მხატვარი ლევან სონღულაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ სტატუსს, რომელსაც 5 წლის წინ გარდაცვლილ დედას უძღვნის.
„მეხუთე ახალი წელი დგება მის გარეშე, ანუ ხუთი წლის ვარ, რადგან ერთ ცხოვრებაში ორჯერ იბადები: პირველად, როცა გამაჩინა, მეორედ, როცა მარტო დავრჩი.
5 წელი გავა ამასობაში და 5 წლის მანძილზე ყოველდღე, საათში რამდენჯერმე, ახალგაღვიძებულზე, ჭამის წინ, ხატვის დროს, ვარჯიშის განმავლობაში, ფილმის ყურებისას, მუსიკის მოსმენისას, კარგ თუ ცუდ ხასიათზე, სულ მასზე მეფიქრება, განსაკუთრებით მაინც ბოლო თვეები და უკანასკნელი წამები გადამირბენს ხოლმე კადრებად, სპაზმი ყელში წამიჭერს, დავიფერფლები და ცოტა ხანში, ისევ ვიკრებ ძალას, რომ გავცოცხლდე.
საზეიმო დღეებში ნაღველი უფრო მძიმდება.. და რეალობის შეგრძნების ეს სიმძაფრე, აწმყოში არსებობის ასეთი რეალისტური განცდა; – ის დროში გაიყინა, მე დროის მდინარებას მივყვები.
პირველ ხანებში სულ მინდოდა მასზე მესაუბრა, უცნობს თუ ნაცნობს, ყველას ვუზიარებდი ამბებს, რაც, ალბათ, არც აინტერესებდათ, მხოლოდ ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, და ასე დაუსრულებლად შემეძლო ჩვენს დედა-შვილობაზე ლეგენდების თხრობა; რადგან არ მინდოდა უკვალოდ გამქრალიყო, მსურდა მისი პიროვნება გაგეცნოთ, არა მხოლოდ როგორც გენიალური მშობელი. ამიტომ გამალებით ვსაუბრობდი მასზე… ვსაუბრობდი.
ახლა ვეღარ ვსაუბრობ, არადა სულ თვალწინ მიდგას, წარმოვიდგენ, შობას როგორ სეირნობს ამ ქუჩაზე, გემრიელ კერძს რომ შეექცევა, თუ როგორი აღტაცებით მიზიარებს შთაბეჭდილებებს მორიგ ტილოზე, რომლის პირველი დამთვალიერებელიც, ტრადიციულად, თავადაა. ყველაზე თბილი კერა, – საახალწლო ფუსფუსი… არადა, ცოტა ხნის წინ, სამზარეულოში იუო, სულ რაღაც 5 წლის წინ. ახლა კი… ზამთარია, ცივა, ის კი სიცივეს ვერ იტანს.
მაგრამ ტილოების უკან ხომ მის სახელს ვაწერ. გავა წლები, აღარც მე ვიქნები, თუმცა მე ხომ ის არ ვარ, ვინც ამას წერს, არამედ ის, ვინც ტილოებად რჩება, “მე” ჩემი შემოქმედებაა. ამ ტილოების უკან ორი სახელია “ლევანი & ხათუნა“, – წერს ლევან სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.