“მაშინ ხალხს ფერადადაც კი არ გვეცვა“ – დევნილთა დასახლება, პრობლემები და უსახსრობა, როგორი იყო ნიკა კვეკვესკირის ბავშვობა

186

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ბავშვობის წლებზე ისაუბრა.

ფეხბურთელის ბავშვობა მარტივი არ ყოფილა, კვეკვესკირის ოჯახი აფხაზეთიდან, გალიდან არის დევნილი. იგი წლინახევრის იყო, როცა მშობლებმა ზუგდიდში ჩაიყვანეს და ცხოვრება დევნილთა დასახელებაში განაგრძეს.

„თითქმის ყოველ ზაფხულს, როდესაც სასკოლო არდადეგები იყო, ან ფეხბურთისგან ვიყავი თავისუფალი ჩავდიოდი ხოლმე (გალში) ბებიასთან. უდიდესი სიყვარული იყო იქ და ამ სიყვარულს პირველ რიგში ქმნიდა ხალხი.

ბავშვი, რომ ხარ ზოგადად რაც არ უნდა რუხი ფერების იყოს გარშემო რაღაცეები, ბავშვებთან ურთიერთობით ხომ აფერადებს რაღაცეებს. მაშინ ხალხს ფერადადაც კი არ გვეცვა. მონოტონურად გვეცვა ყველას. ამ ყველაფერს ის ურთიერთობები და ის სიყვარული აფერადებდა, რაც ადამიანებს შორის იყო. იმ დასახლებაში სადაც მე ვცხოვრობდი. ყველა იყო იგივე პრობლემებით რაც მე და ჩემს ოჯახს გაგვაჩნდა. 

ხვალ არ იცი შუქი გექნება თუ არა, არ იცი წყალი გექნება თუ არა, საკვები გექნება თუ არა, არ იცი ხვალინდელი დღე როგორი იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხალხი ემოციური სილაღით იმით, რომ ჩვენ არ დავნებდებით, ერთმანეთს აძლევდა იმის ძალას, რომ არ გაჩერებულიყვნენ და თავიანთი შვილების მომავლისთვის ეზრუნათ. მაშინ იყო საკითხი, უნდა გადავრჩენილიყავი ადამიანად ან ვერ გადარჩებოდი. “, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი ინტერვიუში.