ახლახან თამუნა მუსერიძეს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც სამი თვის წინ ქმართან, სანდრო მიკუჩაძესთან ერთად დაგეგმა, თუმცა უცხოეთში ჩასულს, სულ სხვა ვითარება დახვდა და გეგმებიც შეეცვალა.
თამუნა მუსერიძე: ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. დედა სულ მიხდიდა და ულამაზეს და უდიდეს დღესასწაულებს მიწყობდა. დედა რომ გარდაიცვალა, გამიჭირდა ამ დღის აღნიშვნა, ახლა კი სანდრო ცდილობს, გამახაროს და დღესასწაული მომიწყოს. მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირი განწყობა მაქვს: რეალურად, 22 სექტემბერს ვარ დაბადებული, მაგრამ სულ 10 ოქტომბერს ვიხდიდი, ანუ შექმნილ დაბადების დღეს. მართალია, ეს დაბადების თარიღი არანამდვილია, მაგრამ მაინც ეს დავიტოვე და ამ დღეს აღვნიშნავ. გეტყვით, რომ განსაკუთრებული დაბადების დღე წელს კი არა, უფრო შარშან მქონდა. როცა გაირკვა, რეალურად როდის დავიბადე, ანუ 22 სექტემბერს. ამ დღის აღსანიშნავად ჩემმა ძმამ მე და ჩემი ქმარი საფრანგეთში წაგვიყვანა და მთელი სანათესაო წამოვიდა. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა ვიყავით პარიზში და ერთი კვირა ჩემი დაბადების დღე იყო (იცინის). ასე რომ, ორჯერ კი მიწერია დაბადების თარიღი, მაგრამ მე მხოლოდ ერთხელ გადავიხდი, იმ დღეს, როცა დედასთან და მამასთან ერთად აღვნიშნავდი.
– დაბადების დღე წელსაც უცხოეთში აღნიშნე. ეს სანდროს სიურპრიზი იყო?
– არა, წელს ჩემი დაბადების დღის უცხოეთში აღნიშვნა სანდროს სიურპრიზი არ ყოფილა, ყველაფერი წინასწარ დავგეგმეთ და სამი თვით ადრე ავიღეთ ბილეთები. ვიყავით რომში, ფლორენციაში და მილანში. რეალურად, წასვლის მიზანი ჩემი დაბადების დღე იყო, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად, ვერაფერი ვნახეთ, რადგან სოციალურ ქსელში ვთქვი, სადაც მივდიოდი და ემიგრაციიდან გამომეხმაურნენ დედები, რომლებიც ეძებენ შვილებს და ქალბატონები, რომლებიც გაშვილებულები არიან. ამ ოთხი დღის განმავლობაში სამ ქალაქში 45 ადამიანი გავტესტე. ასე რომ, თუ ამ ჩემს შრომას არ ჩავთვლით, მე და სანდროს წელს ჩემი დაბადების დღის განსაკუთრებულობა არ გამოგვივიდა.
– ბევრ ადამიანს, რომელიც იგებს, არ არის უარყოფილი და არის მოპარული, უხარია. შენ კი, როგორც ვიცი, გაგიხარდა, როცა გაიგე უარყოფილი იყავი. რატომ?
– არ ვიცი, რატომ ურჩევნიათ და უხარიათ, რომ მოპარულები არიან და არა უარყოფილები. პირიქით, მართლა გული გამისკდებოდა, რომ გამეგო მოპარული ვიყავი და არა უარყოფილი. ფაქტობრივად, გამოვიდოდა, რომ უბედურებაში ჩემი აღმზრდელი მშობლების ხელი ერია. ამიტომ, რატომ ურჩევნიათ მოპარულებს ეს ამბავი, ვერ ვხვდები, რადგან მაინც აღმზრდელი მშობელი იწირება, რომელიც ყველაფერს დებს და წირავს შენს გაზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არც იცოდა, ვისი შვილი აჰყავდა, არც შვილის ისტორია იცოდა, მაინც რაღაც პროცენტით დამნაშავეები არიან, რადგან კარგად არ გამოიკვლიეს. იმდენად უნდოდათ შვილი, მათთვის სულ ერთი იყო ბავშვის ისტორია და ვის შვილს აიყვანდნენ. არადა, ალბათ, ჯერ კარგად უნდა გაიგო, ვისი შვილი აგყავს გასაზრდელად. თუმცა, ახლა ძალიან ბევრი დედა გვყავს, რომლებიც ახლა ეძებენ შვილის დედებს და არ იციან ვინ არიან. ბევრმა მათგანმა არ იცოდა და ვერ წარმოიდგენდნენ, მსგავსი რამე თუ ხდებოდა, თუმცა იყვნენ მშობლები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მოპარულ შვილს ზრდიდნენ. ასე რომ, კიდევ ვამბობ, მე ვერ გადავიტანდი, რომ გამეგო მოპარული ბავშვი ვიყავი. მე მაშინ გავიგე, აყვანილი რომ ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ იყვნენ.
