როგორი მხარჯველია კობა ბარათელი, რა ასაკიდან დაიწყო მან ფულის გამომუშავება, რაში არ უყვარს ზედმეტად ფულის გადახდა და რა არის მისი ყველაზე სარფიანი დაბანდება – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
კობა ბარათელი: ჯერ კიდევ მეცხრე კლასში ვსწავლობდი, როცა ჩემი შრომით პირველად გამოვიმუშავე ფული. მაშინ გაგანია საბჭოთა კავშირი იყო. ზაფხულში შრომით ბანაკში ვიყავი აფხაზეთში და ერთ-ერთ სოფელში საბაღე სამუშაოებს ვასრულებდით, ძირითადად, ხილს ვკრეფდით შუადღემდე, საღამოს კი ზღვაზე ვისვენებდით. მაშინ 400 მანეთი კარგი ფული იყო. ამდენი ღირდა მაგნიტოფონი, რომელიც ძალიან მინდოდა. მე მთლად ამდენი არ გამომიმუშავებია, მაგრამ რაღაც ნაწილი მამამ დამიმატა და ასე ავიხდინე ჩემი დიდი სურვილი მამის დახმარებისა და ჩემი შრომის შედეგად.
რაც შეეხება პირველ სამსახურს, ეს უკვე კუპონობის დროს უკავშირდება. ეგრეთ წოდებული, „მანსანკანის“ გუნდს დავუწერე სცენარი, თან მოვამზადე და შეიძლება, ითქვას, ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. მე ტექნიკური მაქვს დამთავრებული, ინჟინერი ვარ, მაგრამ თავიდანვე მაიმუნობით ვაკეთებდი ფულს.
– თქვენი პროფესიით არასდროს გქონიათ შემოსავალი?
– არა. თან, მე სამშენებლო დავამთავრე და მაშინ მშენებლობა კი არა, ყველაფერი ინგრეოდა.
– ფინანსურად დამოუკიდებელი როდის გახდით?
– სანამ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდოდი, ხან კონცერტი მქონდა, ხან – რა, მაგრამ შემოსავალი მიზერული იყო. როცა უკვე „რუსთავი 2-ში“ დავიწყე მუშაობა, მყარად დავდექი ფეხზე. თუმცა, იმდენი არასდროს მქონია, რომ სასწაული მხარჯველი ვყოფილიყავი.
– არადა, ხალხი პოპულარულ ადამიანებზე სულ იმას ფიქრობს, ამათ რა უჭირთო.
– კი, ასე ჰგონიათ ხოლმე. 2005 წელი იქნებოდა, „შაბათის შოუ“ ახალი დაწყებული იყო, ზენიტში ვიყავით, ტაქსები გვიჩერებდნენ და უფასოდ დავყავდით ხოლმე. ერთხელაც, მე თვითონ გავაჩერე და სადღაც ვთხოვე წაყვანა. იმ მანძილის გავლა, მაქსიმუმ, 5 ლარი ღირდა და მძღოლი მეუბნება, 12 ლარიო. ძალიან რომ გავიკვირვე, მითხრა, კი 5-6 ლარი ღირს მანდ მიყვანა, მაგრამ მსახიობი რომ ხარ, ვიფიქრე, ბევრი ფული აქვსო (იცინის). ჯერ ერთი, ეკრანზე რომ გამოვდივრ, ეს არ ნიშნავს მსახიობობას, რაღაცას ვმაიმუნობ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ფული რომც მქონდეს, პური ლარი რომ ღირს, მე თუ მდიდარი ვარ, ორი ლარი უნდა გადამახდევინო-მეთქი?! კაი წაგიყვან 7 ლარადო, არ მინდა-მეთქი, გავბრაზდი და მერე სხვამ 4-ად წამიყვანა.
საერთოდ, მე მიყვარს შოპინგი. ტანსაცმელს ვყიდულობ თუ სახლისთვის საჭირო ნივთებსა და პროდუქტს, ძალიან მსიამოვნებს. დილით სამსახურში რომ მივდიოდი, „დინამოს“ ტერიტორია უნდა გამევლო. სიამოვნებით შევივლიდი ხოლმე ბაზრობაზე. ყველა ვაჭარი მეუბნებოდა, ძალიან კარგი ხელი გაქვს, შენ რომ რამეს იყიდი, იმ დღეს ძალიან მაგარი ვაჭრობა გვაქვსო. ყოფილა შემთხვევა, მაგალითად, ვაშლის ფასი მიკითხავს და უთქვამთ, 4 ღირს, მაგრამ თქვენ 3-ად მოგცემთო. გამივლია ცოტა და იქვე 2 ლარად ან ლარ-ნახევრად იყიდებოდა. ვიღაც თან მატყუებდა, თან მამადლიდა (იცინის).
– როგორი მხარჯველი ხართ?
