რამ განაპირობა თამუნა გომართელის წარმატება, იღბალმა თუ შრომისმოყვარეობამ, ამაზე ტელე და საკონცერტო წამყვანი, „რუსთავი 2–ის“ პროდიუსერი თავად მოგვიყვება.
– თამუნა, რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევ საკუთარ თავს?
თამუნა გომართელი: ერთადერთი კითხვა, რომელზეც სრულიად დაუფიქრებლად და უყოყმანოდ შემიძლია პასუხის გაცემა, ზუსტად ესაა – კი, უპირობოდ, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, იღბალი დაბადებიდან დამყვა. მთელი ჩემი არსებით მინდობილი ვარ სამყაროზე, უპირობო მადლიერება და სრული ნდობა მაქვს გამოცხადებული სიცოცხლის მიმართ, ყველა სიკეთეს, რაც მეძლევა უსასრულოდ, უწყვეტ ნაკადად, ვიღებ ბედნიერებით, სიხარულითა და მადლიერებით. მთელი გულით მჯერა, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერი გაცილებით და ბევრად უკეთესია, ვიდრე მე თავად წარმოვიდგენდი და საკუთარი თავისთვის ვინატრებდი. ჩემი ამოუხსნელად ზუსტი და შეუმცდარი ინტუიციაც ამის აფირმაცია მგონია. ყოველ დღეს ვიწყებ გულწრფელი მადლიერებითა და ამ სამი სიტყვით – მადლობელი ვარ, ვენდობი, მაქვს.
– რა არის ის, რის გამოც თავს იღბლიანად მიიჩნევ?
– აბსოლუტურად ყველაფერი – ყველა გადამწყვეტ და გარდამტეხ მომენტში ჩემი გულის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება, სრული ნდობა და გამართლება ჩემი ინტუიციის მიმართ, ჩემი ყველა ცხოვრებისეული არჩევანი – პროფესიული თუ პირადი. საკუთარი თავის შეცნობისა და მიმღებლობის ნიჭი, ყველა შეცდომა, რომელმაც მასწავლა სურვილებისა და უნარების ურთიერთჰარმონია, ოჯახი, ქორწინება, პირადი სივრცე, თვითშეფასების ადეკვატურობა, ყოველწამიერი თვითგანვითარებისა და სრულყოფის ჟინი, უკიდეგანო ნდობა საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისადმი და რამდენიმე ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებასა და გულში – ეს ყველაფერი ერთად ჩემი იღბალია, რომელიც მომეცა ყოველგვარი მიზეზშედეგობრიობის გარეშე, უბრალოდ, გამიმართლა, ამიტომ ვამბობ – ყველაზე იღბლიანი ვარ…
– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?
– არანორმალურად, მანიაკალურად შრომისმოყვარე ვარ და ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომაც მიყვარს და ვაფასებ საკუთარ თავს, სწორედ ეს თვისებაა. იმდენად ორგანულია ჩემს იდენტობაში და კანივით შეზრდილია, დაბეჯითებით ვიცი, რომ არაა ეს შეძენილი და დასწავლილი თვისება. უსასრულოდ, საათობით, გადაბმული დღეებისა და ღამეების თენების რეჟიმში, პაუზის გარეშე შემიძლია მუშაობა, ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა, სანამ მოცემული მომენტის ყველა პრიორიტეტულ საქმეს არ დავასრულებ. ასეთი დავიბადე, სულ პატარა ასაკიდან აღმოვაჩინე და ესეც იღბალია. გამორიცხულია, დღე ისე გავიდეს, თუნდაც ერთი მცირე, სულ პატარა პროგრესი არ განვიცადო თვითგანვითარების თვალსაზრისით.
– რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში წარუმატებლობის შემთხვევაში?
– საკუთარი თავი, ჩავუღრმავდები ხოლმე კონკრეტულ ქეისს, რაც მაწუხებს, შემდეგ დავანაწევრებ, ნაწილებად დავშლი და ამ პატარა მცირე კომპონენტებს სათითაოდ ვიაზრებ ცივი გონებით, ემოციების გარეშე, ლოგიკურად და არგუმენტების მოშველიებით. ამ პროცესში ვხვდები, რომ ყველა მათგანს აქვს თავისი კონკრეტული ნათელი ნაწილი, დანიშნულება, მედლის მეორე, პოზიტიური მხარე, ფუნქცია და რაც ყველაზე მთავარია, უდიდესი სარგებელი – ახალი გამოცდილება, ახალი გაკვეთილი, რომელსაც ვერ მივიღებდი, რომ არა ეს კონკრეტული რთული პერიოდი. ყველა პროგრესი, რაც კი განვიცადე, ყველა მომენტი, როცა ძალიან გავიზარდე პროფესიაში, ურთიერთობებში, ლოკალურად თუ მასშტაბურად, სწორედ კრიზისის გადალახვის შემდეგ მოხდა, თითქოს თავიდან დავიბადე. კომფორტის ზონიდან გამოვარდნა ან გამიზნულად გამოგდება ერთიორად მაძლიერებს, ახალ სასიცოცხლო ენერგიას მაძლევს, თითქოს ძველი ტყავიდან გამოვდივარ და ბევრად ძლიერი და ჭკვიანი ახალი ადამიანი ვხდები. დააფასეთ ყველა წარუმატებლობა, ზუსტად ესაა თქვენი განვითარებისა და წარმატების ერთადერთი საშუალება. და წამში დაივიწყეთ ყველა წარმატება, რომ სტაგნაციასა და თვითტკბობაში არ ჩავარდეთ, თორემ იქვე დამთავრდებით. ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი მესიჯბოქსი.