– წლები დაგჭირდა, რომ ბიოლოგიური მშობლები მოგეძებნა და ბევრისგან განსხვავებით, გაგიმართლა – შენ ისინი იპოვე. ვიცი, მამასთან და მის ოჯახთან კარგი დამოკიდებულება გაქვს. დედასთან პრობლემები იყო და ახლა რა ხდება?
– დიახ, ბიოლოგიურ მამასთან და მის ოჯახთან გაცნობის დღიდან გადასარევი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ბიოლოგიური დედა სოციალურ ქსელში დაბლოკილი მყავს. მას ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და ასეთი დამოკიდებულებით ადამიანი რომ ათვალიერებს ჩემს ფეისბუქ-გვერდს, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა.
– შენი აზრით, რატომ ვერ მიგიღო?
– იმიტომ ვერ მიმიღო, რომ როგორც თავად ამბობს, მე მისი ყველაზე დიდი საიდუმლო გავამხილე და თავი მოვჭერი. სამაგიეროდ, მამის მხრიდან მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები. ზოგადად, ორმოცი წლის ასაკში რომ იგებ ადამიანზე, რომ ის შენი მამაა, ამის გააზრება ძალიან რთულია. რომ ვესაუბრები და ვუყურებ, მიმიკებით, საუბრის მანერითა და ხასიათით იმდენად ვგავარ, ერთი-ერთში ვართ. სანდროს სულ ვეუბნები, როცა რამეს გავაკეთებთ, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, რადგან არ მჯერა, თუ სხვას ჩააბარებ და შენ შორიდან აკონტროლებ, ასე საქმე გამოვიდეს-მეთქი. ამას წინათ, ზუგდიდში ვიყავით ჩასული, მამაჩემი ექიმთან იყო წასასვლელი. ვეუბნებოდი: ამდენი ხანი რატომ წელავ, წამოდი თბილისში-მეთქი და მიპასუხა: ვენახი მაქვს გასაკეთებელიო. ვუპასუხე: სხვა ვერ გააკეთებს-მეთქი და მიპასუხა: რას ლაპარაკობ? შენ საქმეს სხვა როგორ გააკეთებს, იქვე თუ არ იდექიო. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ მართლა ვგავარ (იცინის).
– „მამის“ დაძახება გაგიჭირდა?
– არ ვეძახი მამას, უფრო სწორად, ვერ ვეძახი და სახელით მივმართავ. გურგენი ჰქვია, გვარად ხორავაა. ვიცი, რომ ბიოლოგიური მამაა, მისი შვილი ვარ, მაგრამ მიჭირს მამას დაძახება, ძალიან რთულია. დედმამიშვილებთან კი ისეთი დამოკიდებულება მაქვს, გეგონება, ერთად გავიზარდეთ. მე ბიოლოგიური მამის მესამე შვილი ვარ და გამზრდელი მშობლების მხრიდან კიდევ ერთი ძმა მყავს. ანუ, ოთხი დედმამიშვილი ვართ და მათში ძალიან გამიმართლა. ბიოლოგიური მამა ქორეოგრაფია და გენეტიკურად ჩემი შვილები ჰგვანან, კარგად ცეკვავენ. მე არ მივლია ცეკვაზე, თორემ, არ არის გამორიცხული, გენეტიკურად ჩემშიც იყოს ცეკვის ფარული ნიჭი (იცინის).
– გარდა ხასიათისა, რაში ჰგავხარ მამას? და, მეგრული რა დაგყვა?
