ჟურნალისტი გიორგი კეპულაძე დაოჯახდა. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის რჩეული კომუნიკაციების სპეციალისტი მარიამ დევრისაშვილია. წყვილს ახლახან ულამაზესი ქორწილი ჰქონდა.
გიორგი კეპულაძე: მე და ჩემს მეუღლეს კლასიკურად დიდი ქორწილის გადახდის სურვილი არ გვქონია. გვინდოდა, ქორწინება ძალიან ვიწრო წრეში აღგვენიშნა, უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში და ასეც გავაკეთეთ. ყველა ძალიან გაერთო. იცოდნენ, რომ კარგი დროის გასატარებლად მოდიოდნენ და ჩვენც შესაბამისი განწყობით დავხვდით.
– არადა, სიძე და პატარძალი ცოტა დაძაბულები არიან პასუხისმგებლობის გამო…
– ჩვენი მდგომარეობა ამ სტერეოტიპისგან განსხვავებული იყო (იცინის). კი, ნერვიულობა ყოველთვის ახლავს მსგავს მომენტებს, ბევრი დეტალია, რაზეც ფიქრი გიწევს, მაგრამ საორგანიზაციო საკითხების ძირითადი ნაწილი გადალახული გვქონდა და ამის გამო ხელი არ შეგვშლია, ორივემ ვიმხიარულეთ ჩვენს ქორწილში. თან, ვცდილობდით, რომ სტუმრებისთვის მაგალითი მიგვეცა. საბოლოო ჯამში, ყველა ძალიან კარგად გავერთეთ.
– წინასწარ სამზადისში გოგონები უფრო აქტიურობენ ხოლმე. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– ეგეც სტერეოტიპია, რომ გოგონები უფრო ჩართულები არიან საორგანიზაციო საკითხებში. ჩვენს შემთხვევაში მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და რა თქმა უნდა, ყველა დეტალს მარიამს ვუთანხმებდი. გაგიმხელთ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალებიც კი, როგორიც პატარძლის კაბა და მაკიაჟია, მარიამმა ჩემი რეკომენდაციით შეარჩია (იცინის). შეიძლება, დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ამაზე მერე გვეცინებოდა. როგორც წესი, გოგონები თვითონ ცდილობენ ასეთი საკითხების მოგვარებას. საქმე ისაა, რომ ჩემი მეგობარია მარიკა ქურდუბაძე, რომელიც ახლა „თამაროს“ ბრენდის დიზაინერია და ძალიან ლამაზ სადღესასწაულო კაბებს კერავს. თავიდანვე ვურჩიე, მარიკასთან მიდი, დაელაპარაკე და ისე შეგმოსავს, რომ დამიჯერე, კმაყოფილი იქნები-მეთქი. რაც შეეხება მაკიაჟს, მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ტელევიზიაში და ძალიან ბევრ ვიზაჟისტს ვიცნობ იმ დროიდან, როდესაც ეს პროფესია ჯერ კიდევ იშვიათი იყო. ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ნინო ალავერდაშვილი, რომელიც დღეს „მთავარ არხზე“ მუშაობს, მანამდე „რუსთავი 2-ის“ ვიზაჟისტი იყო და მარიამს მასთან მისვლა ვურჩიე. დამიჯერა და ორივე შემთხვევაში კმაყოფილი დარჩა.
– მგონი, ძალიან გაუმართლა პატარძალს, იმიტომ რომ ეს ორი, ალბათ, ყველაზე დიდი თავსატეხია ხოლმე.
– კი, გაუმართლა, მამაკაცები ასეთ ამბებში არ ერევიან ხოლმე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა და გაამართლა (იცინის).
– ქორწილი უფრო ტრადიციულ სტილში იყო თუ თანამედროვე?