– ცხოვრებისეული სირთულეები პროფესიაში ხელს გიშლით?
– არ ვაშლევინებ (იცინის), ჩემთვის პროფესია არ არის მარტო სამსახური და კარიერა. ეს ჩემი არსებობის აზრია, დანიშნულებაა, მისიაა, არსია, იდენტობაა, ყველაფერია, რაც მავსებს და მაცოცხლებს. ასჯერ რომ დავბადებულიყავი, ასჯერვე ჩემს პროფესიაში ვიქნებოდი. ეს ის არაა, რაც უბრალოდ, მომწონს, მიყვარს და სხვებზე უკეთ გამომდის, ეს ჩემთვის ბევრად მეტია – მაცოცხლებელი თვითკმარობისა და ბედნიერების მომტანია. ზოგჯერ მგონია, რომ იმისთვის დავიბადე, რომ ჩემი პროფესიული მისია შევასრულო. რა მოსატანია, რამე სირთულე ამ ყველაფერთან.
– ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება, ანუ აკონტროლებს სამუშაო გრაფიკს, ცდილობს, რომ არ „გადაიწვას“, დასვენებას საკმარისი დრო დაუთმოს და ასე შემდეგ?
– ჩემი ტვინი დასვენების დროსაც მუშაობს, ღამეც კი. ამას ვერაფერს ვუხერხებ, მგონი, ავტოპილოტზეა და არ ითიშება (იცინის). ჩემთვის დასვენება არაფრის კეთებას, უგონოდ, უაზროდ, უსაქმოდ გდებას არ ნიშნავს, პირიქით, დასვენება ერთი საქმიდან მეორეზე გადართვას ნიშნავს. ჩემთვის დასვენებაა საღამოს, სამსახურის მერე, მაგალითად, ვახშმის მომზადება, საყიდლებზე შევლა, ვებინარის მოსმენა, რამე პატარა ნოველის თარგმნა, გარდერობის დალაგება, ფეხით გასეირნება ძილის წინ და ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა. ეს სრულიად მყოფნის ძალების შესავსებად, დღის განმავლობაში დახარჯული სასიცოცხლო ენერგიის მარაგის აღსადგენად.
– რამდენად ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე?
– ორმოცს რაც გადავიბიჯე, განსაკუთრებით ვზრუნავ, მაგრამ რაც მთავარია, ზომიერებას არ ვკარგავ. სიახლეებს თამამად, რისკის შეგრძნების გარეშე, მუდმივად ვეძებ და ვიღებ.
თმის ფერი რადიკალურად შევიცვალე, ბოტოქსსა და ფილერს დავუმეგობრდი, პერმანენტსაც მივმართე და ნანატრი სვირინგებიც გავიკეთე. ჩემი უმშრალესი კანის ყოველდღიური რუტინა ისეთივე წესად მაქვს, როგორც დილას სასწორზე დადგომა. წონის კონტროლი მიწევს, მაგრამ არა დიეტების, არამედ სწორი კვების ხარჯზე, იდეალურზე ცოტა ნაკლებს ვიწონი, მაგრამ მე მომწონს. სრულიად ამოღებული მაქვს რაციონიდან ფქვილი, შაქარი, გაზიანი სასმელი და სწრაფი კვების ყველა პროდუქტი. თვეში ერთხელ დეტოქსს, სპა პროცედურას და მასაჟსაც ვასწრებ. რაღა დაგიმალოთ, გარდერობი კი გამექცა ხელიდან (იცინის), იქამდე გამექცა, რომ დიდი ნაწილი უადგილობის გამო გადავყარე, გავაჩუქე და მეორე ნაწილისთვის კი ჩემმა მეუღლემ, დიდი ვნებათაღელვის შემდეგ, საკუთარი კაბინეტი საგარდერობოდ გადამიკეთა, სადაც ნახევარი ფეხსაცმელებსა და ჩანთებს ეთმობა, მეორე ნახევარი კი – ტანსაცმელს.
– როგორი ინტუიცია გაქვთ?
– უზუსტესი ინტუიცია მაქვს და არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როცა ჩემს ინტუიციას ჩემთვის ეღალატა. გამორიცხულია, გულის კარნახს ვენდო და არ არსებობს, ვინანო. შეგრძნების დონეზე ყოველთვის ზუსტად ვხვდები სიცრუეს, ტყუილს, სიყალბეს, ფარსს, მოახლოებულ საფრთხეს, თითქოს ყველა სკანერი ერთად მიმუშავებს. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ადამიანებში უკვე აღარ ვცდები.
– რამდენად იღბლიანი ხართ ქორწინებაში?
– ამაშიც ისევე გამიმართლა, როგორც პროფესიაში. ხშირად ვამბობ, ერთადერთი ადამიანი, ვინც გამიძლებდა და ზუსტად ისეთს მიმიღებდა, როგორიც ვარ, მარტო ჩემი მეუღლე თუ იქნებოდა. არაა მარტივი ჩემთან თანაცხოვრება, წინააღმდეგობებით სავსე ვარ, სასიცოცხლოდ მჭირდება მრავალფეროვნება, ყოველთვის, მუდმივად, ყველგან და ყველაფერში. მალე შემიძლია, ამოვწურო ადამიანი და ჩემთვის უინტერესო, ერთფეროვანი გახდეს, ამიტომ მუდმივად მჭირდება წყარო და საზრდო ურთიერთობაში, ეს არ არის მარტივი პარტნიორისთვის და ამას მარტო ჩემი მეუღლე თუ შეძლებდა.