რა დაეხმარა მარიამ ჩიტაძეს გატეხილი ნეკნით ცეკვაში და რის გამო თქვა მან უარი ამერიკაში კარიერის გაგრძელებაზე

83

მარიამ ჩიტაძის ცხოვრებაში ფიგურულ სრიალს ძალიან დიდი ადგილი ეკავა და დღემდე ასეა, თუმცა, დღეს – ოდნავ სხვა მიმართულებით. წარმატებული სპორტსმენის განვლილ გზაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მარიამ ჩიტაძე: დედა ფიგურულ სრიალზე დადიოდა. ჩემზე ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, როცა ჯერ კიდევ სრიალებდა. გამოდის, რომ ფაქტობრივად, მუცლიდან ამ პროფესიაში ვარ და ვსრიალებ (იცინის). დაახლოებით, ხუთი წლის ვიყავი, როცა ფიგურულ სრიალზე შემიყვანეს და მე თვითონაც დავიწყე ყინულზე სრიალი. ბუნებრივია, ეს დედას სურვილი იყო. საჭირო ეტაპები გავიარე, შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა და მეც მოვხვდი მის შემადგენლობაში. დაიწყო საკმაოდ დატვირთული პერიოდი, გადავეშვი დიდ სპორტში და როცა უკვე შეჯიბრებებზე გამოსვლა დავიწყე, ძალიან რთული იყო.

– რა სირთულეები იყო?

– რთული რეჟიმი გვქონდა, ორჯერადი ვარჯიშით. ჩემი დილა ყინულზე იწყებოდა. წარმოიდგინეთ, ზამთარში, დილის 7 საათზე უკვე ყინულზე ვიდექი. მერე სკოლაში გავრბოდი, სკოლის შემდეგ, ვჭამდი, ვმეცადინეობდი და მეორე ვარჯიშის დროც მოდიოდა. ფაქტობრივად, მთელ დღეს ყინულზე ვატარებდი. როცა დიდ სპორტში ხარ, ასეა. სიმრთლე გითხრათ, ფიგურულ სრიალში, სხვა ქვეყნებში უფრო არის ხელშეწყობა, სკოლებიც გიწყობენ ხელს. ჩვენთან ასე არ იყო. ეს სპორტსმენისთვის ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ თუ ამ სპორტში შედეგის მიღწევა გინდა, მთელი დღე ყინულზე უნდა გაატარო. მარტო ყინულზე ვარჯიშიც არ არის, დარბაზშიც უნდა ივარჯიშო, ქორეოგრაფია ცალკე გაიარო და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ბევრი რამ განვითარდა, წლების წინ უფრო რთული იყო. თუმცა, მაინც მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში პირობები კიდევ უფრო დასახვეწია და ბავშვს მეტი ხელშეწყობა სჭირდება, როცა ნაკრებშია, ანუ დიდ სპორტშია, თორემ სპორტზე ბევრი დადის.

9 წლის ვიყავი, პირველად რომ საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ხუთიდან ცხრა წლამდე პერიოდი კარგად არ მახსოვს. ცხრა წლიდან ყველაფერი კარგად მახსოვს, ჩემპიონის ტიტულით გამოწვეული სიხარულიც სრულად შევიგრძენი. მერე უფრო მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა და რომ რთულ გზას დავადექი. როდესაც მე დიდ სპორტში ვიყავი, მაშინ სხვა ხელმძღვანელობა გვყავდა. სიმართლე გითხრათ, დიდი ხელშეწყობა არ იყო. რეალურად, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სპორტს თავი დავანებე. ბოლოს ამერიკიდან მქონდა მოწვევა და არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ამერიკაში მარტო უნდა წავსულიყავი, მშობლებსაც არ ჰქონდათ ჩემი იქ მარტო გაშვების სურვილი. მით უმეტეს, იცით, რამდენად ტრავმული სპორტია.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე – დიდ სპორტს თავი დავანებე, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავაბარე და სწავლაზე გადავერთე. ასევე, დავაარსე ჩემი სარეკლამო კომპანია და ვარ არტდირექტორი ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში ახლა ფედერაციის წევრიც ვარ და ჩემს თავს ამ სფეროში ვხედავ. ვცდილობ, მაქსიმალურად გავუწიო პოპულარიზაცია სპორტის ამ სახეობას, რომ რაც შეიძლება, მეტი ბავშვი დაინტერესდეს. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ეს მართლა შევძელი. მართლა აფეთქებულია ხოლმე ჩემი მობილური. უამრავი მწერს, ბევრს უნდა აქტიური იყოს სპორტის ამ სახეობაში. თან, მსურველები მხოლოდ გოგონები არ არიან, ბოლო პერიოდში ბიჭებიც ძალიან დაინტერესდნენ. მიხარია, რომ ჩემს წილ აგურსაც ვდებ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.

