“საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა, ეტყობა, გონება დაკარგა“ – რას წერს მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ოჯახის ახლობელი

380

მტკვარში გადავარდნის შედეგად დაღუპული მამაკაცის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ხმამაღლა ფიქრი ეპიზოდიდან ეპიზოდამდე
5 მარტი, 2025 წელი
სამსახურიდან მოვედი, ისევ სამსახურში მივდივარ. მთელი დღე ხობი, ჩემი გურიფული მიტრიალებს თავში. ბავშვობა თვალწინ დამიდგა.
ზარანდიები…. დიდი გლოვაა მათ ოჯახში. სურათის წარმოდგენაც არ მინდა.
ჩემს ბიძაშვილს ველაპარაკე, გიგის ამბავი ვიკითხე… ნატო გამწარებული ქვითინებდა და ღრიალებდა…
„დიდი თუ პატარას გული წაიღო ლელა…. ყველას უაზროდ გვიყვარდა…ბავშვი, რომელმაც არ იცოდა კონფლიქტი, ჩხუბი, ყველანაირად მშვიდი და გაწონასწორებული. რამე ცუდი მაინც ჰქონოდა?!, უნაკლო იყო, ძალიან საყვარელი… თვალწინ მიდგას როგორ შემოგვიღებდა კარს ახალ წელს…აღდგომას როგორ გვილოცავდა და თედოს ეძახდა.. მისი დაბადება მახსოვს, როგორ გაიზარდა მახსოვს, ყველაფერი მახსოვს…როგორ მენანება…“
„რამდენიმე დღეა ჭორები დადის თითქოს თავი მოიკლაო, ვიდეოზეც კარგად ჩანს, მოხვევას როგორ ცდილობს, ვფიქრობ გაითიშა საჭესთან. პირველმა ავარიამ თავში პრობლემები დაუტოვა. საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა, ვერანაირი წამალი ვერ შველოდა. ეტყობა გონება დაკარგა და გადავარდა, თორემ თავს რატომ მოიკლავდა,10 დღეში ქორწილი უნდა გადაეხადა. მაისში ბავშვს ელოდებოდა. სამსახური ჰქონდა, არ უჭირდა ლელა. ყველა ერთად ვემზადებოდით ქორწილისთვის. საცოდავი, რა დღე გაუთენდა კუსას და ელისოს, აი ასეთი ქორწილი გადაიხადა გიგიმ“.
„ისე არ მინდა ხვალ იქ მისვლა… როგორ შევხედო მის მშობლებს, რა ვუთხრა, რით ვანუგეშო?“
ზარანდიების სახლთან სულ ორი ოჯახი გვაშორებდა ხობში. გიგის მშობლებთან ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ერთად გავიზარდეთ გურიფულში. ჩვენს თვალწინ შეუყვარდათ კუსას და ელისოს ერთმანეთი. გიგის დედა, ელისო და მისი დაძმები პატარები იყვნენ როდესაც აფხაზეთის ომის დროს დაობლდნენ და ჩვენმა სოფელმა შეიფარა. სწორედ მაშინ იწყება მათი სიყვარულის ისტორია. ბედნიერი ცოლქმრობა ჰქონდათ…
ორი წლის წინ გიგი სასწაულად გადაურჩა საგზაო შემთხვევას. მაშინ თბილისში, ერთად ვლოცულობდით მისი გადარჩენისთვის. მთელი სამეგობრო და სოფელი ვგულშემატკივრობდით. ექიმები არანაირ იმედს არ იძლეოდნენ, მაგრამ გადარჩა…
მთელი სოფელი ხარობდა… მთელი სოფელი….
“მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს…
მტრისას მისი გამოცანა!…”