როგორ მართავს ლიკუნა მეტრეველი ფინანსებს, რა არის მისი ძლიერი მხარე და როგორ ცდილობს შვილებთან სწორი მიდგომების გამომუშავებას, ამაზე თავად მოგვიყვება.
ლიკუნა მეტრეველი: ზოგადად, ფული ძალიან საჭირო რამ არის, მაგრამ არა ყველაზე მთავარი. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით კარგად დავინახეთ, რომ ჯანმრთელობასთან შედარებით, ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თუმცა, ვერ უარვყოფთ, რომ ფულს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მის გარეშე, ვერ ვიცხოვრებთ, რადგან ელემენტარული საჭიროებაც კი ფულზე გადის.
– როგორი იყო შენი პირველი სამსახური?
– ჩემი აზრით, პირველი სამსახური საკმაოდ გვიან ასაკში, 25 წლისამ დავიწყე. ჩემივე პროფესიით, იურისტად დავსაქმდი „რუსთავი 2-ში“. ექვსი თვე სტაჟიორი ვიყავი და შემდეგ ოფიციალურად შევუდექი საქმეს. ძალიან ემოციური იყო. სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც შენი შრომით მოპოვებული თანხა გაქვს. ეს სხვანაირად დამოუკიდებელს გხდის. მანამდე ფინანსურად რამდენად მყარადაც არ უნდა იყო, როცა უკვე საკუთარი შრომით გამომუშავებული თანხა გაქვს, გრძნობ, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური, თორემ შემოსავალი მანამდეც მქონია, როგორც მოდელს, დაახლოებით, 18-19 წლის ასაკიდან.
– გახსოვს სულ პირველი შემოსავალი რამდენი იყო და რაში დახარჯე?
– სამოდელო კარიერას დავუბრუნდები. პირველი შემოსავალი ამ საქმით ავიღე, 19 წლის ვიქნებოდი და ერთ-ერთ გადაღებაში, მგონი, 50 დოლარი ავიღე. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ძალიან მდიდარი ვიყავი (იცინის). ეს იმ დროს და მით უმეტეს, იმ ასაკში, მართლა ძალიან კარგი ანაზღაურება იყო. თუმცა, რაში დავხარჯე, ვერ ვიხსენებ.
– ფინანსური დამოუკიდებლობა როდის მოიპოვე?
– 25 წლის შემდეგ. მანამდე არასტაბილური შემოსავალი მქონდა და ფინანსურად დამოუკიდებელიც ვერ ვიყავი. მას შემდეგ, რაც სტაბილური სამსახური მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ვარ და ფინანსური კუთხით მყარად ვდგავარ ფეხზე. დღეს „მთავარი არხის“ იურისტი ვარ.
– კიდევ ერთი პროფესია შეითავსე, იურისტობასთან და მოდელობასთან ერთად, ინფლუენსერიც გახდი.
– კი, ნამდვილად. შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე ძალიან შემოსავლიანია. სასიამოვნოცაა, მაგრამ თან, ძალიან შრომატევადი და დამღლელიც. დიდი დრო სჭირდება, არ უნდა მოდუნდე, მუდმივად აქტიური უნდა იყო. აქ ვერც შვებულებას აიღებ და ვერც მოეშვები (იცინის). ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბუნებრივად მოხდა. როგორც ასეთი, ეს საქმე შეგნებულად არ დამიწყია და არც მის პროფესიად ქცევაზე მიფიქრია.
– რამდენად კარგად გამოგდის შემოსავლის თვიდან თვემდე სწორად გადანაწილება?
– ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ძლიერი მხარეა. არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ მაქვს იმის უნარი, რომ კარგად გადავანაწილო ჩემი დრო, ასევე, ფინანსები. თითქოს, ცოტა თავს ვიქებ, მაგრამ მართლა მაქვს ამ საკითხებში კარგი მენეჯმენტის უნარი. ვინც მიცნობს, ამას დაადასტურებს (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მყავს და წარმოუდგენელია, საჭირო ხარჯი ზუსტად გათვალო, მაინც ვახერხებ, თვიდან თვემდე, სტაბილურად ვიყო. ისე არა, ხელფასის აღებიდან პირველი დღეები რომ თავისუფლად ხარ და თვის ბოლოს მოახლოებისას აღარ იცი, რა გააკეთო (იცინის).