– თუმცა, არ იქნებოდა მარტივი იმის დასრულება, რასაც ბევრი წელი მიუძღვენი.

– ზოგადად, არ აქვს მნიშვნელობა, სპორტის რომელ სახეობაში ხარ. თუ ფედერაციის მხრიდან ხელშეწყობა არ გაქვს, აზრი არ აქვს. ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა, ფედერაციის პრეზიდენტი შეიცვალა და ხელშეწყობა დიდია. ჩემს შემთხვევაში ასე გამოვიდა და კი, ემოციურად ძალიან რთული იყო დასრულება. ფაქტობრივად, მთელი ჩემი ბავშვობა ამას მივუძღვენი. სხვები სკოლიდან ექსკურსიაზე რომ მიდიოდნენ ან მეგობრის დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ, მე ვარჯიშზე მივდიოდი. მთელ დღეს ვარჯიშში ვატარებდი. მერე ამ მიზეზის გამო რომ მომიწია დასრულება, რთული იყო. დედა იხსენებს ხოლმე, იმ პერიოდში ღამე შენი ტირილი მაღვიძებდაო.

მე გაჩერება არ შემიძლია. აუცილებლად მიზანი უნდა დავისახო და მისკენ ვიარო. სკოლა მედალზე დავამთავრე, უნივერსიტეტში გრანტით ჩავირიცხე და მთლიანად სტუდენტობასა და სწავლაზე გადავერთე. იმ რთულ პერიოდში ეს ძალიან დამეხმარა, საბედნიეროდ, უფუნქციოდ არ დავრჩი.

– შემდეგ იყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“…

– კი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამსახურებით, ორი თვით საერთოდ სხვა სამყაროში მოვხვდი. ძალიან კარგად მახსენდება, ბრჭყვიალა დღეები იყო, თუმცა იქაც საკმაოდ ბევრ სირთულეს გადავაწყვდი. როგორც კი პროექტი დაიწყო, ნეკნი გავიტეხე და ყველა ცეკვის შესრულება ამ მდგომარეობაში მომიწია. ეს ჩემთვის ცალკე გამოწვევა იყო. ექიმმა მითხრა, რომ არ შეიძლებოდა ცეკვა, იყო შესაძლებლობა, რომ ფილტვი დაზიანებულიყო. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, გამეგრძელებინა და კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. აქაც ჩემი სპორტული ხასიათი დამეხმარა. ფიზიკურად სუნთქვა ძალიან მიჭირდა, მაგრამ ლაივის დღეს გამოვდიოდი და ვცეკვავდი. ძალიან რთული იყო ამ ტრავმის ფონზე ცეკვა, მაგრამ სპორტსმენს გაქვს შესაბამისი გამძლეობა.

– საზოგადოებისგან ძალიან დიდი სიყვარული და ცნობადობაც მიიღე.