– შეიძლება ითქვას, ჰიბრიდული იყო. გვყავდა თამადა, იყო სადღეგრძელოები, მაგრამ არა ძალიან გაწელილი და შაბლონური. გვინდოდა, უფრო მეტი დრო მხიარულებას, ცეკვას და სიმღერას დათმობოდა და ეს ყველამ გაითვალისწინა. ამიტომ მოსაწყენ სადღეგრძელოებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ტრადიციული ელემენტებიც იყო, რაც ქორწილთან ასოცირდება. 30 ივნისს გვქონდა ქორწილი და დღემდე ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან კარგად გაერთნენ. დაახლოებით 50-60 ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა ძალიან ახლობელი, ამიტომ არც ზედმეტი ნერვიულობა ყოფილა, არც დაძაბულობა და ყველამ ერთად მოვილხინეთ.
– ქორწილის სურვილი ორივეს გქონდათ თუ მოგიწიათ რომელიმეს მეორე ნახევრის დათანხმება?
– როცა ხელი ვთხოვე და დაოჯახება გადავწყვიტეთ, თავიდანვე ვფიქრობდით, რომ თუ ქორწილი გვექნებოდა, ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჯვრისწერა და აღნიშვნა ვიწრო წრეში. ორივე ამ აზრზე ვიყავით და მარტივად შევთანხმდით. მოგეხსენებათ, არ არის იაფი სიამოვნება დიდი ქორწილი და რადგან არც გვქონდა დიდი მასშტაბების სურვილი, მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება. ჯვარი დავიწერეთ, ქორწილი გვქონდა, თუმცა, ხელი ჯერ არ მოგვიწერია და ალბათ, ამ მიზნით მალე იუსტიციის სახლსაც ვეწვევით.
– ხელის თხოვნა ვახსენეთ და ეს როგორ მოხდა?
– სხვათა შორის, არცერთს არ მოგვწონს, ვითომ სიურპრიზი და მოულოდნელი ხელის თხოვნის ცერემონიები. შეიძლება, ხშირად მართლაც არის მოულოდნელი, მაგრამ ჩვენ არ გვქონია რაღაც ასეთის სურვილი და არც განსაკუთრებული ცერემონიის. წინასაახალწლოდ, ქალაქგარეთ ვიყავით დასასვენებლად და აი, იქ ვთხოვე ხელი. მარტო ჩვენ ვიყავით, არ მინდოდა, უხერხულობა შემექმნა. კაცმა არ იცის, შეიძლება არ არის თანახმა გოგო და რატომ უნდა შემექმნა უხერხულობა (იცინის). ამიტომ მარტოები რომ ვიყავით, მაშინ ვთხოვე ხელი. განსაკუთრებული ცერემონია არ გვქონია, რადგან ვიცოდი, რომ მარიამისთვის ეს ფორმატი უფრო მისაღები იყო და სპექტაკლების დადგმა არ დამიწყია. ვისაც ასე მოსწონს, ღმერთმა გაუმარჯოს, ჩვენ ისეთი გვქონდა, როგორიც ჩვენთვის იყო სასურველი.
– ქორწილი და ფეხბურთის ზეიმი, ფაქტობრივად, ორი დღესასწაული გქონდათ ერთად.
– კი, ასე იყო (იცინის). თან, თამაში ჩვენი ქორწილის დღეს დაემთხვა და ტორტიც შესაბამისი გვქონდა, ზემოდან ორი ბურთითა და საქართველოს დროშით (იცინის). საქართველო-ესპანეთის თამაში დაგვემთხვა. როცა ქორწილს ვგეგმავდით, წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ შეხვედრა მაინცდამაინც ამ დღეს იქნებოდა. რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ მერვედფინალში გავიდოდა, მაგრამ ის, რომ მაინცდამაინც ჩვენი ქორწილის დღეს დაემთხვეოდა, ეს ყველამ 26-ში გავიგეთ, როცა პორტუგალიას მოვუგეთ. პირველი, რაც გავაკეთე, საათი ვიკითხე (იცინის). რომ გავიგე, 23 საათზე იყო, ცოტა ამოვისუნთქე, შუა ქორწილში თამაშის ყურება როგორ გამოვიდოდა, არ ვიცი. 11 საათი კი უკვე კარგი დრო იყო (იცინის). ქორწილში დიდი ეკრანი გვქონდა და როგორც კი საზეიმო ნაწილი დასრულდა, ყველა სტუმართან ერთად დიდ ეკრანთან გადავინაცვლეთ და ნეფე-პატარძალიც მათთან ერთად ვუყურებდით ფეხბურთს. მართალია, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ პირველ გოლზე სიხარულისგან რას აღარ ვაკეთებდით, ვერ გეტყვით (იცინის). ასე რომ, ჯერ გვქონდა ქორწილი და შემდეგ საქორწილო საფეხბურთო ჩვენება (იცინის).
