დალილა ჯანაშია ქართველი სტრონგმენის, კონსტანტინე ჯანაშიას მეუღლე გახლავთ. როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ გაჩნდა სიყვარული და როგორია მათი ოჯახური ცხოვრება, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
დალილა ჯანაშია: მე და კონსტანტინემ ერთმანეთი „ფეისბუქზე“ გავიცანით 2021 წელს. ორი-სამი თვის განმავლობაში „ვმესიჯობდით“, ჯერ ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა.
– სავარაუდოდ, მან მოგწერა, არა?
– სხვათა შორის, არა. ჩემს „სთორიზე“ გააკეთა კომენტარი და მერე მე მივწერე (იცინის). თავიდან განსაკუთრებული არაფერი, ძირითადად, მის სპორტულ კარიერაზე ვსაუბრობდით, ჩვენს გემოვნებაზე და ასე შემდეგ. სამი თვის შემდეგ პირველად ვნახეთ ერთმანეთი.
– პირველი შეხვედრა როგორ გახსენდებათ?
– ზუსტად მახსოვს რა ეცვა და სად ვიყავით (იცინის). სულ ორი საათით შევხვდით, იმიტომ რომ, მაშინ მე თბილისში ვცხოვრობდი, კოტე ქუთაისში და ჩემ სანახავად ჩამოვიდა, მაგრამ მალევე მოუწია უკან დაბრუნება. პირველივე დანახვისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება დამიტოვა. მიმოწერის დროს როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა რეალურადაც.
– მაშინ უკვე წარმატებული და ცნობილი სპორტსმენი იყო და იმოქმედა ამ ფაქტორმა?
– სხვათა შორის, ვიცოდი, რომ წარმატებული იყო, მაგრამ რა სპორტში, როგორი მიღწევები და გამარჯვებები ჰქონდა, საფუძვლიანად არც კი ვიცოდი. გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის ეს სახეობა არაოლიმპიურია, სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოებას ბევრ ინფორმაციას არ აწვდიან ამ სახეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, თავიდან ამ ყველაფერში კარგად მეც ვერ ვერკვეოდი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ წარმატებული იყო, ტელევიზიითაც მინახავს და ბევრ ადგილას, მაგრამ თვითონ იმდენად უშუალოა და მაშინაც ასეთი იყო, ამის გამო ბარიერი არ შემქმნია.
– როდის იგრძენით, რომ უკვე რაღაც სხვა ხდებოდა?
– პირველივე დღიდან, როცა ერთმანეთი ვნახეთ. რომ დავინახე, მაშინვე დავდნი და ყველაფერი იქიდან დაიწყო (იცინის).
– პირველი რომელი და როგორ გამოტყდით სიყვარულში?
– მე. ორი ჭიქა მქონდა დალეული (იცინის). თვითონაც უკვე იცოდა. მიცნობდა და შესაბამისად, ამის მიხვედრა არ გაუჭირდებოდა. ამიტომ, როცა ვუთხარი, არ გაჰკვირვებია და გაეცინა. თუმცა, რომ არა ის ორი ჭიქა, ამას ვერ გავაკეთებდი (იცინის).
– თვითონ როგორ გამოგიტყდა?
– ცოტა ხანში მე უცხოეთში წავედი საცხოვრებლად და ერთმანეთს დავშორდით. რადგან სხვა ქვეყანაში მიწევდა წასვლა, გადავწყვიტეთ, დავშორებულიყავით. მე გარკვეული დროით იქ ვაპირებდი ცხოვრებას და შესაბამისად, ჩვენს ურთიერთობას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, უკეთესი იქნებოდა, კონტაქტი შეგვეწყვიტა, მაგრამ ჩასვლიდან ორ კვირაში ისევ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. იქ ვიყავი, როცა სიყვარულში გამომიტყდა და მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი.
– რატომ გადაწყვიტე წასვლა თუ გიყვარდა?
