომის შედეგი, ვინც ვარ და რასაც ვაკეთებ (იცინის).