“მაშინ ქმარი მყავდა, ოჯახი მაგრამ ღმერთმა ჩემი და ზურას ერთად ყოფნა ინება“

255

სამშობიარო ტკივილებმა 5 დღეს გასტანა. 12 აპრილს, გამთენიისას, ბიჭი დაიბადა – ზურაბ ანჯაფარიძე, ოპერის მომავალი ვარსკვლავი. მაშინაც ისე, როგორც წლეულს, აღდგომის წინა, ვნების კვირეული იყო. შემდეგ დედა იხსენებდა, დაბადებისას თითქოს მღეროდა, ისე მოევლინა ქვეყანასო. ზუსტად 68 წლის შემდეგ, საკუთარ დაბადების დღეზე – 12 აპრილს, გამთენიისას, ვნების კვირეულში, უკანასკნელად იმღერა და წუთისოფელი დატოვა. წელს ზურაბ ანჯაფარიძის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა, გარდაცვალებიდან – 26 წელი.

ზურაბ ანჯაფარიძე ისე ცხოვრობდა, რომ ლეგენდებს თვითონვე ქმნიდა. მათგან ერთ-ერთი იყო მისი და მარინა მაჭავარიანის სიყვარულიც. ერთად 17 წელი გაატარეს და მომდევნო წლები ქალბატონი მარინა იმ ბედნიერი წლების მოგონებებით ცოცხლობს.

მარინა მაჭავარიანი-ანჯაფარიძე:

– მე და ზურა ერთმანეთს ორჯერ შევხვდით. პირველად 15 წლის ვიყავი, მეორედ – 32-ის. ოჯახში ერთადერთი შვილი გახლდით და ყველა მანებივრებდა. მშობლებს ოპერა ძალიან უყვარდათ და სხვადასხვა სპექტაკლებზე მატარებდნენ. ერთხელ დედამ კონსერვატორიაში, მაყვალა ქასრაშვილის გამოსაშვებ საღამოზე წამიყვანა. იმ დღეს ზურაც მღეროდა.

მამამ სპეციალურად ამ დღისთვის გადამყიდველებისგან ულამაზესი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მიყიდა. ქუსლებზე პირველად ვიდექი. შესვენების დროს კიბეზე ავდიოდი, ფეხი გადამიბრუნდა და ჩემი ფეხსაცმელი პირველ სართულზე ჩავარდა. დედა ძალიან გამიბრაზდა და თავისი კაბა მომაფარა.

ასე ცალ ფეხზე ვიდექი, როდესაც ჩემკენ მომავალი ჩვენი მეზობელი, ოპერის მომღერალი ირაკლი შუშანია შევნიშნე. მის გვერდით ძალიან სიმპათიური მამაკაცი მოდიოდა, რომელსაც ჩემი ფეხსაცმელი ეჭირა. უკან ქალების რაზმი მოჰყვებოდა. სიცილით ამბობდა, ვისაც მოერგება, ჩემი ცოლი გახდებაო. დედამ თქვა, ვაიმე, ეს ხომ ზურაბ ანჯაფარიძეაო და სირცხვილისგან გაწითლდა. რომ მომიახლოვდნენ, ირაკლიმ ფეხსაცმელი გამოართვა და მე გადმომცა. ზურაბმა გაიღიმა: “,ბავშვი ყოფილა”.

საღამოს ირაკლიმ მამაჩემს დაურეკა, ღვინო ჩამოიტანე, ზურაბ ანჯაფარიძე მესტუმრაო. მთელი ღამე იქეიფეს. დილას კი ნასვამი მამაჩემისა და დედის დიალოგს მოვკარი ყური: “ზურიკომ მითხრა, მარინა მოსკოვში გამატანეო. მე ვუპასუხე, რომ ჯერ პატარაა”. ეს იყო და ეს. მეტჯერ მას აღარ შევხვედრივარ.

ამასობაში 17 წელი გავიდა, ზურამ იქორწინა, ქალიშვილი შეეძინა. შემდეგ ცოლს გაშორდა. მეც ვიქორწინე და ასევე ქალიშვილის დედა გავხდი. ბედმა კი ჩვენი გზები მაინც გადაკვეთა.

ერთმანეთს ხელმეორედ და სამუდამოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში შევხვდით. კარგად მახსოვს, 25 დეკემბერი იყო და ოპერის თეატრში მივედი. ჩემი ქალიშვილის, დეასთვის, საკარნავალო კოსტიუმი დამჭირდა. ირაკლი შუშანიამ მითხრა, დირექტორთან შედი და კოსტიუმის თაობაზე გაესაუბრეო.

სწორედ მაშინ გავიგე, რომ ზურა მოსკოვიდან დაბრუნებულა და ოპერის დირექტორად დაუნიშნავთ. მის კაბინეტში შესვლა მერიდებოდა, ბოლოს გავბედე და კარი შევაღე. დამინახა თუ არა, გამიღიმა და მითხრა: “თქვენი ფეხით მოხვედით, ქალბატონო? მთელი ცხოვრებაა, გელოდებით”. ასე მივედი და მივედი მასთან… მაშინ ქმარი მყავდა, ოჯახი, მაგრამ ღმერთმა ჩემი და ზურას ერთად ყოფნა ინება.

გედის სიმღერა

– ზურა 3 თვე ებრძოლა მძიმე ავადმყოფობას და თავის დაბადების დღეზე, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკვე ძალიან მძიმედ იყო, ვეღარ ლაპარაკობდა. სახლი, სადარბაზო, ეზო ხალხით იყო სავსე. სიკვდილის წინ იმღერა. ყველანი გაოგნებულები ვუსმენდით, მაგრამ რა მელოდია წაიმღერა, ვერავინ მივხვდით. მერე მისი ხმა ნელ-ნელა მისუსტდა და…

სხვათა შორის, სიკვდილზე საუბრის დროს ხუმრობით ამბობდა, იმქვეყნად უშუქობამ რომ არ გამტანჯოს, საფლავზე ნათურა დამიკიდეთო. სიმბოლურია, რომ ოპერის ბაღში სინათლე არასდროს ქრება და ამით ზურას უკანასკნელი ნატვრაც სრულდება.

17 წელი ზურას გვერდით ვიცხოვრე და მე იმ 17 წლის მოგონებები მაცოცხლებს. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი დღესასწაული იყო, რომელიც მუდამ ჩემთან დარჩება.

„სარკე“