– ეს ძალიან სასიამოვნო იყო. რომ გაივლი და უცნობი ადამიანი შეგაქებს, რა კარგად იცეკვე, ძალიან მომეწონაო, რა თქმა უნდა ეს გაბედნიერებს. რომ ვიცოდი, მგულშემატკივრობდნენ, განსაკუთრებით ჩემი ოჯახი, მათ ნამდვილად ვერ გავუცრუებდი იმედებს. ამიტომ ბოლომდე მივიყვანე საქმე. უცნაურია, ფიგურული სრიალი ძალიან ტრავმული სპორტია, მოტიხილობები ხშირია, თუმცა, ყინულზე არასდროს მიმიღია მოტეხილობა, მთელი სხეული დალურჯებული მქონია, დაცემის გარეშე გამორიცხულია, ელემენტები ისწავლო, მაგრამ მოტეხვით არაფერი მომიტეხავს, სილურჯე კი არაფერია, მაგრამ პარკეტზე დავიწყე თუ არა ცეკვა, მაშინვე ნეკნი გავიტეხე (იცინის).

– დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს აქვს ნანახი შენი ულამაზესი ვიდეოები, რომელთა შექმნაც საკმაოდ რთული იქნება, მაგალითად, გაყინულ ტბის ზედაპირზე სრიალი წითელი კაბით.

– ნამდვილად არ იყო მარტივი (იცინის). ეს ვიდეო ფარავნის ტბაზეა გადაღებული. რომ ნახულობენ, არც კი სჯერათ, რომ ქართველი სრიალებს და საქართველოშია გადაღებული. ძალიან ლამაზი კადრები გამოვიდა, გადამღებიც ძალიან კმაყოფილი იყო. მგონი, საქართველოში ასეთი კადრები არ გადაუღიათ და უცხოც გამოვიდა.

ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ეს გადამეღო, იმდენად დიდი, რომ პროცესში ვერც ვგრძნობდი, რამდენად სახიფათო შეიძლებოდა, ყოფილიყო და როგორ შეიძლებოდა, განვითარებულიყო მოვლენები. ვიდეოს რომ ვუყურე, ეს აზრები მერე გამიჩნდა. თან, ლამაზი კადრები რომ გამოსულიყო, ნაპირიდან საკმაოდ შორს გავედი. მერე გავაცნობიერე, როგორ რისკზე წავედი. თან, გადაღებისას მინუს 15 გრადუსი იყო და კანი სულ დამწვარი მქონდა. მინდა, რომ ეს ვიდეო ჩემმა შვილიშვილებმაც ნახონ (იცინის). ქართული სიმღერის ფონზე გადაღებული ვიდეოები განსაკუთრებით ემოციური და მოსაწონია ხოლმე მაყურებლისთვის. ახლა მინდა, ყინულზე ქართული ცეკვა ვიცეკვო და იმედია, ესეც მოეწონებათ, თუმცა, ამისთვის ჯერ კარგად უნდა მოვემზადო. საბედნიეროდ, ყველა ვიდეოს მხოლოდ დადებითი გამოხმაურება აქვს, რაც ძალიან მახარებს.

– რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– პირადი ცხოვრება, საერთოდ, გვერდზე მაქვს გადადებული. მართლა მთლიანად საქმეზე ვარ გადართული და პირადი ცხოვრება კი არა, რომ მკითხოთ, ბოლოს როდის დავისვენე, შეიძლება, ვერ გავიხსენო. მინიმუმ, სამი წელი მაინც ასეა. სიმართლე რომ ვთქვა, დასვენება არც შემიძლია. ორი დღეც თუ გავჩერდი ისე, რომ არაფერი გავაკეთო, ძალიან ვნერვიულობ, რომ დრომ ფუჭად ჩაიარა, დანაშაულის შეგრძნება მაწუხებს. არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, რადგან რაღაც მომენტში ორგანიზმი თუ გონება აუცილებლად გადაიწვება. ამიტომ დასვენება საჭიროა და ამაზე სამუშაო მაქვს.