– იმ პერიოდში ასე მოითხოვდა ჩემი პირობები, უნდა გავსულიყავი ქვეყნიდან გარკვეული დროით და მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა. ვსწავლობდი და ცოტა ხანი ასე იყო საჭირო. ორი კვირა გვქონდა პაუზა და მერე ისევ ონლაინ გავაგრძელეთ ურთიერთობა. 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, ბილეთი ვიყიდე და საქართველოში წამოვედი.
– როგორი იყო შეხვედრა?
– მართლა ძალიან ამაღელვებელი. მანამდე ერთმანეთი ოთხჯერ გვყავდა ნანახი. როგორც უკვე ვთქვი, მე თბილისში ვიყავი, კოტე – ქუთაისში და ხშირად ვერ ვახერხებდით შეხვედრას. საქართველოში რომ ჩამოვედი, დიდი ნოსტალგია და მონატრება გვქონდა, ამიტომ ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა გამოვიდა.
– რამდენ ხანს იყავით შეყვარებულები და ხელი როგორ გთხოვა?
– გაცნობიდან რვა თვის შემდეგ დავქორწინდით. „World’s Strongest Man“-იდან ჩამოვიდა, იმ ღამეს, 10 ივნისი იყო, ჩემი დედამთილის დაბადების დღე, რომელიც რესტორანში აღვნიშნეთ. კოტე აეროპორტიდან რესტორანში რომ მოდიოდა, სადღაც ტყეში გამოიცვალა ტანსაცმელი, რომ რესტორანში შესაბამისად მოსულიყო და ხელიც ამ დღეს მთხოვა. სიმართლე რომ ვთქვა, ვგრძნობდი, რომ ამის გაკეთებას აპირებდა. ახლახან გაგვიხდა ორი წელი ხელის თხოვნიდან.
– ოჯახური ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?
– უპირველესად, იმდენად კარგი ოჯახის წევრები ჰყავს, რომ მათ გარეშე ცხოვრება არც წარმომიდგენია. ყველა ერთად ვცხოვრობთ ამჟამად და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია. ოჯახშიც რომ ასე გაგიმართლებს და მეუღლეშიც, ეს ძალიან დიდი სიხარულია. კოტე ოჯახურ ურთიერთობაშიც ძალიან კომფორტული აღმოჩნდა: უშუალო, თავისუფალი, შეზღუდვების გარეშე.
– გარეგნულად თუ შეაფასებ, შეიძლება იფიქრო, მკაცრიაო და ცოტა შიშის გრძნობაც გაგიჩნდეს მის მიმართ. როგორია სინამდვილეში?
– უპირველესად, სასწაული იუმორი აქვს. თავიდან არ მესმოდა, ქუთაისური იუმორი ყველა სხვა კუთხის იუმორისგან განსხვავდება და ცოტა მიჭირდა შეჩვევა, მაგრამ ბოლოს ისე შევეჩვიე, რომ უკვე მეც ქუთაისურ ტალღაზე ვარ (იცინის). რომ ამბობენ, რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო კეთილი გული აქვსო, მართალია. ძალიან კეთილი და უშუალოა – მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ უცნობებთან, ყველასთან ძალიან თბილია, მაგრამ თუ გაბრაზდა, ვაი (იცინის).
– საკმაოდ რთული რეჟიმით ცხოვრობთ, არა?
– კი, ძალიან რთულია. დილა-საღამოს აუცილებლად ვარჯიშობს, დროულად უნდა იკვებოს, საათობრივად: ვიტამინები საათობრივად, ძილი საათობრივად, მისი ყოველი დღე გაწერილია. ვერ დადის დაბადების დღეებზე, ქორწილებში და ასე შემდეგ. ერთი დღის ჩავარდნა, მთელი სისტემის არევას ნიშნავს, ამიტომ, ცდილობს, ფორმიდან არ ამოვარდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მეც ვცდილობ, ხელი ყველანაირად შევუწყო. როცა ადამიანი გიყვარს, მისი პროფესიაც უნდა გიყვარდეს. ამიტომ, მისი რთული განრიგიდან გამომდინარე, თუ შემიძლია რამე მოვაგვარო მისი საქმეებიდან, ვცდილობ, გავაკეთო, რომ მან დრო არ დაკარგოს. ძალიან მეხმარება ჩემი დედამთილი. როცა მე ვმუშაობ, ის ზრუნავს კოტეზე და საერთოდ, მთელი ოჯახი ჩართული ვართ კოტეს მომზადების პროცესში.
