“ჰოდა აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება სხვანაირად არ გამოვა, ცას მისი ვალი აქვს“

187

მწვერვალ შხელდაზე მთამსვლელს, არჩილ ბადრიაშვილს სავარაუდოდ მეხი დაეცა. სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

არჩილ ბადრიაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ეხმაურება. ემოციურ სტატუსში კეკელიძე წერს, რომ არჩილს იცნობდა:

„ეს დილაა და ცრემლი მახრჩობს. ის ბიჭი, შხელდადან მეხმა რომ ჩამოაცილა, მეხმა რომ ჩამოგვიყვანა – კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც.

მე სულ ვფიქრობ, რომ მთამსვლელები რაღაცით სჯობიან დანარჩენ ადამიანებს და მით უფრო სჯობიან ამ ფარატინა დროში, სტერილური ხალხის დროში, ფურცლის და დეკლარაციის. სულ ვფიქრობ, რომ მთების დაპყრობით, თითქოს იმას გაურბიან, რასაც ქვემოთ ტოვებენ.

თიკანაძეს რომ პალო მოუწყდა, მაშინ მურმან ლებანიძემ დაწერა ლექსი და ეს ლექსი იშვითია იმ დროში, გალაკტიონს რომ გაექცა და ცალკე დგას:

,,გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა…

ცოცხლისგან საყვედური აუგია –

თოკი ერთადერთი ჩაუბია –

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..”

ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება. სხვანაირად არ გამოვა. ცას მისი ვალი აქვს“ – წერს კეკელიძე.