“არ მინდა ძლიერი ქალი ვიყო, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი საზრუნავ ობიექტად”

135

მართალია, ანი კეკუა მსახიობი, პროფესიონალი მოცეკვავე და ექიმი ვერ გამოვიდა, თუმცა კარგი მომღერალია, საერთაშორისო ურთიერთობებიც დაამთავრა, და დღეს მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობს. მისი ცეკვის ნიჭი და მონაცემები კი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ კარგად დავინახეთ, სადაც ის მთელი სამი თვის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო.

ანი კეკუა: ძალიან ბედნიერი, ლაღი, წარმატებული ბავშვობა მქონდა. ბევრი ვისწავლე, ვიშრომე, დავაგროვე გამოცდილება როგორც კარიერული, სამსახურეობრივი, ასევე, სიმღერის მიმართულებით. დღეს, ბედნიერი დედა ვარ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებული გზა გამოვიარე. ზუსტად ვიცი, შრომით, დიდი ძალისხმევითა და თავის გატანის ფასად, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ. ასე რომ, ჩემი ცხოვრება შრომა და პოზიტივია. მარტივად ჩემთან არაფერი მოდის. შრომის გარეშე, იოლად არცერთი წარმატება არ მოსულა.

– როგორც ვიცი, ბავშვობიდან მსახიობობაზე, მოცეკვავეობასა და მომღერლობაზე ოცნებობდი. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ რადიკალურად სხვა პროფესია აირჩიე და სწავლა საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტზე, უცხოეთში გააგრძელე.

– ძალიან მომწონდა თეატრი და კინოშიც ვხედავდი ჩემს თავს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მომეცა ამის შესაძლებლობა. მეუბნებიან, გვიან არ არისო, მაგრამ ვნახოთ (იცინის). ვფიქრობ, კარგი ექიმიც ვიქნებოდი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე – ძალიან სკურპულოზური ადამიანი ვარ, დეტალებზე ორიენტირებული, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას, სიღრმისეულად მიყვარს ანალიზის გაკეთება და თუ ინფორმაციას სრულად არ ვფლობ, ისე დასკვნა არ გამომაქვს და არც ვმოქმედებ. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ექიმისთვის აუცილებელია. თუმცა, რადიკალურად სხვა პროფესია ავირჩიე და კმაყოფილი ვარ.

– ძლიერი ადამიანი ხარ და მაინც, რა გაძლევს ცხოვრებაში მოტივაციას, ძალასა და სტიმულს, წინ იარო?

– სტიმულს, პირველ რიგში, ჩემი თავი მაძლევს, რადგან პრეფექციონისტი ვარ, პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვობიდან მაღალ ხარისხში მაქვს და, ცოტა ზედმეტადაც. ასევე, ბავშვობიდანვე მაქსიმალისტი ვარ. საკუთარ თავს ყველაფერში ბევრს ვთხოვ. მიყვარს მუშაობა, არ მეთაკილება და ალბათ, ეს მაძლიერებს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მინდა, ძლიერი ქალი ვიყო, დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი თავს საზრუნავ ობიექტად (იცინის). ზოგადად, ქალმა აუცილებელია იგრძნო, ქალური სისუსტე. მიყვარს რომანტიზმი, მომწონს, როცა ვიღაც ზრუნავს ჩემზე და მიყვარს, როცა სუსტ ქალად ვგრძნობ თავს და არა ძლიერად.

– „ცეკვავენ ვარკვლავების“ მეცამეტე სეზონზე რომ დაგინახე, მივხვდი, რომ გამოვწვები და სიახლეები არ გაშინებს. თუ მოგიწია ამ პროექტის გამო უმოკლეს დროში ზედმეტი წონის სწრაფად დაკლება?

– სხვათა შორის, ბევრმა მკითხა „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ რამდენი კილოს დაკლება მოგიწიაო. არცერთი კილოგრამის დაკლება არ მომიწია, რადგან წელიწად-ნახევრით ადრე, ვიდრე ამ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, უკვე დაკლებული მქონდა ოცი კილოგრამი და ფორმაში ვიყავი. თუმცა, ამ პროექტში მონაწილეობამ და რეპეტიებმა გამიმყარა და გამოკვეთა ჩემი ქალური ფორმები. სხვათა შორის, იმ წელიწად-ნახევარში არ მიდიეტია და მიშიმშილია, უბრალოდ, სწორ კვებაზე გადავედი. ადრე წყალს არ ვიღებდი, მიყვარდა გაზიანი სასმელები, რასაც აღარ ვსვამ. გურმანიც ვარ, კარგად ვგრძნობ გემოებს, რადგან ოჯახში ყველა შესანიშნავად ამზადებს, მათ შორის, მეც. მოკლედ, როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია. ყველაზე რთული პროექტია, რაც სატელევიზიო სივრცეში არსებობს. ჩემი დღის წესრიგი და რეჟიმი რადიკალურად შეცვალა. დილიდან შფოთვებში ვიღვიძებდი, მთელი სამი თვე, რადგან ვიცოდი სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავი და თან ქორეოგრაფია უნდა დამემახსოვრებინა. ცოტა დროში, ბევრი უნდა მომესწრო და ეს საკმაოდ რთულია. სხვათა შორის, იმდენად ვიკლავდი თავს ვარჯიშით, რომ პარკეტზე ჩემი ცეკვის საპრეზენტაციოდ რომ გავდიოდი, არ ვნერვიულობდი. პროექტის შუაში გავაანალიზე, რომ არაფერი საშიში არ არის და ჩემს გასაკეთებელს, ჩემზე კარგად ვერავინ გააკეთებდა. გული დამწყდა, პროექტი რომ დამთავრდა. გამიჭირდა დღის რეჟიმის შეცვლა. სამი თვის განმავლობაში იმდენად გადაწყობილი ვიყავი საერთოდ სხვა რამეზე, გადმოწყობა გამიჭირდა, გარეთ რომ გამოვედი, უცნაურად ვიყურებოდი (იცინის). ეჩვევი სტრესს და დრაივს, ეს დამაკლდა და ცოტა არარეალურ სამყაროში მეგონა თავი. სამსახურში რომ დავიწყე სიარული, მერე აღვიქვი სამყარო (იცინის).

– საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარე, დედის გარდაცვალებას ვგულისხმობ. მისი ამქვეყნიდან წასვლით, ალბათ, გაიაზრე, რომ ცხოვრება ძალიან სასტიკია და არ არის ისეთი ფერადი, როგორიც ბავშვობაში გვგონია.

– დიახ, დედის გარდაცვალების გამო საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. ცხოვრების ხედვასთან დაკავშირებით ბარიერები და გამოწვევები დღესაც ძალიან ხშირად მაქვს. დედის ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. ის იყო ადამიანი, რომელიც მაკვალიანებდა, მიმართულებას მაძლევდა, ჩემი მამოტივირებელი იყო. მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, სულ ფორმაში ვყავდი და პირველი იყო, ვისაც აზრს ვეკითხებოდი. დედა, წარმოშობით ბერძენი იყო, პირდაპირი ხასიათის და მეც მისი ხასიათი გამომყვა. ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს, აზრი არ ჰქონდა არაფერს, ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა, მამოძრავებელი ძალა წამერთვა. დედის გარდაცვალების შემდეგ უმწეობის შეგრძნება დამეუფლა. თითქოს, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ რაც დედა აღარ არის, ბევრად გამირთულდა ყველაფერი. მივხვდი, მანამდეც ვიყავი დამოუკიდებელი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიგრძენი, რა არის ნამდვილი დამოუკიდებლობა. დედა რომ გარდაიცვალა, მივხვდი, იმ წამს გავიზარდე. ჩემ გვერდით აღარ არის ადამიანი, ვისაც შემიძლია, გული გადავუშალო. ძალიან მენატრება.

– ანი, რაში გიწყობს ხელს ბერძნულ-მეგრული გენეტიკა?

– მეგრული მაქვს ტვინი და ჭკუა, ვერაფერს გამომაპარებთ (იცინის). ალალი ვარ და გულუბრყვილო, მაგრამ ყველაფერს ვაანალიზებ და ტყუილსა და ბოროტებას ვერავინ გამომაპარებს. მიყვარს სამართლიანობა, მეგრული სისწრაფე, ნიჭიერება და მათემატიკური ნიჭი დამყვა. პირდაპირობა და სიძლიერე კი ბერძნული გენეტიკიდან გამომყვა, დედის ხაზიდან.

– როგორი დედა ხარ, ათამამებ დედისერთა შვილს და რაში დაგემსგავსა?

– მეგობრული დედა ვარ. თავიდან ვათამამებდი, ვერაფერზე უარს ვერ ვეუბნებოდი. ვარ ლმობიერი დედა, ყველაფერს რაციონალურად ვუხსნი, საკითხებს ერთად განვიხილავთ. შვილთან ყვირილი არ მჩვევია. ლუკა შვიდი წლისაა, დამჯერი ბავშვია, ძალიან აქტიური და სხარტი. სისხარტეშიც მგავს და ბევრი რამის ნიჭი ჩემგან დაჰყვა. სიმღერის ნიჭი შევამჩნიე, მივიყვანე პედაგოგთან და მითხრა, ჯერ ადრეაო. რიტმის განსაკუთრებული შეგრძნება აქვს. ფეხბურთს თამაშობს კარგად, რაგბიშიც აღმოაჩნდა ნიჭი და სერიოზული მათემატიკური ნიჭიც აქვს. ჩემზე სწრაფად კითხულობს (იცინის). ახლა ექსტერნად წერს გამოცდას და ვნახოთ. აი, ამიტომ ვამბობ, ბედნიერი ადამიანი და დედა ვარ-მეთქი. ღმერთისა და სამყაროს მადლობელი ვარ, რომ ყველაზე მეტად გამიმართლა და ლუკამ მე ამირჩია მის მშობლად. ეს ადამიანი ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის და როგორ შემიძლია ვთქვა, უიღბლო ვარ-მეთქი.

– არაერთი შემოთავაზება გქონდა უცხოეთიდან, რომ იქ გაგეგრძელებინა ცხოვრება და სასიმღერო კარიერა, რაზეც უარი თქვი. რატომ?

– დიახ, უცხოეთიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ რატომღაც, საქართველოში დარჩენა ვამჯობინე. როცა სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, სამი წელი ვიცხოვრე და ვისწავლე უცხოეთში. გამოუსწორებელი პატრიოტი ვარ და არ მგონია, უცხო ქვეყანაში დიდხანს გავძლო. ახლანდელი გადმოსახედიდან კი, თუ კარგი შემოთავაზება იქნება, დავფიქრდები.