ბევრი ფიქრი და ზრუნვა რომ არ მოუწიოს სხვადასხვა საკითხზე და თავის ვარჯიშზე, კვებასა და ძილზე იყოს კონცენტრირებული.
– გოგოებმა ხშირად იციან თქმა, რომ სასურველი მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს, რომ მის გვერდით თავი დაცულად ვიგრძნოო და ასე შემდეგ…
– მე ამაზე აღარაფერს ვამბობ (იცინის). ჩემი პირადი ტერმინატორი მყავს (იცინის).
– საზოგადოების სიყვარული მის მიმართ, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ალბათ, ძალიან დიდი დოზით იგრძნობა.
– ცოტა ხნის წინ ინგლისში ვიყავით. სპორტის ეს სახეობა ინგლისურია და იქ ძალიან ცნობილია. საქართველოსთან შედარებით, იქ ამ სპორტით არსებობენ და ყველა, ბავშვი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, აბსოლუტურად ყველა ცნობდა, ფოტოს იღებდნენ მასთან ერთად, წარმატებებს უსურვებდნენ. მისი მიღწევების შესახებ იცოდნენ, რეკორდებით იცნობდნენ. საქართველოში, უბრალოდ იციან, რომ ძალისმიერ სპორტშია და მისი სახელი და გვარიც იციან. რადგან ეს სპორტი ოლიმპიური არ არის, ისეთი ცნობადობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში, როგორიც უნდა ჰქონდეს. კოტე ერთადერთია, ვინც ამ სპორტს აცნობს აქ ხალხს. ახალგაზრდები ცნობენ, ქუჩაში ბავშვები რომ ფოტოს გადაღებას სთხოვენ, გული სიხარულით მევსება. ძალიან დიდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რომ ივარჯიშონ და წარმატებას მიაღწიონ თუნდაც არაოლიმპიურ სპორტის სახეობაში.
– თვითონ რა პროფესიის ხართ?
– ტატუარტისტი ვარ. ჩემი სტუდია მაქვს ქუთაისში და დროის ძირითად ნაწილს იქ ვატარებ. მთელი ჩემი ცხოვრება ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. სამხატვრო აკადემია დავასრულე, გამოფენებს ვმართავდი აქ, საზღვარგარეთ და ახლა ვცდილობ, ადამიანის სხეულზე შევქმნა ხელოვნება.
– კონსტანტინესაც აქვს მეუღლის დახატული ტატუები?
– სხვათა შორის, ჩემი არც ერთი ტატუ არ აქვს. ხელი ჩემამდე აქვს მოხატული. ახლა რამდენიმე დღე ისვენებს და გვინდა, მოვასწროთ გაკეთება. როდესაც ემზადება და ყოველდღიურად ვარჯიშობს, სხეული უოფლიანდება და ასეთ დროს არ შეიძლება ტატუს გაკეთება, შეიძლება ინფექცია წავიდეს. ამიტომ ველოდებით, რომ რამდენიმე დღე დაისვენოს და ამ დროს გავაკეთოთ.
– მისი შეჯიბრების დროს ნერვიულობ ხოლმე?
– იმ მომენტში არ ვნერვიულობ, ასეთ დროს ნერვიულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანახვო. თუ ეს დაინახა, შენზე გადმოერთვება და შეიძლება შედეგზე უარყოფითად აისახოს. ამ დროს, პირიქით, უნდა შეახსენო, რომ ძლიერია, უნდა იყვირო, რომ ის ამას შეძლებს. ამიტომ უშუალოდ, იმ მომენტში ძალიან დიდი შემართებით ვარ ხოლმე, მაგრამ ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე ისეთი დაცლილი ვარ ენერგიისა და ემოციისგან, რომ რამდენიმე დღე უმოქმედო ვარ. თუმცა, მისი წარმატებები და მიღწევები, ამად ნამდვილად ღირს.