– გარდა ხასიათისა, გარეგნულად ვგავარ, მაგალითად, ხალებით, თითებით. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ მამისგან რაჭული გენეტიკა მქონდა და დედის მხრიდან – იმერული. რეალურად კი, აღმოჩნდა, რომ ორივე მხრიდან მეგრული გენეტიკა მაქვს. როგორც ბექა ყორშია იტყოდა: „მეგრელობა რთულია, მაგრამ აუცილებელი“ – რომ გაიგო, მეგრელი ვიყავი, სოციალურ ქსელში მომთაგა და ასე დაწერა (იცინის).
მე კი გეტყვით, რომ მეგრელობა რთულია. ბიძაშვილთან მივედით სტუმრად და ხუთ წუთში ელარჯი, ღომი, ბაჟე – ყველაფერი გაამზადა. აბა, ჩემთან რომ მოდიან პირველი კითხვაა: ყავა გნებავთ? (იცინის). ჩემთან ვიკრიბებოდით, ბიძაშვილი ჩამოვიდა, და მკითხა: სადილს რას აკეთებო. დავფიქრდი და ვუპასუხე: გამოვიძახებ რამეს-მეთქი (იცინის). ვცდილობ, მაგრამ მეგრული გენეტიკა ჯერ ვერ გავითავისე (იცინის). მოკლედ, მიჭირს, მაგრამ ვცდილობ.
– ხომ არ ყოფილა შემოთავაზება, ბიოლოგიური მამის გვარი გეტარებინა?
– არც ბიოლოგიური მამისგან ყოფილა გვარის შეცვლის შემოთავაზება და არც შევიცლიდი, რადგან ეს, ჩემი მხრიდან, ჩემი მშობლების ღალატი იქნებოდა. თუმცა, ახლა რომ დავფიქრდი, არ მახსოვს ადამიანი, რომელმაც გვარი შეიცვალა და ბიოლოგიური მშობლის გვარზე გადავიდა.
– დედისა და მამის გარდაცვალება, იმის გაგება, რომ აყვანილი შვილი ხარ, ბიოლოგიური მშობლების ძებნა, დედისგან უარყოფა… ეს ყველაფერი სალაპარაკოდ ადვილია, თუმცა, საკმაოდ ძლიერი ფსიქიკური მდგომარეობა უნდა გქონდეს, რომ გაუძლო. მაინც, როდის იდგა შენთვის ძალიან რთული პერიოდი, რომლის გადალახვაც გაგიჭირდა?
– მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი დედის გარდაცვალება იყო. გაშვილების თემა კი იყო რთული, მაგრამ შესაგუებელი. ყველაზე მეტად მაინც დედის გარეშე ცხოვრება გამიჭირდა. მეხის გავარდანა იყო მისი გარდაცვალება. ერთადერთხელ დამესიზმრა და გაბრაზებული მიყურებდა. მე ამას ვუკავშირებ, რომ დავიწყე ბიოლოგიური მშობლების ძებნა. სხვათა შორის, დედა რომ გარდაიცვალა, ჰალუცინაციები მქონდა, მეჩვენებოდა, სახლში დადიოდა, ხმები მესმოდა, ძალიან ცუდად ვიყავი. დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, გამორიცხულია, ბიოლოგიური მშობლების ძებნა დამეწყო. სანდროში ძალიან გამიმართლა, რომ ჩემ გვერდითაა და ჩემთან ერთად იყო ჩაბმული ძიებაში. ბევრი ადამიანია ჩვენს ჯგუფში, რომელიც ვერ ეუბნება ქმარს, რომ აყვანილია, იმიტომ, რომ რცხვენია ან არ იცის, რომ გვერდით დაუდგება. მე კი სანდროში ძალიან გამიმართლა და პირველად, როცა მამასთან გასაცნობად მივედი, სანდრომ ჩამოართვა ხელი, მე მორიდებული ვიდექი (იცინის). პირველად რომ მამას გადავეხვიე, ვერ ვიგრძენი ენერგეტიკული ბმა, ყველაფერს დრო სჭირდება. იმდენი ხანი ველოდებოდი – მთელი რვა წელი – ბიოლოგიურ მშობელთან შეხვედრას, ჩემს წინ რომ იდგა, ვერ ვხვდებოდი, იმ წამს რა ხდებოდა ჩემს თავს. თუმცა, ეს რვა წელი ლოდინი ღირდა იმად, როგორი ადამიანებიც შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში.