“20 წლამდე მე ბიჭს არ შევხვედრივარ, სკოლა რომ დავამთავრე ბანკეტზე გავიცანი რამდენიმე კლასელი”

61

არის თუ არა ირინა ტორონჯაძე თხის რქის ტიპური წარმომადგენელი, რამდენად სჯერა ზოდიაქოსი და რაში არ ჰგავს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ამაზე ის თავად მოგვიყვება.

ირინა ტორონჯაძე: 9 იანვარს დავიბადე და შესაბამისად, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ. რაღაც დოზით მჯერა ასტროლოგიის, იმიტომ, რომ ბევრი რამ, რაც წამიკითხავს, ამართლებს და ჯდება ჩემი ხასიათის ზოგად შტრიხებში. ყოველდღიურად რომ ჰოროსკოპის პროგნოზს ვუყურო და შესაბამისად ვიმოქმედო, არა, მაგრამ ზოგად მონახაზში აშკარად არის რაღაც რაციონალური.

როგორც ვიცი, სხვადასხვა პერიოდში დაბადებულ თხის რქებშიც არის განსხვავება. მე, მაგალითად, განვსხვავდები ნამდვილი, დეკემბრის თხის რქისგან. ჩემში თხის რქის მახასიათებლები შერბილებულია. კი, ნამდვილად ვარ კარიერაზე ორიენტირებული, მაგრამ ყოველთვის ვეძებ ბალანსს პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის, ეს ზოდიაქოშიც მიწერია და მართლა ასეა. მარტო კარიერა არ მაკმაყოფილებს და მხოლოდ მასზე გადაფოფრილიც არ ვარ.

– თხის რქა ძალიან ჯიუტი და თავისებური ხასიათისაა…

– სიჯიუტე ნამდვილად მახასიათებს, თუმცა, მე ამას უფრო შიდა რეფერენტულობას ვეძახი. თუ შინაგანად რაღაც გადავწყვიტე და მგონია, რომ ეს ასეა, თუნდაც უმრავლესობამ მიმტკიცოს, რომ სხვანაირადაა, არ მოვუსმენ. შეიძლება, ეს სხვისთვის აღქმული იყოს, როგორც სიჯიუტე, მაგრამ მე ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვჯიუტობ. იმიტომ ვაკეთებ, რომ შინაგანი ხმა მკარნახობს და მას ვენდობი.

– ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო, იმიტომ, რომ შეიძლება, ძალიან სასტიკები იყვნენ…

– 15-20 წლის წინ, ალბათ, უფრო თინეიჯერობის პერიოდში, შეიძლება, უფრო მეტად იდეალისტი და პრინციპული ვიყავი, ზედმეტადაც კი. ეს, მგონი, ასაკის დამსახურებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ სხვების, მაგრამ სისასტიკეში ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ვერავის გავიმეტებ ამისთვის. პირიქით, ზედმეტად სენსიტიური ვარ. შეიძლება, იმიტომ, რომ იანვრის თხის რქა ვარ, ვინმეს რომ გული ვატკინო, ამაზე ძალიან ვინერვიულებ. პრინციპებს, რა თქმა უნდა, მივსდევ, მაგრამ წლებთან ერთად იდეალისტი ნაკლებად ვარ. ადამიანები ვართ და ახლა ყველაფერს უფრო რბილად ვუდგები.

– თხის რქისთვის, შესაძლოა, ნებისმიერი წვრილმანი გახდეს ომის დაწყების საბაბი.

– ის, რაც ხდება საეთერო სივრცეში, ვგულისხმობ დებატების ფორმატს, შეიძლება, ვიყო უკომპრომისო და როლურ თამაშებში ჩაბმულმა ბოლომდე ვიბრძოლო. ვინც ამ ფორმატში ერთვება, ის ამ თამაშის წესებს იღებს, იცის, რომ შოუს ნაწილი ხდება და მასთან დათმობაზე არ მივდივარ. რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად არ ვარ ასეთი. თუ დავინახე, რომ მეორე მხარე დისკომფორტშია ან არ არის მზად შეწინააღმდეგებისთვის, საერთოდ არ ამოვიღებ ხმას. მე მიყვარს ძლიერი მოწინააღმდეგეების მოგერიება, აქეთ რომ შეტევაზეა, თორემ მე თვითონ კონფლიქტს თითქმის არასდროს ვიწყებ.

– ყოველთვის მოვლილია, აკურატულად ჩაცმული, რაც მთავარია, ქალური…

– მე ნამდვილად ყოველთვის მქონდა სტილის განცდა. სულ პატარაც რომ ვიყავი, 9-10 წლის, ზუსტად ვიცოდი, რომელ შარვალზე რა ზედა უნდა მცმოდა, როგორი სანდლები, წინდები და ასე შემდეგ. პატარაობიდანვე მიყვარდა მოტკეცილი ტანსაცმელი. ფართხუნა და უფორმო ტანსაცმელს არც ბავშვობაში ვიცმევდი, ტანზე მომდგარი უნდა ყოფილიყო. თინეიჯერობაში ვუყურებდი დეფილეებს, მიზიდავდა დიზაინის სფერო და ჩემთვის სამოსი ჩვენი შინაგანი მდგომარეობისა და ქალური საწყისის გამოხატულებაა. მიყვარს სისუფთავე და მოწესრიგებულობა, თუმცა, მაქვს დღეები, როცა არ მომწონს გაპრანჭული ყოფნა. ძირითადად, როცა ჩაწერები მაქვს, შესაბამის ფორმაში ვარ, მაკიაჟი, ქუსლები, შესაბამისი სამოსი – ყველაფერი სტილიზირებული, მაგრამ მერე აუცილებლად უნდა დავისვენო. ეს ნიშნავს, რომ უნდა მეცვას სპორტული, ყოველდღიური სამოსი და მოვეშვა. მოწესრიგებულობა აქაც მნიშვნელოვანია – მოვლილი უნდა იყო, მაგრამ ეს აუცილებლად გაპრანჭვას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ წესრიგში გაქვს კანი, თმა, ფრჩხილი. შეიძლება, ყოველდღე მაკიაჟი არ მეკეთოს, მაგრამ საცხები იქნება საჭირო, ეპილაცია თუ ჰიგიენასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები თავს ნამდვილად კარგად მაგრძნობინებს.

– თხის რქებს უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ხშირ შემთხვევაში, ეს პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ემართებათ, რადგან სხვებს მათთვის შეუფერებელ არსებებად აღიქვამენ, სანამ ისინი საპირისიპიროს არ დაუმტკიცებენ…

– 20 წლამდე საერთოდ არ შევდიოდი კომუნიკაციაში საპირისპირო სქესთან. თუ გავიგებდი, რომ სკოლაში კლასელს ვუყვარვარ, ძალიან ვწუხდი. ერთხელ ამის გამო ცხარე ცრემლით ვიტირე (იცინის). რას ჰქვია ხუთოსანი გოგო ვიღაცას ვუყვარვარ, ესე იგი, ფრიადოსანი აღარ ვიქნები-მეთქი? არ ვიცი, რა წარმოდგენები იყო მაშინ, სრული სისულელე (იცინის). ეს 90-იანი წლები იყო, რთული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში და თავიდან ბოლომდე სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. მაშინ მოდაში იყო ტელეფონით გაცნობა. გირეკავდნენ და გაცნობას და შეხვედრას გთხოვდნენ. ჯერ ერთი, დედას ეშინოდა ასე გაშვება, მაგრამ მეც არ ვიყავი დაინტერესებული და პირდაპირ გეუბნებით, რომ 20 წლამდე მე ბიჭს არ შევხვედრივარ. ის კი არა, სკოლა რომ დავამთავრე, ბანკეტზე გავიცანი რამდენიმე თანაკლასელი. შეიძლება, მათ მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ იქ დაველაპარაკე (იცინის). არ შევდიოდი კომუნიკაციაში მათთან, მხოლოდ მისალმებითა და მოკითხვით შემოვიფარგლებოდი. გაკვეთილზე გამიძახებდნენ, ჩავაბარებდი, ხუთიანს მივიღებდი და მოვდიოდი – ჩემი რუტინა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. იმდენად კონსერვატიულ ჩარჩოებში ვიყავი, თანაკლასელებს შატალოზე არ დავყვებოდი. 20 წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ უკვე აღარ მინდოდა ამდენი სწავლა და, პირიქით, ბიჭი თუ მომეწონებოდა, გამომიხატავს კიდეც. თქვი, რომ თხის რქებს უჭირთ პირველი ნაბიჯის გადადგმა, ჩემთან ასე არ ყოფილა, ინიციატივაც გამომიხატავს და სიმპათიაც. ვინმე თუ მომეწონებოდა, შემეძლო, პირველი ნაბიჯი გადამედგა. თუმცა, შინაგანად მაინც მიზიდავდა ისეთი კაცი, ვინც ამას თვითონ გააკეთებდა. ჩემთვის კაცურობა მაინც ინიციატივის გამოჩენას გულისხმობს და ველოდებოდი ამას. მე ვარ ტიპური ქალის როლში, როცა ქალი იზიდავს და ელოდება. ეს ნამდვილად მანიჭებს სიამოვნებას. ჩემი მეუღლის შემთხვევაში ასე მოხდა. ლევანი იყო ინიციატორი და ყველაფერთან ერთად, ესეც მომეწონა. მე მომეცა საშუალება, ისეთი ვიყო, როგორიც მართლა ვარ. თუნდაც პასიური ვიყო და ის ჩემთვის დაიხარჯოს – ეს ჩემთვის ყველაზე ახლო მოდელია.

– თხის რქები პატივს სცემენ მხოლოდ მათ, ვისაც საზოგადოებაში სახელი აქვთ განთქმული და ასევე, ადამიანებს ფინანსური შესაძლებლობებით გამოარჩევენ…

– ეს ნამდვილად არ არის ჩემზე. მე სხვა კრიტერიუმები მაქვს ცნობიერში ჩადებული, რაც ჩემი ოჯახიდან მოდის. ქვეცნობიერის დონეზე პატივს ვცემ განათლებულ და ნიჭიერ ადამიანებს. როცა ასეთ ადამიანს ვხედავ, მის მიმართ მაშინვე პატივისცემის განცდა მიჩნდება. როცა ვხედავ, რომ ზრდილობიანი და კარგი ოჯახის შვილია, ესეც პატივისცემის განცდას იწვევს ჩემში. რაც შეეხება ფულს, ეს ჩემთვის არასდროს იყო შეფასების კრიტერიუმი და სხვათა შორის, ეს არც თუ ისე კარგი მგონია. მე ისეთ პერიოდში გავიზარდე, როცა პატივსაცემ ადამიანებს ფული არ ჰქონდათ. პირიქით, ვისაც ჰქონდა, ვერ გაიგებდი, რით იშოვა და მისი შოვნის გზები მიბმული არ იყო არაფერ პატივსაცემზე, ძირითად შემთხვევებში, რაღაც მაიმუნობებს უკავშირდებოდა. ამიტომ ეს ჩემთვის კრიტერიუმი ვერ იქნებოდა. დღეს ეს ასე აღარ არის და ვფიქრობ, რომ კარგი არ არის, ამ კრიტერიუმის უგულებელყოფა. ამიტომ, ვცდილობ, ჩემს თავს ჩავუნერგო, რომ ფული, რომელიც ნიჭსა და ადამიანის შრომაზეა მიბმული, ძალიან კარგია და ადამიანი, რომელიც მას შრომით გამოიმუშავებს, პატივსაცემია. თუმცა, ფული ჩემი სიის პირველ ხუთეულში ნამდვილად არ შედის, მაგრამ უნდა ვიზრუნო და ცნობიერად მოვახვედრო (იცინის).

– თუ თხის რქას უყვარხარ, თქვენ გამო დედამიწას შემოივლის…

– ერთგული ნამდვილად ვარ. ის კი არა, 25 წელია, ერთსა და იმავე სალონში დავდივარ. თუ რაღაც ჩემია, თუ ვხედავ, ადამიანი ჩემ მიმართ ერთგულია და ვუყვარვარ, მეც ნამდვილად ბოლომდე მისი ერთგული ვიქნები და თუ რამე შემეძლება, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.