“ხუთი წლის მანძილზე დეპრესიაში ვიყავი და სახლში ვიჯექი, დიდად არავის მოუკლია თავი ჩემი მოკითხვით…”

84
მუსიკოსმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. შემდეგ იყო რთული გზა და ამ გზაზე უამრავი გულისტკენა და ხუთწლიანი დეპრესია, რომლის დროსაც ბევრი რამის გაანალიზება მოუხდა.

  – მაიკო, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში წერდი, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ ცხოვრებაზე, ბევრ ადამიანზე და ჩემს თავზე, ერთი სული მაქვს როდის მოვა სექტემბერიო. რას გულისხმობდი?

– ცხოვრების განვლილი გზიდან ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე. ყოველმა განვლილმა წამმა და წუთმა მასწავლა, რომ ადამიანებზე თან გადაყოლა ბრმად, სისულელეა. ყველა ადამიანს, ჩემი კეთილი გულიდან და ხასიათიდან ვუდგები, გაჭირვების ჟამს კი ვერ დავინახე მათი გვერდში დგომა, როცა თავად ძალიან ბევრს ვედექი გვერდით, თუნდაც კარიერაში, მეგობრობაში, მორალურად, ფინანსურად და ასე შემდეგ. ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი და სახლში ვიჯექი, დიდად არავის მოუკლია თავი ჩემი მოკითხვით, არც არავის ვავალდებულებ. უბრალოდ, მე შემეძლო, თუ მეგობარს ვჭირდებოდი, ღამის სამ საათზე წავსულიყავი, ბევრჯერ ლოგინიდან ავმდგარვარ და გავქცეულვარ. კიდევ ვამბობ, არავის ვავალდებულებ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ კარგია, რომ ეს გაკვეთილი და სკოლა გავიარე. ახლა, სექტემბრის თხუთმეტი რიცხვიდან რომ გამოვადგამ ფეხს სახლიდან, ეს იქნება სწორად, გაანალიზებულად, გათვლილად გადადგმული ნაბიჯი.

ყველაფერი დაგეგმილი მექნება. არადა, არ მიყვარდა დაგეგმილი ცხოვრება, მაგრამ ამ ხუთმა წელმა აბსოლუტურად შემცვალა, რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. საერთოდ კავშირი აღარ მაქვს ძველ მაიკოსთან და ძველ შეცდომებთან, კი, ხუთი წელი დავკარგე, მაგრამ ღირს, რადგან ძალიან, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და გაკვეთილები გავითავისე. ეს ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ მოხდა და ახლა უკვე ბევრად დაბრძენებული, დადინჯებული და გააზრებული ვიწყებ ახალ საქმეს. არადა, მეგონა, „რასაცა გასცემ, შენია“, მაგრამ ასე არ ყოფილა. თურმე, ყველაფერი არ უნდა გასცე, უნდა აზროვნებდე და ახლა სხვანაირად მოვიქცევი, სულელივით გულს ყველას აღარ გავუღებ. როცა მაიკო კარიერაში კარგად იყო, ფინანსურად – ძლიერად, მაშინ სულ მაიკოსთან ერთად იყვნენ, ახლა კი, ბედნიერად დადიან ყველგან, ერთობიან და მაიკო აღარც ახსოვთ. არა უშავს, აღარც მჭირდება, მეორე სუნთქვა მეხსნება, ახალი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში, ახალი კოლეგები და ჩემს სტუდიას შევაკლავ თავს.

– თქვი, ხუთწლიანი დეპრესიის დროს, ბევრს არ გავხსენებივარ და არ მოვუკითხივარო. ვინ იდგა ამ შენთვის ყველაზე რთულ პერიოდში შენ გვერდით, ვისაც გულს გადაუშლიდი?

– არასოდეს დამავიწყდება ლელა წურწუმია: რომ მიხვდა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, სახლში გამომიგზავნა ლაბორატორია, რომ ანალიზები აეღოთ. მერე კაბა მიყიდა და მასთან, გადაცემაში მიმიყვანა. უდიდეს პატივს ვცემ ლელას და უარი ვერ ვუთხარი, საკუთარ თავს და სიკვდილს გადავაბიჯე, რომ იქამდე მივღოღებულიყავი.

– გარდა ამ ხუთწლიანი დეპრესიისა, იყო მომენტები, როცა ცხოვრებამ ზურგი შეგაქცია?

– ცხოვრებას ზურგი არ შეუქცევია, მე შევაქციე მას ზურგი. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მე გავწყვიტე კატეგორიულად კონტაქტი ადამიანებთან, ხალხთან. ჩემთვის მიუღებელი ფაქტები მოხდა, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი ადამიანებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან. მერე ჩემი გამზრდელი ბებია და ბიძა დაიღუპა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ერთ კვირაში ორივე დავკარგე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ცხოვრება არავის აქცევს ზურგს, თვითონ ადამიანი აკეთებს ყველაფერს.

სრულად ნახავთ tbiliselebi.ge-ზე