– ცოდვა გამხელილი ჯობს, ვერ იტყვი, რომ სასწაული მხარჯველი ვარ და მიყვარს გზებზე სუფრების გადაფენა. იმდენი ფული არასდროს მქონია, რომ მხარჯველი ვყოფილიყავი. იმერულად რომ ვთქვა, ყოველთვის „ტილიანი“ ვიყავი. არ ვარ ასეთი, თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ ძუნწი ვარ. მეგობრები საქეიფოდ რომ დავაპირებდით წასვლას, ვცდილობდი, იქ წავსულიყავით, სადაც უფრო იაფი იყო. უდიპლომო სასიძოში რომ არის, ღორი მაშინ არის კარგი, როცა იაფი ჯდება მისი შენახვაო, ეს ფრაზა მქონდა ამოჩემებულ ჩემეული ვერსიით, ანუ, ქეიფი მაშინაა კაი, როცა იაფი ჯდება-მეთქი (იცინის).
ერთხელ რესტორნის გახსნაზე დამპატიჟეს. გამოსვლისას მკითხეს, როგორ მოგეწონა პურმარილიო? ყველაფერი ძალიან მაგარი იყო და აწი ყოველთვის აქ დავაპატიჟებინებ მეგობრებს თავს-მეთქი, ვუპასუხე (იცინის).
ქუთაისში ერთი ახლობელი გვყავდა, რას არ ყვებოდნენ მასა და მის სიძუნწეზე. მაგალითად, გეტყოდა, ბიგენტიას ქაბაბი ხო არ ვჭამოთო. დაეთანხმებოდი, ანუ, მიიღებდი მის მოპატიჟებას და შუა ჭამის პროცესში ჩერდებოდა. მიზეზს რომ ჰკითხავდნენ, ამბობდა, სხვა რომ იხდის, მერიდება ბევრის ჭამაო და ასე უხერხულში აგდებდა ხალხს. ასეთი ისტორიები ხომ მქონდა მოსმენილი მის შესახებ და ერთხელაც, მეც მეუბნება, არ გინდა ახლა კაი ლუდი და ხაშიო!? როგორ არა-მეთქი. წამოდი, წავიდეთო. წავედით. შეჭამა უცებ და გაჩერდა, მე ვაგრძელებ და თან ვეკითხები, რატომ გაჩერდი-მეთქი. ბიჭო, ყოველთვის ასე ვარ, სხვა რომ იხდის მერიდება ჭამაო, მეუბნება. მე არც შემიწყვეტია ჭამა ისე ვუპასუხე, ნუ გეშინია, ჩემდათავად, გადამხდელის დედაც, შენ ოღონდ ჭამე-მეთქი. ვაიმეე, ხომ ვიცოდი, ჩემზე უარესი გაქნილი რომ ხარო (იცინის).
– მსგავსი ხუმრობების გამო ცოტა ძუნწის იარლიყი ხომ არ მოგაკრეს?
– არავის უთქვამს, რომ ძუნწი ვარ. თვითკრიტიკული ვიქნები და მე თვითონ ვიტყვი – ძუნწი კი არ ვარ, ხელმომჭირნე ვარ. დახარჯვა მიყვარს მასთან, ვისაც ჩემზე ნაკლები აქვს. ასეთი ადამიანისთვის არც ჩუქება მენანება. მეც ძალიან მიყვარს, როცა მჩუქნიან და ისიც ძალიან მსიამოვნებს, როცა სხვას ვჩუქნი. ამიტომ გაითვალისწინონ ბიზნესმენებმა, სხვას რომ ასი ლარი ვაჩუქო, ჯერ მე ვინმემ სამასი უნდა მაჩუქოს (იცინის).
კი მიყვარს, როცა მჩუქნიან, მაგრამ შეძლებულ მეგობრებს იმას კი არ ვეუბნები, მაჩუქეთ-მეთქი, არამედ, „მასესხე ფული უვადოდ“ – ხუმრობის ფორმით (იცინის).
ერთი მეგობარი მყავს, ბენზინგასამართი სადგური აქვს, რამდენჯერაც საწვავი დამჭირდებოდა, დავურეკავდი, გავიგე დიდი რაოდენობით ბენზინი მიგიღიათ, ჭურჭელი არ გქონია და ჩემი მანქანის ავზს გათხოვებ-მეთქი (იცინის). ასე ხუმრობით თუ ვეტყვი რამეს, მირჩევნია, თან გავაცინო, თვითონაც რომ კმაყოფილი იყოს და მეც რომ თხოვნა არ გამომივიდეს.
– საკუთარი თავისთვის რაში გიყვართ ფულის დახარჯვა?
