ტელეჟურნალისტი მერიკო კარტოზია შვიდი თვის წინ გადაღებისას მძიმედ დაშავდა – ის ეტლიდან გადავარდა, როდესაც ერთ-ერთი რესპონდენტისგან ინტერვიუს იღებდა. შედეგად, იმდენად რთული მდგომარეობა შეექმნა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ, რეაბილიტაციას გადის, თუმცა ჯერჯერობით ვერ გამოჯანმრთელდა. fortuna.ge მერიკოს აშშ-ში დაუკავშირდა, სადაც ბოლო პერიოდია, ცხოვრობს და საქმიანობს.
მერიკო, მოგესალმებით და გისურვებთ სწრაფად გამოჯანმრთელებას. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც სიუჟეტის გადაღებისას შეგემთხვათ და რა გზა გამოიარეთ ამ დრომდე?
პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩემი მდგომარეობით დაინტერესდით. მოდით, როგორც ჩემს მეგობარს, ასე მოგწერთ, მოკლედ რაც გადავიტანე და რასაც კიდევ გავდივარ. როგორც იცით, 7 თვე გავიდა იმ უბედური შემთხვევიდან. არასდროს დამავიწყდება 20 აპრილი, როცა გადასაღები მოედნიდან, წამებში ხრამში აღმოვჩნდი. ეს იყო უდიდესი შოკიც და ტკივილიც. უმძიმესი ეტლის ქვეშ მოვყევი, თუმცა გონება არ დამიკარგავს. ფეხი რამდენიმე ადგილას გადატყდა და გახსენებაც არ მინდა, რა გადავიტანე, ჰოსპიტალში მიმავალ გზაზე და უკვე ჰოსპიტალშიც, როცა მოხდა ფეხის დაჭიმვა, დაფიქსირება და ოპერაციისთვის მომზადება. მაგრამ მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ ჯერ კიდევ არ მაქვს პასუხი, რატომ მოხდა ასეთი განსაცდელი. ეს კითხვა დღემდე მაქვს და დაკვირვების რეჟიმში ვარ. მჯერა, რომ ასეთი ამბები შემთხვევით არ ხდება. რისი თქმა უნდა უფალს? ამას, ალბათ, დრო მიჩვენებს. ახლა ისეთი ამბებია საქართველოში, რომ ჩემი მდგომარეობით არ მინდა ვინმე დავამძიმო, ან შევაწუხო, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა. როგორც იცით, ჩემი საავტორო გადაცემა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
როგორც ცნობილი გახდა, მეორე ოპერაციაც გადაიტანეთ. როგორ ჩაიარა და რას ამბობენ ექიმები? ეს პერიოდი როგორ ცხოვრობთ, რით ხარ დაკავებული?
7 თვეა, უნარშეზღუდული ვარ. მხოლოდ ე.წ. „ვოლკერით“ გადავაადგილდები და რასაც არ ველოდი, 18 ნოემბერს კიდევ ერთი ოპერაცია ჩამიტარდა. ეს დაუგეგმავი იყო. მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ გავიარო. არ წავიდა რეაბილიტაციის პროცესი მარტივად. და მინდა გითხრათ, რომ ეს ოპერაცია კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი. მაშინ იმუნიტეტიც ბევრად ძლიერი მქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც…
ალბათ, თქვენნაირი აქტიური ადამიანისთვის არცთუ ადვილი პერიოდი გამოიარეთ… რას გეგმავთ, როცა აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებით?
ახლა ძალიან დასუსტებული ვარ. როგორ გავიარე 7 თვე? აი, წარმოუდგენლად მძიმედ. აქტიური ცხოვრებიდან, უცებ უმოქმედობა. ამასთან ტკივილები და შეზღუდული უნარები. ეკრანიდან კულისებში გადავინაცვლე. ჯერ კიდევ რა მელის წინ, არ ვიცი. რაც ზუსტად ვიცი, მინიმუმ, 3-თვიანი რეაბილიტაციაა წინ, რაც საბოლოოდ დამოუკიდებლად გადაადგილებაში დამეხმარება. იმედია, ოდესმე ისევ დავდგები ფეხზე…
საქართველოში როდის გეგმავთ დაბრუნებას?
რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, ამასაც მალე გაიგებთ. მთავარი კი, რაც მინდა ადამიანებს ვუთხრა, გაუფრთხილდით თქვენს ცხოვრებას. ცოტა რისკიანი ვიყავი და კადრის და გადაცემის გამო, ხშირად ვიგდებდი თავს საფრთხეში. საბოლოოდ კი, ამის გამო დავისაჯე. ზოგადად, 2024 მართლა კარმული წელი იყო. ამ მდგომარეობამ უფრო ფრთხილი გამხადა. ყველა სიტყვასა და ქმედებას ვაკვირდები. უფალი გაჩერებს ხანდახან, რომ შენი ცხოვრების წესზე იფიქრო. რას აკეთებ, რისთვის აკეთებ? რა მისია გაქვს და როგორ ასრულებ. ეს კითხვები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამას თუ პასუხი გაეცი, ბედნიერი ხარ. წმინდა წერილებს ვკითხულობ. ბერი პაისის ქადაგებებს. როგორც წმინდანი თავის ქადაგებებში აღნიშნავს, მთავარი ჩვენი უფალთან ურთიერთობაა. რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. არაფერი ამ ცხოვრებაში უმიზეზოდ არ ხდება. ყველაფერს თავისი შედეგი აქვს. მიყვარხართ და მადლობა, რომ ჩემი ამბავი გაინტერესებთ. რა ფორმით და როგორ მოხდება ჩემი დაბრუნება, ამასაც მალე გაიგებთ…
“ფორტუნა”