– ბავშვებთან ცოტა რთულია ოქროს შუალედის დაცვა. ხშირ შემთხვევაში, პატარებს განუსაზღვრელი მოთხოვნილებები აქვთ და მშობლებს უჭირთ იმის განსაზღვრა, სად უნდა დაუწესონ ზღვარი…
– ეს საკითხი მართლა ძალიან რთულია. ერთი მხრივ, არ გინდა, რომ შვილს გული დასწყვიტო, მით უმეტეს, თუ რაღაც ძალიან უნდა, მეორე მხრივ, საჭიროა, რომ მან ზღვარი იცოდეს. ჩემს შვილებს ახლა ის ასაკი აქვთ, როცა უფრო მეტად არგუმენტირებულად იციან, რატომ უნდათ ესა თუ ის ნივთი. უფრო პატარა ასაკში, როცა გამოუსადეგარი ნივთის შეძენას მთხოვდნენ, ვთანხმდებოდი, ვყიდულობდით და მერე ვუხსნიდი, რომ უსარგებლო იყო, რაც შევიძინეთ. ხაზს ვუსვამდი, რომ მაინც არ იყენებდნენ. ვხვდებოდი, რომ ყიდვის მომენტი სიამოვნებდათ, თორემ მერე შეიძლება, ის ნივთი საერთოდ არც გახსენებოდათ. ბევრი ასეთი ფაქტი რომ დაგროვდა, მერე უკვე ნივთის შეძენამდე ვუსვამდი კითხვას – დარწმუნებული ხარ, რომ შენ ამას გამოიყენებ? იქნებ, ამასაც ისე დაივიწყებ, როგორც ბევრ სხვა მსგავს ნივთს?! ეს მაგალითებიც სპეციალურად დავაგროვე იმისთვის, რომ მათთვის ცარიელი სიტყვების თქმა არ დამჭირვებოდა და ჩემი აზრი არ მომეხვია თავს. ასე უკვე თვითონაც იცოდნენ, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი და ეს ჭრიდა. უფროსი ცხრა წლის მყავს და მართლა დიდი გოგოა, ზუსტად იცის, რა უნდა. პატარა ჯერ 7 წლის არის და მასთან ცოტა კიდევ მჭირდება მუშაობა, თან, მართლა ყველაფერი უნდა, მაგრამ ამ მეთოდით, რაღაც შედეგს მივაღწიე. მთლად ოქროს შუალედს ვერ, მაგრამ ეს საკითხი პრობლემადაც აღარ აღიქმება (იცინის).
– რაში იხდი თანხას სიამოვნებით?
– ბევრი რამ არის ასეთი. პირველ რიგში, როდესაც ბავშვებისთვის ვყიდულობ რამეს, ეს იმდენად სასიამოვნოა, რომ ალბათ, ამ ემოციებს ვერაფერი შეედრება. ასევე, ძალიან მიყვარს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა. სიმართლე რომ ვთქვა, საკუთარი თავისთვისაც მიყვარს თანხის დახარჯვა – ძირითადად მაინც, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ასევე, თავის მოვლის საშუალებებსა თუ პროცედურებზე. ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ. როცა ვმუშაობთ, ისიც მნიშვნელოვანია, სიამოვნება მივიღოთ გამომუშავებული თანხით. ამიტომ საკუთარ თავს, ამ მხრივ, უარს არ ვეუბნები.
– ფულს თვლა უყვარსო, ასეთი გამოთქმაც გვაქვს. ზუსტად იცი რამდენი გაქვს საფულეში თუ ანგარიშზე?
– საფულეში თანხა საერთოდ აღარ მაქვს. ესეც პანდემიის დამსახურებაა (იცინის). მაშინ გავაქრე და დღეს უკვე ძალიან დიდი დისკომფორტია, თუ თანხა ქეშად მაქვს. ანგარიშს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ სულ მახსოვს მასზე არსებული თანხის რაოდენობა. რამდენიმე ანგარიში მაქვს და მათზე ვახარისხებ თანხას სხვადასხვა მიზნისთვის. რომელიღაც ანგარიშზე რამდენი დევს, ეს შეიძლება, ვიცოდე, მაგრამ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ყოველ წამს და წუთს ვამოწმებ.