– საიდან დაიწყო თქვენი ისტორია?
– მე და მარიამი დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. სამსახურეობრივად გვქონდა გადაკვეთის წერტილები. ვთანამშრომლობდით კიდეც, თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობა და დაახლოება, ორი წლის წინ დაიწყო. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური მედიასკოლა. მარიამმა, როგორც ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა, ჩვენთან ჩააბარა და უფრო დავახლოვდით. არც ისე ცოტა ხანს ვიფიქრეთ, სანამ ერთმანეთისთვის ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირებას გადავწყვეტდით. მარტივი გადასაწყვეტი არ არის, არცერთი არ ვართ პატარა, რომ თავში გვიქროდეს. შეყვარებულობის კარგი პერიოდი გვქონდა და როდესაც ორივე დავრწმუნდით, ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, მაშინ გადავწყვიტე, ხელი მეთხოვა.
– უკვე დიდი გოგოს მამა ხართ, მარიამი და ევგენია როგორ შეეწყვნენ ერთმანეთს?
– მოგეხსენებათ, როცა წყვილში ერთ-ერთს უკვე ჰყავს შვილი, ამ პროცესს ყოველთვის ახლავს მცირე მღელვარება, მაგრამ ყველაფერი კარგად გავიარეთ. როცა ევგენიას ვუთხარი, რომ შეყვარებული მყავდა, ძალიან გაუხარდა და სასწრაფოდ მისი გაცნობა მოითხოვა. გავაცანი და მალე დამეგობრდნენ. მოგეხსენებათ, გოგონებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ევგენიამ ქორწილში სადღეგრძელოც წარმოთქვა, აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან მამამისის გვერდით ასეთი კარგი გოგოა და საიმედო ხელშია. ევგენია ძალიან გულიანი და ემოციური ბავშვია. მეც მაოცებს ხოლმე თავისი გონიერებით.
– ოჯახური ცხოვრება, ყოველდღიურობა და სახლის საქმეები – ეს როგორ გამოგდით?
– სხვათა შორის, ახლაც თან ინტერვიუს გაძლევთ ტელეფონით, თან მარიამს ლოგინის გამოცვლაში ვეხმარები, არ ვცდები (იცინის). მესმის სტერეოტიპი, რომ ქალი თან უნდა მუშაობდეს, თან სახლში ყველაფერს ასწრებდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთად ძალიან რთულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, მეც ყველაფერში დავეხმარო. პატარები აღარ ვართ, როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით ერთმანეთს, სტუმრებსაც ერთად ვიღებთ და გვიხარია, რომ მეგობრებს უყვართ ჩვენთან მოსვლა, მათი გემრიელად გამასპინძლებაც შეგვიძლია. ხან მე ვაკეთებ საჭმელს, ხან მარიამი. თუ საჭიროა, ჭურჭელსაც ვრეცხავ, დამემოწმება, რომ არ ვიტყუები. თუმცა, ქალი ოჯახში მაინც უფრო მეტს აკეთებს, ამას ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ მარიამს საკმაოდ დატვირთული სამსახურეობრივი გარემო აქვს, ყველაფერს არაჩვეულებრივად ართმევს თავს.