– ფინთიკრუშკა კაცი ვარ. მაგალითად, ძალიან მიყვარს სანთებელების ყიდვა. რამდენ ყუთ სიგარეტსაც ვიყიდი, იმდენი სანთებელა ხომ არაა საჭირო, მაგრამ მე ვყიდულობ. მიყვარს, როცა ბევრი მაქვს და მსიამოვნებს მისი გაჩუქება. საერთოდ, უცნაური ნივთების ყიდვა მიყვარს. ერთი პერიოდი, მეჭინჭიეს მეძახდნენ, რადგან ტანსაცმელების ყიდვა მიყვარდა. იმას კი არ დავეძებდი, რომ ხარისხი ჰქონოდა, ბევრი უნდა მეყიდა. იმის ფუფუნება არასდროს მქონია, ერთ მაისურში 500 ლარი მიმეცა, მაგრამ 30-40 ლარიანებიც ხომ არსებობს?! მით უმეტეს, ზაფხულში რომ ცხელა, დღეში შეიძლება, რამდენჯერმე დამჭირდეს გამოცვლა და ერთს და ხარისხიანს ბევრი და საშუალო ხარისხის მირჩევნია. მთავარი მიზეზი იმისა, რომ მაისურში ძვირის გადახდა არ მიყვარს, ისაა, რომ გამორიცხულია, ზედატანი ვიყიდო და პირველივე ჩაცმისას, ჭამის დროს ლაქა არ დავაჩნიო. ძირითად შემთხვევებში ეს ლაქები აღარ შორდება ხოლმე. ხომ გამისკდა გული 500-ლარიან მაისურზე რომ ხინკლის წვენი დამესხას. ხინკლის ფასი რომ ღირს იმ მაისურს ბოლო-ბოლო გადავაგდებ და ეგ იქნება, არ დამწყდება გული. ვიტყვი ხოლმე, მაისურიც ხინკალთან ერთად შემომეჭამა-მეთქი და ეგაა (იცინის).
– ოდესმე რამე გიპოვიათ?
– ერთხელ 25 მანეთი ვნახე და ვაი იმ ნახვას. წავედი მაღაზიაში, საუკეთესო ძეხვი ვიყიდე ბლომად და სახლში მოვიტანე, გაუხარდებათ-მეთქი და დავისაჯე, სად გქონდა ეს ფული, ვის მოპარეო (იცინის).
ბავშვობაში მონეტა ვიპოვე. ერთმა მეზობელმა მითხრა, რა კარგია, მაჩუქეო. ვაჩუქე. მერე სხვამ მითხრა, ოქროსი ყოფილა ის მონეტაო. მივედი იმ მეზობელთან და ვუთხარი, ოქრო თუ იყო, ჩემთვის ორი კაპიკი მაინც გეჩუქებინა-მეთქი და იუარა, რა ოქროო.
– გავიხსენოთ თქვენი ყველაზე კარგი დაბანდება და „გადაყრილი ფული“…
– ერთხელ შემაცდინეს. მანქანა ვიყიდე განვადებით ერთ დიდ მარკეტში. ძალიან კარგი მანქანა იყო. პირობები მისაღები ჰქონდათ. მაშინვე გადამიფორმეს და მერე ბანკში რომ მივედი თანხის გადანაწილებაზე, თვიურად სამჯერ მეტი უწევდა, იმასთან შედარებით რაც ყიდვისას ცენტრში ეწერა. როგორ? მე სხვა თანხა მითხრეს-მეთქი, გავვოცდი და ჩამომითვალეს, რამდენი რამ ემატებოდა. გავბრაზდი, თავიდანვე ხომ უნდა მცოდნოდა ამის შესახებ-მეთქი და კიო. მანქანა უკვე გაფორმებულია ჩემს სახელზე და მეუბნებიან, თუ გინდათ გავაუქმოთო. ესეც გათვლილია, ქართველი კაცის მენტალიტეტი ასეთია – უკვე ნაყიდზე უარს აღარ იტყვი. ამიტომ ჩავიქნიე ხელი. წინასწარ რაც ვიცოდი, ექვსი წელიწადი იმაზე ორჯერ მეტი უნდა მეხადა და ნევროზი დამეწყო. ვფიქრობდი, ეს რა ვქენი-მეთქი. ძალიან ვნანობდი იმის მიუხედავად, რომ იმ მანქანამ ძალიან მასიამოვნა.
რაც შეეხება წარმატებულ დაბანდებას, ესაა ჩემი შვილის სწავლაში გადახდილი თანხა. უნივერსიტეტში საკმაოდ ძვირი ჰქონდა სწავლის საფასური, მაგრამ ისწავლა ისე, რომ მეორე კურსზე უკვე ლექტორის ასისტენტი გახდა და ხელფასიც დაუნიშნეს. ყოველდღიურ ფულს მე არ მთხოვდა, თავის შემოსავალი ჰქონდა. დამთავრების შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდა და კარგ პოზიციებს იკავებს. ასე რომ, შვილის სწავლაში დახარჯული ფული სიხარულად დამიბრუნდა. წარმატებული და კარგი სპეციალისტი დადგა და შემიძლია, ვიტრაბახო, რომ საამაყო შვილები მყავს.